სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ შევქმნათ კონსპექტი ?

 ლევან ახვლედიანი

კონსპექტი (ლათ.) – მოკლედ გადმოცემული რისამე შინაარსი. კონსპექტირება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარს, რომელზეც გარკვეულწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სასწავლო წარმატებები. საკუთარი პრაქტიკიდან და სხვა პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჩვენი მოსწავლეების დიდ ნაწილს უჭირს კონსპექტის შექმნა. ხშირ შემთხვევაში, კონსპეტირების ნაცვლად, ისინი უბრალოდ მთლიანად იწერენ წყაროს ან მასწავლებლის ნათქვამს.

ჩვენი აზრით მოსწავლეებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა სასწავლო მასალის, წიგნისა თუ სტატიის კონსპექტირების შესწავლას. რადგანაც ჩვენს სკოლებში არ არის კონსპექტირების შემსწავლელი სპეციალური კურსი, ამიტომ შესაძლებელია ეს სტატია გამოიყენოთ უფროსკლასელებთან მუშაობის დროს.

იმისათვის, რომ შეიქმნას კონსპექტი, აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის წყარო. კონსპექტი წარმოადგენს ამ წყაროს მოკლე, შეკვეცილ ვარიანტს. შეიძლება გაჩნდეს არაერთი კითხვა: რა საჭიროა პირველწყაროს ამგვარი დამუშავება? რა საჭიროა კონსპექტირება? ჩვენი აზრით, კონსპექტი საჭიროა იმისათვის, რომ:

·ვისწავლოთ ნებისმიერი ინფორმაციის განსხვავებული ფორმით გადამუშავება;

·ზეპირი ან წერილობითი ტექსტიდან გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაგვეხმარება სასწავლო ამოცანის გადაჭრაში;

·გავიადვილოთ ტექსტის დამახსოვრება და სპეციალური ტერმინების ათვისება;

·დავაგროვოთ ინფორმაცია ნაშრომის შესაქმნელად.

კონსპექტი არ წარმოადგენს პირველადი ტექსტის მხოლოდ მოკლე გადმოცემას. ის გამოიყენება პირადი სარგებლობისთვის და გვეხმარება ინფორმაციის გადამუშავებაში და მისი სხვადასხვა ხერხით ათვისებაში. აი, ამიტომ ინახავენ, ხელახლა კითხულობენ და შინაარსობრივად ავსებენ კონსპექტს. ხშირად ის წიგნის მაგივრობას სწევს და ამდიდრებს პირად ბიბლიოთეკას.

ნებისმიერი ტექსტის კონსპექტირებისას საქმე გვაქვს მის შინაარსთან, ე.ი. ინფორმაციასთან, რომელსაც გვაწვდის ავტორი. შინაარსს აქვს თავისი სტრუქტურა. ის მოიცავს: ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებს და შემოქმედებითობას. ეს კომპონენტები აისახება როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ ტექსტებში. ამასთანავე, ცოდნას აქვს ენობრივი ფორმა, რომელიც მოიცავს: ცნებებს, კატეგორიებს, კანონებს, პრინციპებს, კანონზომიერებებს, ფაქტებს, თარიღებს, სიმბოლოებს, იდეებს, პრობლემებს, სტატისტიკას, კონცეფციებს, ჰიპოთეზებს, თეორიებს და სხვა. ნებისმიერ ტექსტში ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ამგვარი კომპონენტები.

იმისათვის, რომ შევძლოთ შინაარსის კონსპექტირება, საჭიროა ვერკვეოდეთ მის სტრუქტურაში და შეგვეძლოს ზემოჩამოთვლილი კომპონენტების გამოყოფა. წარმოვიდგინოთ მკითხველი ან მსმენელი, რომელიც ვერ გრძნობს ტექსტს, არ შეუძლია მისი კვალიფიცირება. ამ შემთხვევაში კონსპექტი არალოგიკური და გაუმართავი იქნება, რაც მთლიანად დაარღვევს კონსპექტირების პრინციპებს.

ხარისხიანი კონსპექტის შექმნა მეტწილად არის დამოკიდებული წყაროს ხასიათზე. არის ისეთი ტექსტები, რომელთა შეკვეცაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ნამუშევარი, რომელსაც დარღვეული აქვს შინაგანი ლოგიკა, ძნელად გასაგებია ან უბრალოდ უხარისხოა. რთულია რეფერატის ხასიათის მქონე (ისედაც შეკუმშული), ასევე ღრმად თეორიული, ფაქტოლოგიური ან აღწერითი ტექსტის კონსპექტირება. კარგი კონსპექტის დაწერა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მის ავტორზე. ეს გულისხმობს თემის გააზრებას, ენის ფლობის ხარისხს, კონსპექტის საჭიროების დადგენას და კონსპექტირების ტექნიკის ცოდნას.

კონსპექტირების ხერხები

კონსპექტირება იწყება ტექსტის კითხვით ან მასწავლებლის საუბრის მოსმენით. არსებობს ტექსტის კითხვისა და კონსპექტის შექმნის სხვადასხვა ხერხი:ამორჩევითი კონსპექტირება გულისხმობს ტექსტის გადაკითხვას და მხოლოდ იმ მონაკვეთების დაკონსპექტებას, რომელიც ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.

გამჭოლი კონსპექტირებისას მოსწავლე ერთნაირი ინტერესით ეცნობა და აკონსპექტებს მთელ წყაროს. ამგვარი კონსპექტირება შეიძლება როგორც სტატიის ან მცირე ზომის ნაშრომის, ასევე ლექციის.

ანალიტიკურიკონსპექტირება გულისხმობს ტექსტის გადამუშავებას, პრობლემების დანახვასა და გამოყოფას, მის შეფასებას და სხვა. ამგვარი კონსპექტის შექმნა რთულია, თუმცა ყველაზე ნაყოფიერია.

კონსპექტირების ფორმები

კონსპექტირების ფორმა არის შესასწავლი ტექსტის ახლებურად ორგანიზება ან გადამუშავება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რაც ავტორის ტექსტის დამუშავების შემდეგ რჩება ჩვენს რვეულში. კონსპექტირების ფორმები სხვადასხვაგვარია: ამონაწერი, გეგმა, თეზისები, ანოტაცია, რეცენზია, “საყრდენი კონსპექტი”.

ამონაწერი არის კონსპექტირების ისეთი ფორმა, რომელიც გულისხმობს ტექსტის მონაკვეთების ამოწერას ციტატის სახით ან ამ მონაკვეთების გადმოცემას საკუთარი სიტყვებით.

გეგმაწარმოადგენს ავტორის მიერ ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემების თანმიმდევრულAჩამონათვალს.

თეზისი– ავტორის მიერ გამოთქმული ძირითადი იდეის ან აზრის მოკლედ გადმოცემა საკუთარი სიტყვებით.

ანოტაციაავტორის ტექსტზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მისი შინაარსის მოკლედ გადმოცემა.

რეცენზიაწაკითხული ტექსტის შეფასება და კრიტიკული ანალიზი. ეს ისშემთხვევაა, როდესაც ჩვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად მოგვყავს ციტატები და თეზისები ავტორის ნაშრომიდან.

საყრდენიკონსპექტიარის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გულისხმობს ავტორის ძირითადი იდეების სქემებით, სიმბოლოებით, ნახატებით, შემოკლებული სიტყვებით, აბრევიატურებით და სხვადასხვაგვარი პირობითი ნიშნებითგადმოცემას. საყრდენი კონსპექტი, როგორც წესი, ეფუძნება ასოციაციებს, აადვილებს მასალის დამახსოვრებას და არა მის ანალიზს. ასეთი სასწავლო კონსპექტირება წარმოადგენს მხატვრულლოგიკურ ფორმას, რომელიც გამოიყენება სწავლასწავლების დროს.

კონსპექტირების ტექნიკა

კონსპექტის შექმნა ჩვეულებრივ იწყება წიგნის ან სტატიის ზედაპირული გაცნობით, რათა დავადგინოთ მათი სირთულის ხარისხი და გამოვავლინოთ უცნობი სიტყვები თუ ტერმინები. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი კვლევითი მუშაობა, რაც გამოიხატება ინფორმაციის გადამუშავებაში. საჭიროება მოითხოვს ტექსტის ხელახლა წაკითხვასა და მის ანალიზს. სწორედ ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავყოთ ტექსტი ნაწილებად, განვასხვავოთ ერთი დებულება მეორისგან და გამოვყოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია.

სერიოზულ ნაბიჯს კონსპექტის ავტორისთვის წარმოადგენს, ტექსტში მოცემული, მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან იდეებისა დაფიქსირება. ეს შეიძლება იყოს მოცემული შინაარსის ნებისმიერი კომპონენტი: დებულება, კატეგორია, კანონი, განსაზღვრება, ფაქტი, მოვლენა და მათი ჭეშმარიტების დამტკიცება და სხვა.

ეს მთავარი პოზიციები შეიძილება ამოვიწეროთციტატის სახით ან საკუთარი სიტყვებით.

ხშირი ციტირება არ არის რეკომენდებული. ციტატის მოყვანა შეიძლება იმ შემთხვევში, თუ აუცილებელია ავტორის აზრისა და სტილის ზუსტი გადმოცემა, ან მისი გადატანა ჩვენს მომავალ ნაშრომში.

კონსპექტირების პროცესში, კონსპექტის ინფორმატიულობის გაზრდისთვის, მიზანშეწონილია სხვადასხვა ნიშნების გამოყენება, მაგალითად: ისრები, სიტყვების და ფრაზების ხაზგასმა, ჩარჩოში ჩასმა, კითხვისა და ძახილის ნიშნები და სხვა. თითოეულმა მოსწავლემ შეიძლება თავისი, ინდივიდუალური სიმბოლოები შექმნას, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ კლასი ერთიანი ნიშანთა სისტემის გამოყენებაზე შეთანხმდეს.

კონსპექტის ინფორმატიულობა შეიძლება გაიზარდოს ფერების ხარჯზელურჯი, წითელი, მწვანე და ა.შ. ასევე სხვადასხვა ციფრებისა და ნუმერაციის (არაბული და რომაული ციფრები, ასოები და სხვა) გამოყენებით.

შედარებების, დამტკიცებისა და განზოგადებისთვის შესაძლებელია ჩვენს მიერ შექმნილ კონსპექტში სხვა წყაროებიდან მონაცემების შეყვანა.

კონსპექტირებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკუთარი აზრის წარმოდგენას. ეს გულისხმობს კონსპექტში საკუთარი პოზიციის, შეფასების და დამოკიდებულების დაფიქსირებას.

ნებისმიერი კონსპექტისთვის აუცილებელია შემდეგი მონაცემები: ავტორის გვარი, ნაშრომის სათაური, გამოცემის დრო და ადგილი და გამომცემლობის დასახელება.

ამრიგად, ინფორმაციის გადამუშავებისას განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პრაქტიკულად ახალი დოკუმენტი, რომელსაც კონსპექტი ეწოდება.

კონსპექტის ენა

კონსპექტირების ენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სრულფასოვანი კონსპექტისDშექმნისას:

საჭიროა ამოვარჩიოთ აუცილებელი და ძირითადი ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავენ შესასწავლი თემის არსებით მახასიათებლებს;

უცნობი და ნაკლებად გასაგები სიტყვები აუცილებლად უნდა დავამუშავოთ ლექსიკონის მეშვეობით. კონსპექტშივე შეიძლება შეიქმნას პატარა ლექსიკონი, რომელშიც შევიტანთ წყაროში მოტანილუცნობ სიტყვებსა თუ ტერმინებს.

შეიძლება ითქვას, რომ კონსპექტირების პროცესში, მოსწავლე ავტორისგან სწავლობს, იმას, თუ როგორ უნდა დაიწეროს ნაშრომი, როგორი უნდა იყოს სამეცნიერო ენა და სხვა.

რა შეიძლება ვისწავლოთ კონსპექტირებისას ენობრივი თვალსაზრისით? რა თქმა უნდა ბევრი რამ: ლაკონიზმი, ეკონომიურობა აზრის გამოხატვისას, ზომიერების დაცვა სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებისას, მშობლიური ენისადმი პატივისცემა და მისი შესაძლებლობების გააზრება.

 

კარგი კონსპექტის კრიტერიუმები

კარგი კონსპექტის მთავარი კრიტერიუმი არის მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა.

კონსპექტირება სასარგებლოა კონკრეტული ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად, ნაშრომის დასაწერად და სხვა. კონსპექტირების მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება გამოვყოთ შემდეგი კრიტერიუმები:

·მოკლედ გადმოცემა (კონსპექტი სავარაუდოდ არ უნდა აღემატებოდეს პირველადი ტექსტის 1/8-);

·მასალის ნათელი და მკვეთრი სტრუქტურირება, რაც ხელს უწყობს კონსპექტის ერთიანი ლოგიკის გააზრებას;

·შინაარსობრივი სიზუსტე ანუ მეცნიერული კორექტულობა;

·სიმბოლოებისა და ნიშნების გამოყენება, საყრდენი კონსპექტის შექმნა;

·მასალის ინდივიდუალური დამუშავების ორიგინალურობა;

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კონსპექტირების შესწავლა მოსწავლეთათვის მეტად მნიშვნელოვანია. კონსპექტის შექმნაზე მუშაობა მოზარდებში იწვევს იმ აუცილებელი უნარჩვევების გამომუშავებას, რომლებიც ძალიან დაეხმარებათ როგორც სწავლის პროცესში, ასევე მომავალ ცხოვრებაში. გამოცდილება გვარწმუნებს, რომ კონსპექტი, ხშირ შემთხვევაში, გვიწევს არანაკლებ სამსახურს, ვიდრე წიგნი ან ლექცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი