ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ეფექტური სწავლებისთვის

მასწავლებელს მუშაობის პროცესში უამრავი სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის დაბრკოლების გადალახვა უწევს. ეს ბუნებრივია და ამისთვის სტუდენტობიდანვე ამზადებენ პედაგოგობის მსურველებს, თუმცა თეორიული ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი რეალური ხიფათების გადასალახავად. პრაქტიკული პრობლემები ყოველთვის უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია, მაგრამ ყოველი დაძლეული წინააღმდეგობა პროფესიულ უნარებს ზრდის და მასწავლებლის გამოცდილებას ამდიდრებს. ეს გამოცდილება კი უმნიშვნელოვანესია სწავლებისას.

ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მასწავლებლისთვის მაინც რუტინასთან ბრძოლაა. დღეს სამყარო, თავისი ყოველდღიურად მზარდი ტექნოლოგიური განვითარებით, უამრავ თვალ-გულ გასახარებელსა და გასართობს სთავაზობს მოსწავლეს, რომლისთვისაც ნებისმიერ სიახლესთან ზიარება მნიშვნელოვანია.  მასწავლებელიც უნდა ეცადოს, რომ  სწავლების მეთოდები, ხერხები თუ სტრატეგიები არ დააძველოს, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ გამუდმებული პროფესიული ზრდა თავის ყოველდღიურობად აქციოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში არც მისთვის და არც მოსწავლეებისთვის გაკვეთილი აღარ იქცევა რუტინად.

რა თქმა უნდა, პედაგოგის ძალისხმევას ხშირად არ მოჰყვება სწრაფი შედეგი, მაგრამ სწავლების სხვადასხვა ხერხისა და მეთოდის ძიება, სხვა კოლეგათა გამოცდილების გაზიარება, თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენება მის მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს.

ერთი უცხოელი მასწავლებელი ჰყვება, როგორ მიიწვია კოლეგამ გაკვეთილზე სახელწოდებით „ერთწინადადებიანი პროექტი“. მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს კრიტიკულად დაფიქრებულიყვნენ თავიანთ როლზე მსოფლიოში და განესაზღვრათ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინათ – ოღონდ სათქმელი ერთ წინადადებაში ჩაეტიათ. მასწავლებელმა ნება დართო, გამოეყენებინათ გრაფიკული სქემები, ასოციაციური რუკები თუ სხვა ინსტრუმენტები, რათა საბოლოო შედეგამდე მისულიყვნენ, მაქსიმალურად დაეწურათ, დაეხვეწათ და ისე ჩამოეყალიბებინათ მიზანი.

მასწავლებელმა თავიდან გონებრივი იერიშის მეთოდი გამოიყენა და იკითხა, ხომ არ ჰქონდათ შეთავაზებულ დავალებასთან დაკავშირებული კითხვები. ერთმა მოსწავლემ დაიჩივლა, რომ ერთ წინადადებაში სათქმელის ჩამოყალიბება რთული იყო და გაუძნელდებოდა, უკეთესი იქნებოდა, თუ მეტის დაწერის უფლება ექნებოდათ.  თუმცა მასწავლებელს დავალება არ შეუცვლია. ამან დააფიქრა ფასილიტატორი  ჩაღრმავებოდა თავისი პროფესიული ზრდის მიზნებს. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც აწყდებოდა, იყო ბალანსის დაცვა ძალისხმევასა და ეფექტურობას შორის.  უმნიშვნელოვანესია, რომ მასწავლებლის მუშაობამ იქონიოს მაქსიმალური ზეგავლენა მოსწავლეებზე, თანაც ისე, რომ პედაგოგსაც შეუნარჩუნდეს ენერგია. მასწავლებლები ხომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაისახონ მიზნები, რომლებიც რთული განსახორციელებელია,  მაგრამ განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია.

როგორც მოსწავლეები ცდილობდნენ რამდენიმე სიტყვაში მოექციათ თავიანთი უმნიშვნელოვანესი განზრახულობა, მასწავლებელმაც მოკლედ და ეფექტურად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტები, რათა ძალისხმევამ და შრომამ რეალური შედეგი გამოიღოს. ამისთვის კი აუცილებელი და საჭიროა პრაქტიკა, მოთმინება და ზედმიწევნით დაგეგმვა, ზოგიერთი ხერხი კი ამ პროცესს გააადვილებს.  უპირველესია დროის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება. მაგალითად, პროექტით სწავლებას ხშირად მიმართავენ პედაგოგები. სანამ პროექტის შესრულებასა თუ ინიციატივის რეალიზებას შეუდგებით, უნდა წინასწარ წარმოიდგინოთ სარგებელი. თუმცა ეს კონცეფცია ხშირად ფინანსებთან დაკავშირებით გამოიყენება, მაგრამ ეს შეიძლება დროის გამოყენებასა და ხარჯვასთანაც დავაკავშიროთ. ყველამ კარგად იცის, რომ დრო უძვირფასესი რესურსია პედაგოგისთვის.  ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითი დროის არასწორი გამოყენებისა ისაა, რომ თავიდანვე გამოიკვეთენ ხოლმე მიზნებს, წინასწარ მოსამზადებელი ფიქრის გარეშე. თუ პედაგოგი დარწმუნებული არ იქნება იმაში, თუ რის მიღწევა სურს (იგულისხმება, განიხილავს თუ არა დაგეგმილ ამოცანებს სხვა საკლასო თუ  სასკოლო აქტივობების კონტექსტში), მაშინ პროექტი განწირული იქნება კრახისთვის. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიზნობრივი განხილვები, თვალსაზრისები საჭიროა. ამგვარი  ვარაუდების გამოთქმა და ჩაწერა, მაგალითად, იმისა,  რომ,  თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მოსწავლეებს ეცოდინებათ ესა და ეს,  მხოლოდ ფორმალური მიდგომა იქნება, ეს შეიძლება მხოლოდ ორიენტირად გამოგვადგეს ამოცანების შემდგომ უფრო ცხადად  ჩამოყალიბებაში.

ნებისმიერი საქმის ეფექტურობისთვის, კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ ამოცანები იყოს მარტივი, რათა მათი შესრულება  შეიძლებოდეს. თუ ამოცანა რთულია, მის განსახორციელებლად კი დიდი შრომაა საჭირო, ისეთი, რადაც არ ღირს სავარაუდო შედეგი, მაშინ იგი უნდა გამარტივდეს. ხანდახან შეიძლება ამოცანათა სირთულე, ერთი შეხედვით, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდეს, თუმცა ხანგრძლივ დროს მოითხოვდეს.  პროექტი არ უნდა იქცეს ხაფანგად. ცნობილია „ძმები რაიტების ეფექტის“ ფენომენი. ამ ძმებს ჰქონდათ ძალიან ნათელი მიზანი: შეექმნათ პირველი საფრენი აპარატი. მათ იცოდნენ, რის მიღწევა სურდათ და, მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი სამუშაოები ჰქონდათ განსახორციელებელი, არ შეყოყმანებულან ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამ მეთოდის სკოლებში გამოყენება ეფექტური იქნება. გზა მუდმივი განვითარებისკენ, რა თქმა უნდა, რთულია. მიზანზე კონცენტრირება და ყოველგვარ ყურადღების გამფანტავ საქმეებზე უარის თქმა აიოლებს ამოცანას.

 

რა ქმნის გამორჩეულ მასწავლებელს? იდეალურ პედაგოგს რომელი უფრო მეტად წარმოაჩენს: პროფესიული ოსტატობა თუ პიროვნული მომხიბვლელობა? ამ თემას იკვლევს ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებელი, არიელ საქსი, რომელიც ცდილობს გამოკვეთოს შესანიშნავი პედაგოგის დამახასიათებელი თვისებები. მისი აზრით, მხოლოდ მომხიბვლელობისთვის ღირებულების მინიჭება მითია. იდეა, რომ დიდებული პიროვნება შეიძლება იყოს დიდებული მასწავლებელი _ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.  საქსმა თვალყური მიადევნა, დააკვირდა იმ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში სწორედ ამ თვალისმომჭრელი პიროვნულობით გამოირჩეოდა. პირველ გაკვეთილზევე შეამჩნია, რომ იგი არ მისდევდა ინსტრუქტაჟს, სასკოლო გეგმას და ერთგვარი თავისუფალი თემის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ  მალე მოსწავლეთა ყურადღება შესუსტდა და პედაგოგის პიროვნულობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლეებს წარმატებისთვის მიეღწიათ.  საქსმა გამოკვეთა ხუთი მნიშვნელოვანი პრინციპი:

  • საკუთარი თავის აღქმა-გაცნობიერება, როგორც მასწავლებლისა;
  • გააზრება სასწავლო პროცესისა;
  • მოსწავლეთა საჭიროებების გაცნობიერება;
  • მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის გააზრება;
  • კონტექსტის გაცნობიერება.

ასე რომ, თუ მასწავლებელს ბუნებამ არ დაანათლა ქარიზმატულობა და პიროვნული მიმზიდველობა, მას მაინც აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს გამორჩეული, თუ მოსწავლეებს აღიქვსმს, როგორც პიროვნებებს და გაუგებს მათ, ე.ი. იმგვარ ურთიერთობას დაამყარებს, რომელიც პატივსცემასა და ურთიერთაღიარებაზე იქნება დამყარებული.

სწავლება, რომელიც მოსწავლეზეა  ორიენტირებული,  არ გულისხმობს მასწავლებლის როლის უგულებელყოფას. პედაგოგი არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ საკუთარ თავსაც უნდა იკვლევდეს, აფასებდეს, გამოკვეთდეს სუსტსა და ძლიერ მხარეებს. ამგვარი დიაგნოსტიკა შეუწყობს ხელს, თვითონვე დასახოს თავისი განვითარების გზები, მოიძიოს ის საშუალებები რომლებიც ნაკლოვანებათა აღმოფხვრაში დაეხმარება.

ამერიკელი მასწავლებლის, შენონ მაკგრატის აზრით, როცა მოსწავლეებს რაიმე კარგად არ ესმით, არ არის აუცილებელი, რომ მასწავლებელმა ახსნა-განმარტებას დიდი დრო დაუთმოს. თუ მხოლოდ პედაგოგია ერთგვარი „ენციკლოპედისტის“ როლში, მოსწავლე ეჩვევა, რომ მხოლოდ მასწავლებელია ინფორმაციის წყარო, ერთგვარი სასწავლო რესურსი, ისინი კი მხოლოდ მომხმარებელნი არიან. როგორ შეიძლება, რომ ამის ნაცვლად მოსწავლემ დამოუკიდებლადაც შეძლოს შემეცნების გზაზე სიარული და პედაგოგი მხოლოდ ეხმარებოდეს? როგორ შეიძლება მათი იმგვარი „იძულება“, რომ პრობლემაზე მასწავლებელზე მეტი ილაპარაკონ? შეიძლება, გაკვეთილი დაიწყოს პირდაპირ რაიმე თემასა თუ პრობლემაზე მოსწავლეთა მსჯელობით, მათემატიკის გაკვეთილზე _ ამოცანის ამოხსნით და სხვა. ახსნა-განმარტების ნაცვლად მასწავლებელმა მეტი სააზროვნო კითხვა უნდა დასვას. როცა მოსწავლეს რაიმეს გაგება უჭირს, მასწავლებელი ავტომატურად, ინსტიქტურად იწყებს ახსნას, რაც შეიძლება უფრო ნათლად და მარტივად, მაგრამ შეიძლება შედეგს მაინც ვერ მიაღწიოს. ამ შემთხვევაში, ოსტატურად მოფიქრებულმა, კონტექსტის მიხედვით გათვალისწინებულმა კითხვებმა შეიძლება მეტად გაჭრას. თანაც, ისეთი კითხვები უნდა მოიფიქროთ, რომლებიც მოსწავლეში გააქტიურებენ აზროვნების წყურვილს, სტიმულს მისცემენ კოგნიტური უნარების განვითარებას. არ არის საჭირო საკუთარ თავს ისე მიენდოთ, რომ სპონტანურად მოიფიქროთ კითხვები. ამგვარმა თავის იმედად ყოფნამ ხშირად შეიძლება არ გაამართლოს, რადგან ასეთ მიზანმიმართულ კითხვებს, რომლებიც არა უბრალოდ ფაქტისა და მოვლენების ცოდნაზე, არამედ ანალიზის უნარებზეა გათვლილი, კარგად სტრუქტურირება სჭირდება, თანაც შეიძლება ინდივიდუალურადაც მოუფიქროთ მოსწავლეს საგანგებოდ მისთვის შედგენილი კითხვები. ჯგუფთან ან მთელ კლასთან მუშაობისას ხელში შეიძლება გეჭიროთ კითხვების ფურცელი. ერთი შეხედვით, მარტივმა და უბრალო კითხვებმა შეიძლება ბიძგი მისცეს ღრმა ანალიზს. სასურველია, რომ მოსწავლეები ერთმანეთთან მუშაობას მიეჩვიონ, ამიტომ ხშირად დაავალეთ სწორედაც ერთმანეთს დაუსვან მსგავსი კითხვები: რას ფიქრობ ამაზე? რა კითხვა გაქვს ამასთან დაკავშირებით? შეგიძლია შენს კითხვას თვითონვე უპასუხო? დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება სწავლების იმგვარი კულტურა, როცა მოსწავლეები გასარკვევ საკითხზე ჯერ ერთმანეთს დაელაპარაკებიან და პირდაპირ მასწავლებელს აღარ მიმართავენ დასახმარებლად.  ამ გზაზე პირველ ნაბიჯად კი შეიძლება იქცეს იმაში გარკვევა, თუ რა მნიშვნელოვანია კითხვის დასმა სასწავლო პროცესში. მისი საშუალებით, უპირველეს ყოვლისა, გამოიკვეთება თვალთახედვის სხვადასხვა რაკურსი, განსხვავებული შეხედულება. საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა მოსწავლეს ეხმარება, რომ გააკონტროლოს თავისი სააზროვნო უნარი და სწავლის მიმდინარეობა. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს კონტექსტური და ფუნქციური კითხვების დასმას. ამგვარად ჩამოუყალიბდება მას კრიტიკული აზროვნების  უნარი. ამგვარად, სწავლების ეფექტურობის მისაღწევად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი