შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბესიკ ხარანაული – სწავლა ჩემი ნიჭია

ბესიკ ხარანაულის ცხოვრება თიანეთში დაიწყო და თბილისში გრძელდება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გარემოს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს – ხელოვანისთვის გარემო არ არსებობს, ის თავად არის მისი შემოქმედი.

ცოტა ხნის წინ დაისტამბა ბესიკ ხარანაულის რომანი “მთავარი გამთამაშებელი”, დღეს კი მწერალი ახალ ნაწარმოებზე მუშაობს.
“მწერალი ახალი ნაწარმოების წერას რომ იწყებს, სულ იმას ფიქრობს, ეხლა უნდა დავწერო და გავუტიოო. რაც დაწერა, იმისთვის ღმერთს შენდობას სთხოვს – ოღონდ, აქამდე რაც იყო, მაპატიე და ეხლა ნამდვილად დავწერ მწერლობისთვის საამო რამესო”, – ამბობს mastsavlebeli.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბესიკ ხარანაული, რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა: რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პრემიები, ლიტერატურული პრემია “საბა” და ლიტერატურული პრემია “გალა”, – ხოლო 2010 წელს ნობელის პრემიაზე გახლდათ წარდგენილი.
და მაინც, “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”, ამიტომ ბატონ ბესიკ ხარანაულთან საუბარს ჩვენც ბავშვობის გახსენებით ვიწყებთ:
– სხვათა შორის, პირველად გავიგონე ჩემს ბავშვობაზე სხვისი ნათქვამი და დამამახსოვრდა. ერთი კაცი დაიჭირეს და რომ გამოვიდა ციხიდან, მითხრა: იქ ვიღაც თქვენებური ვნახე, რომელმაც მითხრა, მაგას მძიმე ბავშვობა ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე კი არ მახსოვს, რომ მძიმე ბავშვობა მქონოდეს-მეთქი. როგორც ჩანს, რაღაცნაირი მოვლენაა მძიმე ბავშვობა, კარგი ბავშვობა, ტკბილი ბავშვობა… მე კი ნაკლებად მწამს. ბავშვი იმისთანა ოხერი არსებაა, ყველა სიტუაციას დაუძვრება, რადგან გადარჩენისთვის არის მოსული, იმისთვის, რომ გაექცეს სიტუაციას, რომელიც მისთვის მძიმეა და არ ეკუთვნის.

– თქვენ რას გაურბოდით ბავშვობაში?

– მე მგონი, არც შევცვლილვარ მაინცდამაინც, ყოველთვის ერთნაირი ვიყავი, ყოველთვის ვსწავლობდი. სწავლაა ჩემი ნიჭი. რაც ვიცი, ის არაფრად მიღირს და ვცდილობ, მეტი ვისწავლო.

– რა ისწავლეთ ბავშვობიდან დღემდე?

– ერთსა და იმავეს სწავლობს ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე და შეიძლება, ბოლომდე ვერც გაარკვიოს. შეიძლება, გაიგოს დეტალები, დაადგინოს ფასეულობები, გაარჩიოს ბოროტება და სიკეთე ერთმანეთისგან, მაგრამ ის არ არის არსება, რომელიც გაჩერდება სიკეთეზე ან ბოროტებაზე, კარგზე ან ცუდზე, – ეს მისი სასჯელია. დღეს ადამიანმა უკვე იცის, რას ჰქვია კარგი და რას – ცუდი. რა თქმა უნდა, ის მხარს უჭერს კარგს, მას არ უნდა, იყოს ცუდი. კარგია ის, რაზეც ნათქვამია: “სხვას არ უსურვო, რასაც არ უსურვებდი საკუთრ თავს”. საერთოდ, ადამიანს ძალიან რთული ამოცანები ეკისრება. რომ დაიბადება და მონათლავენ, იქიდან მოყოლებული, სულ რთულ ამოცანებს უყენებენ.

– თავად თუ შეგხვედრიათ ისეთი ამოცანა, რომლიც ამოხსნაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ?

– არა მგონია, ამდენი ცოდნის, აღზრდის, დარიგების შემდეგ ადამიანი ახალს რამეს აღმოაჩენდეს. ჩემი ნაკლი ისაა, რომ, ვთქვათ, ვარდი არის სურნელოვანი, – მე საწინააღმდეგოს დამტკიცება კი არ მინდა, არამედ გარკვევა იმისა, რატომ არის ასე. და საერთოდ, ყველაფერს, რაც ადამიანის ცოდნაში არსებობს, ჩემთვის კითხვის ნიშანი ახლავს. ეტყობა, ეს ჩემი შემოქმედებითი სასჯელია – ყველაფერი თვითონ შევამოწმო. შემეცნება ძალიან რთულია. გარდა ამისა, რაც არ არის შემოქმედებითი, არ მიზიდავს.

– ბავშვობას დავუბრუნდეთ. როგორი მოსწავლე იყავით?

– დედაჩემი მასწავლებელი იყო; მასწავლებელი გახლდათ ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი რუსუდან გელოვანიც (მირზა გელოვანის და). როგორც მასწავლებლის შვილს, რაღაცები მეკრძალებოდა. გარდა ამისა, იყო სხვა კულტურა… დედაჩემი და რუსუდანი – ორივე მწერალი იყო. მაშინ ძალიან საძაგელი დრო იდგა, ერთიმეორის დაბეზღება ერთი ჩვეულებრივი ძაფივით იყო გაბმული ქვეყანაზე, ამიტომ ისინი ფრთხილობდნენ, არასოდეს უთქვამთ ჩემთან იმ ყოფაზე არც კარგი და არც ცუდი. ამასთან, მაშინ თიანეთში იყო სრულიად განსხვავებული კასტა – კულტურული ხალხის კასტა. ჯერ კიდევ ილიას შემდეგ დროინდელი მემკვიდრეობიდან ჩვენ გვქონდა თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ამით იქმნებოდა კულტურული სივრცე… ასე მგონია, არც ცუდი ბავშვობა მქონია და არც კარგი. მე ვიყავი თავისუფალი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი თავისუფლებას და ვახერხებდი კიდეც ათასგვარი ოინით. რაკი დასჯილი ვიყავი მასწავლებლის შვილობით, ვმუშაობდი წყალქვეშ – ჩემს ონავრობას, ჩემს შეუგუებელ ხასიათს ასე ვიკმაყოფილებდი.

სხვათა შორის, სულ მაინტერესებდა, როდის დაიწყო ჩემი ცნობიერება… ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყაჩაღები. ერთხელ თიანეთში ჩამოასვენეს მოკლული ყაჩაღი. ეს ყაჩაღი ისე ახლოს ვნახე, რომ დღესაც მახსოვს მისი ქამრები. სხვანაირად მოქსოვილი ქალმები ეცვა, ლამაზ წინდებში ჩატანებული ჰქონდა შარვალი. არადა, იმ ადგილას მილიცია არავის აჭაჭანებდა, მე კიდევ აშკარად ზემოდან დავყურებდი მიცვალებულს. სულ მიკვირდა, როგორ მოვახერხე პოლიციელებით გარშემორტყმულ მიცვალებულთან მიახლოება. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაშინ 8-9 წლის ვყოფილვარ და საიდან – ეს ყაჩაღი იყო მოლექსე, ჰოდა, მისმა ახლობელმა გამოსცა მისი წიგნი, სადაც ეწერა ყაჩაღის გარდაცვალების დრო და ისტორია. რუბენ ალხაზოვი იყო ახმეტის კა-გე-ბეს უფროსი, ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ღალატით მოკლეს, როგორ ყოველთვის ხდება ხოლმე.

ამის შემდეგ ჩემი ბრძოლა იმით გამოიხატებოდა, რომ სადაც მილიცია იყო, იმ მხარეს არ დავდიოდი. ეს იყო ჩემი ერთგვარი შინაგანი, გაუმხელელი პროტესტი.

არ ვიცი, რა დაერქმევა ამას, მაგრამ შემდეგში ძალიან მიშველა ამან – არ მომცა უგონო პროტესტებში ჩართვის უფლება, რომ გამომემჟღავნებინა თავი სისტემის წინააღმდეგ. სწორადაც ვიქცეოდი. ამით გადავირჩინე თავი, და არამარტო ფიზიკურად. არა მგონია, დიდი გონიერება იყოს, როდესაც იცი, რომ კლდეს ვერ დაძლევ და მაინც ებღაუჭები – ზედ შენი ტყავიღა რჩება, მეტი არაფერი.

– დედა რომ პედაგოგი გყავდათ, ამას ალბათ დადებითი მხარეც ექნებოდა. საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებელი?

– დღესაც ვხედავ მასწავლებლების ფენას, რომელსაც არა მარტო სახლში – ყველგან მიაქვთ თავიანთი მასწავლებლობა. დღესაც შემიმჩნევია, რომ მასწავლებლები ხმამაღლა ლაპარაკობენ. მაგრამ მაშინ არსებობდა მათთვის სოციალური ქცევის ნორმებიც. არ შეიძლებოდა, მასწავლებელი ასე და ასე მოქცეულიყო; მასწავლებელს სიგარეტი რომ მოეწია, ეს იქნებოდა კატასტროფა, ზუსტად ისეთი, მე რომ კოჭაობა მეთამაშა. მე რომ ჩემი სურვილების რეალიზება მომეხდინა, მეტყოდნენ: დედაშენს დაიჭერენ, მოხსნიან… ჰოდა, ეს უარყოფითი დამოკიდებულება, პროტესტი, შიგნით შემოვიდა, შიგნით ჩამისახლდა.

ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩვენთან ახალგაზრდა მასწავლებელები მოვიდნენ, მათთან უკვე ვმეგობრობდით და გულს ვიოხებდით, ვსაუბრობდით. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუბრები გულში ჩამებეჭდა, მაგრამ განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასწავლებელი ჩემთვის წარუშლელი ფენომენია.

– თქვენს თავისუფლებას როგორ აღიქვამდნენ მასწავლებლები?

– ყველაზე მეტად ის მასწავლებელი მომწონდა, ვისთანაც თავისუფალი ვიყავი. ეხლაც ახალ რომანს ვწერ და ვეთამაშები მასწავლებლებს. ყველა წიგნში ვეთამაშები მათ. ბავშვს ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს. თვითონ ბავშვის ფენომენიც არ არის ბოლომდე გამოკვლეული. მე ბევრი შვილი და შვილიშვილი მყავს და ვიცი, რომ რაც უფრო ჩვილები არიან, მით უფრო კარგად სწავლობენ და ტკბილად კითხულობენ “ვეფხისტყაოსანს”, დავით გურამიშვილს, საერთოდ, კარგ პოეზიას. ხანდახან დაფიქრდები: ნეტავ ესმით ამ სიტყვების აზრი? ბავშვი პოეზიას მიჰყვება და არა ცალკეულ, ასე ვთქვათ, ინტრიგებს. ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს დაწყებით კლასებში ვასწავლიდი იმ ტექსტებს, რომლებიც შემდეგში მისთვის სატანჯველად იქცევა. მიმაჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება უფრო წინ უნდა გადავიდეს, რადგან 14-15 წლის მოზარდი სულ სხვა რამეზე – საკუთარ ბიოლოგიურ ინსტინქტებზე ფიქრობს, პაწაწა ბავშვს კი სცალია ლიტერატურისთვის. ჩაატარონ ცდა და ასწავლონ პატარებს “ვეფხისტყაოსანი”, დავით გურამიშვილი…

– თქვენი თავი თუ წარმოგიდგენიათ მასწავლებლად? როგორი მასწავლებელი იქნებოდით?

– ბავშვებს აუცილებლად ვასწავლიდი პოეზიას და თავისუფლებას. ყველაზე თავისუფლად ბავშვთან ვარ – არც ჭკუას გთხოვს, არც არაფერს. არ გთხოვს, რომ უფროსი იყო. შენ ყველაფერი იცი, ყველაფერს აწესრიგებ და ამ მოწესრიგებისას იკარგება მთავარი – გულწრფელობა და უშუალობა. ბავშვობა პერიოდი კი არ არის, ჩემი იდეალია. ბავშვობას არ ეღალატება. გავა დრო, ცხოვრება თავს ამოიჭამს, მაგრამ ბავშვობა ცალკე რჩება.

– თქვენი საყვარელი მწერალი ვინ იყო ბავშვობაში?

– ჩემს ბავშვობაში წიგნები არ იყო, ვკითხულობდით რაღაც სისულელეებს საბჭოთა ბავშვის აღზრდაზე. 1954 წელს გამოვიდა ივანე მაჩაბლის თარგმნილი შექსპირი. ეს არ იყო ის, რაც მანამდე გამეგონა; არ იყო ფოლკლორი, ხალხური სიტყვიერება. ეს იყო ლიტერატურა. შემძრა მაჩაბლის თარგმანმა ისე, რომ სულ მერევა – ამ წიგნზე ხან შექსპირს ვამბობ, ხან მაჩაბელს. დღემდე მაქვს ეს წიგნი შენახული.

– ბატონო ბესიკ, ამბობთ, რომ თქვენი ჰობია “ფეხით სიარული, კაცი რომ მიდის და მილაპარაკობს”. რაზე ელაპარაკებით საკუთარ თავს?

– ეს არ არის ჩემი აღმოჩენა და მხოლოდ ჩემთვის არაა დამახასიათებელი. ყველა ადამიანი, რომ დადის, საუბრობს. ადამიანს არ ჰყოფნის გამოხატული სინამდვილე, ის სინამდვილე, რომელიც თვითონ არის ან მის გარშემოა და ის თხზავს. ადამიანი მთხზველია. სწორი იქნებოდა, რამისთვის დამერქმია ასეთი სათაური – “ადამიანი-მთხზველი”.

– თქვენ რას თხზავთ?

– ჩემს თავს. ჩემი შემოქმედებაც ჩემი თხზვაა. სინამდვილე უბრალო მასალაა ამისთვის. მე არ მეხება სოციალური რყევები. ღმერთმა დალოცოს ისინი, ვინც ამას ემსახურებიან. ეს ჩემთვის ორგანული არ არის. ჩემთვის ორგანულია ჩემი თავის თხზვა, მე ეს მაწუხებს. ყველა მოვლენა, რაც სხვებისთვისაც სამწუხაროა ან სასიხარულო, ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ ხშირად და დიდი დოზით ეს ჩემთვის საწამლავი იქნება. მე მოვკლავ ჩემს თავს. ერთადერთი, რაც დიდად ახლობელია ადამიანისთვის, ეს არის ადამიანი. ადამიანი არასრულყოფილია. როდესაც მას ერთადერთი ახლობელი ჰყავს და ისიც ადამიანი, ერთადერთი სინამდვილე აქვს და ისიც გარემო, უკვე ნაკლოვანია. ეს ჩემთვის მომხიბვლელი არ არის. ეს შეიძლება საბაბი იყოს ჩემთვის. თუ შემოქმედებისთვის საბაბად არ იქცა, ასეთი სინამდვილეც არაფერია.

– ხშირად უბრუნდებით ბავშვობის ადგილს. რას ნიშნავს ეს გარემო თქვენთვის?

– გარემოს შემოქმედებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თორემ ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა, მაგალითად, რომ ჩავერთო თიანეთის გარემოში, სადაც მიწა მაქვს, გლეხი ჩემგან ვეღარ დადგება, მაგრამ ნამდვილად მიყვარს, ძალიან მიყვარს იქაურობა. თანაც ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა ჩემი სიამაყეა, ჩემი თავმოყვარეობა. ისე ვლაპარაკობ, თითქოს თავმოყვარეობა არ მქონოდეს აქამდე… თავმოყვარეობა ძალიან ადრე ჩამომიყალიბდა, ადრე ჩამომიყალიბდა წინააღმდეგობის გრძნობაც და დღესაც ისევ ისე ვარ. ჩემთვის არაფერია უმნიშვნელო.

– რას ნიშნავს წერა თქვენთვის?

– მე დავწერე და ვხვდები, რომ მართალია – ყოველი დაწერილი სიტყვა არის მოკლება წყვდიადისა. ესე იგი, როდესაც ადამიანი წერს სიტყვას, წყვდიადს აკლდება. ეს წყვდიადი სად არის? – თვითონ ადამიანში, პირადად ჩემში. დაე სხვები იყვნენ ნათელნი, ჩემში წყვდიადია. რომ ვამბობ რაიმეს, ჩემს წყვდიადს ვაკლებ, ანუ ნებადაურთველად, ყაჩაღურად ვესხმი თავს, ვტაცებ რაღაცას და გამომაქვს სამზეოზე. მე მაქვს თამამი დამოკიდებულებები, რომლებიც ეხება სექსს, ქალისა და კაცის ურთიერთობას, ზოგადად ქალს, კაცს. სხვათა შორის, ძალიან სათნო ქალები რომ წაიკითხავენ ამას, არ შფოთავენ, – ის შფოთავს, ვინც არ არის სათნო. მე კიდევ განმარტებისთვის მიწერია: ზნეობას კი არ ნიშნავს სიტყვა, სიტყვა ნიშნავს საგანს. მე მინდა, გათამამდეს ადამიანი, მით უმეტეს, ჩვენი თანამედროვე ადამიანი და ამასაც უნდა ხელოვნება. იმას, რაც აკრძალული იყო ძველად, ეხლა დააცხრა ხალხი. მაგალითად, აღმოსავლეთევროპულ ლიტერატურაში უფრო ხშირად ნახავ კაპრიზებს, ვიდრე დასავლურში. ადამიანებს უნდათ, რამით გადაირჩინონ თავი. ლიტერატურასაც რაღაცნაირი პერიოდი უდგას. თავისუფალი მსჯელობა არ არის შეურაცხმყოფელი მეორე ადამიანისთვის, იმიტომ რომ მას თავისუფლებას ანიჭებს. მე მიმაჩნია, რომ ყოველმა დაწერილმა სიტყვამ ადამიანს უნდა მიანიჭოს თავისუფლება, რათა ის რაც შეიძლება შორს წავიდეს. სხვათა შორის, ადამიანის ზნეობრივი სივრცე ტექნოლოგიურს ჩამორჩება. ტექნოლოგიურ სივრცეს არავინ ზღუდავს, რადგან იქ არ არის ზნეობა, ადამიანის არსებაში კი ზნეობაა უპირველესი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, იწვრთნება, მაგრამ ეს ძლიან რთული პროცესია. ის, რაც ზნეობაში კატეგორიებად არის მოცემული, ძალიან დიდი ტვირთია ადამიანისთვის. მე რომ გამოვიგონო მშვილდ-ისარი, რომელიც მთვარეს დაერჭობა, ამაში არაფერი იქნება საძრახისი. ეს მხარე ჩემთვის ზნეობის იქითა და ამიტომ თავისუფალია. ადამიანი უნდა ილტვოდეს თავისუფლებისკენ.

– ბატონო ბესიკ, მეძნელება თქვენთან საუბრის დასრულება, თქვენ ყველასთვის საყვარელი მწერალი ბრძანდებით…

– არ ვიცი, ეს ჩემამდე არ მოდის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ნიჭი. მწერლისთვის ყველაზე უარესია, როდესაც მიაჩნია, რომ სრულყოფილებას მიაღწია. ვერ ვხსნი, რა ტიპის უხერხულობაა, როდესაც საკუთარი ნაწერი მოგწონს. მე ვწერ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი