შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გადაღლის შემდეგ

დღეს უკვე ძნელია გაარჩიო, ნიუსფიდზე უფრო მეტს ვცხოვრობთ თუ „რეალურ ცხოვრებაში“. ნიუსფიდზე რომ უფრო მეტად ვკვდებით, ამას კი აღარ უნდა კამათი – ამდენი სიმწარის, ავადმყოფობისა და სიკვდილის გულში გატარებასაც ვერ ვასწრებთ ხშირად, გონების მიჯნასთან ვაყოვნებთ და იქვე მთავრდება. ამიტომ თითოეული ჩვენგანის და ჩვენ გარშემომყოფთა გაქრობა მხოლოდ ინფორმაციული აქტი გახდა.

ეს ალბათ გადაღლამაც გამოიწვია. პირველად, როცა დავრწმუნდი, რომ ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა, ყველა ის დაუწერელი ამბავი და პერსონაჟი გამოვიტირე, რომელზეც დაწერამდე უნდა მეფიქრა და ჩემი წიკო-მაკოებით გაძეძგილი „რიგითი დღე“ არ მანებებდა. მერე კი დაიწყო ის, რასაც ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი წარმატებით იყენებენ – თავის მართლება და რაღაცის სხვისთვის გადაბრალება. მაშინ მივხვდი, რატომ აღასრულებდა ბაბუაჩემი (და მისი თაობის ზოგიერთი ადამიანი) განსაზღვრულ დღიურ რიტუალს ბრმად და ურყევად. ეს არ იყო მხოლოდ აჩემება, ეს საკუთარი სივრცის მკაცრად განსაზღვრასაც ნიშნავდა, სადაც „დროის გამოწვევებს“ და „ახალი დღის წესრიგს“ ვერ უნდა შემოეღწია. რიტუალები (ხელ-პირის დაბანა, სადილობაზე აუცილებელი ჭიქა-ღვინო, ეზო-კარის მოვლა-მეთვალყურეობა) – არ ანებებდა იმათ სულს და ორგანიზმს, მოშვებულიყვნენ, მოფლაშულიყვნენ, სულერთი გამხდარიყო ძილ-ღვიძილი, შრომა და დასვენება.

2009 წლის აგვისტო იყო, ზუგდიდიდან რომ წამოვედი და წამოსვლის წინ მანცხვარკარის ტაძრის მღვდელს – მამა გიორგი გულორდავას ვუთხარი, – ორ კვირაში ერთხელ ჩამოვალ, მამაო, პატარ-პატარა საქმეებსაც მოვაგვარებ და წირვასაც დავესწრები-მეთქი. ორ კვირაშივე მივხვდი, ამის გამკეთებელი რომ არ ვიყავი და კიდევ კარგი, მოძღვარმა მაშინვე არ მიმანიშნა ამაზე – ჩემით უნდა მივმხვდარიყავი, ჩემს ამოჩემებებს უნდა გამოცლოდა საყრდენი. ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ რამე გადავაფასე, არა, ზოგჯერ ჯობია შენ თვითონვე გამოსცადო, ყველაფრის თვითდინებაზე მიშვებამ სანამდე შეგიძლია მიგიყვანოს.

თავს მოუცლელობით ვიმართლებდი, იმავე მიზეზით ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ახლა მგონია, რომ 21-ე საუკუნის მთავარი დემონები გადაღლა და მოუცლელობა არიან. მათ წინააღმდეგ ვერ ჭრის წინასწარ შედგენილი და ზედმიწევნით გაწერილი გრაფიკი, გეგმა, reminder-ის რეჟიმიც სიმბოლურად ჰკიდია.

პირადი სივრცის, პირადი აჩემების, აკვიატებისა და ადამიანის თავისებურებების თანდათან, უკანმოუხედავმა შევიწროებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ჩვენ თვითონვე ვთქვით უარი იმ წყაროზე, რაც გვაცოცხლებდა და ერთფეროვნებისგან გამოსაქცევი ბილიკების გადაბეტონებას დავთანხმდით „კეთილდღეობის“ სახელით.

მამა გიორგი გულორდავას – ბეხვერია მამაოს, როგორც მეგობრები ვეძახდით შინაურობაში – მინიშნებითაც არასდროს გამოუხატავს წყენა და უკმაყოფილება. პირიქით, მე ვაპირებდი თავის მართლებას ჩემი შეუსრულებელი პირობისთვის ერთი-ორჯერ, მაგრამ ენა ჩავიკვნიტე და ალბათ სწორადაც მოვიქეცი: დარდის და სინანულის სიტყვები ვერასდროს გამოხატავს იმ განცდას, დღესასწაულს რომ გამოაკლდები. მგონი ისევ ჯობია, ახალი დღესასწაულისთვის ემზადო.

ბაბუაჩემმა თოფი და მონადირე ძაღლი რომ გაყიდა, ის ფული ოჯახის სიღარიბეს კი დააკერა 90-იანებში, მაგრამ თავის სივრცეს და რიტუალებს მოაკლო. ჯერ ერთი, მერე – მეორე, მერე თანდათან სხვა რაღაცებიც მიაყოლა, მისი სიჯიუტისა და მუყაითობის საგან-ნიშნები. ვატყობდი, როგორ იცვლებოდა და იცლებოდა მისი ნებისყოფა ამ დანაკარგებისგან, ადვილად იღლებოდა, დაღლას არ ეურჩებოდა. და როცა ერთხელაც ძალიან ახლობელი ადამიანის სიკვდილს აუღელვებლად შეხვდა, დავრწმუნდი, რომ შეგუების დემონს მისი თვალებიდანაც გაექრო ძალა, რომელიც მთელი ცხოვრება ცეცხლს უკიდებდა და უკან დასახევს არ უტოვებდა.

რა იყო, ბაბუ, რა დაგემართა-მეთქი, – მინდოდა მეკითხა, – ხომ გეწყინა? ხომ ის იყო, რასაც არ ელოდი? მაშინ რატომ არაფერი არ გეტყობა, ცრემლიც კი არ შეიჩნიე… რას ფიქრობ, რას აკეთებ, ბაბუ?

…რას ვაკეთებთ გადაღლის შემდეგ? მხოლოდ ვიხოცებით თუ როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ვიტია ანჯაფარიძე იტყოდა, – „მეორე დიხანია“ უნდა გაიხსნას, რათა სხეულის ჭურჭელში (ჩუანიო, ამბობდა მეგრულად) დაგროვილი ნიჭი და მონაცემები ახალ ძალად იქცეს.

ჰო, ვიტია მას, ალბათ ის მეორე, თქვენი, ჯობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი