პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სავარჯიშოები ჟამიანობის დროს – მარტოობის სინდრ-ომი

ქალაქ ზარეისკის კოსმონავტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრის დერეფანში ომონ კრივომაზოვი მიხოხავს. მას რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მთვარეზე გასაფრენად ამზადებენ, მაგრამ კოსმოსური ხომალდი არ არსებობს და მთელი მოგზაურობა ადამიანის ცნობიერებაში უნდა განხორციელდეს.

პელევინის 1992 წელს გამოცემული რომანი „ომონ რა“ გამახსენდა რატომღაც, – ამპუტირებული მფრინავები, თავზე აირწინაღები რომ წამოუცვამთ და მიხოხავენ, მიხოხავენ, მიხოხავენ რადგან ასე დაავალეს.

 

ადამიანი სოციალური არსებაა, ყველაზე მეტად მას მარტოობა აშინებს, მაგრამ ახალმა მსოფლიო დღის წესრიგმა სწორედ ეს მარტოობა მოგვისაჯა. „სოციალური დისტანცირება“ ახალი ტერმინია, რომელმაც ყველას სახლში ვირუსზე სწრაფად შეაღწია და ამ დისტანცირებას, ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების პარალელურად, უარყოფითი შედეგებიც თან ახლავს.

აბა გაიხსენეთ, რამდენი პოსტი შეგხვდათ საჯარო სივრცეში, რომ თქვენი მეგობრები ეძებენ პურის საცხობებს, როგორ იწყებენ წიგნების საჯაროდ განხილვას და ვიდეო ბლოგების ჩაწერას, გაუთავებლად დებენ საკუთარ კულინარიულ „შედევრებს“, წუწუნებენ, რომ მოენატრათ ყავის დალევა რომელიმე საყვარელ კაფეში ან სულაც გამალებით ეძებენ იმ დამნაშავე სოციალური წრისა თუ ფენის წარმომადგენლებს, ვისაც ეპიდემიის გავრცელებაზე ხელს დაუფიქრებლად შეახოცავდნენ?

დიახ, ეს თვითიზოლაციის საყოველთაო სინდრ-ომია და შესაძლოა ეცნოს, როგორც ქართველ, ისე ესპანელ, ბრიტანელ, პოლონელ, ჩინელ და გვატამალელ მკითხველს. რატომ? პასუხი გახანგძლივებულ თვითიზოლაციასა და მოწყენაშია, რომელიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველა ჩვენგანთან აუცილებლად მოვა რაც უფრო გახანგძლივდება ეს ვადა.

კორონავირუსის ეს უცნაური და საყოველთაო პანდემია ახალი და ვიტყოდი, პირველი გამოწვევაა, რომელზეც მსოფლიომ ერთნაირად და თითქმის ერთდროულად მოახდინა რეაგირება, ნებით ან უნებურად, რადგან ორი-სამი ქვეყნის გარდა, ყველა ხელისუფალმა საკუთარი მოსახლეობა გარკვეული ვადით სახლებში გამოკეტა ვირუსის კატასტროფულად სწრაფად განვითარების შესაჩერებლად.

ასეთ დაუგეგმავ და შეიძლება ვთქვათ, ძნელად შესაგუებელ იზოლაციას (პატიმარი ლოგიკურად ხსნის გამოკეტვას, ანტარქტიდის მკვლევარი ამას მეცნიერების სახელით აკეთებს, მძიმე ავადმყოფს სხვანაირად არ შეუძლია და ასტრონავტი წლების განმავლობაში ვარჯიშობს მარტოობასთან შესაგუებლად) ვერ ვეგუებით, რადგან ბუნებრივად სოციალურად აქტიურ არსებებს, რომლებიც საფრთხეს ხელისგაწვდენამდე რეალურად ვერ ვაცნობიერებთ, გვიჭირს შევეგუოთ იმას, რომ გაურკვეველი ვადით შინ ჯდომა აუცილებლად მოგვიწევს. ეს განცდა და ეს ფიქრი კი, ბევრ ჩვენგანში ნიჰილისტურ განწყობას და უგუნებობას იწვევს, ის კი, რაც აქამდე ჩვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა ირეალურ მოვლენად გვეჩვენება.

მეცნიერები წლებია სწავლობენ კავშირს მარტოობასა და დეპრესიას შორის და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. როგორც ჩანს, ტვინის მოწყენილობას უპირველესად იწვევს არა იზოლაცია და მარტოობა, არამედ უარყოფითი ემოციები, არასახარბიელო ინფორმაციის მიღება და გაურკვეველი მოლოდინები.

ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი ჯონ ვინსენტი, ახალი პანდემიის პირობებში წინასწარმეტყველებს, რომ დეპრესია იზოლაციის ვადის გაგრძელებასთან ერთად მკვეთრად მოიმატებს მოსახლეობაში და ეს განწყობა გაგრძელდება კარანტინის დასრულების შემდეგაც.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ლოურენს პალინკასი კი 2020 მარტის სტატიაში წერს, რომ თუ ხელისუფლებები არ ეცდებიან კონკრეტული ვადების შეთავაზებას საკუთარი მოსახლეობისთვის და არ ეტყვიან ხალხს თუნდაც მძიმე, მაგრამ გარკვეულ სიმართლეს, დეპრესიის სიმძიმე ეკონომიკაზეც ძალიან უარყოფითად აისახება, რადგან დაქვეითდება შრომისუნარიანობა და მოტივაცია, რომელიც ადამიანებს პოსტკრიზისულ შფოთვას შეუნარჩუნებს.

ჰარი ტეილორი, ვინც ხანდაზმულებში სოციალურ იზოლაციას სწავლობს, ამბობს, რომ „გაურკვეველი ვადით მიტოვებულობის განცდა“ ამ უკანასკნელთა შორის ქრონიკულ დაავადებებს განსაკუთრებით ამძაფრებს და ჰგავს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ადამიანისთვის დღეში 30 ღერი სიგარეტის მოწევას.

სტრესულ იმუნოლოგიაში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ მაგალითად მარსზე მოგზაურობის მისიურ სიმულაციებში მონაწილეობისას, ჯანმრთელი, მაგრამ ფიზიკურად მოუმზადებელი ახალგაზრდების სხეულში მიმდინარეობდა იმუნური, ენდოკრინული, ნეიროკოგნიტური ცვლილებები და ეს ცვლილებები ნამდვილად არ იყო უკეთესობის მიმართულებით.

მაშ, როგორ მოიქცეს კაცობრიობა, როცა ერთის მხრივ პანდემიაა, მეორე მხრივ კი სოციალური იზოლაციის მსგავსი, უარყოფითი შედეგები, რომლის შედეგებსაც ჯერ ვერ ვხედავთ?!

საფრანგეთის სამხრეთში პანდემიის პირობებში „მოძრავი მაღაზიების“ ბუმია, იდეა იმდენად პროდუქციის გაყიდვა არაა, რამდენადაც ასაკოვან ადამიანებთან კონტაქტი და საუბარი. ათასობით ხნიერი ქალი და კაცისთვის პურზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სოციალური კონტაქტი და ურთიერთობა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად, მარტოობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება და წყალივით და ჰაერივით მნიშვნელოვანია ვინმესთან საუბარი.

როდესაც ჩვენ სოციალური იზოლაციის გამო ვწუხვართ, ასობით ათასი ადამიანი ორმაგი სტრესის ქვეშაა – ბევრ მათგანს უბრალოდ არ შეუძლია საკუთარი წუხილი სოციალურ ქსელში გამოხატოს, მიიღოს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი. ბევრს არ აქვს საშუალება ახლობელს დაურეკოს ან სულაც არ ჰყავს ისეთი ახლობელი, ვისაც დაურეკავდა. ვირუსმა ორმაგად მარტო დატოვა ადამიანები, ვინც საკუთარ ოჯახებში ან საცხოვრებელ გარემოშიც კი სრულიად მარტონი დატოვა (რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური ან იქნებ უბრალოდ იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო). ვიღაც იქნებ თავს აფარებდა სამსახურს, რომ სახლს, საკუთარ სახლს რაიმე საბაბით გაშორებოდა, ახლა კი შინ ჯდომა მტრების პირისპირ უწევთ.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველა გვერდით გადადებული პროექტი, იდეა თუ საქმე სწორედ ახლა განვაახლოთ. დავხაზოთ ჩვენი საოცნებო სახლი, განვეწყოთ დადებითად ერთი შეხედვით გაურკვეველი მომავლის მიმართ. წარმოვიდგინოთ, როგორ მივდივართ აეროპორტში რიჟრაჟის დროს, ვდგებით თვალუწვდენელ რიგში, გავდივართ მომაბეზრებელ პროცედურებს, მათ შორის თერმოსკრინინგს, ვპასუხობთ შეკითხვებს და ბოლოს, ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ ცაში იჭრება თვითმფრინავი და დაშვებისას კი იმ ქალაქში ვახელთ თვალებს, რომელზეც ამდენი ხანი ვოცნებობდით. წარმოვიდგინოთ ახალი პოსტპანდემიური სამყარო, რომელიც განსხვავებული, მაგრამ მაინც ჩენი სამყარო იქნება. დავეხმაროთ სხვას და ამით დავეხმაროთ საკუთარ თავებს. გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რამდენიმე თვიანი იზოლაციის დროს თქვენ თვალსაწიერზე უბრალოდ არ გამოჩენილა, გავაძლიეროთ „სუსტი კავშირები“, დავურეკოთ ყველას, ვისაც სოციალური ქსელი არ აქვს ან დიდი ხანია არაფერი დაუწერია. მოვიკითხოთ, მოვიკითხოთ, მოვიკითხოთ ასაკოვანი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი წარმოდგენით შეიძლება არ შიოდეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად კი ძალიან უჭირდეთ.

რა იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში, როცა მილიონობით სამუშაო ადგილი დაიკარგება, 50 წლის ზევით ხალხი „უფუნქციოდ“ დარჩება (ცნობილია, როგორ ორმაგად მძიმედ განიცდის მამაკაცი უსამსახურობას, რაც პირდაპირ აისახება მის ჯანმრთელობაზე)?!

ამ პერიოდისთვის მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ, რადგან ერთი ადამიანის ტრაგედია მთელ სოციალურ ჯგუფზე შეუმჩნევლად აისახება. ერთ ტრაგედიას ვერავინ ამჩნევს, მაგრამ ერთს მეორე, მეორეს მესამე მოყვება და სოციუმის ქსოვილიც ირღვევა. ამ ტოტალური თვითიზოლაციის შემდეგ კი ერთად დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საკუთარ მიკროსამყაროში დარჩენა, სადაც სხვისი ტრაგედიისთვის კარის ჩაკეტვა და გულგრილობა კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი და საშიში მოვლენაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი