ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გოგენის ინტერპრეტაციები და „შოკოლადის ფილა“

ხელოვნების გაკვეთილზე შემოსულ მოსწავლეებს კედლებზე გამოფენილი ახალი ნახატები შეუმჩნეველი არასდროს რჩებათ. და მეც ეს წამები მიყვარს, როცა საკუთარ ნამუშევარს თვალებით ეძებენ და როგორც კი მიაგნებენ, სიხარულით აციმციმდებიან. მერე იწყებენ შეფასებას, ვის როგორ უმუშავია. ჩვენი პირველივე შეხვედრიდან ვცდილობ ვაგრძნობინო და დავარწმუნო, რომ ხელოვნებაშია თავისუფლება, რომ ხელოვნება სახალისოა. ჩვენი გაკვეთილები თეორიასთან ერთად ხატვა-ძერწვის გარეშე არ ტარდება, ეს იციან და საჭირო მასალაც მომარაგებული აქვთ. პატარებს უფრო მოსწონთ საკუთარი ნამუშევრები, დიდები კი ეჭვებით მისმენენ, როცა ნახატებს ვუწონებ.

ხელოვნების ოთახში კედლის ნაწილი მეცხრეკლასელების ნახატებს ეთმობა. აქ პოლ გოგენის ორი ავტოპორტრეტით შთაგონებული და ბავშვების მიერ თავისებურად გააზრებული ნამუშევრებია თავმოყრილი. როცა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ამ კუთხეს ათვალიერებენ, პორტრეტებს შორის ერთი „უჩვეულო“ ნახატი ხვდებათ თვალში, რომელიც დიდ სტაფილოსფერ ლაქად აღიქმება, ახლოდან კი ფანქრით დახატულ შოკოლადის ფილას და ფურცელზე ენერგიული ხელით გაკეთებულ წარწერებს არჩევენ: „შოკოლადი მინდა! Alpen Gold, KitKat!“. ნახატის ავტორი მეცხრეკლასელი დათოა. (სურ. 1)

წარწერებს რომ კითხულობენ, ბავშვებს ეღიმებათ. თავიდან უმრავლესობას, განსაკუთრებით მეხუთეკლასელებს, ძალიან უკვირდა, რატომ იყო ხელოვნების კაბინეტში „ბავშვის ნაჯღაბნი“ გამოფენილი. თანაც ასე დიდის, მეცხრეკლასელის.

ავუხსენი, რომ ის, რაც ზოგს „ნაჯღაბნი“ ჰგონია, სულაც არ არის ნაჯღაბნი. ბავშვის ნახატია. უფრო მეტიც – ეს დათოს ერთგვარი ავტოპორტრეტია, რადგან იმ წამს რასაც გრძნობდა, ასე თამამად და ემოციურად გამოხატა. და რომ ეს ძალიან კარგია, ეს ხელოვნებაა, როცა სუფთა ემოციაა გადმოტანილი ფურცელზე საღებავით და ფანქრით, რომ ბავშების ასეთ უშუალო და თავისუფალ თვითგამოხატვას ადრეც და ახლაც ყველა დიდი მხატვარი შენატრის. დათოს ნახატი მარკ როტკოს რომ ენახა, ალბათ ხელებს დაუკოცნიდა. როტკოს მაშინ არც იცნობდნენ, მაგრამ მალევე ფერადი მინდვრების ჯადოქრის ხელოვნება დავათვალიერეთ და აღფრთოვანებულებმა ინტერპრეტაციებიც სიამოვნებით ხატეს.

თუმცა დათოს „შოკოლადი“ არა როტკოს, არამედ პოლ გოგენს უკავშირდება – როცა ის დახატა, შთაგონების წყარო და ფიქრის საბაბი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ავტოპორტრეტები იყო.

რესურსების სიაში ვაშინგტონის ეროვნული გალერეის ვებგვერდი მაქვს ჩანიშნული, სადაც მდიდარ ვიზუალურ მასალასთან ერთად ხელოვნების მასწავლებლებისთვის   თემატურად და ასაკობრივად დაჯგუფებული და დეტალურად გაწერილი გაკვეთილების ძალიან კარგი მოდელებია მოცემული.

ნიმუშად ერთ-ერთი გაკვეთილის სქემა გამოვიყენე, რომლის მიხედვით, გოგენის ორი ავტოპორტრეტის შედარებითი ანალიზის შემდეგ (ვენის დიაგრამის გამოყენებით) მოსწავლეებს შეუძლიათ, კოლაჟის ტექნიკით შექმნან ავტოპორტრეტები სიმბოლური ატრიბუტებით. მშვენიერი იდეა იყო, და რატომაც არა, გარკვეული ცვლილებებით ჩემი გაკვეთილის გეგმას მოვარგე. ვინაიდან ჩემს მოსწავლეებს საღებავებით ხატვის „შიმშილი“ აქვთ, განსაკუთრებით – მერვე-მეცხრეკლასელებს, გადავწყვიტე, ფერში ემუშავათ (ამ „შიმშილზე“ სხვა დროს დავწერ). ავტოპორტრეტები და ინტერპრეტაციები ხატეს. თან კოლაჟისთვის სხვა თემა გვაქვს შემონახული.

გოგენთან კონტექსტში „ეგზოტიკის“ განმარტების გაშლა მოგვიხდა, რადგან, როგორც შევატყვე, ზოგიერთს ამაზე ცოტა ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.

ეგზოტიკა გოგენისთვის ევროპული ცივილიზაციისგან განსხვავებული ტაიტელების პირველყოფილი კულტურა იყო. ჩვენთვის რა არის ეგზოტიკა? მიპასუხეს: ხილი, მაგალითად, ანანასი, პაპაია. ორი ირანელი მოსწავლე გვყავს კლასში, ელენა და ფათემე. ლაზარემ აღნიშნა, აი მათთვის ხომ ქართული სამზარეულო იქნება ეგზოტიკური, ისევე როგორც ჩვენთვის ტრადიციული ირანული კერძებიო. ხილიდან და კერძებიდან დაწყებული საუბარი განვავრცეთ და განვაზოგადეთ – ეგზოტიკაა ბუნება, კულტურა, ცხოვრება, ყველაფერი, რაც უჩვეულო და მშვენიერი გვეჩვენება.

ასე მივყევით და ვათვალიერეთ გოგენის „ველური“ პეიზაჟები და ტაიტელი ქალების პორტრეტები. ერთი გაკვეთილი, რეპროდუქციების თვალიერებით, დაკვირვებითა და მსჯელობით, გოგენის შემოქმედების მიმოხილვას დავუთმეთ: გოგენმა ხატვა პარიზში, იმპრესიონისტებთან ერთად დაიწყო, მაგრამ 1880-იან წლებში ის დასავლეთის ცივილიზაციას რამდენჯერმე გაექცა. ჯერ ბრეტანსა და არლში გაემგზავრა, სადაც ვან გოგს შეხვდა. მერე ოჯახი მიატოვა და საფრანგეთის პოლინეზიაში გადასახლდა, რომ მთელი დრო და არსება ხელოვნებისთვის მიეძღვნა. ამ შორეულ მხარეში გოგენი სამოთხეს ეძებდა, სადაც შეძლებდა შეექმნა სუფთა, „პრიმიტიული“ ხელოვნება. გოგენის გაბედულმა სტილმა, ემოციების ძლიერი ფერით გამოხატვამ და ეგზოტიკური თემებით გატაცებამ მეოცე საუკუნის ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მეორე გაკეთილზე „ავტოპორტრეტი შარავანდედით“ (1889) ვნახეთ, საიდანაც გოგენის სევდა და მელანქოლია გვიმზერს. (სურ. 2)

აქცენტი დეკორატიულ საწყისზეა, რადგან მხატვარმა ეს სურათი თავდაპირველად ხის კარის მოსართავად დახატა. თურმე იმ სასტუმროს მფლობელმა, სადაც გოგენი მეგობრებთან ერთად დაბინავდა, მას კედლების და ავეჯის გაფორმება შესთავაზა. გოგენმა მუხის კარადის კარი სიმბოლოებით სავსე პორტრეტით მოხატა. ნახატი ყვითელი და წითელი ფერების ორი ფერადოვანი სიბრტყისგან შედგება. გოგენმა თავისი სახე, თავზე შარავანდედით, ცდუნების ქრისტიანულ სიმბოლოებს, ვაშლსა და გველს შორის გამოსახა. მხატვარი მხოლოდ თავს და ერთ ხელს გვიჩვენებს. თავი თითქოს ჭრის კაშკაშა სიბრტყეებს. სახე კლდეს ემსგავსება, სტილიზებული მწვანე მცენარის თაღებში იჭედება. ნუთუ ასეთია სამოთხის ბაღი? როგორი ავტოპორტრეტია, სხვა ჩვენთვის ნაცნობ ავტოპორტრეტებს ჰგავს? ნახევრად ანგელოზია, ნახევრად ეშმაკი? იქნებ აქ სულ სხვა მაგიაა, მაგია მხატვრობის, შემოქმედის ძალის გამომხატველი?

მოსწავლეებს ვთხოვე დაფიქრებულიყვნენ და ნახატში არსებული სიმბოლოები ამოეცნოთ. პირველი კომენტარი იყო, ეს კარიკატურას უფრო ჰგავსო. გოგენის ერთმა მეგობარმაც ხომ ასე შეაფასა ეს ნახატი. ნელ-ნელა სიმბოლოები ამოიკითხეს, რომლებიც კეთილს და ბოროტს, სამოთხეს და ჯოჯოხეთს დაუკავშირეს. გოგენს ხელში გველი უჭირავს, რომელმაც ევა აცდუნა, სამოთხის ბაღში აკრძალული ვაშლი გაესინჯა. ადამმა და ევამ კეთილი და ბოროტი ამ გზით შეიცნეს. გოგენის თავზე გამოსახული შარავანდედი სიწმინდის სიმბოლოა, ანგელოზებსა და სამოთხეზე მიგვანიშნებს. წითელი ფონი შესაძლოა ცეცხლის და ჯოჯოხეთის ნიშანი იყოს. ან შემოქმედებითი ენერგიის სიმბოლო.

მეორე ავტოპორტრეტიც ვნახეთ, რომელიც გოგენმა დაახლოებით იმავე დროს დახატა (1888 წ.), და თავის მეგობარ ეჟენ კარიერს აჩუქა. (სურ. 3)

აქ სულ სხვანაირი გოგენია. არც მელანქოლიაა, არც სიმბოლიზმი. თავიც მხრებზე დგას. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მახვილი მზერა. ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იშლება, განსხვავებით პირველი ავტოპორტრეტის ფერადი სიბრტყეებისგან.

გოგენის ავტოპორტრეტების გაცნობის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, მათ ინტერპრეტაციებზეც ეფიქრათ და, როგორც შეძლებდნენ, სიმბოლოების გამოყენებით საკუთარი პორტრეტები დაეხატათ. ისე, რომ თავიანთი ხასიათი, ნიჭი, გემოვნება მინიშნებებით გადმოეცათ. ვთქვათ, თუ ფოტოგრაფია იტაცებდათ, შეეძლოთ დაეხატათ ფოტოაპარატი, მუსიკალური ნიჭი თუ ჰქონდათ – მუსიკალური ინსტრუმენტები ან სულაც მათი დეტალები ან საყვარელი სიმღერა გაეხსენებინათ და ის ემოცია გადმოეცათ. ახლობელ ადამიანებზე, მეგობრებზე ეფიქრათ, ნახატში ისინიც ჩაერთოთ. წარმოსახვა გაეთავისუფლებინათ, ფერებისთვის, დეტალებისთვის, ადგილებისთვის, საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის, საგნებისთვის ცოტა სხვა თვალით შეეხედათ და საკუთარი პიროვნება სიმბოლოებით გამოეხატათ. ხატვის დროს შეეძლოთ გამოეყენებინათ, რაც გაუხარდებოდათ: ფანქრები, პასტელები, საღებავები, მარკერები.

ასე დახატა დათომ თავისი „შოკოლადი“, რომელიც იმ წამს ყველაზე ძალიან უნდოდა – ალპენ გოლდი და კიტკეტი. ასე გამოხატა საკუთარი „მე“ (სურ. 1).

მარიამმა, ნიკამ და საბამ გოგენის ავტოპორტრეტების ინტერპრეტაცია ამჯობინეს (სურ. 4, 5, 6).

ნინომ, თათულიმ და გიომ საკუთარი ავტოპორტრეტები შექმნეს (სურ. 7, 8, 9).

 

დასრულებული ნახატები ხელოვნების ოთახში გამოვფინეთ. მოსწავლეები ახლაც ხშირად უბრუნდებიან, გოგენს იხსენებენ, საკუთარ და მეგობრების ნამუშევრებს ხალისით განიხილავენ.

 

გამოყენებული რესურსები:

Paul Gauguin Google Images

The National Gallery of Art

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი