ადრეულ ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აფერხებს ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა და ონლაინ სივრცეში გადაბარგებულ მოზარდებში რეალობის შეგრძნების დაქვეითება/არასწორად აღქმა. სამწუხარო ფაქტია, რომ ბავშვებს, გაჯეტების დახმარებით ონლაინ კომუნიკაცია უფრო უადვილდებათ, ვიდრე ფიზიკურ გარემოში დიალოგის წარმართვა.
ზეპირმეტყველების განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე ვატარებთ აღნიშნული უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულის გაკვეთილზე ყველაზე მკაფიოდ ჩანს კომუნიკაციის წარმართვისა და საკუთარი ნააზრევის ნათლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების სირთულეები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშაოთ ზეპირი მეტყველების კულტურა და, საზოგადოდ, სამეტყველო ქცევა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მოსმენასა და ლაპარაკს. აღნიშნული უნარები კომუნიკაციის წარმართვის პროცესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. თავის მხრივ, აზრის ნათლად ჩამოყალიბების, კომუნიკაციის მართვისა და ინტერაქციული უნარების განვითარება ინდივიდის ჰუმანურ, განსხვავებული აზრის პატივისმცემელ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შესაბამისად, შეგვიძლია, ზეპირმეტყველების განვითარება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობად მივიჩნიოთ.
ამას წინათ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდი ძალიან საინტერესო პროექტს „მომიყევი, რაც გინდა“ (იდეის ავტორი – ნოდარ ტურაშვილი) და მაშინვე გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის ერთი დაუვიწყარი დღე მომეწყო ამ თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ჯადოსნური ჯოხივით საჭირო სიტყვით – „მომიყევი“. აიქნევ და ვუალა – ჯადოსნური ამბებიც მზადაა!
მოსწავლეებს ჯერ ე.წ. საკომუნიკაციო ბარათები ვაჩვენე და ილუსტრაციებთან განთავსებულ მინაწერებში ჩამალულ მთავარ სათქმელებზე დავაფიქრე, მერე ამავე მინაწერების გაგრძელება-გავრცობა ვცადეთ, ბოლოს კი თავადაც შევქმენით და გამოვიყენეთ მსგავსი ბარათები. დღის დასასრულს ბავშვებმა თავადვე აღიარეს, რომ ამდენწლიანი ნაცნობობის მიუხედავად, მაინც ბევრი ახალი რამ გაიგეს ერთმანეთის შესახებ.
ბარათი N1
ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევა: გაიცნობ ადამიანს, მოგეწონება, დაგაინტერესებს. იმასაც აშკარად მოსწონხარ, აინტერესებ, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა ბარიერივით აღმართულა თქვენ შორის და ერთმანეთი ვერა და ვერ მოგიშინაურებიათ. არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო, ერთხელ მაინც რომ გეთქვათ ერთმანეთისთვის: „მომიყევი, რაც გინდა!“
ბარათი N2
ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება მოვყვეთ არაფერზე. შემდეგ გავიხსენეთ ყოველდღიურობაში მზა პასუხად გამჯდარი საპასუხო ფრაზა კითხვაზე: „რა ხდება შენკენ?“ – „რავი, არც არაფერი!“ – და მივხვდით, რომ თუ ადამიანის გაცნობა მართლა გინდა, მას ამ არაფრისფერ ბურუსში ცისარტყელის დანახვა უნდა შეაძლებინო. მერე კი ბარათის ტექსტს ერთი საპასუხო ფრაზა მივამატეთ: „ერთად აღმოვაჩინოთ შენი არაფრისფერი!“
ბარათი N3
რადგან ცისარტყელა ვახსენე, აქვე ჩემს საყვარელ ბარათს გაჩვენებთ:
ამ სილამაზეს უპასუხოდ როგორ დავტოვებდით და ბარათის ე.წ. ადრესატს კიდევ ერთი რამ ვთხოვეთ: „ცისარტყელა ფიქრებზე მომიყევი დაღლამდე…“
ბარათი N4
მომდევნო ბარათის ნახვისას ცოტა კი დავსევდიანდით, მაგრამ სევდა ხომ ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორიც სიხარული. ასე რომ, მისი განცდაც და თანაგანცდაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმესთვის შენ მიერ გადატანილი სირთულეების გაზიარება გინდა.
რამდენიმე მოსწავლემ გაიხსენა, რომ ხშირად ნდომებიათ თანატოლებთან რთულ დღეებზე საუბარი, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის უჭირდათ. აქედან გამომდინარე, ბარათის ტექსტი, აი, ასე გავაგრძელეთ: „ხელს ჩაგკიდებ და სიტყვების ლაბირინთში გატარებ“.
ბარათი N5
რამის შეგროვების სურვილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადამიანური მისწრაფებაა და ის თვითორგანიზების, მოთმინებისა და მიზანდასახულობის მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს (ბუნებრივია, არ ვგულისხმობ შემგროვებლობას როგორც პათოლოგიას). ბავშვობაში, „ქინდერ სიურპრიზის“ სათამაშოებით დაწყებული, ცნობილი საღეჭი რეზინის „Love is…“ ქაღალდებით დამთავრებული, რას აღარ ვაგროვებდი და დღემდე მწარედ მახსენდება სარემონტო სამუშაოების ალიაქოთში კოლექციის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ეს ყველაფერი კი ამ პატარა ბარათმა მომაგონა და მასზე წაწერილი ფრაზა ლამის წაკითხვისთანავე გავაგრძელე: „ბოლოს ძირს რომ დაგივარდა, ვითომ-ვითომ, შემთხვევით…“
ბარათი N6
მოზარდებს ხშირად აშფოთებთ თავიანთი სიზმრები. არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ უყვებოდნენ ერთმანეთს წინა ღამით დასიზმრებულ კოშმარს და თავიანთ განცდებსაც უზიარებდნენ. მომდევნო ბარათიც სწორედ ამ ნიშნით შევარჩიე.
მოსწავლეებს ცოტა რამ ჩემს სიზმრებზეც მოვუყევი. გავანდე, როგორ მეშინოდა მათი ბავშვობაში. მოგვიანებით კი ისინი ზღაპრებად ვაქციე და დღიურშიც ვიწერდი როგორც ერთ-ერთ საინტერესო თავგადასავალს. ასე დავძლიე სიზმრების შიში. ჩემმა მონათხრობმა ბავშვები შეაგულიანა. მათ თავიანთი სიზმრების სკივრიდან ყველაზე საშიში ამბები ამოალაგეს. დავალების იდეაც აქვე გაჩნდა: მოსწავლეებს თავიანთი სიზმრებისთვის ზღაპრის ფორმა უნდა მიეცათ და თემატური ილუსტრაციებით გაეფორმებინათ. ასევე გავიხსენეთ უსაყვარლესი ურჩხულები – ჯეიმს სალივანი და მაიკ ვაზოვსკი ანიმაციური ფილმიდან „მონსტრების კორპორაცია“. ვიღაცამ ისიც თქვა, ახლა რომ ვკითხულობ, იმ წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში (ჯოან როულინგი, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“) შიშის სიცილით დამარცხების შესახებ ამოვიკითხეო. ამასობაში მგონი საკუთარი მონსტრებიც მოვათვინიერეთ.
ბარათი N7
აღნიშნული პროექტი ზრუნვასთან დაკავშირებული ბარათებით დავასრულეთ და ყველამ ჩვენი შინაური ცხოველები თუ ფრინველები ანუ უცხო ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ მაინც ძვირფასი მეგობრები გავიხსენეთ.
ამ ბარათებიდან ერთ-ერთმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ბავშვებს, აი, ასეთი დასასრული შევთავაზე: „…ნამცეცებზეც მოყევი, როგორ უქუცმაცებდი?“
აქვე მოსწავლეების მიერ დამზადებულ რამდენიმე საკომუნიკაციო ბარათსაც გაგიზიარებთ:
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ დამეგობრების ამ უცნაურ, მაგრამ ძალიან საინტერესო, თავგადასავლებით სავსე გზაზე.