„მახსოვს პირველად სასწავლებელი“ ანუ ერთი ჩვეულებრივი ამბავი

სკოლის გახსენებისას ყველას სხვადასხვა მოგონებები აქვს. რა დასამალია და უამრავი ადამიანისათვის სკოლა ალბათ ყველაზე ცუდი გამოცდილებაა ცხოვრებაში. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია სასკოლო კვლევები – მაგ. მასწავლებლების დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, უსაფრთხოების თემები, სწავლა-სწავლების ხარისხი და ა.შ. საკმარისია სახალხო დამცველის ანგარიშებს გადავხედოთ, რომ მივხვდეთ, რატომ არის სკოლა ბევრი ბავშვისათვის არასასურველ გარემოდ აღქმული. საინტერესოა, ჩვენ თავად რა გვახსენდება სკოლის შესახებ. მაგალითისათვის, შევეცდები ამ სტატიაში მოკლედ მოვყვე ჩემს გამოცდილებაზე რამდენიმე ისტორია, რაც სკოლის შესახებ მაგონდება.

რატომღაც, სკოლაზე ფიქრისას, პირველი თავში ამომიტივტივდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მოგონება“ – „მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანად რომ მე გამამზადეს…“. ჩემს შემთხვევაში, ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება შეაძულო სკოლა მოსწავლეს. ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლისათვის, მით უმეტეს დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის, ამ შეუსაბამო ლექსის დაზეპირებით გამოწვეული გაუგებრობა (მათ შორის უსამართლობა) შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სკოლაზე ხელის ჩასაქნევად. სხვების შემთხვევაში ეს შეიძლება სხვა ლექსი ან მოთხრობა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ბევრისათვის ეს ვეფხისტყაოსანიც არის. ჰაგიოგრაფიაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. აზრი რომ დავასრულო, ერთია ასაკისათვის შეუსაბამო ტექსტები, მეორე – (არა)სავალდებულო საზეპიროები და მესამე – სწავლების [უინტერესო] მეთოდები, მაგ. გამოდი-მოყევი-დაჯექი.

მეორე, რაც სკოლის შესახებ მახსენდება, და რომელიც მეგონა რომ პირველი გამახსენდებოდა, ეს არის ეთიკის მასწავლებლის მიერ გაწნილი სილა. საინტერესოა არა? – ეთიკის მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლისათვის ხელის გარტყმა. მიზეზი ათი წუთით დაგვიანება და გაკვეთილზე ცოტა სწრაფად, ცოტა მოუსვენრად შესვლა იყო. სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტისათვის წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა ეთიკა. მოკლედ, ესეც მეორე ამბავი. პირველ შემთხვევაში თუ მასწავლებლებთან ერთად სახელმძღვანელოს თემაც იყო, აქ უკვე მხოლოდ მასწავლებლებისა და ძალადობრივი სასკოლო გარემოს ამბავია. სხვათა შორის, სამართლიანობა მოითხოვს მხოლოდ მასწავლებლებლებზე არ ვთქვათ. არც სკოლის ადმინისტრაცია აკლებდა ამ საქმეში.

მესამე მოგონება ძალიან ზუსტად მახსოვს. ალბათ მეორე თუ მესამე კლასში ვიქნებოდი როდესაც ჩემი თანაკლასელი შეწუხებული მიყვებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ. იმდენად შემეცოდა რომ თანაგრძნობის მიზნით ვუთხარი, ნუ ნერვიულობ ჩემთანაც ზუსტად ეგრეა-მეთქი. ამის შემდეგ დედაჩემი გაკვირვებული ისმენდა მის მიმართ გამოთქმულ მწუხარებებს. სხვათა შორის, ამ ამბავზე დღემდე მეცინება ხოლმე.

წინა ამბავის რომ გავაგრძელო, არაერთი ჩემი სკოლელი მახსოვს ჩალურჯებული რომ მოსულიყოს სახლიდან. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღესაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე.

მეოთხე და სტატიისათვის ბოლოსწინა ისტორია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 2018 წლის 1 დეკემბრის ამბავი, რომელიც 51 სკოლაში დატრიალდა. სამწუხაროდ, მაშინდელი სკოლა კიდევ უფრო ძალადობრივი და აგრესიული იყო. შესაბამისად, ძალიან კარგად მახსოვს უამრავი გარჩევა, ნაცემი, დაჩეხილი და გასისხლიანებული მოსწავლე (არც მე ვიყავი გამონაკლისი). კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო გამოყენებული ინსტრუმენტები – დრინები, დანები, დუბინკები, იარაღები და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო ინვენტარიც გადასარევად გამოიყენებოდა (მაგ. მასწავლებლის სკამი).

სამწუხაროდ, ამ ტიპის ამბები მაშინდელი უფროსებისათვისაც ნორმა იყო. ამიტომ რეაგირება გაცილებით ნაკლებად ხდებოდა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს).

მეხუთე ისტორია უფრო კლასობრივ სხვაობასა და უთანასწორობას ეხება. კარგად მახსოვს, როდესაც კერძო სკოლაში გადავედი, ჩემი ერთ-ერთი კლასელის პირველი შეკითხვა – „შენ რა ტელეფონი გაქვს?“ – რომელიც იმ მომენტში იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა, გაკვირვება სახეზე დამეტყო. მოკლედ რომ ვთქვა, სკოლებს შორის რადიკალური განსხვავებები, ბავშვებს შორის სულ სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები, პრობლემები და მიზნები, კიდევ ერთი სერიოზული გაკვეთილი იყო, რომელიც სკოლაში მივიღე. იქამდეც და იმის შემდეგაც მძულს უთანასწორობა, რომელიც დღესაც გამეფებულია საქართველოში. სამწუხარო ის არის, რომ სკოლის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ზუსტად რომ თანაბარი შესაძლებლობების მიცემაა ბავშვებისათვის, დღესაც არ აქვთ გააზრებული ამ ქვეყანაში.

შეჯამებისათვის, ბუნებრივია, იყო კარგიც და ძალიან კარგი ისტორიებიც, მაგრამ სკოლის დანიშნულებიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული „აცდენები“ უფრო ამახსოვრდება ადამიანს.

დაბოლოს, საინტერესოა თქვენ რა გახსენდებათ სკოლაზე?

კომენტარები

comments