ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, თავგადასავალია, თუ ამ მოსაზრებას ეთანხმებით, თამაში, რომელსაც შემოგთავაზებთ, აუცილებლად მოგეწონებათ. შეიძინეთ შოკოლადის მონეტების კარგა ბარაქიანი ქისა, თქვენი 6-8 წლის მოსწავლეები დარაზმეთ და წავედით.
ნაბიჯი 1
კლასში წასაკითხი ტექსტი:
(ჩვეულებრივად, თითქოს უბრალო კითხვის საათია, წაუკითხეთ ეს ტექსტი მოსწავლეებს, შეგიძლიათ, მსგავსი თავად დაწეროთ).
ერთი პატარა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქში, რომლის სახელი ადრე ტფილისი, ხოლო ახლა თბილისია, ერთი უბნის ერთ პატარა საბავშვო ბიბლიოთეკაში, წიგნების ძველ საცავში ერთი ძველი წიგნი ცხოვრობდა.
ცხოვრობდა სადღაც, ბოლო თაროზე, მყუდრო და გრილ სივრცეში. თავისთვის, მარტო და მშვიდად….
ის არავის ახსოვდა, დიდად არ აწუხებდა მკითხველი,
ბავშვებს უფრო სხვანაირი წიგნები მოსწონდათ, თანამედროვე კომიქსები, ფერადი წიგნები, ილუსტრაციებითა და თავგადასავლებით სავსე, უფროსებს-წიგნის კითხვისთვის არ ეცალათ, ხანდახან ბიბლიოთეკარი თუ შემოვიდოდა, დახედავდა, მტვერს გადაწმენდდა და სულ ეს იყო.
ის კი, დიდად არც ფერადი იყო, არც პრიალა და არც ახალი…
წიგნი არ ელოდებოდა, რომ ვინმეს წაეკითხა, დაავიწყდა კიდეც, როგორია, როცა მკითხველი მოდის, წიგნს ფრთხილად გადაშლის და ნაწერს ჯერ თითს, მერე თვალს მიადევნებს.
რა კარგი იყო, როცა ვინმეს ახსენდებოდა. თუმცა იშვიათად, ვინმე მოხუცი პროფესორი თუ მოვიდოდა მასთან, გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და რაღაცებს ინიშნავდა.
თუმცა, დიდად არ სწყინდა, უსმენდა გვერდითა წიგნებს, იგონებდა ახალ ამბებს, რომლებიც ჯერ არცერთ წიგნში არ ჰქონდა წაკითხული.
ის ჩვეულებრივი წიგნი არ იყო, ყოველ ახალ თვეს ახალ ამბავს თხზავდა, წერდა და ხატავდა.
ღამე, როცა მტვრიანი ბიბლიოთეკის საათი 12-ს უჩვენებდა, ის იწყებდა თავისი გვერდების ფურცვლას და სხვა წიგნების მოსმენას – ლექსებს კითხულობდა, უცხო ენებს სწავლობდა, ჯადოსნურ ამბებს იგებდა.
მან ყველაფერი იცოდა, სად რომელი წიგნი იდო, რომელი წიგნი რა სიტყვით იწყებოდა და მთავრდებოდა.
როცა ბიბლიოთეკაში ახალი წიგნი მოჰქონდათ, მას ჩუმად უხაროდა – ახალი ამბების გაგება ყველაზე მეტად უყვარდა.
ღამე ფრთებს გაშლიდა და გვერდების შრიალით გადაფრინდებოდა გვერდით თაროზე – იქ, სადაც საბავშვო წიგნები ეწყო; იქ, სადაც ენციკლოპედიები ამძიმებდა თაროებს; იქ, სადაც ისტორიის წიგნებში დიდი ბრძოლები იმართებოდა; იქ, სადაც მითოლოგიის წიგნებში ჯადოსნური არსებები დაფრინავდნენ; იქ, სადაც ციხეში ჩაკეტილი მზეთუნახავი უნდა გამოეხსნა სამ გმირს; იქ, სადაც დაუსრულებელი ამბები ხდებოდა…
იგებდა ახალ ამბებს, ივსებოდა ახალი ამბებით და იზრდებოდა წიგნი.
სანამ სხვა წიგნებს მშვიდი ძილით ეძინათ და მკითხველების ნათითურებს იშორებდნენ, ჩვენი წიგნი ბიბლიოთეკაში დაფრინავდა, ჩუმად, უხმაუროდ, ასეთი უძილობა სჭირდა.
ერთ დღეს კი…
(ამ დროს თქვენს კოლეგა მასწავლებელს სთხოვეთ, შემოვიდეს და ახალი ამბავი გითხრათ, რომ სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნი დაიკარგა).
უფრო სწორად, ერთ ღამეს ის ისევ ფრთხილად გადმოფრინდა თავისი თაროდან, სხვა წიგნებში მინიშნებები დატოვა, სად უნდა ეძებათ და სამოგზაუროდ წავიდა…
სად? იქნებ ძველ კარადაში?
იქნებ ღამის ქალაქში?
იქნებ ქალაქის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში?
(აქ თქვენი მოწაფეები აღჭურვეთ ფანრებით და წიგნის მოსაძებნად წაიყვანეთ ბიბლიოთეკაში, სადაც წინასწარ უკვე გაქვთ დატოვებული მინიშნებები:
მინიშნებები
- თამაში დაიწყო, აბა, მზად ხარ?
- პირველი პასუხი იმ ქართველი ავტორის წიგნთან დაგხვდება, რომელმაც ქართველ ბავშვებს წერა-კითხვა ასწავლა;
- სწორად გამოიცანი! ახლა დანიელი მეზღაპრის წიგნი მოძებნე.
- შემდეგი მინიშნება მითოლოგიის წიგნშია!
- შემდეგი მინიშნება ციცინათელებთან ეძებე!
- მოგატყუე, აქ არაფერი არაა, შემდეგი მინიშნება ნახე! სად ნახო? ძირს დაიხედე.
- შემდეგი ნაბიჯი პროპელერიანი პერსონაჟია!
- ნახე ასო-ბგერა გ, თაროზე მეხუთე წიგნი.
- ასო-ბგერა შ, პირველი წიგნი.
- ყოჩაღ, ახლა გადადგი ხუთი ნაბიჯი და მარჯვენა თაროზე ნახე პირველი წიგნი!
- ახლა უკან გადადგი 5 ნაბიჯი და მარცხენა თაროზე მეორე წიგნი.
- იქ დაბრუნდი, საიდანაც ძებნა დაიწყე!
- ახლა თავიდან ათვალე!
კვანძის გახსნა:
ეს ეტაპი თავად უნდა მოიფიქროთ, თუ გინდათ, წიგნი გაქრეს და მის ადგილას შოკოლადის მონეტები დაგხვდეთ, შეგიძლიათ, რომელიმე ძველი წიგნიც იპოვოთ ან ჩემი ამბის სულ სხვა დასასრული მოიფიქროთ!