პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დაფა  და რაგბის ბურთი ხელოვნების გაკვეთილზე

ხელოვნების ონლაინ გაკვეთილებზე, ალბათ, ისევე როგორც თქვენ, მე და ჩემმა მოსწავლეებმაც, ერთმანეთთან მიახლოების და შეხების არაერთი გზა აღმოვაჩინეთ. ეკრანის გაზიარებისას, პრეზენტაციის თუ ნახატების ჩვენებისას, დეტალების მონიშვნა, აქცენტების დასმა ერთად შეგვიძლია. ზოგ მოუსვენარ მხატვარს სურათებზე მიჩხაპნა ან წარწერების გაკეთება ახალისებს. არ ვუშლი, მხოლოდ ვთხოვ, ილუსტრაციას, რაზეც ვსაუბრობთ, ნუ დაფარავენ, მინაწერები თეთრ ფონზე გააკეთონ. და გაკვეთილის მსვლელობის დროს, შეკითხვებთან ერთად, გვერდების გადაფურცვლას ბავშვების მიხატული ვარსკვლავების და გულების ციმციმით ვაგრძელებთ.

ხატვა zoom-ის თეთრ დაფაზე კომუნიკაციის და თვითგამოხატვის ერთერთ საშუალებად გვექცა. გაკვეთილის ბოლო 5 წუთი დაფის გაზიარებას და სახალისო აქტივობას ეთმობა.

თავიდან ერთად შემოცვივდებოდნენ და ეკრანს აბსტრაქტულ ხაზებში ძირავდნენ. ახლა შეთანხმებულად მოდიან, ერთმანეთს აცდიან და ასე, ექსპრომტად, ხაზების გასეირნებაში, ისრების თუ წერტილების წვიმაში სამახსოვრო ნახატებს მიტოვებენ. ნახატები ზოგჯერ გაკვეთილის თემას აგვირგვინებს, ზოგჯერ არა. მთავარია, ეს ტრადიცია მომავალ გაკვეთილამდე ერთმანეთთან დამშვიდობების სახალისო ჩვეულებად ვაქციეთ. (სურ.1)

სკოლაშიც გვქონდა ასეთი რიტუალები, როცა ხელოვნება ბოლო გაკვეთილი იყო, ბავშვები დაფაზე ცარცით ხატავდნენ. რამდენიმე საათი ცოცხლობდნენ ეს ნახატები, სანამ დილის სველი ღრუბელი გადაუვლიდა და წაშლიდა ზედაპირიდან. ჩვენ ფოტოებში ვინახავთ ამ მოგონებებს. (სურ.2)

ნოსტალგია და წარსულის ხელშესახები ამბები განსაკუთრებით გვეძალება იძულებით სიშორეში. რამდენიმე დღის წინ მეექვსეკლასელებმა მხიარულად გაიხსენეს სკოლის ამბებიდან ის, თუ რა გვიქნა რაგბის ბურთმა ხელოვნების გაკვეთილზე. როცა ხელოვნების კაბინეტში საბა ენერგიული ნაბიჯებით შემოიჭრა, ხელში რაგბის ბურთით და სახეზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით. არ გამკვირვებია. ბავშვებს ასეთი რამეები უყვართ. ერთხელ ნიკას ნამდვილი მიკროსკოპი ჰქონდა გაკვეთილზე მოტანილი, ტასოს ფოკუსების მთელი ნაკრები, იოს საოცარი ფორმისა და ზომის მაგნიტები. ასეთ დღეებში ამ საგნების ნახატების გმირებად გადაქცევა ან მათთან დაკავშირებულ ამბებზე კომიქსების მოგონება გაკვეთილის გადასარჩენად კარგი გამოსავალი და, რაც მთავარია, სახალისოა.

მაგრამ იმ დღეს რაგბის ბურთი ნახატის სიუჟეტად ვერაფრით გაიმეტეს. რაღაც მომენტში მივხვდი, აკროტირის ფრესკების რეპროდუქციები, რაზეც უნდა გვესაუბრა, ჩემს ხელში თეთრი ბაირაღებივით ფრიალებდნენ. ბავშვებს გაკვეთილის მსვლელობისას კონცენტრაცია უჭირდათ. რაგბის ხიბლს და ბურთის სროლის ჟინს იმ წამს ადვილად ვერ შევაჩერებდი. თამაშგარე მდგომარეობაშიც ვერ დავრჩებოდი. დავხედე მომზადებულ მასალას და „მოკრივე ბიჭების“ ფრესკის რეპროდუქციით შევეცადე სიტუაციის მობრუნებას. (სურ.3)

და ამ ნახატით ხელში კედელთან გადავინაცვლე და ბავშვებს შევთავაზე ასეთი თამაში: შეეძლოთ ბურთით ოთახში მერხების ირგვლივ წრის შემორბენა, სანაცვლოდ ერთი კომენტარი უნდა ეთქვათ „მოკრივე ბიჭების“ შესახებ. ბურთის გადაცემა 2 კომენტარი იქნებოდა. დამთანხმდნენ, ჩამწკრივდნენ და დაიძრნენ. წამით, ან ცოტა მეტით ხნით  შეყოვნდებოდნენ, რეპროდუქციას აკვირდებოდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ:

– ეს ბიჭები ისე დგანან, მოცეკვავეები გეგონება.

– არა, ხელთათმანს ვხედავ, მოკრივეები უნდა იყვნენ.

– მგონი ჩვენხელები არიან.

– გრძელი ნაწნავები აქვთ.

– კარგად გარუჯული სხეულები.

– თუ მოკრივეები არიან, ცალ ხელზე ხელთათმანი რატომ უკეთიათ?

– ერთმანეთს თმებში სწვდებიან?

– სახეები პროფილში აქვთ.

– მარცხენა ბიჭი გაიმარჯვებს!

– ასეთი ნაწნავები ჩვენც მოგვიხდება.

– ისინი ქამრებს ატარებენ?

– თითქმის შიშვლები არიან, სამკაულებიც უკეთიათ ხელზე და მარცხენა ფიგურას – ყელზე.

– ლურჯი ქამარი.

– ტალღოვანი ხაზები.

– დამსკდარი კედლის ზედაპირი, „მოკრივე ბიჭების“ ფრესკა ძალიან დაზიანებულია.

ასე გადავაგორეთ რაგბის ბურთის შემოჭრა ხელოვნების გაკვეთილზე და „მოკრივე ბიჭებიც“ ჩვენი საერთო მოგონებების დაფაზე შევინახეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი