ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დისტანციური სწავლების პრიორიტეტული მიზანი

„პირველი ინგლისური გვაქვს, 9 საათზე. გვიანობამდე ფილმს ვუყურებდი და მაღვიძარას ზარზე ძლივს გამოვფხიზლდი, პირის დაბანაც ვერ მოვასწარი, ჰუდის კაპიუშონი წამოვიფარე და ისე დავჯექი. აუ, მის ნათია კი, ნახე, რა გამოპრანჭული დაგვხვდა – მაკიაჟით, თეთრი პერანგითა და პიჯაკით. დავიმალე, მაგრად შემრცხვა, მგონი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი ეცვა, ჩვენ კი ყველას ნახევრად გვეძინა. სამაგიეროდ, მეორე გაკვეთილზე სოსო მასწავლებელიც აშკარად ახალგაღვიძებული იყო, სპორტული ეცვა და თმაც არ ჰქონდა დავარცხნილი…“ – მესმის, როგორ არჩევენ ბავშვები გაკვეთილების ამბებს.

დისტანციური სწავლება, რომლის საჭიროებაზე საუბარი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, განათლების სფეროში ჩართულთა უმრავლესობას შორეულ ან მიუღწეველ პერსპექტივად ესახებოდა და უცებ კორონამ სიტუაცია გადაალაგა. სწავლების ამ ფორმის საჭიროებას ყველამ თვალებში ჩავხედეთ, უფრო სწორად, ამ საჭიროებამ გაგვიყარა თვალი თვალში. მოგვიწია, უარი გვეთქვა სიახლისთვის მომზადების ფუფუნებაზე – განათლების სისტემამ ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი მოქმედება დაიწყო, ინდივიდებმა კი – ხელების ქნევა, რომ ამ მდინარეში გაეცურათ. გამოჩნდა მაშველი რგოლებიც თანამშრომლობის, წინარე გამოცდილების (ისტ-ის ტრენინგები, ახალი სკოლის მოდელი) გააქტიურების, ვიდეოსწავლებების სახით. ამ ჭიდილში პროცესი დაიძრა.

დისტანციური სწავლების ფორმატი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს – ეს მართებულად არის აღნიშნული პირველად რეკომენდაციებში, რომლებიც უწყებამ დისტანციური სწავლებისთვის შეიმუშავა.

რა სეგმენტს ჩაანაცვლებს, რა დოზით, რა რესურსების გააქტიურებაა შესაძლებელი, რა გამიადვილდება და რა გამიჭირდება, შედეგად რას მივიღებ, მომავალში როგორ გამოვიყენებ? – აი, კითხვები, რომლებზეც ფიქრობს განათლების სფეროსთან დაკავშირებული ყველა სუბიექტი.

დღევანდელ დისტანციურ სწავლებაში აუცილებლად დგება პრიორიტეტების გამოკვეთის საკითხი. რეალურად, მთავარი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ხოლო საგანმანათლებლო მომდევნო დონეზე გადაინაცვლებს.

ფრაზა „სკოლა – თემის ცენტრი“ ხშირად ტრაფარეტულიც მოგვჩვენებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ძალიან კონკრეტული შინაარსი აქვს. პანდემიით შეშფოთებული მშობლებისთვის, რომლებსაც ერთდროულად დაატყდათ თავს ვირუსი, უმუშევრობა, გაუმძაფრდათ ხვალინდელი დღის შიში, შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ ცოდნა ან ძალისხმევა, რომ პირადადაც გაუმკლავდნენ ყველაფერს და შინ დარჩენილ ბავშვებსაც აუხსნან, შიში შეუმსუბუქონ, იმედი გაუღვივონ. სკოლა ამ ფუნქციასაც ითავსებს და ხშირად ემოციების მართვის თვალსაზრისით მშობლებისთვისაც მაორგანიზებელი ფაქტორი ხდება. სკოლა აგებს ონლაინურთიერთობებს მოსწავლეებთან, მშობლებთან, რომ სოციალური დისტანცირების ფენომენი ფიზიკური დისტანცირებით ჩაანაცვლოს და ვირტუალურ საკლასო ოთახში სოციალური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად გადაარჩინოს, განავითაროს. ამ პროცესს რა ხარვეზიც უნდა ახლდეს, ის თავის საქმეს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაინც ასრულებს და ჩაკეტილობის თანამდევ პრობლემებს თუ ვერ აგვარებს, ამსუბუქებს მაინც. ბავშვისთვის, მასწავლებლისთვის, მშობლისთვის ყოველ დღეს თავისი მიზანი აქვს. უფრო მეტიც – სწორი მიდგომისა და შესაბამისი რესურსების პირობებში ისინი ახალ უნარებს იძენენ და ივითარებენ. ჩნდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, მის ნათია, ინგლისურთან ერთად, მოსწავლეებს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას, ეტიკეტის პატივისცემასაც ასწავლის – უსიტყვოდ და შთამბეჭდავად.

გადარჩენილი სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვნების დასტურია იმ ბავშვებისა და ოჯახების განწყობაც, რომლებიც რაიმე მიზეზით დისტანციურ სწავლებაში ვერ მონაწილეობენ. ეს ბავშვები ინტერნეტის ან ხელსაწყოების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას. ესენი უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები არიან და მათ უფრო უმძაფრდებათ გარიყულობის განცდა.

გულისტკივილის გარეშე ვერ წაიკითხავ მშობლის წერილს, რომელიც ერთ-ერთმა დაწყებითის მასწავლებელმა გაგვიზიარა:

„გამარჯობა, … მასწავლებელო. ალბათ იცით, რომ ინტერნეტის გამო ბავშვი უსწავლელი მრჩება. ვერსად გავდივარ, ვერ ვმუშაობ და იქნებ თქვენ მიმართოთ განათლების სამნისტროს, დაგვეხმაროს როგორმე ინტერნეტი ჩაგვირთონ, რომ ბავშვი არ ჩამორჩეს. ტელეფონში ყოველდღე ვერ ვრიცხავ და ვერც სხვას ვაწუხებ. ტელეფონით გამოგზავნილ დავალებებს კი ასრულებს, მაგრამ ძალიან განიცდის, რომ ვერ გერთვებათ და სულ მოწყენილია. სოციალურად დაუცველები ვართ და, წესით, უნდა გვეხმარებოდნენ“.

განათლების სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და საპირწონედ ტელესკოლას დაასახელებს, მაგრამ ძნელია, პირველკლასელს აუხსნა, რატომ არ შეუძლია ყოფნა თავის მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვს სწორედ მიკუთვნებულობის განცდა სჭირდება და ამშვიდებს. სტატისტიკა ოჯახური ძალადობის ფაქტების მატებაზეც მეტყველებს. ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლები უმეტესად სწორედ ბავშვები არიან. მათთვის სკოლა ერთგვარი თავშესაფარია. არ გაგვიჭირდება წარმოდგენა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებიან ასეთი ბავშვები, თუ მათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის საშუალებაც არ მიეცათ. ამიტომაც დისტანციური სწავლების პრიორიტეტად ამ ეტაპზე სწორედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გვესახება.

რეკომენდაციების მიხედვით, ონლაინშეხვედრების სასწავლო მიზანი აქამდე მიღწეული შედეგების განმტკიცება, სწავლების პროცესისთვის აუცილებელი უნარების გადარჩენა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის საერთო ენის შენარჩუნებაა და თუ ამ ყველაფრის პარალელურად მასწავლებელმა საგნის სწავლების დაგეგმილ გზაზე მოსწავლეთა წინსვლაც უზრუნველყო, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ის სათანადოდ ართმევს თავს ახალ გამოწვევას.

მომდევნო ნაბიჯი ამ გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა, ახალი უნარების განვითარება და სწავლა-სწავლებაში მათი ეფექტური გამოყენება იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი