ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რისთვის სჭირდებათ ბავშვებს ზღაპრები

იამ რა უთხრა ვარდსა, ვარდმა რა უთხრა იასა, ანუ რისთვის სჭირდებათ ბავშვებს ზღაპრები

ჩემი ცხოვრების ოცდათხუთმეტი წლის თავზე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ თუ კი რაიმე გასაჭირი დამტყდომია თავს, თუ კი რაიმე ჩიხი დამხვედრია ცხოვრების გზაზე, თუკი პასუხები მიძებნია, მაშინვე ქართული ხალხური ზღაპრები ამოტივტივებულა, ფრაზებით, სახეებით, მეტაფორებითა თუ სიმბოლოებით. თითქოს მუდმივად თან მახლდეს. მუდმივად თან დამყვებოდეს უხსოვარი ამბების განზომილებაში შესაღწევი პორტალივით. ერთი დაფიქრება, ერთი გაელვება და უკვე იქ ვარ – მზის დედასთან მზის ნაბანი წყლის სათხოვრად მისული თუ უკვდავების მაძიებელი კაცის ზურგს უკან. ანდაც თითისტარს ვატრიალებ ჭაში მცხოვრებ ბებერთან ერთად.

ამბები და პერსონაჟები ზღაპრებიდან ისეთივე უხსოვარი, ისეთივე ნამდვილი და ისეთივე მისტიურია, როგორც ჩვენი სამყარო. თითქოს მთელი ჩვენი არსებობისა და ცხოვრების საიდუმლო, არსი ხალხურ ზღაპრებში მოქცეულა. ყველა პასუხგაუცემელი კითხვის, სიკვდილ-სიცოცხლის წრე-ბრუნვის პასუხებიც იქაა. ოღონდ აქ მთავარი ერთი რამეა: ზღაპრების წაკითხვის აუცილებელი პირობა – ბავშვობაა. დიახ, მხოლოდ ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებს შეუძლიათ ჩვენი ქვეცნობიერის ისეთ  კუნჭულში მოთავსება, შემდეგ მთელი ცხოვრება იქიდან ცხოვრებას რომ გასწავლის. იმიტომ, რომ  უფროსების რწმენა სასწაულებისადმი მყიფეა. უფროსებს კირკიტი და კრიტიკა უყვართ, უფროსები ხშირად ვერ ვიგებთ იმ მეტაფორებსა და სიმბოლოებს, რომლებიც ზღაპრების ხვეულებში იმალებიან. მათ ყველაფრის საკუთარ ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა სჩვევიათ. თან როგორ უყვართ ათასგვარი ლოგოსებითა და იზმებით საკუთრი მოსაზრებების განმტკიცებაც. ახლაც, ბევრი იარეს, თუ ცოტა, ადგნენ და მიადგნენ ამ ჩვენს ქართულ ხალხურ ზღაპრებს. საშიშია ბავშვებისთვისო, ბევრი სისხლიაო, მკვლელობები, სისასტიკეო. მოკლედ ბევრი წერეს, ისაუბრეს ამ თემაზე, ფსიქოლოგებიც ჩართეს, ფილოლოგებიც და სხვა ოგებიც, ყველა, გარდა ბავშვებისა. ჩვენ ხომ გვიყვარს მათ ნაცვლად და მათი სახელით საუბარი, გადავწყვიტეთ, რომ უკეთ ვიცით, რა სჭირდებათ, როდის რა უნდა წაიკითხონ, როგორ უნდა აღიქვან, რა უნდა იგრძნონ ან რის უნდა ეშინოდეთ.

ჰოდა, ახლა ბევრად უფრო ცოტა ბავშვი კითხულობს ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ბევრად უფრო ცოტა ადამიანს ექნება სამომავლოდ უძველესი მეტაფორებისა და სიმბოლოების გუდა, რომელიც ხან ქვად იქცევა და ყველივით გამოწურავ, ხან კიდევ ნაცრის ისეთ ბუღს დააყენებ ცხრათავიან დევებს სულ კუდით ქვას ასროლინებ. უზღაპრობას უნდა დავაბრალოთ, ამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში კედელ-კედელ რომ დაატარებენ მაყვალა მრევლიშვილის არაკს, და გაოცებას ვერ მალავენ, რომ არაკში ისეთი ამბები ხდება, რაც, მათი აზრით, წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ბავშვობისას წაკითხული ზღაპრები კი ჩვენს აზროვნებას სწორად შეუძლებელს შესაძლებლად გარდაქმნას აჩვევს, სამყაროს კანონზომიერების მიღმა ხედვაში ავარჯიშებს.

პაპაჩემს უზარმაზარი ქართული ხალხური ზღაპრების კრებული ჰქონდა. წიგნი დაყოფილი იყო ჯადოსნურ და საყოფაცხოვრებო ზღაპრებად, მითებად და ლეგენდებად. ყველაზე მეტად ჯადოსნური ზღაპრები მიყვარდა, აი, სავარცხელს რომ გადააგდებ და უკან სალი კლდე აღიმართება, ან გომბიო, ბოროტი და რომ ვირისფერ წყალში დაიბანს თავს და ვირის ყურები ამოუვა. ან ტირილისას რომ ობოლ გოგოს ცრემლების ნაცვლად მარგალიტები სცვივა და ღიმილის დროს ია-ვარდების კონა, სალამურად ქცეული კი საკუთარ ქმარ-შვილს სიყვარულს რომ უმღერის. პაპაჩემთან სტუმრად მისული, ამ წიგნს რომ ჩავიგდებდი ხელთ, რეალური სამყარო უმალ ქრებოდა, ათასწლეულების წინანდელი კი ხელშესახებად და ნამდვილად იქცეოდა ხოლმე. პაპაჩემსაც უყვარდა ეს წიგნი, ძილის წინ რომ არ წაეკითხა, ვერ იძინებდა. ამიტომ ვერ მატანდა, ჩუქებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, თხოვებითაც კი არ მათხოვებდა. სულ თავთან ედო და ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა ერთსა და იგივე ამბავს. ჰოდა მეც ვეშურებოდი და ზაფხულის გრძელ ღამეებს ვათენებდი. სისასტიკეც იყო, როგორ არა, სისხლიც და შურისძიებაც, ოღონდ ისეთები, კარგი დასასრული რომ აქვთ და ბავშვის გონება ადვილად რომ ხარშავს. აქ ყველაფერი შესაძლებელია: მკვდრები ცოცხლდებიან, ქვესკნელიდან უვნებელი ბრუნდებიან, მეფის მზეთუნახავი ასულები თავისუფლდებიან და სიყვარულით თხოვდებიან, დევები კი მარცხდებიან. აქ ბოროტებას სასტიკად უსწორდებიან, ძალიან სასტიკადაც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექსტები, ვინ იცის, რამდენ ათას წელს ითვლიან და ვინ იცის რომელ ცივილიზაციას ეკუთვნიან. მგონია, რომ ბავშვები ამ ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას. მგონია, რომ უხილავ სამყაროებთან კავშირს პოულობენ და როდესაც იზრდებიან, როდესაც ცხოვრების სისასტიკეს აწყდებიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ, როგორ დაამარცხა ნაბოლარა ძმამ ცეცხლის მფრქვეველი გველეშაპი, როგორ გააცოცხლა მზის ნაბანი წყლით უფლისწული საყვარელმა ცოლმა, ისიც ახსენდებათ, როგორ მობეზრდა კაცს უკვდავება და როგორ დაუბრუნდა მოკვდავთა სამყაროს. გაახსენდებათ და ცხოვრებაც რაღაცნაირად ასატანი ხდება, გასაგები მაინც. ამიტომ, მგონია, რომ პატარებს ქართული ხალხური ზღაპრების წაკითხვის შანსი არ უნდა წავართვათ. მე, როგორც მასწავლებელმა, რამდენჯერმე შევიტანე სამუშაო ტექსტად ქართულის გაკვეთილზე ზღაპრები და ბავშვებიც აღფრთოვანებული დარჩნენ. გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომელიც, გარდა იმისა, რომ ზღაპრის გაცნობას ემსახურებოდა, სახალისოც აღმოჩნდა.

თხრობის ჯაჭვი

ზღაპრების ერთ-ერთი საინტერესო მხარე სიუჟეტის აგება და თხრობის სპეციფიკაა. ყოველ წინადადებაში რაღაც ხდება, ყოველი სიტყვა ქმედებაა. ზღაპრის არსის ჩასაწვდომად, კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ბავშვებს სიუჟეტის ამ მძაფრ, დინამიკურ განვითარებასაც აღმოაჩენინებს. ბავშვები წყვილებში ან ჯგუფებად მუშაობენ. წინასწარ მომზადებული ოთხ-ხუთ სანტიმეტრებად დაჭრილი ქაღალდის ფერადი ან თეთრი ლენტები უწყვიათ. ვიწყებ ზღაპრის წაკითხვას. ბავშვებმა იციან, რომ ქაღალდის თითო ზოლზე ზღაპარში მოცემული თითო ქმედება უნდა დაწერონ და შეუძლიათ ილუსტრაციითაც გააფორმონ, შემდეგ კი წებოთი რგოლად შეკრან. მაგალითად: იყო ერთი ღარიბი კაცი – ერთი რგოლია, კაცი ბედის საძებნელად გაემგზავრა – მეორე, გზად დათვი შემოხვდა – მესამე და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი ერთ დიდ საახალწლო გირლიანდის მსგავს ჯაჭვად ეწყობა, რგოლები ერთმანეთში ეყრება და ეწებება. ჯგუფები საკუთარ ჯაჭვებს წარადგენენ და კითხულობენ.

მოისმინე და დაწერე

საქართველოს არქივს ქართული ხალხური ზღაპრების შესანიშნავი ციფრული აუდიო არქივი აქვს, რომელიც ხელმისაწვდომია – https://archive.gov.ge/ge/kartuli-zghaprebi. https://archive.gov.ge/ge/kartuli-zghaprebis-akhali-chanatserebi. ბავშვებს რომელიმე ზღაპარი მოასმენინეთ, შემდეგ კი სთხოვეთ, რაც დაამახსოვრდათ, ის დაწერონ. შეუძლიათ შეცვალონ სიუჟეტი, დასასრული, დაამატონ პერსონაჟები, გაუკეთონ ილუსტრაციები. საბოლოოდ ძალიან საინტერესო პროცესია.

მოდი ზღაპარი მოვიგონოთ

ბავშვებს რომ გავაგებინოთ, დაახლოებით რას ნიშნავს ხალხური ზღაპარი და როგორ იქმნებოდა ის, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ავიღოთ ერთი დიდი რვეული, რომელშიც ზღაპრის წერას ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლე დაიწყებს, ზღაპრისთვის დამახასიათებელი დასაწყისით, სიუჟეტის განვითარებისა და დასასრულის გათვალისწინებით (ბავშვების სახელები ბარათებით ამოვიღოთ). შემდეგ სხვა აგრძელებს ამბავს, კიდევ სხვა და ასე შემდეგ, მანამდე, სანამ მთელ კლასს არ მოივლის. ოღონდ თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ წესები, რომ ერთმანეთის ამბავს არ გადაუხვიონ, პერსონაჟები გაითვალისწინონ და მოვლენების განვითარების საკუთარი ვერსიები წარმოადგინონ. ამ პროცესმა შესაძლოა ერთ თვესაც გასტანოს, საბოლოოდ კი კლასის წიგნს, კლასის ზღაპარს მივიღებთ, რომელიც შემდეგ დამუშავდება, გაფორმდება ვიზუალურად. პრეზენტაციაზე კი მშობლები და სტუმრები მოვიპატიჟოთ.

მოკლედ, ზღაპრები ბავშვობას და შემდეგ მთელ ცხოვრებას ზღაპრულად აქცევენ. ჰოდა, იამ რა უთხრა ვარდსა და ვარდმა რა უთხრა იასა – ეს ის ამბავია, ეს ის საიდუმლოა, მხოლოდ ბავშვების წრფელი გული და სული რომ სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი