ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გიზო ურუშაძე – ქართული მიწის საუკეთესო მცოდნე

ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ, ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ვიშენებთ სახლებს და  ამ მიწაზე მოწეული მოსავლით ვიკვებებით; ძალიან შორს და დიდი ხნით ყოფნისას ფეხსაცმლით სწორედ ამ მიწას ვატარებთ, უკან დაბრუნებული ვკოცნით და მისთვის ვიბრძვით. ეს ჩვენი მიწაა, ოდესღაც სწორედ ასეთი გვერგო, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით, რას წარმოადგენს სინამდვილეში ქართული მიწა, რითია გამორჩეული და საინტერესო, რამდენნაირი ნიადაგი იმალება მის სიღრმეში და რატომაა აუცილებელი მისი თავისებურებების ცოდნა. ეს საუკეთესოდ იცის ჩვენმა რესპონდენტმა, აკადემიკოსმა გიზო ურუშაძემ, რომელიც დღეისთვის საქართველოს საუკეთესო ნიადაგმცოდნედ მიიჩნევა, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კი სტუდენტებს უზიარებს. 

აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე წლებია ნიადაგმცოდნეობის კლუბი ფუნქციონირებს. ეს გახლავთ 10 თვიანი ნებაყოფლობითი კურსი, რომლის განმავლობაშიც, თვეში ერთხელ კლუბის წევრები სასწავლო ექსკურსიებზე დადიან და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაბნეულ სხვა და სხვა სახეობის ნიადაგებს. კლუბი მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არ ფუნქციონირებს, მისი წევრები სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან, გიზო ურუშაძე კი ყველა მათგანს თანაბრად უნაწილებს არა მხოლოდ მიწის შესახებ ცოდნას, არამედ მის სიყვარულსაც. 

გიზო ურუშაძე აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორია, გახლავთ საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, ესპანეთის (ბარსელონა) მეცნიერების და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საერთაშორისო ჟურნალ “აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს” მთავარი რედაქტორი, სხვა და სხვა დროს  კითხულობდა ლექციებს გერმანიასა (დრეზდენის უნივერსიტეტში) და ავსტრიაში (ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტში), არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. 
– ბატონო გიზო, მოკლედ აგვიხსენით, რას გულისხმობს თქვენი პროფესია? 

– ნიადაგმცოდნეობა ნიადაგების შემსწავლელი მეცნიერებაა, თავად ნიადაგი კი ბუნებრივ-ისტორიული სხეული გახლავთ, რომელსაც ნაყოფიერება გააჩნია. საქართველო ამ მხრივ ძალიან მდიდარი ქვეყანაა. აქ შეხვდებით ნიადაგებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით პირველად სწორედ საქართველოში გამოჰყვეს, ჯერ კიდევ 1904 წელს, შემდეგ კი ისინი საერთაშორისოდ აღიარეს. უნიკალურია მცხეთაში აღმოჩენილი ნიადაგები, რომლებიც ბევრი ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოშია შეტანილი, ასევე მუხრანის ყავისფერი ნიადაგები.  უნიკალურია ჩემ მიერ 1968 წელს აღმოჩენილი ყვითელ ყომრალი ნიადაგი, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვხვდება და ა.შ. 

– რატომაა აუცილებელი ნიადაგის კვლევა? რა ინფორმაციას მოიცავს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწა? 

– ნიადაგის ფენა პატარაა, სიღრმეში ერთ მეტრსაც არ აღწევს, მაგრამ უდიდეს სიმდიდრეს, ინფორმაციასა და მეხსიერებას აერთიანებს. ნიადაგს კაცობრიობა მუდამ სწავლობდა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობა, მით უფრო მიწათმოქმედებით ცნობილ ქვეყნებში. მეცნიერებად მე-19 საუკუნის ბოლოს რუსმა გეოლოგმა და ნიადაგმცოდნე ვასილი დოკუჩაევმა ჩამოაყალიბა. ის სამი თვის განმავლობაში სწავლობდა კავკასიის ნიადაგებს და დაასკვნა, რომ ეს რეგიონი, განსაკუთრებით კი საქართველო, ნიადაგების მხრივ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და რომ ჩვენი ქვეყანა ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმია. ზოგადად ნიადაგის ჩამოყალიბებისთვის ხუთი ფაქტორია საჭირო: გეოლოგიური ქანი, რელიეფი, კლიმატი, ფლორა-ფაუნა და დრო. მაგალითად,  ფასანაურის ნიადაგის ასაკი 10 ათასი წელია, მცხეთისა – 2 მილიონი ანუ საქართველოს იმ მხრივაც გამორჩეული მდებარეობა გააჩნია, რომ ნიადაგის ასაკი და სხვა თავისებურება მოკლე მანძილებზე იცვლება და ამით მრავალფეროვნებას ქმნის. სამწუხაროდ, ასეთი სიმდიდრის პატრონებს მიწის მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულებაც გვახასიათებს. მაგალითად, მსოფლიოში ნიადაგური მიგრაცია პირველად სწორედ აჭარაში დაფიქსირდა ანუ მიწა იმდენად გაფუჭდა, ჩამოირეცხა, გაკაფული ტყეებისა და სხვა ფაქტორების გამო იმდენჯერ დაიმეწყრა, რომ გამოუსადეგარი გახდა და მოსახლეობა იძულებული იყო საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო. 

– ცნობილია თქვენი ნიადაგმცოდნეობის კლუბი, რომელიც სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აერთიანებს. მოგვიყევით მის შესახებ. 

– სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ამიტომ მიხარია, რომ მათთან აუდიტორიის გარეთაც შემიძლია დროის გატარება. ჩვენი კლუბი აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს, თუმცა მისი წევრები არიან თსუ-ს, ტექნიკური, ილიას, გორისა და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებიც. თვეში ერთხელ, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მივდივართ და სასწავლო ექსკურსიებს ვაწყობთ. ეს არის ერთგვარი საველე სკოლა, რომელიც პრაქტიკულ მეცადინეობასა და შესასწავლი მასალის ადგილზე გაცნობას, მისი თავისებურებების შესახებ საუბარსა და სხვა მიმართულებებს აერთიანებს. ყოველი გასვლის შემდეგ სტუდენტებს მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და მოხსენებას ვთხოვ, უბრალოდ მაინტერესებს, რა გაიგეს ახალი და საინტერესო, თორემ თავად კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და მხოლოდ სტუდენტების სურვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვებიან თუ არა მის მუშაობაში. 

– რამდენად აქტიურები არიან კლუბის წევრები? ახალ თაობას აინტერესებს ეს დარგი? 

– მათი უმეტესობა კლუბის საქმიანობაში სიხარულით ერთვება. მართალია, ნიადაგმცოდნეობა დიდად გასართობი დარგი არ არის, მაგრამ ბუნებაში გასვლა ყველას კარგ განწყობაზე აყენებს, აუდიტორიის მიღმა ძალიან იცვლებიან და უფრო იხსნებიან. ბავშვებს უყვართ ერთად ყოფნა, ურთიერთობა, საქმის ერთმანეთის დახმარებით კეთება. თუ ბუნება და ეკოლოგია გაინტერესებს, შეუძლებელია არ გიყვარდეს მიწაც – ასე არიან ჩემი სტუდენტებიც. 

– სტუდენტებთან მუშაობთ, მაგრამ გაქვთ რამე პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის? 

– სკოლებს შორის ოლიმპიადის მოწყობას ვგეგმავ. ეს იქნება ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული შეჯიბრი, რომელიც კონკურსზე მეტად მოსწავლეების ინფორმირებას მოემსახურება. ამგვარ ოლიმპიადას უმაღლეს სასწავლებლებს შორის დიდი ხანია ვატარებთ, ახლა კი სკოლების დრო დადგა.  

– არ ვიცი, რამდენას სწორად ვსვამ კითხვას, მაგრამ მაინც გკითხავთ – რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ნიადაგი? 

– საველე გასვლებისას ხშირად გვიერთდება ხელოვნებათმცოდნე თამაზ სანიკიძე და დღის ბოლოს რომელიმე ისტორიული ძეგლის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვება, რაც დღეს უფრო საინტერესოს ხდის. ერთხელ აღნიშნა, რომ ქართველებს ორი გამორჩეული კულტურული სიმდიდრე გაგვაჩნია: „ვეფხისტყაოსანი” და ჯვრის მონასტერი. ასეთი სიმდიდრეები ბუნებაშიც არსებობს, მაგალითად, ხეების ჯიშები ძელქვა და ლაფანი, რომლებიც პირველად საქართველოში აღმოაჩინეს, ამიტომ შესაბამის ლიტერატურაში ლათინურის ნაცვლად სწორედ ქართული სახელწოდებებით მოიხსენიება. რაც შეეხება ნიადაგს, ყავისფერი ნიადაგები – ეს საოცრებაა!

– ნებისმიერ არსებულ მეცნიერებას გააჩნია გამოყენების სფერო. საინტერესოა, ყველაზე მეტად როდის არის საჭირო ნიადაგმცოდნეს გამოცდილება?

– პირველ რიგში, ნიადაგმცოდნეობა სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება. სწორედ ნიადაგმცოდნემ უნდა შეაფასოს და დაადგინოს, რამდენადაა ესა თუ ის ნიადაგი მზად კონკრეტული მცენარის მისაღებად. მაგალითად, წაბლი კირიან მიწას ვერ იტანს, ვერ იზრდება, მაშინვე კვდება, ამიტომ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, სადაც ძირითადად მჟავე ნიადაგებია. რამდენიმე წლის წინ კარბონატული მიწით ცნობილ სამხრეთ საქართველოში წაბლის სანერგეს მოწყობა გადაწყვიტეს. ჩითილმა ვერ გაიხარა, ამ პროექტის ავტორებს კი დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ. მათ ნიადაგმცოდნეს დასკვნა რომ ჰქონოდათ, წაბლის ხეს მისთვის შესაფერის გარემოში გაახარებდნენ და პრობლემებსაც აიცილებდნენ. ამრიგად ნიადაგების ცოდნის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია. 

ნიადაგმცოდნეობას დიდი როლი აქვს ქვეყნის თავდაცვით და სტრატეგიულ სფეროშიც. არსებობს მძიმე ანუ საფლობი ნიადაგები და ქვიშასავით მსუბუქიც. მეოცე საუკუნეში წარმოებული ომების განმავლობაში გაკეთებული დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ მძიმე ტექნიკა მძიმე და თიხნარევ ნიადარგში ვერ გაივლის, უბრალოდ ჩაეფლობა. ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს საომარი სტრატეგიის დამგეგმავმა, მონაცემები კი ნიადაგმცოდნესგან უნდა მიიღოს. სწორედ ეს უკანასკნელი ადგენს მიწის ზედაპირზე ტექნიკის გამტარობის რუკას, რომელსაც მხოლოდ სამხედრო დანიშნულება გააჩნია. ნიადაგმცოდნეს პროფესია აქტიურად გამოიყენება მშენებლობის დარგშიც. სწორედ მის მიერ გაკეთებულ დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი საფუძველი ექნება შენობას. 

რამდენად კარგადაა გამოკვლეული საქართველოს ნიადაგი? დარჩა ამ დარგის მიერ აუთვისებელი ტერიტორიები? 
– თავის დროზე ქართული მიწა სიღმისეულად და მაქსიმალურად კარგად შევისწავლეთ, ზუსტადაა ცნობილი, რომელ მხარეს როგორი ტიპის ნიადაგები გვაქვს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მონაცემები მოძველდა. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ცხოვრება ნიადაგზე დიდ ზემოქმედებას ახდენს, მიწა ყველანაირ შხამს ისრუტავს და ბინძურდება, იცვლება, ძველ თვისებებს კარგავს. ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, ამრიგად მისი ხელახალი კვლევა და არსებული პრობლემების შესწავლა აუცილებელია. 

– რამდენად ინტერესდებიან ამ დარგით ახალგაზრდა მეცნიერები და რას ისურვებდით ამ მიმართულებით? 
– ახალგაზრდები ცოტანი არიან, მაგრამ რამდენიმე მართლაც საუკეთესო სპეციალისტია, რაც ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც არა ერთხელ აღუნიშნავთ. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ კარგია თუ მის მიწასაც გაიცნობენ. შეიძლება სულაც არ გამოხვიდე ნიადაგმცოდნე და ცხოვრება ამ მეცნიერებას არ მიუძღვნა, მაგრამ არაფერი დაშავდება, თუ საკუთარი მიწის შესახებ მეტს გაიგებ, მით უფრო, რომ ამ ცოდნის გამოყენება სახელმწიფოსთვის სასიკეთოდ შეგიძლია. სწორედ ამას ემსახურება ნიადაგმცოდნეობის კლუბი, ამიტომ მყავს ეს ახალგაზრდები შემოკრებილი და ვცდილობ, ჩემ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ყველა მათგანს თანაბრად გავუნაწილო. 
ესაუბრა ია ვეკუა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი