პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საიდ მულიანი – ძნელია ქართველობა ფერეიდანში…

ფერეიდნელი ქართველი, ისპაჰანის უნივერსიტეტის პროფესორი საიდ მულიანი ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო როგორც ირანში მცხოვრები ქართველებისთვის გოგებაშვილისეული “დედა ენის” მთარგმნელი და წერა-კითხვის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის დამაარსებელი. გასულ შემოდგომას კი საიდ მულიანი საქართველოში იმყოფებოდა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა ირანელ სტუდენტებს. გაზაფხულისთვის იგი ისევ აპირებს ჩამოსვლას და პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელებას.

უნდა ითქვას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის – ირანში, ბევრი რამ შეიცვალა. როგორ პირობებში უწევთ დღეს ფერეიდნელ ქართველებს ქართული წერა-კითხვის სწავლა და ზოგადი განათლების მიღება, ამაზე საიდ მულიანი ჩვენი გაზეთის მკითხველს თავად ესაუბრება.

საიდ მულიანი:
– დღევანდელი ვითარება სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ოცი წლის წინ იყო ფერეიდანში. მაშინ ძალიან ცოტამ იცოდა წერა-კითხვა და თანამედროვე ქართული ენა. მადლობა ღმერთს, დაიშალა საბჭოთა კავშირი, გაიხსნა საზღვრები და ირანშიც დამთავრდა კომუნისტების შიში, რამაც იქაურ ქართველებს საქართველოსთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება მისცა.

წლების წინ, როცა მე ქართული წერა-კითხვის შესწავლა გადავწყვიტე, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ არანაირი სახელმძღვანელო არ არსებობდა. მაშინაც იყო ფერეიდანში ისეთი ხალხი, რომელმაც იცოდა თანამედროვე ქართულიც და წერა-კითხვაც, მაგრამ, მიზეზთა გამო, საგანმანათლებლო კუთხით ვერაფერს აკეთებდა. მე ძალიან გამიჭირდა სწავლა, მაგრამ ვინაიდან ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვისწავლე. მერე ვიფიქრე, იქნებ საქმე სხვებს მაინც გავუიოლო-მეთქი და სახელმძღვანელოს შედგენა გადავწყვიტე. ძალიან გამჭირდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შევძელი. რომ არა ჩემი საქართველოში მცხოვრები ძმის, კახას მხარდაჭერა, არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებდი. ამის გამო მას წრფელ მადლობას მოვახსენებ.

ქართული ენისა და წერა-კითხვის შესასწავლი სახელმძღვანელო გოგებაშვილის “დედა ენის” ირანულად ადაპტირებული ვარიანტია. ზოგან ისეთი სიტყვები და ფრაზები შევიტანე, რაც ირანში მცხოვრებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, თან ვეცადე, ტექსტები ისეთი ყოფილიყო, რომ მკითხველში პატრიოტული განწყობაც გაეღვიძებინა. მაგალითად, გააზრებულად არის ნახსენები აფხაზეთი, სამაჩაბლო… ეს წიგნი დიასპორის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და რადგან მანამდე ამგვარი გამოცემა არ არსებობდა, ძალიან მალე გაიყიდა. თვითონ მეც ერთ ცალი აღარ დამრჩა ნიმუშად. მახარებდა, რომ ქართული ენის შესწავლის მოთხოვნილება და სურვილი ასეთი დიდი იყო.

ოცი წლის წინ ოცმა კაცმა ძლივს იცოდა ქართული წერა-კითხვა, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის, “დედა ენის” საშუალებით ბევრმა ისწავლა. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რომ ურთულეს და საჭირო დროს გავბედე და ეს საქმე გავაკეთე. “გავბედე” კი უბრალოდ არ მითქვამს… ახლა თითქმის ყველა ფერეიდნელი ქართველის ოჯახში არის “დედა ენა” და მასზე კვლავაც დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, სახსრების უქონლობის გამო ხელახლა ვეღარ ვბეჭდავთ. მოგვიანებით მასში მცირედი შეცდომები აღმოვაჩინეთ, რასაც, თუ დაბეჭდვის შანსი გაჩნდა, შევასწროებ.

რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა ქართული ენისა და წერა-კითხვის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა. 200-300 კაცმა ისწავლა ამ სკოლებში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამის საშუალება აღარ მაქვს.

– თუ ჩამოდის ირანში ქართული წიგნები ან ჟურნალ-გაზეთები, რაც ფერეიდნელ ქართველებს ენის შესასწავლად გამოადგებათ?

– შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ქართულ-ირანულ ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო. გახშირდა მისვლა-მოსვლა და ამიტომაც უამრავი წიგნი ჩამოდიოდა ფერეიდანში ქართულ ენაზე. მერე, სატელიტური ანტენის დამარებით, ქართული ტელეარხების მიღებაც შევძელით. რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, ერთადერთი ადგილობრივი ქართული ჟურნალი მე და ჩემმა ძმამ გამოვეცით, მაგრამ, მიზეზთა გამო, მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა. ირანში ბევრი წიგნია დაწერილი ქართველებზე, მაგრამ სპარსულ ენაზეა გამოცემული. მათ შორის – ჩემი წიგნიც, “ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში”. ეს გახლდათ ჩემი დისერტაცია, რომელმაც დიდი ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. წიგნში გამოყენებულია 200-მდე სანდო წყარო. მასში მოხსენიებული არიან ქართველები, რომლებსაც ირანის სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში მაღალი თანამდებობა ეკავათ, მათ შორის – ალავერდი-ხან და იმამ-ყოლი-ხან უნდილაძები და სააკაძეთა გვარის წარმომადგენლები. შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით მივმართე, ეს წიგნი ქართულად ითარგმნოს და დაიბეჭდოს, რათა საქართველოში იცოდენ, რომ ირანში გადასახლებული ადამიანები სასოწარკვეთილებას არ მისცემიან, არამედ ძალიან მალე გამოაჩინეს თავიანთი ჯიში, პირნათლად შეინარჩუნეს ადამიანური ღირსება და ასახელეს თავიანთი ქვეყანა – გურჯისტანი. სამწუხაროდ, ამის გამოცემა ვერ მოხერხდა, ეს მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ ვფიქრობ, ამის დროც მოვა.

– ზოგადი განათლების მისაღებად რა პირობები აქვთ ირანში მცხოვრებ ქართველებს? სკოლის შემდეგ სად აგრძელებენ სწავლას? უფრო რა პროფესიები აინტერესებთ?

– არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ირანში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის ქართველები უმაღლესი განათლებით რაოდენობრივად პირველ ადგილზე არიან. ბევრია მათ შორის ცნობილი პროფესორი. ისინი სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ხდებიან. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ერთი რამ: საქართველოში ზოგს ჰგონია, რომ ირანში ქართველები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ასე არ არის, ირანში ქართველების ცხოვრების დონე ძალიან მაღალია. ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც არ იყოს კომპიუტერი და ინტერნეტი. ვერ ნახავთ უსახლკარო და უმანქანო ქართველს. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანში ქართველები დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ. არიან ძალიან წესიერი და კანონმორჩილი მოქალაქეები, დანაშაულის დონე მათ შორის ძალიან დაბალია. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ირანში ქართველობა ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ნამდვილი ქართველობა ყველგან და ყოველთვის რთულია. ნებისმიერი საქმის კეთებისას უამრავი დაბრკოლების გადალახვა გიწევს, ზოგჯერ კი პრობლემას უახლოესი ხალხი გიქმნის, რასაც არ ელი და ყველაზე მტკივნეულია.

მალე გამოვა ჩემი ახალი წიგნი საქართველოში მოგზაურობის შესახებ. მასში აღწერილია ჩემი შთაბეჭდილებები ჩუღრუთიდან ჩუღურეთამდე (ჩუღრუთი ჩემი სოფელია ირანში, ჩუღურეთი კი – თბილისის რაიონი). ვფიქრობ, ეს ნარკვევი მრავლისმთქმელი იქნება როგორც ქართული, ასევე ირანული საზოგადოებისთვის. ასევე, ორ ძალიან ცნობილ ქართველ პროფესორთან ერთად ვმუშაობ ისტორიულ და კულტურულ წიგნებზე.

– საქართველოს განათლების სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ვამბობთ, რომ ის ეფექტური არ არის და გვინდა, უკეთესი გახდეს. საინტერესოა, როგორია ირანის განათლების სისტემა – სასკოლო, საუნივერსიტეტო, რას უჩივიან მოსწავლეები და სტუდენტები, ანდა, პირიქით, რა მოსწონთ?

– ირანის სასკოლო სისტემამ ამ რამდენიმე წელიწადში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ადრე იქ მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობდა, რომელშიც მხოლოდ რთული გამოცდის კარგად ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებოდი. მერე კი უმაღლესი სასწავლებლები მომრავლდა და ახლა უკვე თითქმის ყველას შეუძლია, რომელიმე უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა სახელმწიფო და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში კვლავაც მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან.

ირანული განათლების სისტემა, მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა, არ არის დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა, თანამედროვე განათლების სისტემა დასავლურ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ, ამასთანავე, ირანს სურს, მისი იდენტობაც იკვეთებოდეს, ამას კი ზოგჯერ საქმე კურიოზამდეც მიჰყავს, თუმცა, სახელმძღვანელოებისა და ვიზუალური მასალის მიწოდების მხრივ წინსვლა იგრძნობა.

სტუდენტებისა და პროფესორების ურთიერთობა საქართველოში უფრო მეგობრულია, ნაკლებად დისტანციური, ირანში – უფრო მკაცრი და ოფიციალური. რაც შეეხება სწავლას, გამოცდებს, დასწრებასა და ნიშნებს, მგონი, ირანში ამ კუთხითაც მეტი სიმკაცრეა.

– თქვენ რას გაიხსენებთ თქვენი სკოლის წლებიდან ან საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, როგორი მოსწავლე იყავით? როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

– ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მე პირველი კლასიდან უნივერსიტეტის დამთავრებამდე მუდამ პირველ ადგილს ვიკავებდი. ეს მაშინ, როცა ცხოვრების პირობები ცუდი იყო და მშობლებისა თუ სკოლისგან არაფერს ვითხოვდით. ისპაჰანის უნივერსიტეტში კი 30 000 სტუდენტს შორის მე საუკეთესოდ დამასახელეს. ჩემმა დისერტაციამ საუკეთესო შეფასება მიღო ისპაჰანის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არსებობის ისტორიაში. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გამოცდის დროს პირველს ჩამებარებინა გამოცდა და დამეტოვებინა დარბაზი. სტუდენტებს კამათიც კი მოსდიოდათ, ვინ დამჯდარიყო ჩემ გვერდით, რომ ჩემგან გადაეწერათ, მაგრამ მე ისე მალე ვამთავრებდი, რომ ვერ სარგებლობდნენ.

– საქართველოში უფროსი თაობა ძალიან წუხს, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ წიგნი, უფრო ციფრული ტექნოლოგიებით ერთობიან. როგორაა ამ მხრივ საქმე ირანში?

– სამწუხაროდ, ეს ეპიდემია მგონი ყველა ქვეყანას მოედო, ახალი თაობა სულ სხვა რამით არის დაკავებული, რასაც ვერ გავექცევით. ირანში ეს დიდი პრობლემაა, წიგნის კითხვას სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ. ვაღიარებ, ამ მხრივ საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა.

– მოგვიყევით ისპაჰანის უნივერსიტეტში თქვენი საქმიანობის შესახებ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოშიც ასწავლიდით…

– მე ვასწავლიდი ისპაჰანის უნივერსიტეტის ფილიალებში, რომლებიც ფერეიდანშია და, სხვათა შორის, პირველი ფერეიდნელი ვიყავი, ვინც მიიღო უმაღლესი განათლება ისტორიაში და ამ უნივერსიტეტებში მუშაობა დაიწყო. საქართველოში ჩამოვედი საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვევით და ქართულს ვასწავლიდი ირანელებს, მათ შორის – ფერეიდნელებსაც. ამასობაში სხვა უნივერსიტეტებთანაც მოვილაპარაკე და მგონი, მალე თბილისში განათლების სხვა პუნქტებშიც დავიწყებ მოღვაწეობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვარდოსანიძეს და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს მრავალგზის მხარდაჭერისა და მხარში დგომისათვის.

დაბოლოს, მე მუდამ ასე ვამბობ: ნეტავ ამ წუთისოფლიდან წასვლის ჟამს იმდენი ქართული საქმე გამეკეთებინოს, რომ ჩემი ერისა და ენის წინაშე არ შემრცხვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი