ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ანა კორძაია-სამადაშვილი – მასწავლებელი ჯადოქარი არ არის, რომ ორ საათში ბავშვისგან

ხშირად ამბობენ, ანა კორძაია-სამადაშვილის შემოქმედებას ფემინისტური ტონი გასდევსო, რადგან მისი ქალები სხვა ქართველი მწერლებისას არ ჰგვანან. თავად ანა ამას მარტივად ხსნის: “ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ქალები არ ტირიან”. ანა კორძაია-სამადაშვილის შემოქმედების მთავარი საყრდენი ქალია. როგორც თვითონ ამბობს, წერს ქალებზე, რადგან… “ქალებს უკეთ ვიცნობ, ვიდრე კაცებს. რამდენ მამაკაცსაც არ უნდა ვიცნობდე, მე ხომ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა ტრიალებს მათ ანთებულ ტვინში”.

ანას პერსონაჟ ქალებს ზოგჯერ ბევრი რამ აქვთ ავტორთან საერთო, ზოგჯერ არც არაფერი აკავშირებთ მასთან, მაგრამ მაინც, როდესაც ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, მისი გმირების პროფესიებს ვიხსენებდი – მინდოდა, მათ შორის მასწავლებელი მეპოვა, რომ თავად მწერალთან გამევლო პარალელი. ანა ილიას  უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და სტუდენტებს შემოქმედებითი წერის საიდუმლოს უზიარებს.

– ანა, შენი რომელიმე გმირი ქალი თუ არის პროფესიით მასწავლებელი?

 

– მალე გამოვა ჩემი ახალი რომანი “ვინ მოკლა ჩაიკა”, რომლის პერსონაჟი საბავშვო ბაღის მასწავლებელია – ქალი, რომელსაც არ ჰქონდა ბინა, არ ჰქონდა ფული და საბავშვო ბაღი გახსნა. ეს ქალი აფერისტია, დამთავრებული აქვს რაღაც საოცარი სკოლამდელი აღზრდის სასწავლებელი, მაგრამ არის ძალიან მხიარული; მისი პრინციპია, არავის არაფერი მოახვიო თავს, – მთავარია, იყო ბედნიერი. იცი, როგორი პერსონაჟია? შურდულს ისვრის მაგრად, ცუდად მღერის, მაგრამ უნდა სიმღერა, ხარობს, ერთობა და ბავშვებიც ერთობიან მასთან ერთად. ამიტომაც უყვართ.

– ბავშვს მასწავლებელი უყვარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია…

– ჩემთვის მთავარია, მასწავლებელი არ იყოს ბუა და გააგებინოს ბავშვებს, რომ წიგნი წამების იარაღი არ არის.

– როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა, რომ ბავშვს წიგნი შეაყვაროს?

 

– უნდა დაარწმუნოს, რომ თუ წიგნს გადაშლის, იქ ახალი სამყარო დახვდება. უნდა შეძლოს და აუხსნას: თუ გინდა, მაგარმა ბიჭმა შეგიყვაროს, ნახე, როგორები არიან წიგნებში მაგარი ბიჭები, ნახე, მაგარმა გოგოებმა ყველაზე მაგარი ბიჭები როგორ დაითრიეს და ასე შემდეგ… უნდა აუხსნას, რომ თუ “სათაგურს” წაიკითხავს, თაგვების აღარ შეეშინდება, თუ წაიკითხავს “ნუ მოკლავ ჯაფარას”, არასოდეს იფიქრებს, რომ ვიღაც შავკანიანია და ამიტომ – მასზე უარესი. შესაძლოა, ლიტერატურა არ იყოს გამდიდრების საშულება, მაგრამ უკეთესი ცხოვრების საშუალება ნამდვილად არის. მაგრამ თუ თვითონ მასწავლებელს არ უყვარს წიგნი, ბავშვს როგორ უნდა შეაყვაროს, არ მესმის. გამრავლების ტაბულა რომ ვიცი, უზარმაზარი მიღწევაა, რადგან თავის დროზე ისე მომაწოდეს, როგორც წამების იარაღი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, არ ვეწამებინე და არ ვსწავლობდი. არადა, შეეძლოთ, სხვანაირად დაენახვებინათ, კოსმოსი მოეყვანათ მაგალითად ან რამე სხვა და მეც შევიყვარებდი. მასწავლებელს როგორი ღირებულებებიც აქვს, ისე მიაწვდის თავის საგანს მოსწავლეს. თუ არადა, რა უნდა მასწავლებლად? მაღალანაზღაურებადი პროფესია ეს არ არის, პრესტიჟულიც არ არის და ნერვების აშლის მეტი არაფერი მოაქვს.

– იმის გამო, რომ მასწავლებლობა არ არის მაღალანაზღაურებადი პროფესია და სათანადოდ არ ფასდება, მასწავლებელსაც ხომ არ უჩნდებათ ზერელე დამოკიდებულება თავიანთი საქმისადმი?

– მასწავლებლობა ძალიან მაგარი პროფესიაა. მე მყავს მეგობარი, რომელიც თერთმეტი წელია სკოლაში მსოფლიო ისტორიას ასწავლის. ეს ჩემი მეგობარი შეყვარებულია თავის პროფესიაზე და სხვაზე არასოდეს გაცვლის. როდესაც თვის პროფესიაზე ლაპარაკობს, შეყვარებულ გოგოს ჰგავს, რომელიც თავის შეყვარებულ ბიჭზე გიყვება; ზუსტად იცი, რომ ეს ბიჭი ფუქსავატია, უსაქმური, აქვს პარტყუნა ყურები და ცუდი კბილები, მაგრამ გოგო ისე გიყვება, რომ შენც ფიქრობ: იქნებ ამ მახინჯი კბილების უკან ბრილიანტები აქვს ოხერ-ტიალს! ასეა ჩემი მეგობარიც ისტორიაზე შეყვარებული და რომც არ გიყვარდეს ეს საგანი, ხვდები, რომ ძალიან მაგარია. თუ არ დაეთანხმე, უბრალოდ დგება და მიდის და მერე ორი თვე უნდა მის შემორიგებას.

– ასეთები ხომ ერთეულები არიან…

 

– შესაძლოა, მე ვიცნობდე ამ ერთეულებს, მაგრამ შესაძლოა, სულაც არ იყვნენ ერთეულები. მე მყავდა მასწავლებელი, რომელზეც ვგიჟდებოდი – სვეტა ფანგანი. საოცრად ელეგანტური იყო და ყოველთვის ლამაზად ეცვა. საღამოს კაბებს და მაკიაჟს არ ვგულისხმობ, – ეს არ ყოფილა რაღაც ამორფული მასა, რომელიც წინ და უკან დაიარება და საათზე იყურება, როდის გავა 45 წუთი, – ეს იყო ქალი. სვეტა მასწავლებელი რუსულ ლიტერატურას მასწავლიდა. მაშინ ქართულ სკოლებში რუსული ლიტერატურიდან მოკლე ნაწყვეტები ისწავლებოდა, მაგრამ სვეტა მასწავლებელი ისე გიჟურად გვიხსნიდა, რომ ჩვენც ვგიჟდებოდით. ასე შეგვაყვარა რუსული მწერლობა… პატარა რომ ხარ, გინდა, ვიღაცას ჰგავდე. მე სულ მინდოდა, ისეთი ქალი ვყოფილიყავი, როგორიც სვეტა მასწავლებელი იყო. არ ვიცი, შეიძლება ჩემს კლასელ ბიჭებსაც უყვარდათ.

– როგორია ბავშვისთვის საოცნებო მასწავლებელი?

 

– ჩემთვის საოცნებო იქნებოდა მასწავლებელი, რომელიც ამბებს მომიყვებოდა და თავს დამანებებდა. ვიცი, რომ არ გამოვა ასე. ტესტი უნდა გააკეთონ, აბა, რომელი მასწავლებელი წააკითხებს ბავშვს ტექსტს? უნივერსიტეტში სწავლისას რეზო თაბუკაშვილი მოგვიყვა ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიას – როგორი ბიჭი იყო, როგორი კრივი იცოდა, როგორი გოგოები მოსწონდა… და “მარტინ იდენი”, რომელიც წაკითხული არ ჰქონდათ, ჩემმა ჯგუფელებმა ერთ კვირაში წაიკითხეს. თანაც ეს წიგნი საპროგრამო არ იყო… მე, ალბათ, შევძლებ, ვინმეს წავაკითხო “ქარიშხლიანი უღელტეხილი” – ამ წიგნზე ვგიჟდები.

– თუ შეგიძლია, მასწავლებლის თვალით გადმოხედო ბავშვობას?

 

– გამოგიტყდები, საშინლად მშურს, თუმცა თავი მოხუცად არ მიმაჩნია. იქნებ ავადმყოფურიც იყოს ეს ფიქრი, მაგრამ მგონია, რომ ჩემსა და ჩემს სტუდენტებს შორის ასაკობრივი განსხვავება არ არის. სხვა საქმეა, რომ 18 წლისა ყველა მშვენიერია და ძალიან მეცინება, ამას რომ ვერ ხვდებიან. იმის თქმა, თითქოს ეს თაობა ყველაზე გაუნათლებელი იყოს, ჩვენი სირცხვილია, რადგან ეს ჩვენი შვილების თაობაა. გამოდის, დედ-მამა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თორემ სკოლაში რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა ქცევის ელემენტარული წესები? როგორ შეიძლება, მასწავლებელმა წიგნი შეაყვაროს ბავშვს, როდესაც ის სახლში მხოლოდ ჟურნალ “ვოგს” ხედავს? სიყვარული იქით იყოს – მუღამი როგორ უნდა გაუგოს წიგნს? თუ ვინმეს განათლება აკლია, ეს იმის ანარეკლია, რაც მის ოჯახში ხდება. მასწავლებელი ჯადოქარი არ არის, რომ ორ საათში ბავშვისგან “გაზაფხული” გააკეთოს.

 – შეგიძლია, ცოტა ხნით თვითონვე დაბრუნდე სკოლაში?

 

– არავითარი მოგონება არ მაკავშირებს სკოლასთან, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდა. რამდენადაც სტუდენტობის პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი იყო, იმდენადვე რუხი იყო მოწაფეობის წლები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველ დილით უნდა ჩაიცვა ერთი და იგივე ფორმა, რომელიც საშინლად არ მოგწონს და არ გიხდება; სამწუხაროა, რომ უნდა ისწავლო საგნები და გიყვარს თუ არა, არავინ გეკითხება; სამწუხაროა, როდესაც აწყდები იმ ადამიანების დიქტატს, რომლებიც, ხვდები, არაფერს წარმოადგენენ, და კიდევ უფრო უარესია იმის მიხვედრა, რომ სკოლა იდეოლოგიზებულია. არ შეიძლება, შვიდი წლის ბავშვს ჩააგონო, რომ რაღაც ცოდვაა, უნდა მოინანიოს და თავი იატაკს ურტყას. ბავშვმა დასვენებაზე ბალახში თუ იკოტრიალა და პერანგი გაუმწვანდა, ან ჩანთაში ბარბი უპოვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასასჯელია. “შატალოზე” წასვლა დასაგმობი არ არის, – “სპარტაკი” არ წაუკითხავთ ბავშვობაში?! პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდესო ბავშვს, – რა დროს მისი პასუხისმგებლობაა?! ის ხომ პატარაა, გარეთ კი გაზაფხულია, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ესეც ვერაფრით მიმხვდარა, რა უნდა სკოლაში…

– როგორია შენი საოცნებო სკოლა?

 

– ჰარი პოტერისა, ჯადოქრული.

– ანა, სკოლაში ძალიან იშვიათად საუბრობენ სიყვარულზე...

– ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება დაემართოს პატარა გოგოს სკოლაში, ის არის, რომ ბიჭი შეუყვარდეს და თუ იმ ბიჭსაც შეუყვარდა, ამაზე უკეთესი რაღა იქნება. ორი შეყვარებული ადამიანი ხომ უკვე ბედნიერებაა და მეტი რა უნდა ადამიანს. თუ ერთს შეუყვარდა და მეორეს _ არა, არ ჯობია, რქები ბავშვობაშივე მოიმტვრიოს, ვიდრე 47 წლის ასაკში აღმოაჩინოს, რომ შეიძლება კაცმა მიგატოვოს? იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ერთმანეთს გენიტალიები უნდა უთვალიერონ საპირფარეშოში, – არამც და არამც, – მაგრამ სიყვარული ხომ ბედნიერებაა. გოგოს თუ ვიღაცა უყვარს, ხომ ეცდება, კარგად ისწავლოს და თავი მოაწონოს? ბიჭმა შეიძლება კონკურენტ ბიჭს ცხვირი გაუტეხოს, მაგრამ ესეც ხომ ბუნებრივია, მარადიული თემაა და ვერაფერს შევცვლით…

– ჰო, მაგრამ შეყვარებულებს უმეტესად არც სწავლა უნდათ, არც სკოლაში სიარული, ზარმაცობენ… როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მასწავლებელი, რომელიც ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის აკადემიურ მოსწარებაზეც?

 

– როგორც ჩემი რედაქტორი მოიქცა. გაზეთ “24 საათში” ვმუშაობდი; კულტურის განყოფილების რედაქტორი ბიძინა მაყაშვილი გახლდათ. შეყვარებული ვიყავი და რედაქციიდან გაქცევა მინდოდა, არადა მასალა მქონდა დასაწერი. ბიძინამ მითხრა, სადაც გინდა, წადი და რაც გინდა, გააკეთე, მთვარია, საღამოს მასალა მქონდესო. გოგო თუ პაემანზე წავიდა, ცოტა დააგვიანდა, მშობლებიც გადარია და, მით უფრო, თუ პირველად აკოცა ბიჭს, როგორ უნდა მოსთხოვო, მეორე დილით, 9 საათზე, კონცენტრირდეს რაღაც საგანზე, რომელიც სულაც არ აინტერესებს? სიყვარული ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა. ნუ ისწავლის ყველა ფრიადზე და ნუ ექნება მედალი, საბოლოო ჯამში ხომ მთავარი ბედნიერებაა, ეს ბედნიერება კიდევ, ბოლოს და ბოლოს, რა არის – ჯანმრთელობა, სიყვარული და თუ ცოტა ფულიც გექნება, მთლად უკეთესი.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

ლევან ხერხეულიძის ფოტო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი