პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დისტანციური  სწავლების ფსიქოლოგია

როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, დგება პერიოდი, როდესაც, ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, მან უნდა აკეთოს ჩვეული საქმე იმ ფორმით, რომელიც მისთვის უცხოა და ადრე არასოდეს გამოუყენებია. სწორედ ასეთ პირობებში იმყოფება ახლა ჩვენი საზოგადოება  და თითოეული ჩვენგანი.

იმისათვის, რომ მოსწავლეთა სასკოლო განათლებაში დიდ წყვეტას არ ჰქონდეს ადგილი და ბავშვებმა შეძლონ ცალკეულ საგნებში წინასწარ განსაზღვრული პროგრამის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გავლა, გადაწყდა, დღეისათვის ჯერ კიდევ გაურკვეველი პერიოდით, დისტანციურ სწავლებაზე, უფრო ზუსტად კი დისტანციური სწავლების ისეთ ფორმაზე გადასვლა, რომელიც ონლაინსწავლების სახელით არის ცნობილი. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს ყველა სკოლა, ამასთან, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც კი, აღნიშნული სწავლებისთვის საჭირო რესურსების არასაკმარისობისა და საჭირო პირობების (არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც) არქონის გამო ყველა სკოლა ვერ შეძლებს ონლაინრეჟიმში სწავლებაზე გადასვლას. ამასთან, ბევრ ისეთ სკოლაში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სწავლების ზემოაღნიშნული ფორმის გამოყენებისთვის,  გარკვეულ სირთულეებს მაინც ექნება ადგილი. და, თუ გვინდა, რომ ეს სირთულეები წარმატებით დავძლიოთ, უნდა შევეცადოთ სიტუაციის გაანალიზებას და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას.

    უპირველეს ყოვლისა, სასურველია წინასწარ გავაცნობიეროთ, რა ცვლილებებს იწვევს ონლაინრეჟიმში სწავლება და რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს სწავლა-სწავლების აღნიშნული ფორმით წარმართვის დროს:

  • სრულიად იცვლება სასწავლო გარემო (სასწავლო განწყობის შემუშავებისთვის საჭირო ობიექტური ფაქტორი), როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. რეალურ საკლასო გარემოში სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული არიან მოსწავლეები და მასწავლებელი. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთის მოთხოვნებს, მოლოდინებს, საშუალება აქვთ ძალიან ბუნებრივ სიტუაციაში მთლიანობაში აღიქვან ერთმანეთის არა მხოლოდ მეტყველება, არამედ მიმიკა, ემოციები, გრძნობები და სიტუაციის შესაბამისად ცვალონ ისინი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ვირტუალურ საკლასო ოთახში, მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა, იმყოფებიან მშობლები, და-ძმები, ოჯახის სხვა წევრები, უამრავი კეთილისმყოფელი, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, აშკარად, თუ ფარულად შეიძლება ჩაერთვნენ „საგაკვეთილო პროცესში“ და სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინონ ონლაინსწავლებისას;
  • დიდი ალბათობით, ონლაინსწავლების დროს პედაგოგისთვის ადვილი არ იქნება იმ მოსწავლეების ყურადღების მობილიზება და  „საგაკვეთილო პროცესში“ ჩართვის უზრუნველყოფა, რომლებიც რეალური საკლასო ოთახიდანაც სხვადასხვა, ხშირად  გამოგონილი მიზეზით (მაგ. „ცუდად ყოფნა“, „წყურვილის შეგრძნება და ა.შ.) ცდილობენ თავი დააღწიონ სასწავლო პროცესს. ისინი შეიძლება გამოეთიშონ ონლაინგაკვეთილს და მიზეზად დაასახელონ მაგ. ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, სინათლის გათიშვა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პრობლემები მათ თავად წინასწარ, „გაკვეთილის“ დაწყებამდე შექმნან და ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ მოდავებაც კი ვერავინ მოახერხოს;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება, რაც ასე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, საკმაოდ რთული იქნება ვირტუალურ სასწავლო გარემოში, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე რეალურ საკლასო ოთახში. დაქვეითებული თვითშეფასების, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, მორცხვი, მორიდებული ბავშვი ძალიან ადვილად შეიძლება გადავიდეს პასიურ მდგომარეობაში, ან საერთოდ გამოეთიშოს სასწავლო პროცესს. და, პირიქით – ზედმეტად აქტიური ბავშვი ასეთ დროს, როგორც წესი, წამყვან პოზიციებს იკავებს, თრგუნავს თანაკლასელებს და მთლიანად შთანთქავს საგაკვეთილო დროს, რომელიც ონლაინსწავლებისას ისედაც შემცირებულია;
  • ონლაინსწავლების დროს ყველა გაკვეთილის ონლაინრეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა შემცირებულია, ბავშვს საკმაოდ დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, დიდი ალბათობით, ონლაინსწავლების პირობებშიც კი ის უარს არ იტყვის  თავის ჩვეულ გატაცებაზე – კომპიუტერულ თამაშებზე, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს;
  • ონლაინსწავლებისას ბავშვი მოკლებულია რეალურ, ცოცხალ ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან. თუ ამ დროს ოჯახის წევრები სათანადო დროს არ დაუთმობენ მასთან ურთიერთობას, მისი სოციალური განვითარება სერიოზულად დაზარალდება.

     რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსალოდნელი საფრთხეები ონლაინსწავლებისას თავიდან ავიცილოთ:   

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ადამიანისაგან გარკვეული საადაპტაციო პერიოდის გავლას მოითხოვს. ამდენად, ონლაინსწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში პირველივე დღეებში ნუ გვექნება დიდი წარმატებების მოლოდინი, ვიყოთ გულისხმიერი, მიმტევებელი, ნაკლებად კრიტიკული ასეთი ფორმით სწავლებაში ჩართული ადამიანების მიმართ; ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე, დავაფიქსიროთ თითოეული დადებითი შედეგი, ნუ დავიშურებთ პოზიტიურ კომენტარებს; თუმცა, ამასთან ერთად, საჭირო იქნება შექმნილი პრობლემების გამოსწორებაზეც ვიფიქროთ, გავაანალიზოთ თითოეული რთული შემთხვევა, ვეძებოთ გამომწვევი მიზეზები და დავსახოთ მისი გამოსწორების გზები;
  • ნებისმიერ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ონლაინსწავლებისას სერიოზულად იზრდება მშობლის როლი სწავლა-სწავლების პროცესში. თითქმის მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული, რამდენად უსაფრთხო სასწავლო გარემო ექნება ბავშვს შექმნილი, უსაფრთხო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სოციალურადაც. თუ მის ონლაინგაკვეთილს უამრავი „გულშემატკივარი“ ესწრება, რომლებიც შემდეგ გააკრიტიკებენ მის ჩართულობას, მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში, მის პასუხებს, მან შეიძლება მთლად უსაფრთხოდ ვერ იგრძნოს თავი და გაკვეთილის პროცესში პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არჩიოს. ონლაინსწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი მშობელი ინტერესდება და სვამს შეკითხვას, რა იქნება უკეთესი მისი მხრიდან – დაესწროს ონლაინგაკვეთილებს, აწარმოოს დაკვირვება სასწავლო პროცესზე და ამ პროცესში საკუთარი შვილის ჩართულობაზე, თუ დატოვოს ბავშვი ოთახში მარტო და მთლიანად მასწავლებელს მიანდოს. ამ კითხვაზე ცალსახად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ იქნება გამართლებული. უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. ვფიქრობ, უმცროსკლასელის მარტო დატოვება ონლაინგაკვეთილზე ისევე არ იქნება გამართლებული, როგორც უფროსკლასელის გვერდით ჯდომა მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მშობლის მიერ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სურვილები და საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ მოზარდი დაჟინებით მოითხოვს მშობლისგან, რომ მარტო დატოვოს  ოთახში, ცდილობს დამოუკიდებლად ჩაერთოს „საგაკვეთილო პროცესში“, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს მის სურვილს. მაგრამ, თუ საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვს მშობლის გვერდით ყოფნა ძალებს ჰმატებს და სასწავლო მოტივაციას უძლიერებს, გაუმართლებელი იქნება მის დახმარებაზე ოჯახის წევრებმა უარი თქვან. თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბავშვი, დროთა განმავლობაში,  დამოუკიდებლად მოქმედებასაც მივაჩვიოთ და საკუთარი ძალების რწმენა გავუძლიეროთ;
  • კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლების პირობებში მშობლები ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ რამდენ საათს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან. დღის განმავლობაში 5-6 ონლაინგაკვეთილზე დასწრება და მასში მონაწილეობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღის დარჩენილ მონაკვეთში ბავშვმა შეწყვიტოს კომპიუტერთან ურთიერთობა. მაგრამ, თუ ის „არასაგაკვეთილო“ პერიოდში კომპიუტერული თამაშებით დაკავდება, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას. ამდენად, საჭირო და აუცილებელიც კია, რომ მოზარდმა კომპიუტერული თამაშები  სხვა, უფრო სასარგებლო საქმიანობით ჩაანაცვლოს. ამის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება იმათთვის ვინც ჯერ კიდევ არ არიან „მოწამლული“ კომპიუტერული თამაშებით. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მშობლების დაკავებულობის გამო, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოკლებული  მოზარდისთვის მშობლის მიერ შეთავაზებული, მასთან ერთად გასაკეთებელი საქმე შეიძლება ძალიან მიმზიდველი და საინტერესოც აღმოჩნდეს. ამასთან, ასეთი ერთობლივი საქმიანობა სახლში გამოკეტილ ბავშვს ერთგვარად სოციალური ურთიერთობის დეფიციტსაც შეუვსებს და მისი შემდგომი სოციალური განვითარების ხელშემწყობიც გახდება.

გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარმართვის პირობებში, დისტანციური სწავლება ბევრი დადებითის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ის დაეხმარება ბავშვს, გამოიმუშაოს გარემოს შეცვლილ სიტუაციაში მოქმედების, ასევე თვითდისციპლინის, პასუხისმგებლობის და საკუთარი ქცევის მართვის უნარი. ამასთან საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ონლაინსწავლება არ არის დისტანციური სწავლების ერთადერთი ფორმა. ცალკეულმა სკოლებმა საკუთარი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიყენონ დისტანციური სწავლების სხვა ფორმები, რათა უზრუნველყონ საკუთარი მოსწავლეების განათლება იმ დროს, როცა სწავლება რეალურ სასკოლო სიტუაციაში შეუძლებელი ხდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი