პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იქნებ, დამიძახონ

ჰიდროქსიქლოროქინი- ეს ჩემი ნამდვილი სახელია. გაგიჭირდათ წარმოთქმა? რა ვქნა, ასე დამარქვეს. თქვენთვისაც ხომ არავის უკითხავს, სახელს რომ გარქმევდნენ. ჰოდა, მეც არავინ მკითხა. არადა ბევრს უჭირს მისი დამახსოვრება. ამიტომ პლაქველინი დავირქვი. ამ სახელით უფრო მიცნობენ.

მე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოვევლინე ქვეყნიერებას. მსოფლიო მოქალაქედ დავიბადე. მოკლედ, სამშობლო თან არ მაქვს და თან ყველგან მაქვს. მამაჩემიც, ქლოროქინი, ჩემსავით იყო. 1934 წელს გაჩნდა ბაიერის მამულებში ჰანს ანდერესაგის დახმარებით. სანამ ქვეყნიერების სამსახურში იყო, ბევრ ვირუსსა და ოხრობას მოსჭრა თავი. მაგრამ ცოტა ფიცხი ბუნების მოლეკულა გახლდათ, მუშაობისას ზოგჯერ პაციენტებსაც ეუხეშებოდა ხოლმე, ამიტომ ნელ-ნელა აქციეს ზურგი. თუმცა დიდება ვერ დაუკარგეს. ამასობაში მეც მოვევლინე ქვეყნიერებას. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მამაჩემის დამსახურებაა. მეც მისი დიდებით მიცნობენ. ერთი ეგაა, რომ მასზე რბილი ხასიათისა ვარ, ამიტომ მომდურავი ცოტა მყავს, თორემ მამაჩემს რომ უჭრიდა ხმალი, ისე უნდა. მასთან რას მივალ…

მამაჩემისგან გამიგონია, რომ ჩვენი გვარი შორეული პერუდან მოდის. ეს ჩვენ მოგვიწია კოლბაში დაბადება, თორემ ჩვენი წინაპარი ძალიან ლამაზ ყვავილში გაჩნდა. კეჩუას ტომის შამანებმა გვიპოვეს ქინაქინას ფესვებში. მის ნაყენს ტკბილ წყალში ურევდნენ და მოტკბო-მომწარო სასმელს იღებდნენ, რომელიც ნადირობისა თუ ავადმყოფობის დროს მუხლში ძალას აძლევდათ.

შემდეგ ბედმა ევროპაში გადმოგვაგდო. იეზუიტებმა გაგვაყოლეს ხელს და ასე აღმოჩნდით ესპანეთში. პირველად ნოკოლას მონარდესმა და ხუან ფრაგოსომ გაგვისინჯეს გემო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სამსახური ბებერ კონტინენტზე. თუ ვინმეს ფაღარათი შეაწუხებდა, პირველს ჩვენ გვიხმობდა და არც ჩვენ ვიშურებდით ძალ-ღონეს ბაქტერიებთან ბრძოლაში.

შორს გაგვივარდა სახელი. 1631 წელს რომს მალარიის ბაქტერიების ურდო შესევია. დიდი ზარალი მიაყენა თურმე. უმოწყალოდ ჟლეტდა დიდსა და პატარას, ჩინიანსა და უჩინოს. რამდენიმე პაპის სიცოცხლეც კი შეიწირა. მალარიის ბაქტერიებს რომ ვერაფერი დააკლო რომის უძლეველმა არმიამ, ჩვენ გვიხმეს. არც ჩვენ დაგვიზოგავს ძალი და ღონე, ვიხსენით ძველი რომაელები. მერე ინგლისში მოგვიწია ჯარების გადასხმა – პრინცი ჩარლზ II გამხდარიყო ავად. ბუკინგემის სასახლის კარზეც ვიმარჯვეთ…

დღეს დღე მისდევდა და ჩვენი წინაპრების დიდებას დიდება ემატებოდა. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა ჩვენით. სად აღარ გვნახავდით – ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა თუ საფრანგეთის ლაბორატორიებში. ბოლოს ფრანგებმა იმარჯვეს და ქინაქინას ქერქიდან ჩვენი პირველი მოლეკულა გამოყვეს. ეს მოხდა 1820 წელს, პიერ ჟოზეფ პელეტიერის ლაბორატორიაში. ბატონმა პიერმა პატივი დაგვდო და მშობლიურ ენაზე სახელი შეგვინარჩუნა – ქინაქინა ანუ ქინინი დაგვარქვა. იმ დღეს დაედო სათავე ჩვენს დინასტიას. ისე შორს გაგვივარდა სახელი, რომ უამრავ ხეს გააძრეს ტყავი პერუში. პერუ პატარა იყო სამყაროსთვის, ჩვენზე მოთხოვნა კი – დიდი, ამიტომ დანიელებმა ქინაქინას მოშენება დაიწყეს. იქაურ ცივ კლიმატში ქინაქინის ხე ვერ გაიხარებდა და ჩვენც ინდონეზიაში ამოვყავით თავი. მერე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ქვეყნებთან ერთად ჩვენც იზოლაციაში აღმოჩნდით. გერმანიამ დანია დაიპყრო, მისმა მოკავშირე იაპონიამ კი – ინდონეზია. დავაკლდით სამყაროს დიდ ნაწილს. ომით ისარგებლეს მალარიის ბაქტერიებმაც და ისევ დაიწყეს ნავარდი. ბევრ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცს მტრის ტყვიის ნაცვლად სხეულში დაბუდებულმა ბაქტერიამ მოუღო ბოლო. ბედის ირონიით, იაპონელებმა კი ჩაგვიგდეს ხელში, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდეს. მწარედაც გადაიხადეს – მალარია უფრო დიდ მტრად ექცათ, ვიდრე მტრის ესკადრილიები.

ჩვენი არმიის აღსადგენად თითქოს მოიძებნა გამოსავალი – ქინაქინის ნერგები კოსტა-რიკაში გადაისროლეს, მაგრამ შევსებას ძალიან ნელა ვიღებდით – სანამ ქინაქინა აღმოცენდებოდა, გაიზრდებოდა, ქერქს გაიმაგრებდა და მერე იქიდან ჩვენს მოლეკულებს გამოყოფდნენ, უამრავი დრო გადიოდა, ამიტომ სხვა გზის ძიება გახდა საჭირო. სწორედ ამ დროს მოევლინა მამაჩემი ამ ქვეყანას…

…ახლა კი მეც დავბერდი. უკვე 70-ს გადავაბიჯე. ხანში კი შევედი, მაგრამ უსაქმოდ არ დავრჩენილვარ – ხან ართრიტისგან ხსნას მთხოვენ, ხან რას და ხან რას, მაგრამ ძველი დროება მაინც სხვანაირად მაგონდება. თავთით ჩამოკიდებულ ხმალს რომ შევავლებ ხოლმე თვალს, სხვანაირად მიჩქროლდება გული და მარჯვენა თამაშს მიწყებს. ის დრო მახსენდება, ყიჟინას რომ დავცემდით ხოლმე და, ხმალამოწვდილები, მალარიის ბაქტერიების მილიონიან ურდოში შევიჭრებოდით. ხშირად რამდენიმე დღე მუხლჩაუხრელად გვიბრძოლია, ოფლი გვიღვრია, მაგრამ ჯაბანად არასოდეს გამოვსულვართ ბრძოლის ველიდან. ახლა კი ჟანგმოკიდებული ხმლის დანახვაზე ცრემლით მევსება თვალები.

…გუშინ ხელმწიფისგან ხმა მოგვივიდა. რაღაც ახალი გვირგვინიანთა ურდოები შესევია დედამიწას. ქუდზე მოლეკულას გვიხმეს. მეც ჩამოვიღე ჩემი სატევარი, ჟანგი მოვაცილე, პირი ავუფხავე და ჩავაბარე გამოსაცდელად. ვინ იცის, იქნებ ბედმა გამიღიმოს და დამიძახონ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი