ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვწერ მასწავლებლისთვის!

 ალექსანდრე ლორთქიფანიძე- მწერალი

როცა ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-სთვის წერა დავიწყე, პირველი რასაც ვფიქრობდი, ის იყო, ნეტავ ამას ჩემი მასწავლებლები თუ წაიკითხავენ-მეთქი. გარკვეული ხნის შემდეგ უკვე ჩემს მოსწავლეებზე მეფიქრებოდა, ახლა კი, თითოეული ტექსტის შეთხზვისას, თითქოსდა მთელი საზოგადოების წინაშე განვიცდი პასუხისმგებლობას, იმდენად საყოველთაოა ეს რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მასწავლებლისთვის წერა მსურს, საკუთარი აზრის გაზიარების უბორკილო, თავისუფალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სივრცეა. ამ პლატფორმას იყენებენ ხანდაზმული ადამიანებიც და ბავშვებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ასეთებიც და ისეთებიც, ერთი სიტყვით, ყველა კატეგორიის ხალხი, ამიტომ ეს შესანიშნავი ტრიბუნაა, სადაც შეგიძლია შენი ფიქრების გუდას პირი მოაღო და მზად იყო ჯანსაღი პოლემიკისთვის. და მაინც, ყველაფერი მასწავლებლებისგან იწყება, ისინი ხშირად განსაზღვრავენ არამხოლოდ პიროვნებათა მომავალს, არამედ მათი ჩამოყალიბებით სრულიად საზოგადოების, ქვეყნის და კაცობრიობის პერსპექტივას. მასწავლებლობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, მასწავლებლისთვის წერა – შესაძლოა, არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეც კი. სიმართლე ითქვას, ხშირად ვერ ვახერხებ ახალ-ახალი ტექსტებით მკითხველის განებივრებას და იქნებ ეს, სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობის შეგრძნების ბრალიც კია, რადგან ყოველ ჯერზე ვცდილობ, ერთდროულად ვიყო თამამი, პირდაპირი და თან ყოველ სიტყვას ვზომავ, სისულელე არა წამოვროშო. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ შესაბამისი იშვიათობით გამოქვეყნებული ჩემი თითოეული ტექსტი აღწევს ადრესატამდე, მოსწავლეებამდეც და მასწავლებლებამდეც და იქნებ სულ მცირედით მაინც უზიარებს მათ ჩემს საფიქრალსა და მოსაზრებებს. იმედი მაქვს, ჩვენი ინტერნეტგაზეთი დიდხანს იარსებებს, ასეთივე პოლიტიკით და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ კავშირი ჩვენს მასწავლებლებთან კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, ჩვენი ბლოგები კი – კიდევ უფრო საინტერესო.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბლოგები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი