პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის ფიქრები ქართული ლიტერატურის ერთი გაკვეთილის შესახებ

შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ბიჭები“ და „იყო ერთი გოგო“ – ამბები მამაც და ძლიერ ქართველ ქალებზე

ერთ-ერთი გამომცემლობის ქართული ენისა და ლიტერატურის მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ბიჭები“. „ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად/ იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც“, – წერს პოეტი და წუხს, რომ ამ ბიჭებს, თითქმის ბავშვებს, უხდებათ თავის გაწირვა, მთელი ქვეყნის იმედი კი მათ ბავშვურ მკლავებშია მოქცეული. ასხამს მათ ხოტბას, უძღვნის „ათას დაფნას“, წიგნსა თუ მოლბერტს და სამომავლოდაც მოელის გმირებს, ოღონდ – ისევ მხოლოდ ბიჭებს. აქვე ახსენებს პაატა სააკაძესაც, რომელმაც თავი საქართველოს შესწირა.

„წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,

წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ…

მაგრამ ბიჭები დროის წადილით

ისტორიისთვის წერენ განაჩენს…“

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ისტორია ბიჭებს შეუქმნიათ და ქვეყანა მათ გმირობაზე, მათ თავდადებაზე დგას. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეფე ქალი იყო და სხვა უამრავი გოგო გმირიც გვყავს, რომელთა სახელები და საქმეები მიჩქმალული და მივიწყებულია. სწორედ ასეთი მიდგომის, ასეთი ხედვის გამო.

საინტერესოა სახელმძღვანელოს შემდგენელთა მოსაზრება – რატომ მიიჩნიეს საჭიროდ ამ წიგნში ლექსის შეტანა. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც თითქოს ყველაზე მეტად უნდა ვერიდებოდეთ რომელიმე სქესის თანდაყოლილ უპირატესობაზე საუბარს. მეტადრე – წარმოუდგენლად გახშირებული ფემიციდის ფონზე, როდესაც ქალებზე ძალადობა ჩვეულებრივ ამბად იქცა, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულა. ჯერ კიდევ ვდავობთ, სამართლიანია თუ არა, რომ ბიჭებს ამდენის უფლება აქვთ და გოგონებს ამდენი ეკრძალებათ. ჯერ კიდევ არსებობს ცნებები კაცური ტვინი და ქალური ლოგიკა და ასე შემდეგ.

მოზარდობა საკმაოდ მგრძნობიარე ასაკია. ღირებულებები ჯერ კიდევ არეული და დასალაგებელია. ბავშვები განიცდიან უამრავ ზეგავლენას, ჰყავთ ავტორიტეტები, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა პოეტი ან ქართულის მასწავლებელიც აღმოჩნდეს.

თუ მაინცდამაინც ვერ შეელია ამ ლექსს სახელმძღვანელოს ავტორი, თუნდაც მხატვრული ღირებულების გამო, კარგი იქნებოდა, იმავე წიგნში ლადო ასათიანის „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიც“ შეეტანა, რომელიც ბავშვებს გმირ ქალებს – მაია წყნეთელს, თამარ ვაშლოვნელს, თინა წავკისელს გააცნობდა.

ცხადია მასწავლებელზეც ბევრი რომ არის დამოკიდებული. მას შეუძლია, შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი განსხვავებულად დაანახოს და მიაწოდოს მოსწავლეებს, დისკუსიას, მსჯელობას მისცეს ბიძგი და გოგო გმირებზე ინფორმაციის მოძიებაც შესთავაზოს. პოეტი ხომ ხელშეუხებელი, კვარცხლბეკზე მდგომი ღვთაება არ არის, მისი კრიტიკა დასაშვებია, ხშირად – სასარგებლოც კი მოზარდის აზროვნების სტილის ჩამოყალიბებისთვის.

ამ ლექსის სწავლებისას და, საზოგადოდ, ამგვარი საკითხების განხილვისას, ვფიქრობ, მასწავლებელს დაეხმარება ძალიან კარგი კრებული „იყო ერთი გოგო“, რომელშიც თავმოყრილია 21 ამბავი ჭკვიანი და მამაცი ქალების შესახებ. თანამედროვე მწერლები ჰყვებიან ქალებზე, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს, მაგრამ რომელთა გმირობაზე ლექსებს იშვიათად წერენ და ხოტბასაც იშვიათად ასხამენ. ან იქნებ მათ ამბებს ბიჭი გმირების ამბები ფარავს…

კრებულში შესულია ალექს ჩიღვინაძის, დათო ტურაშვილის, დიანა ანფიმიადის, ეკატერინე ტოგონიძის, თეა თოფურიას, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, მაკა ლდოკონენის, ნესტან ნენე კვინიკაძის, ნინია სადღობელაშვილის, ტორესა მოსისა და პაატა შამუგიას ზღაპრები. თანამედროვე ქართულით, საოცრად დაწერილი ქართველი ქალების ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი ისტორიები. მათი ტექსტების პერსონაჟები ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ქალები არიან: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ამ ქალების კეთილშობილება, სიმამაცე, სიკეთე, მიზანდასახულობა, სიბრძნე, სიმართლისთვის ბრძოლა გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს მოზარდებს და შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი გმირიც კი აღმოაჩინოს, საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცოს, ბოლოს და ბოლოს სიამაყე აგრძნობინოს იმ ფაქტმა, რომ გოგოდ დაიბადა და გოგოსაც შეუძლია თურმე ქვეყნისა თუ საყვარელი ადამიანების გადარჩენა.

„ვაშლოვანშიც შემოიჭრნენ მტრები, ააოხრეს მთელი სოფელი და გლეხები ტყვედ წაიყვანეს. თამრომ გადაწყვიტა, რაზმი შეექმნა და თანასოფლელები გაეთავისუფლებინა“ („მაგრამ ასე ერჩია (თამარ ვაშლოვნელი)“, მაია სარიშვილი).

„მზით განათებულ ველზე თმაგაშლილი მაია ყველაზე გმირულად იბრძოდა. სპარსელებთან ომი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და მეფე ერეკლემ მაია იხმო: – ვინ ხარ, მათე ბიჭო? – მაია წყნეთელი ვარ, მეფეო. მომიტევეთ, თავიდანვე რომ არ გითხარით, მაგრამ ეს რომ მეთქვა, მეომრად ვინღა მიმიღებდა?..“ („მზის მეომარი მაია“, თეონა დოლენჯაშვილი)

„მარომ მარტომ ათრია დაჭრილი ჯარისკაცი და სამშვიდობოს სული რომ მოითქვა, მერეღა შეხედა სახეში. შეხედა და გაშრა. წითური ბიჭი იცნო. ბიჭი, რომელიც დედას შეჰპირდა, აუცილებლად დავბრუნდებიო, სისხლისგან იცლებოდა. მაროს აღელვებისგან ყელში ბურთი მოებჯინა და ხელები აუკანკალდა. სწრაფად მოიკრიბა ძალა, ცრემლები მოიწმინდა და ჭრილობები მჭიდროდ გადაუხვია“ („ნუ მეძებთ თვალით, როცა გულში ვარ“, ეკატერინე ტოგონიძე).

წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women-მა გამოსცა და უფასოდაა ხელმისაწვდომი საიტზე: https://saba.com.ge/books/details/12916/%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D

აქვე დავურთავ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ანიმაციური ფილმის „ქალი გმირების“ ბმულს:

https://youtu.be/wb7kjFpgX3M

იქნებ ასეთი მიდგომით მომავალმა თაობამ მაინც დაძლიოს ის მძიმე სენი, ის სტერეოტიპები, ის ჩაკირული შეხედულებები, რომლებიც საბოლოოდ ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი