ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოცნება ოლეზე

ხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა – ნაყოფიერებისა, ყვავილობისა, ადამიანური ცხოვრებისა, დრო-ჟამის ცვალებადობისა (გაზაფხული – ზაფხული – შემოდგომა – ზამთარი). ხე მოიაზრება უკვდავების სიმბოლოდაც.

თვითონ ხის არსი იძლევა მისი სიმბოლოდ გადააზრების საფუძველს: ფესვები მიწის სიღრმეში უდგას, კენწეროთი კი ცას სწვდება; შემაერთებელია მიწისა და ცისა.

ქართველებისთვის ხე წარმართულ ეპოქაშივე იყო სიმბოლურად დატვირთული, თუმცა ქრისტიანობამ ის უფრო მასშტაბურად გადაიაზრა. ჯვარი, ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო, ხისგანაა შექმნილი. სამოთხეში ხემ დაღუპა პირველი ადამიანი და ხემვე აღადგინა იმ ძელის სახით, რომელზეც იესო ჯვარს აცვეს.

ხისგან შეიქმნა სვეტიცხოველიც, რომელმაც უაღრესად დიდი როლი შეასრულა ქართველების იდენტობის ჩამოყალიბებაში.

ქართულ ლიტერატურაში ხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეოთხე საუკუნის „ნინოს ცხოვრებით“ დაწყებული, XX საუკუნის ლიტერატურით დამთავრებული, არ დარჩენილა საქართველოში მწერალი, რომ ხისთვის ერთი სტროფი მაინც არ მიეძღვნას და ამ ხნის განმავლობაში ქართველებისთვის საკულტო ხეებად სვეტიცხოველი, ვაზი და მუხა რჩებოდა.

გიორგი ლეონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარია ხის სიმბოლიკით. ამის ნათელსაყოფად „ნატვრის ხეც“ საკმარისია, რომელსაც ავტორმა ხალხური ლექსი წაუმძღვარა: „ხეა, ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი“. აქ ხე ოცნებაა, რომელსაც შეიძლება შეერწყა კიდეც, მსგავსად ელიოზისა. ხე ცოცხალი არსებაა, მეტყველია. პოეტი მასში საყვარელ ადამიანს ხედავს, მის სულს, ხეში გადასულს.

ლექსებიდან კი მარტო „ოლეც“ კმარა, რომელსაც ბევრი მწერლის ავტოპორტრეტადაც მიიჩნევს.

ოლე მარტოხეა, საჩრდილობლად დატოვებული. ალბათ, ამ მარტოობის გამო თუ ადარებენ პოეტს.

ლეონიძე ოლეს ფრთებმომსხვრეულ არწივს ადარებს (ფრთები – ძლიერების სიმბოლო, სააქაო სინამდვილისგან გაქცევის, რეალურიდან ირეალურში გადასვლის საშუალება. როცა ფრთები იმსხვრევა, ადამიანი მატერიალურის, ამქვეყნიურის ამარა რჩება).

ოლე რაშია, მიწას მიჭედებული. რაში – თავდავიწყების, უსასრულობის, თავისუფლებისა და ქროლის სიმბოლო – დატყვევებულია. ოლე პარტახია, ნამეხარია.

ოლე არ უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ავტოპორტრეტი; ის გოგლას დროინდელი საქართველოს სახეცაა, ბალღამის და ცრემლის სვეტი, „ყორნისაგან ჩაყეფილი“, დროის ბრუნვაში ქერქგახდილი და შიგნიდან გამომწვარ-გამოღადრული.

ოლეს მარტოობა საქართველოს მარტოობაა. საქართველოც მარტოა სისხლიანი კომუნიზმის პირისპირ, როგორც ოლე – მეხის პირისპირ.

ოლეს მარადიული მოლოდინი ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში (აკვანიც ხისგან არის გამოთლილი!) მწოლიარე გმირის მოლოდინია.

ოლეს „ოქროს თავი“ ცისკენ იყურება. ოქრო ღვთაების ატრიბუტია. ცისკენ სწრაფვა კი ქრისტიანობაში ადამიანის მთავარი დანიშნულება და მოწოდებაა.

ლექსის მეხუთე ნაწილში პოეტის ოცნება ცხადდება: მის ზმანებაში ოლეს წასაყვანად ციდან კიბე ჩამოეშვება; ოლე ზეცად აიჭრება, მზე გულში იკრავს, ფესვებს უკოცნის, ვარსკვლავები თავს ევლებიან, ნუგეშს სცემენ.

„მიჰქრის ცაში წასაყვანად/ აკიბული კიბე,

დააყრიან ტოროლები ატლასებს და დიბებს“.

კიბეც ქრისტიანული სიმბოლოა,  ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტი, ცისა და მიწის შემაკავშირებელი. დიბა-ატლასი კი ქართულ ზღაპრებში დიდებულებისა და ბრწყინვალებას გამომხატველი ატრიბუტია.

ლექსის ეს ფრაგმენტი საოცრად ჰგავს „ნინოს ცხოვრებიდან“ სვეტიცხოვლის აღმართვის ეპიზოდს: სვეტიცხოველს შარავანდედი დაადგება და ცისკენ დაიძვრება. სვეტიცხოველი კი ქართულ მწერლობაში საქართველოს სულია, ამაყი და გაბრწყინებული.

ნამეხარი მარტოხე (სამშობლო) პოეტის ოცნებაში სვეტიცხოველია, რეალობაში – ბალღამისა და ცრემლის სვეტი.

ზმანება მთავრდება. პოეტს კვლავ ლიახვზე მდგარი მარტოხე წარმოუდგება თვალწინ, შრეებად დახლეჩილი. ეს შრეები ის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, ქართველებს ოდითგანვე რომ მოგვდგამს.

ლექსის დასასრულს პოეტის მოთმინებაც ილევა. იგი შესძახებს ოლეს: „რაშო, მიწას მიჭედილო,/გასჭერ, აიქროლე“. ეს მოწოდებაა ქმედებისკენ, ილიასეული მჩქეფარე თერგის მოწონებაა და მდუმარე მყინვარწვერის დაგმობა.

პოეტი ოცნებობს, მარტოხე ოლე ლიახვის რძიან ქაფში ტივად შემოცურდეს. მდინარე, ისევე როგორც რძე, განწმედის, ფერისცვალების, ინიციაციის საშუალებაა მითებსა თუ ზღაპრებში. გოგლას მარტოხის სწორედ ასეთი გარდასახვა სურს; სურს, ოლე იქცეს სახლის დედაბოძად, ხეთა წინამძღოლად!

ლექსი კათარზისით მთავრდება: ნამეხარი, ტყავდამსკდარი, ძვლებდამდნარი ოლე ქართველთათვის უწმინდეს დედაბოძად იქცევა.

 

გიორგი ლეონიძის ლირიკაში უამრავი ხეა, ზოგი ტყეებად შეყრილა, ზოგი მარტოა… პოეტმა იცის, რომ ხისგან აკვანიც ითლება და კუბოც, ხე საჩრდილობლადაც გამოიყენება და სახრჩობელას მარყუჟის ჩამოსაბმელადაც – ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. ხესთან ადამიანის ურთიერთობა მისი ადამიანურობის ერთგვარი ინდიკატორიცაა.

 

P.S. „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის წერილი „ქართული სახელები“. პოეტი წუხს, რომ საქართველოში მომრავლდა უცხოური სახელები, ძირძველი ქართული კი დაიკარგა და აქვე თავისივე შეგროვებული სახელების სიას აქვეყენებს, სადაც ვკითხულობთ: ალვა, ატმურა, ბროწეულა, იასამანი, ჩინარი, გულაბი… პოეტი დასძენს: „ჩვენი სია, უმთავრესად და არსებითად, ქართულია, ქართული წარმოშობისაა, ძველი და ახალი ქართული საგანძურიდან გამოზიდული“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი