პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვის ელაპარაკებიან ჩვენი შვილები?

ჩემი შვილი, მათე, 9 წლისაა. ბუნებით არაა კონფლიქტური, მაგრამ უყვარს წუწუნი და ნებისმიერ პრობლემას, რაც ცხოვრებაში ხვდება, მძაფრად განიცდის, განიხილავს და მშობლებსაც გვიყვება. და მაინც, მოხდა ისე, რომ მე მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოულოდნელად გამომეპარა.

ამბავი კი ასეთია:

ჩემ შვილს, მუსიკალური სკოლის სოლფეჯიოს მასწავლებელი მთელი სემესტრი აბულინგებდა.

 

როგორც მშობელმა რაღაც დაზეპირებული ისტრუქციასავით ვიცი, რომ ბავშვებთან საუბრისთვის დღის განმავლობაში დრო აუცილებლად უნდა გამონახო. რაც უფრო ემატება ასაკი შვილს, ის ნაკლებს გიყვება. ამიტომ პერიოდი, როცა თვითონ დგამს ნაბიჯს და უნდა ყველანაირი შთაბეჭდილება გაგიზიაროს, არ უნდა გავუშვათ ხელიდან. თითქოს ყოველთვის ვუსმენ ხოლმე შვილებსაც და მოსწავლეებსაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ამბავი გამომეპარა – უყურადღებოდ მოვუსმინე, იქნებ დრო ვერ გამოვძებნე, Deadline მქონდა ახლოს რომელიმე სამსახურის საქმეზე, უხასიათოდ ვიყავი, რომელიმე პოლიტიკოსის სკანდალური გამოსვლა უფრო მემნიშვნელოვნებოდა ან უბრალოდ დამეზარა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – შვილის ამბავი გამომრჩა.

არადა, როგორც მოგვიანებით გავიგე, ძალიან განიცდიდა ამ საკითხს და განიცდიდა იმდენად, რომ მუსიკალურ სკოლაში სიარული საშინლად შესძულდა.

 

„აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლაში, სადაც ლიტერატურას ვასწავლი, ბავშვებთან კომუნიკაცია ჩემივე პიროვნულ ზრდაში ძალიან მეხმარება. ცხადია, „ცდისა და შეცდომის“ მეთოდის ხარჯზე არ ვცდილობ მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ძალიან გვიან ვხვდები და მენანება დრო, რომელიც განვლილ ჯგუფებთან ურთიერთობისას გამომეპარა. ასე მოხდა შარშანაც, როცა შესვენებისას მოსწავლეებს ვკითხე, ვის უყვებიან საკუთარ პრობლემებზე ან საიდუმლოებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და საწუხარია. აღმოჩნდა, რომ ბავშვების დიდ ნაწილს ასეთი ადამიანები ოჯახის გარეთ, ან საერთოდ არ ჰყავთ. ისინი, საკუთარ გასაჭირსა და პრობლემებს კარგ შემთხვევაში თანატოლებს უზიარებენ, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მათზე არაკომპეტენტური არიან.

 

რამდენადაც ჩემი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მეუბნება, მოზარდები საკომუნიკაციოდ არხს შემდეგნაირად ალაგებენ (რომელი სტილიც, როგორც მივხვდი, ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება ხოლმე). პირველი და მთავარი ხაზი ბავშვსა და გარესამყაროს შორის გაჩენილი გაურკვევლობის გადასალახავად მშობელი, ან მშობლები არიან, რომლებსაც, უარეს შემთხვევაში მასწავლებელი ან მოძღვარი (გააჩნია სუბკულტურას) ანაცვლებს. სწორედ ამ შუალედურ რგოლს აქვს მთავარი და იქნებ, გადამწყვეტიც მნიშვნელობა, როგორ ისწავლის პრობლემებთან გამკლავებას მოზარდი.

როდესაც პირველი მაშველი რგოლი, მოდი ასე დავარქვათ, ფრონტის ხაზის მეკავშირე – მშობელი დროულად არ აღმოჩნდება გვერდით, მოზარდი იწყებს პრობლემასთან მარტო გამკლავებას ან ეძებს მეორე, ნაკლებად უსაფრთხო რგოლის მოძიებას.

როდის არიდებს თავს ბავშვი ამ პირველ რგოლს? როდესაც მშობელს არ სცალია, შვილის საქციელს მუდმივად ამტყუნებს, აგდებით ეპყრობა მის პრობლემას (რომელიც, შესაძლოა ჩვენთვის სასაცილო, ბავშვისთვის კი ქვეყნის დაქცევასავით მტკივნეული აღმოჩნდეს).
ან სულაც უსმენს უგულისყუროდ, მოსმენისთვის და არაკომფორტულად აგრძნობინებს თავს მას.

მეორე რგოლი ყოველთვის მარტივად და ბუნებრივად არ გამოჩნდება ხოლმე. როდესაც მშობლებისგან ფრუსტრაციის გრძნობა გაჰყვება მოზარდს, ის ახალ მეკავშირეს, გრძნობების გამზიარებელს და მომსმენს ეძებს სიფრთხილით, ეჭვით ან უარესი – გაშმაგებით, მინდობით (რითიც ასევე სარგებლობენ ხოლმე მავნე ადამიანები), რა დროსაც მისი იმედგაცრუებების სერია გრძელდება. სხვა შემთხვევაში და კარგ შემთხვევაში, ეს მეორე რგოლი სამეგობრო წრე აღმოჩნდება ხოლმე, სადაც, არცთუ ისე იშვიათად, ერთნაირი განწყობის ბავშვები იყრიან თავს და რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს და ეს რჩევები ძალიან შორსაა ხოლმე ლოგიკურობისგან.

ემოციური თვითგამორკვევის დროს, მოზარდები აუცილებლად საჭიროებენ ამ მაშველ რგოლებს და ამიტომ, ხშირად და უკვე ჩვენს რეალობაში, მესამე მაშველ რგოლად ინტერნეტსივრცე შემოდის, სადაც ინფორმაციის კონტროლი უკვე სრულიად წარმოუდგენელია.

უკონტროლოდ გაზიარებული ცრუ ინფორმაცია, ვარაუდები, ვერსიები და „დამაჯერებელი ტყუილები“ მოზარდის ემოციურ მდგომარეობას საბოლოოდ ანგრევს და ამიტომ ისინი იწყებენ მზა მოდელების ძიებას, ვისაც მიბაძავენ და დაემსგავსებიან – ბავშვები ხდებიან უპიროვნებო ბრბოს ნაწილი, სადაც კონკრეტული ფიგურის ქცევა და ცხოვრების წესი, ყოველ შემთხვევაში, მისი გარეგნული მხარე მოწესრიგებული და თვალისმომჭრელია, მაშასადამე, კარგია და კომფორტული.

ბავშვებისთვის ამ პირველადი ფსიქოლოგიური სტრესის თავიდან ასარიდებლად (და ვინმე თუ მკითხავს, რა საჭიროა თავის არიდება, განა ცხოვრება ბრძოლა არააო, ვუპასუხებდი, მაშინ დავტოვოთ ახალშობილები სამშობიაროში და ტაქსით მოვიდნენ სახლში) აუცილებელია მშობელმა მოიფიქროს შვილის გახსნის მეთოდი, როდესაც ბავშვი ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც მშობელს მოუყვება, მისგან მიიღებს რჩევასაც და დარიგებასაც, როგორც სანდო ადამიანისგან და არა ვიღაც მესამე პირისგან, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში თავად აქვს პრობლემები და უარეს შემთხვევაში, ძალიან არასანდო „კეთილი ბიძაა“.

 

ბავშვების გასახსნელად კი ალბათ კლასიკური და მიღებული მეთოდი, დამეგობრებაა საჭირო, როცა შვილმა იცის, რომ მისი „ცუდი“ საქციელი აუცილებლად კი არ დაისჯება და განიკიცხება, არამედ ყველაფერს ექნება განხილვისა და პრობლემის ერთად დაძლევის ფორმა. თუ თქვენი შვილი ვინმემ დაჩაგრა და თქვენ კი ამის გამო ისევ მას უყვირით, ეს როგორ გაგიბედესო, ცხადია, რომ ბავშვი მეორედ აღარასოდეს გეტყვით მსგავს ამბავს, რომელიც შეიძლება დაუსრულებლად დაგროვდეს.

ამბების მოსაყოლად, მახსოვს, ჩემს ოჯახში საერთო სადილი და ვახშამი გვქონდა, როცა ცხონებული პაპაჩემი ყველას გამოგვკითხავდა, რა მოხდა იმ დღეს საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში. ახლა, ეს მეთოდი აღარ გამოდის – ცხოვრების არეული რიტმის გამო მე და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან იშვიათად ვსადილობთ ერთად. ამიტომ, ასეთ დროდ კვირაში ერთი საღამო ავარჩიე, როცა ჩემი შვილი, მათე იმ კვირის ამბებს მიყვება ხოლმე.

როგორც ჩანს, სწორედ ერთ ასეთ დღეს, როცა ჩავთვალე, რომ „არაფერი დაშავდებოდა“ თუ ჩავაგდებდი, ვერ მომიყვა მასწავლებელზე და მერე, როგორც ხდება, პრობლემა გადამალა ან „დაივიწყა“.

 

პრობლემა კი ასეთი იყო, ალბათ საკუთარი გასაჭირის მქონე პედაგოგმა ჩემი შვილი, რომელიც საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს ხოლმე, რაღაცის გამო ამოიჩემა. ამოჩემებული ბავშვებიც გვინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათესთან მიმართებაში ამოჩემება იყო არაკორექტული, რადგან 8 წლის ბავშვს პედაგოგმა უთხრა, რომ უნიჭო იყო და მასზე დახარჯულ რესურსს სახელმწიფო შესაბამისად ვერ უნაზღაურებდა.

როგორც ჩანს, ამ დიალოგმა ბავშვზე ძალიან იმოქმედა, მისი მოსწრება ფორტეპიანოს ნაწილშიც დაბლა დაეცა და ზოგადად, ხელოვნების ამ დარგის მიმართ გახდა ძალიან გულგრილი.

მე, როგორც გარკვეული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანმა, ჩავთვალე, რომ მუსიკაზე გულაცრუება „ლოგიკური“ ამბავი იყო და შვილის წუწუნს, რომ სკოლას თავი უნდა დაანებოს, ცოტა გულგრილადაც კი შევხედე.

ამბავი კი თავისით და მარტივად გამჟღავნდა. ერთხელაც, ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი შვილი, როდესაც მუსიკალურ სკოლის კარებთან მივიყვანე, ხელი ჩამოვართვი დამშვიდობების ნიშნად და შევამჩნიე, რომ ხელი მსუბუქად უკანკალებდა. მივხვდი, რომ რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამბის გამორკვევა ფრთხილად და მოზომილად დავიწყე.

როგორც თივა ვერ მალავს ცეცხლს, ასე ვერ დამალა თავი ამ ამბავმაც – კლასიდან გადაყვანილ ჩემს შვილს, პედაგოგი დერეფანში დახვდა და საქმის ხმამაღლა გარჩევა დაუწყო, რასაც უკვე სხვა უფროსებიც შეესწრნენ და შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მშობლების ყურამდეც მოვიდა ყველაფერი.

საბედნიეროდ, დირექციის რეაგირება დროული და სწორი იყო, მაგრამ მე რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ მათეს მუსიკისკენ ისევ გული მიბრუნებოდა.

ეს ამბავი ძალიან კარგი მაგალითი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ამის შემდეგ, შვილის პირველ მაშველ რგოლობაზე, პირველ გამზიარებლობაზე დრო ნებისმიერ შემთხვევაში გამომენახა.

ვფიქრობ, რომ მოსმენა, მხარდაჭერისთვის მზაობა, ცრუგანგაშზე ზომიერი და ადეკვატური რეაგირება და პრობლემის ვერმოგვარების შემთხვევაში თქმა, რომ რაღაც შენც არ შეგიძლია, მნიშნელოვანია.

ბავშვს სუპერმენი მამა და დედა კი არა, ადამიანი სჭირდება გვერდით და ფიქრი, რომ „ხვალ მოვუსმენ“ შვილს ალბათ იმას ჰგავს, მაშველი რგოლის მომლოდინე ზღვაში გადავარდნილ ადამიანს გასძახო, ნარდს გავაგორებ და მერე მოგხედავო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი