პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქიმიკოსები არ ხუმრობენ

ვინ იცის, რამდენ ადამიანს დაუდგამს ფეხი ადამის მოდგმის გაჩენის დღიდან ამ სველ, ტალახიან დედამიწაზე… და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე, მიუხედავად ომებისა, ვირუსებისა და გეოგრაფიული კატაკლიზმებისა. ყოველი ეპოქა, ყოველი ერი თავის კვალს აჩნევს ისტორიას – იბრძვის, აშენებს, აქანდაკებს, ხატავს, წერს და მერე საუკუნოდ მოაქვს თავი თავისი ხელქმნილით.

საუკუნო საქმის ჩამდენთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მოაზროვნეებს, ძველი დროის ფილოსოფოსებით დაწყებული, ჩვენი თანამედროვეებით დამთავრებული. ძნელი სათქმელია, როდენი უფრო დიდია თუ მიქელანჯელო. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვით, პითაგორას აზრის საჭრეთელი უფრო ბასრი იყო თუ კანტის მოქნეული სიტყვა. თუმცა ყველას ჰყავს თავისი რჩეული… თითქმის ჩვენს თანამედროვეს, კონსტანტინე კაპანელს, უდიდეს მოაზროვნედ ვაჟა-ფშაველა მიაჩნდა, ხოლო უდიდეს ფილოსოფიურ ნაშრომად – მისი „გველისმჭამელი“. მინდიამ ტანჯვით (გველის ხორცის ჭამით) შეიმეცნა სამყარო, ანუ მიაღწია ადამიანის ყველაზე შორეულ და საოცნებო მდგომარეობას. მას ესმის სამყაროს ენა: ენა ნადირ-ფრინველის, ხის, ბალახის… ჩვენმა გონიერმა წინაპარმა სამყაროს „ენის“ შემსწავლელ მეცნიერებას ზედმიწევნით ზუსტი და მოხდენილი სახელი შეურჩია – „ბუნებისმეტყველება“, რომლის სადარიც სხვა ენაში არ მეგულება.

ბუნებისმეტყველების კანონების ცოდნა თითოეულ ჩვენგანს „პატარა მინდიად“ აქცევს. რამდენი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, რაც ამ კანონების არცოდნის გამო ვერ აგვიხსნია? კლდიდან მოწყვეტილ ქვას თუ ციდან ჩამოვარდნილ ყინულის ნატეხს თავი ერთნაირად რომ უნდა ავარიდოთ, ყველამ ვიცით. ვიცით პრაქტიკით – ან თავად გვიწვევნია მოხვედრის სიმწარე, ან სხვა გვინახავს თავგატეხილი. მაგრამ რამდენმა იცის, რატომ იძირება წყალში იგივე ქვა, ხოლო ყინული – არა? აი, ბუნებისმეტყველებმა კი ვიცით. ცნობილია, რომ ნივთიერებები გაცხელებისას ფართოვდება, ხოლო გაცივებისას იკუმშება. მაგრამ ეს საყოველთაო წესი არ გახლავთ. ზოგიერთ ნივთიერებას, მათ შორის – წყალსაც, ანომალიური თვისებები აქვს. წყალი მოცულობის მინიმუმს +4°-ზე აღწევს. ამ ტემპერატურის ზემოთ და ქვემოთ მოლეკულებს შორის მანძილი იზრდება. შესაბამისად, მცირდება ნივთიერების სიმკვრივეც. ამიტომ ერთი კუბური სანტიმეტრი ყინული უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე იმავე მოცულობის +4° ტემპერატურის წყალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყინული წყალზე მსუბუქია. ამიტომაც არ იძირება წყალში არც თხილისოდენა სეტყვის მარცვალი და არც „ტიტანიკზე“ დიდი აისბერგი.

კიდევ რა ყოფითი მაგალითი მოვიყვანოთ? ყველას გვინახავს მოყინულ გზებზე დაყრილი მარილი, მისი დანიშნულებაც ბევრმა იცის, მაგრამ რამდენს შეუძლია ახსნას, რატომ იქცევა წყლად მარილმოყრილი ყინული? თოვლი გათბობისას ლღვება, მაგრამ თუ გგონიათ, მარილი თოვლს ათბობს, მწარედ ცდებით. უფრო მეტიც: თოვლის ტემპერატურა თუ დაახლოებით 0 გრადუსია, მარილის მოყრის შემდეგ შეიძლება მინუს 10°-მდე დაეცეს. მაშ, რა ხდება? საქმე ის არის, რომ 0°C სუფთა წყლის გაყინვის ტემპერატურაა, მარილების (დიახ, მარილების, რადგან ქიმიკოსისთვის „მარილი“ ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ სუფრის მარილი – NaCl) წყალხსნარები კი სხვა ტემპერატურაზე იყინება. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გაყინვის ტემპერატურა, მარილის რაოდენობის მიხედვით, შეიძლება -20°C-ც კი იყოს. ასე რომ, თოვლი მარილის დაყრისას ცივდება, მაგრამ ლღვება. ცხადია, თუ გარემოს ტემპერატურა -20°C-ზე დაბალია, მოყინულ გზებზე მარილის დაყრას აზრი არ ექნება.

რამდენჯერ გვიტირია ხახვის დაჭრისას? არადა, რაც უფრო ცხარე ცრემლით გვატირებს, მით უფრო გემრიელია ეს ბაღჩეული. მაგრამ თუ პირს ასე უყვარს, რატომ ვერ იტანენ ჩვენი თვალები?

ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული ეთერზეთებს შეიცავს. სუნი და გემო სწორედ მათზეა დამოკიდებული. მაგრამ ხახვის დაჭრისას თვალებს უშუალოდ ეთერზეთი კი არა, მისი დაშლის პროდუქტი გვწვავს, რომელიც ლაკრიმატორების ჯგუფს მიეკუთვნება.

ხახვი შეიცავს 1-პროპენილ-L-ცისტეინ სულფოქსიდს, რომელიც დაჭრის შემდეგ ენზიმ ალინაზასა და წყლის ზემოქმედებით იძლევა 1-პროპენილსულფონმჟავას, ეს უკანასკნელი კი უმალვე იშლება ლაკრიმატორული თვისებების მქონე პროპანთიალ S-ოქსიდად. თითოეული მათგანის თვისებებს თუ ჩახედავთ, შეიძლება შეშინდეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ; ქიმიკოსების ყველაზე დიდ ოპონენტებს, ტოქსიკოლოგებს, ეკუთვნით ფრაზა: „არ არსებობს ტოქსიკური ნივთიერება, არსებობს ტოქსიკური დოზა“. რას გვაძლევს ამ „ფორმულების“ ცოდნა? იმას, რომ ერთი და იმავე სახეობის ხახვს თუ ისეთ ნიადაგში მოვიყვანთ, რომელშიც გოგირდის შემცველობა მაღალია, უფრო მძაფრი სუნი ექნება და უფრო მწარედ გვატირებს.

როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ? წინასწარ კარგად გავაცივოთ. დაბალ ტემპერატურაზე მცირდება როგორც ნივთიერებათა აქროლადობა, ისე ქიმიური რეაქციის სიჩქარეც და 1-პროპენილ-L-ცისტეინ სულფოქსიდისგან ცრემლმდენი პროპანთიალ S-ოქსიდი ნაკლებად წარმოიქნება.

ვაჟა-ფშაველას „მინდიად“ ქცევისთვის ათეულობით უნივერსიტეტის დამთავრებაც არ გვეყოფა, ზემომოყვანილი მაგალითების არსში გასარკვევად კი სკოლის მერხიც საკმარისია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი