სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

რას ფიქრობენ ბავშვები სკოლის პრობლემებზე

სწავლისა და სწავლების, ბავშვების მოსწრებისა და უნარების გაუმჯობესება რომ სუბიექტურთან ერთად ობიექტურ მიზეზებზეა დამოკიდებული, არახალია.

აზროვნების აკადემიაში, სადაც ვასწავლი, მოზარდებთან ხშირად ვსაუბრობ სკოლაში არსებულ ღია და ფარულ პრობლემებზე. რადგან ჩვენი კომუნიკაცია ორ თანასწორ ადამიანს შორის ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ბავშვები ღიად ყვებიან იმ პრობლემებზე, რასაც სკოლაში ხედავენ. ასეთი პრობლემები უამრავია და მათი კლასიფიკაცია სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ მოვიძიე მსოფლიო გამოცდილება, სხვა ქვეყანაში არსებული მსგავსი გამოწვევებიც და ვეცადე რაღაც შუალედური, ისეთი პრობლემები, რაც სხვა ქვეყნებსაც აწუხებთ, წამომეწია წინ.

 

მოსწავლეთა რაოდენობა საკლასო ოთახში

 

ეს პრობლემა თანაბრად აწუხებთ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, რადგან ორივე მხარეს თავისი პრობლემები აქვს.

მასწავლებელი ფაქტობრივად უძლურია 45 წუთიანი გაკვეთილის პირობებში მოახერხოს მოსწავლეების იმგვარად მობილიზება, რომ მათი გამოკითხვაც მოესწროს, აღრიცხვაც და ახალი მასალის წარდგენაც.

ბავშვებს კი, თავის მხრივ, უჭირთ საკუთარი ცოდნის რეალიზება, იღლებიან მხოლოდ სხვისი მოსმენით და საგაკვეთილო პროცესის ბოლოსკენ მათი ქმედითუნარიანობა საგრძნობლად კლებულობს.

გარდა ამისა, კლასების სივიწროვე და ბავშვების სიმრავლე ბევრ ფიზიოლოგიურ პრობლემასთანაა კავშირში – მუდმივად იხუთება ოთახები, ვენტილაციის არარსებობის გამო ჭირს სუნთქვა, მერხები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული (ცნობილია, რომ ადამიანს აქვს პირადი სივრცის ბიოლოგიური კრიტერიუმები, რომლის დარღვევასაც მძაფრად და ხშირად არაცნობიერად განიცდის). მნიშნელოვანია თავად მერხებისა და სკამების განლაგებაც კლასში და შედეგებზე ამის მიხედვით მსჯელობა.

 

საპირფარეშო

რამდენადაც გასაკვირი უნდა ჩანდეს, 5 მთავარ პრობლემას შორის, ერთი ყოველთვის საპირფარეშოების მოუწესრიგებლობაა. ერთი ამბავია ძალიან ცუდი ჰიგიენური ნორმები და მეორე, არანაკლები პრობლემა იკვეთება საპირფარეშოების უფროსი და უმცროსი ასაკის ბავშვების საერთო სარგებლობის ქვეშ ყოფნას. როგორც ჩანს, უფროსკლასელები სიგარეტს მაინც ეწევიან ტუალეტში, მცირეწლოვან ბავშვებს აყენებენ შეურაცხყოფას და ამის გამო, ბევრი ბავშვი საერთოდ უარს ამბობს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობაზე.

ის, რომ საბჭოთა სტანდარტებით აშენებული ღია ტუალეტებია, ხშირად არაა ქაღალდი, საპონი, ხელსახოცი და ელემენტარული სისუფთავე, ბავშვებისთვის უფროსებზე უფრო მეტი სტრესია. ერთმა მოზარდმა, ნახევრად ხუმრობით ისიც თქვა, რომ სკოლაში შეკავების გამო ცისტიტით დაავადდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუცვალა მშობელმა სასწავლო დაწესებულება.

ზოგადად, სკოლის შენობების საერთო დონე რომ ძალიან დაბალია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. დედაქალაქის მონაცემები ამ მხრივ მძიმეა, რეგიონებისა კი – სრულიად სავალალო. ვისაც ზოგიერთი სოფლის სკოლის ტუალეტი უნახავს, დამეთანხმება, რომ მსგავს ანტისანიტარიაში, თავმოყვარე სახელმწიფო ძროხის დაბმასაც მოერიდებოდა.

 

სიღარიბე

ნებისმიერი ქვეყნის ორი სოციალური ჯგუფია განსაკუთრებულად დაუცველი სიღარიბის მიმართ და ესენი ბავშვები და მხცოვანი ადამიანები არიან. UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 29 %-მდე სიღარიბეში ცხოვრობს, მათ 9-10%-ს კი უკიდურეს სიღატაკეში უწევს არსებობა. სოციალური ფონი მნიშვნელოვნად აისახება განათლებაზეც და ამაზე ცივილურ მსოფლიოში აღარავინ დავობს.

ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მოზარდებს განსაკუთრებული მოტივაცია უჩნდებათ თავი დააღწიონ ცხოვრების მძიმე პირობებს და აღწევენ კიდეც ამას, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ ქუსლებზე მაღლა ახტომას და მოტივაციისა და შრომის ხარჯზე სწავლას.

უთანასწორო და მძიმე სოციალური გარემო მძიმედ აისახება ბავშვის მენტალობაზე და კლავს განათლების მიღების სურვილს, რადგან მის წინაშე დგას უფრო ფუნდამენტური მოთხოვნილება – ფიზიკურად გადარჩეს.

ქართულ ხასიათზეც ხშირად მიფიქრია და ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც ვიღაცასთან დაზომება, დატოლება ცხოვრების წესია, სიღარიბე ბავშვებში ორმაგად დამთრგუნველი ფაქტორი ხდება გარდატეხის ასაკის მოზარდისთვის.

 

სიღარიბეზე, როგორც განათლების შემაფერხებელ ფაქტორზე მსოფლიოშიც დიდი ხანია ლაპარაკობენ. ქვეყნები, სადაც სიღარიბის ზღვართან ახლოს მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მაღალია (მაგალითად, აშშ 22 %, რუსეთი 29 %,) აკადემიური მოსწრება ასევე დაბალია, სადაც ოჯახის საშუალო შემოსავალი სიღარიბის ზღვრისგან შორსაა (იაპონია, კორეა, შვედეთი, დანია), იქ მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

რა არის ამ კორელაციის მთავარი მიზეზი? ის, რომ მშიერ ადამიანს წიგნის კითხვა არ ეხალისება თუ იქნებ ბაზისურ მოთხოვნილებებში, რომელთა შორისაც, მე განათლებასაც მოვიაზრებ ხოლმე, უბრალოდ პრიორიტეტებში  არის ძალიან დაბლა? იქნებ ის, რომ ჯერ მაცივარია გასავსები და შემდეგ წიგნის თარო, სრულებით ბუნებრივი მოვლენაა და სანამ მშიერი ბავშვები გვეყოლება ირგვლივ, განათლებული თაობის ბუმს არც უნდა ველოდოთ?
ვინ იცის?

 

ოჯახი

 

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რასაც ჩემი მოსწავლეები პირდაპირ ან ირიბად ასახელებდნენ, ოჯახური გარემოა. მოზარდებს უჭირთ ფორმულირება, რა გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლების, ოჯახური კონფლიქტების, ოჯახური ძალადობის ან ელემენტარული პირადი სივრცის არ ქონის საკითხები მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მაგრამ კითხვაზე, რომელ ფაქტორს გამოასწორებდნენ ცხოვრებაში ისე, რომ მათი სწავლისადმი მოტივაცია გაუმჯობესებულიყო, პირველ ხუთეულში აუცილებლად ასახელებენ ოჯახური გარემოს მოგვარებასაც.
როდესაც ბავშვებს ვაკვირდები, ისინი, ვინც თბილ, მზრუნველ გარემოში იზრდებიან და ნაკლები აქვთ შფოთვა, ემოციური დისკომფორტი და ორივე მშობლის ყოლის შემთხვევაშიც ნამდვილად ორივე ჰყავთ, ვინც მამისა და დედისგან თანაბარ და სათანადო ზრუნვას იღებს და ვისაც სახლში მისვლა უხარია, უფრო მოტივირებულები არიან ცოდნის პერმანენტულად მისაღებად.

ასეთ ბავშვებს საშინაო დავალების გაკეთება უფრო მეტად გამოსდით მაშინ, როცა ოჯახური პრობლემების მქონე ან უსიყვარულო გარემოში გაზრდილი ბავშვები შინ თითქმის არასოდეს მეცადინეობენ.

 

ტექნოლოგიების ცოდნა და ხელმისაწვდომობა

რა დასამალია და ასეთი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ჩვენი მოსწავლეები უფრო მეტად განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ პედაგოგები ვართ. ამ დროს თოხისა და ტრაქტორის დილემა დგება – ძველი თაობის ადამიანები ამბობენ, რომ „ძველი მეთოდოლოგია“ უფრო სანდო და კარგია, ახლები კი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია განვითარების რესურსის უკეთესად გამოყენება, ვიდრე გვაქვს ახლა.

ბავშვები თვლიან, რომ  მძიმე სახელმძღვანელოების სკოლებში ტარება მაშინ, როცა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა პლანშეტებით სახელმძღვანელოების რაღაც ნაწილის შემსუბუქება, ცუდი არ იქნებოდა. განათლების სისტემა ასე დროს გაცილებით „მოხუცია“, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ფუნქციონირებს და ეს, გარკვეულად აფერხებს კიდეც წინსწვლას.

 

 

მსოფლიოს მრავალ სკოლაში სასკოლო პროგრამაში მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალი სრულადაა ინტეგრირებული ბავშვებს დასწავლა დაზუთხვასთან ერთად გონებრივი განვითარების სხვა საშუალებებიც აქვთ ხელმისაწვდომად.

 

ჩაგვრა და არასასიამოვნო გარემო კლასში

 

რა მტკიცება უნდა იმას, რომ ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად, მოზარდები ყოველთვის ბულინგს ასახელებენ. ეს მსოფლიო სენია და ყველა ქვეყანა ებრძვის ბავშვების მხრიდან ერთმანეთზე განხორციელებულ ძალადობას, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ის მაინც ხერხდება, რომ მოზარდები მენტორის მხრიდან ზეწოლისგან არიან დაცულები, რაც, როგორც ჩანს ჩვენ რეალობაში ისევ უდიდეს გამოწვევად რჩება.

ჩემი მოსწავლეების ალბათ 2/3-ზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონია მძიმე გამოცდილება სკოლის მასწავლებლის მხრიდან მათზე განხორციელებული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ნაწილში.

ბავშვები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ ხოლმე მსგავს საკითხებზე თუ სწორად დავუსვამთ შეკითხვებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ძალიან ცოტა სკოლაში მუშაობს ადმინისტრაცია ამ პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრაზე.

როგორც მოსწავლეების ნაწილი ამბობს, მათთვის ერთხელაც კი არ უკითხავს სკოლის ხელმძღვანელობას რა პირდაპირი ან ირიბი ბულინგის პირობებში უწევთ სწავლა. ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებით დაცინვა დღედე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენ სკოლებში, რისი მოგვარების გარეშეც, მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე ლაპარაკი უსარგებლოა.

ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ბულინგის არსებობის შესახებ, ბავშვების ნაწილი არც მშობლებთან ლაპარაკობს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ოჯახის წევრები არასერიოზულად აღიქვამენ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ. ამ პრობლემების ნაწილი ერთი შეხედვით, მართლა უმნიშვნელო შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ჩვენი სუბიექტური აღქმაა მნიშვნელოვანი და არა ობიექტური გარემოება? სუბიექტური შეფასება კი ზუსტად ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, როგორც რეალური პრობლემა.

 

ეს ექვსი, ერთი შეხედვით ზოგადი პრობლემა მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც ბავშვებმა დაასახელეს, სია კი გაუთავებლად შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით, თუ ამ ყველაფერზე მასწავლებლებიც დაიწყებენ ღიად ლაპარაკს. სკოლის ადმინისტრაციას ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთის გამოსწორება მაინც შეუძლია და ეს ერთიც კი, ალბათ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენს რეალობაში.

კარგი სახელმწიფოს ასაშენებლად ხომ, ხშირად, მარტივი პრობლემების ხალხის მხრიდან გადაჭრაც შველის?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი