პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გაკვეთილსა და მოსწავლეზე ფიქრის დრო

ჟურნალ „მასწავლებელს“, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრა.

2019 წელს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმა რომ შევაჯამოთ, რომელ საკითხებს გამოყოფდით? რა გაკეთდა ისეთი, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის განათლების სისტემაზე?

ჩემი აზრით, განათლების რეფორმა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეფორმა, შეუძლებელია დასრულდეს. სრულდება მისი მხოლოდ რომელიმე ეტაპი. თუ საგანმანათლებლო საზოგადოება მიიჩნევს, რომ განათლების რეფორმა დასრულდა, ესე იგი, მას სერიოზულად არ აღიქვამს. უბრალოდ, რეფორმის ესა თუ ის ეტაპი კონკრეტულ პერიოდშია პრიორიტეტული, მერე კი აქტუალობას კარგავს და სხვა ცვლილებები უნდა დაიწყოს.

მაგალითად, თავის დროზე მასწავლებლის სქემა ეფექტიანი მექანიზმი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში პრიორიტეტები  შეიცვალა. შარშან, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია დავიკავე, შევაფასეთ რეფორმის ეს ეტაპი. გავედით ველზე, ჩავატარეთ კვლევა, ორგანიზება გავუკეთეთ 19 ფოკუსჯგუფს, ვკითხეთ მოსაზრებები მასწავლებლებს და მომავალი წლიდან, ამ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ამოქმედდება რეგულირების სახეცვლილი წესი, საიდანაც ამოღებული იქნება ის კომპონენტები, რომლებმაც სქემაში სუსტად იმუშავა ან მორალურად მოძველდა, თუნდაც თვითშეფასების კითხვარი, რომელიც სავალდებულო აღარ არის, გარე დაკვირვება, კრედიტების დაგროვების სისტემა.

2019 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგად მომსვლელი მასწავლებლებიც კმაყოფილები დარჩნენ და წამსვლელებიც. ხანდაზმულ მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, თავი ღირსეულად ეგრძნოთ. მათი უმრავლესობა წლების განმავლობაში, დარსა თუ ავდარში, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდა… ჩვენ არ დაგვისვამს აქცენტი მასწავლებლის ასაკზე, ასაკის გამო პედაგოგები სკოლიდან არ წასულან; აქცენტი დაისვა კვალიფიკაციაზე. ჩვენი გზავნილი მარტივი იყო: საპენსიო ასაკის იმ   პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მიიღეს ორი წლის ჯილდო და შეუნარჩუნდათ ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მას, ვისაც არ უნდოდა პროფესიიდან წასვლა, ორჯერ მიეცა გადამზადებისა და გამოცდაზე გასვლის შანსი და ამის შემდეგაც არავის გაუშვია სკოლიდან – მიეცათ საშუალება, დაგროვილი კრედიტქულები არ დაეკარგათ.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 6100 პედაგოგის პროფესიიდან გასვლამ გამოიწვია – საქართველოს ისტორიაში პირველად – სისტემაში „ახალი სისხლის“, 2400 ახალი მასწავლებლის შემოსვლა. პირველად გაჩნდა იმის განცდა, რომ სკოლა არ არის ჩაკეტილი წრე და რომ ადამიანებს შეუძლიათ მასწავლებლის პროფესიის დაუფლება. არადა, სულ რაღაც 2-3 წლის წინ ახალგაზრდები ფიქრობდნენ: რატომ უნდა გავხდე მასწავლებელი, თუ სკოლაში ვერ ვიმუშავებ, ვერ დავსაქმდები…

სიამაყით აღვნიშნავ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მეთვალყურეობდა კონკურსანტების მიღების პროცესს 2083 საჯარო სკოლაში, სადაც დეფიციტი გამოცხადდა. ძალიან ბევრს გაუჩნდა სამართლიანობის განცდა, განცდა, რომ მათი ცოდნა, უნარები დაფასდა, რომ სამსახური მიიღეს მხოლოდ საკუთარი კვალიფიკაციის წყალობით.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიაში ახლა შემოვიდნენ?

რეგიონებში და ნაწილობრივ თბილისშიც კერძო სკოლების საკმაოდ ბევრმა მასწავლებელმა მოინდომა საჯარო სკოლებში გადმოსვლა. მოვიდნენ ისინიც, ვინც ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი და მაძიებლობა სურდა და ისინიც, ვისაც ჩაბარებული ჰქონდა საკვალიფიკაციო გამოცდა, მაგრამ მიზეზთა გამო სამსახური ვერ იპოვა.

არ დამავიწყდება ერთი ქუთაისელი გოგონა, რომელიც გასაუბრებაზე ვნახე. ასეთი ინგლისურით მოსაუბრე ქართველი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ბოლო ხუთი წელი ამაოდ ცდილობდა სკოლაში დასაქმებას… როდესაც მიიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა. ყველა კონკურსანტი, ისიც კი, ვინც ამ ვაკანსიის მიღმა დარჩა, გახარებული იყო იმით, რომ ეს ადგილი ღირსეულმა ადამიანმა დაიკავა.

საიტ www.pedagogi.ge-ს დავამატეთ ველი, სადაც ჩანდა, რამდენი მსურველი იყო დარეგისტრირებული სკოლების მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ ვაკანსიებზე, რათა სკოლის დირექტორს არ ეთქვა, რომ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბევრმა დირექტორმა მადლობა გვითხრა მასწავლებელთა შერჩევის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის.

მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ესტუმრებიან სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა თუ სხვა მმართველი რგოლების თანამშრომლები, მით უფრო უკეთესად გავიგებთ სკოლის მაჯისცემას და მასწავლებლის სატკივარს.

ასევე, მნიშვნელოვან მონაპოვრად მიმაჩნია მასწავლებლის ეროვნული სკოლა. საქართველოში არის 2083 საჯარო სკოლა, საიდანაც 1000-ში 100 ბავშვზე ნაკლები ირიცხება. შესაბამისად, საათებიც მწირია და ანაზღაურებაც. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 5-6 საათისთვის მასწავლებელი ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდეს. ხელფასის 30-40% მას დამატებით ეძლევა სკოლისთვის შესრულებულ სოციალური პროექტებში, დამრიგებლობასა და სხვა აქტივობებში. ამიტომ ჩვენმა ანალიტიკურმა სამსახურმა და სქემაზე მომუშავე ჯგუფმა გააანალიზა მონაცემები, ჩაატარა მოდელირება, საქართველოს ყველა რაიონი ორჯერ შემოვიარეთ და სანამ განათლების სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდით, ამა თუ იმ სკოლიდან მასწავლებელი რომ წავიდოდა, რამდენ საათზე შეიძლებოდა შექმნილიყო დეფიციტი და რით აპირებდა სკოლა ამის დაბალანსებას. მეზობელი სკოლებიც კი დავაკავშირეთ ერთმანეთთან და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მასწავლებლებით.

რამ წარმოშვა მასწავლებლის ეროვნული სკოლის საჭიროება და როგორი იქნება ამ სკოლის შინაარსი და ფუნქცია?

ჩვენ მოვახერხეთ სექტემბერში 6100 პედაგოგის პროფესიიდან გასვლით გამოწვეული დეფიციტის შევსება, მაგრამ იანვარში რომ კიდევ ერთხელ გავლენ მასწავლებლები პროფესიიდან და ჯილდოთი ისარგებლებენ, ამის შედეგად მოსალოდნელი დეფიციტის შესავსებად რესურსი უკვე აღარ რჩებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ რეფორმა, რომელიც წელს გავატარეთ, ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით 30 წლითაა დაგვიანებული. შეხედეთ მასწავლებლის საშუალო ასაკს, განსაკუთრებით – სპეციალობების მიხედვით, და დარწმუნდებით, რომ 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რომ ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, სპორტის მიმართულებით განათლებაში დეფიციტი შევსებულიყო.

ჩვენ ვა-ბანკზე კი არ წავსულვართ, არამედ ვკითხეთ საზოგადოებას: დაინტერესდებით თუ არა მასწავლებლის პროფესიით? როგორც კი მთავრობამ განაცხადა, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 1800 ლარი გახდებოდა, ბევრი გონიერი ადამიანი დაფიქრდა. მაგალითად, ბანკის ბევრი თანამშრომელი მათემატიკოსად დარეგისტრირდა. ტრენერებმა, რომლებსაც ამ ადამიანებთან  ჰქონდათ ურთიერთობა, განაცხადეს, რომ ძალიან საინტერესოა მათთან მუშაობა, რადგან ეს ხალხი ღიაა ახალი ცოდნისა და უნარებისთვის.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დირექტორთა ეროვნული სკოლის შექმნას. დღეს უნივერსიტეტებში ბევრი ახალგაზრდა სწავლობს განათლების ადმინისტრირებას და ისინი ძალიან პერსპექტიულები არიან, მაგრამ არ არიან მზად, გახდნენ სკოლის დირექტორები. ამას სხვა გამოცდილება, ცოდნა, თავდაჯერება სჭირდება. ვიფიქრეთ, რომ რადგან დრო გვაქვს სექტემბრამდე (როდესაც ვადა გასდის დირექტორთა სერტიფიკატებს), გავხსნათ სკოლა, რომლის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და პრაქტიკას გაივლიან სიპებში, განათლების სამინისტროში, სკოლებში, მასწავლებლის სახლში.

ჩვენი კიდევ ერთი მიღწევა ის არის, რომ ვქმნით დირექტორის სრულიად ახალ სტანდარტს. მასზე მუშაობა რომ დავიწყეთ დირექტორებთან ერთად. ამ სტანდარტის შექმნაში სწორედ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა და არ მივმართოთ, ვთქვათ, ფინეთის დირექტორთა სტანდარტის კოპირებას, რადგან ჩვენი რეალობა სხვაგვარია. გვინდა, გამოცდები და სერტიფიცირება ამ ახალ სტანდარტს დაეფუძნოს.

 ახალი სკოლის მოდელი? რა შეგიძლიათ თქვათ მასზე?

ახალი სკოლის მოდელის ფუნდამენტური შეფასება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ პირადად მე ძალიან ბევრ სკოლაში მივედი, ვესაუბრე ბავშვებს, მშობლებს. დაწყებით კლასებში მოსწავლეებმა მითხრეს, რომ უხარიათ გაკვეთილზე ყოფნა და ვერც კი იგებენ, როგორ გადის დრო. ამაზე დიდი წარმატება შეუძლებელია. შესაძლოა, განათლების სპეციალისტებმა ბევრი ვიდავოთ გაკვეთილის კონსტრუირებაზე, მაგრამ, რაც თავად ვნახე, პროექტში ჩართული მასწავლებლების უმეტესობა უფრო ხალისიანად მუშაობს. გაკვეთილი მათთვის აღარ არის რუტინა და ბავშვებსაც უხარიათ სკოლაში მისვლა.

სხვათა შორის, ჩვენი ინიციატივაა, სისტემის არქიტექტურაში ჩაშენდეს ახალი სტრუქტურული ერთეული – საშუალო მენეჯმენტის რგოლი როგორც სასკოლო, ისე სისტემის დონეზე. ეს იქნება რესურსცენტრთან არსებული ჯგუფი, რომელსაც, ალბათ, ჩვენც გავუწევთ კოორდინაციას. მაგალითად, ვარ ჩხოროწყუს რაიონის რომელიმე სოფლის მასწავლებელი და მჭირდება დახმარება – უნდა არსებობდეს სტრუქტურა, სადაც მე ამ დახმარებას მივიღებ. სკოლაში უნდა იყოს თანამშრომლების ჯგუფი, ის ადგილზე მოგვეხმარება. თუ ჩვენ არ შევიხედეთ 45 000 საკლასო ოთახში მთელი საქართველოს მასშტაბით, ვერასოდეს გავიგებთ, როგორი მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია გვყავს.

ერიკ ჰანუშეკი, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამბობს, რომ ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყანაში კი ერთ დოლარს ასიც რომ დაამატო, შესაძლოა, არაფერი შეიცვალოს. ჰანუშეკის თქმით, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ხარჯავ, არამედ იმას, რაში ხარჯავ და ეს თეორია კვლევებით დასტურდება.

ზემოთქმულს რომ დავუბრუნდეთ, ჩხოროწყუს სოფლის მასწავლებელი დახმარებისთვის თბილისში კი არ უნდა ჩამოვიდეს, არამედ რესურსცენტრის დონეზე უნდა არსებობდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელთანაც მივა და თავის კითხვებზე პასუხს მიიღებს. სკოლებში უნდა არსებობდეს საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რესურსცენტრის დონეზე – მენეჯმენტის რგოლი და მასწავლებლის სახლის ექსპერტი. ამ სამ რგოლს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.

 გარე პროვაიდერებს ნაკლებად ვენდობით თუ რატომ არის ეს ყველაფერი ჯერჯერობით იდეების დონეზე და რაღაც სერვისები მაინც ვერ გავიტანეთ თამამად გარეთ?

ჩვენ გვაქვს დეცენტრალიზაციის პროგრამა, გვაქვს დებულება, პორტალი, წესი, ყველაფერი გამართულია როგორც ტექნიკურად, ისე იურიდიულად და ელოდება ფინანსთა სამინიტროს გათვლას, რომ გავიგოთ, რა თანხა დაგვჭირდება კონკრეტული ტრენინგებისთვის. ჩართვა დაგვიანდა იმიტომ, რომ სქემიდან გადავედით მასწავლებლის რეგულირების წესზე. ამ წესმა უნდა განსაზღვროს, რა ტიპის და რამდენი ტრენინგი უნდა გაიროს მასწავლებელმა. ეს შეუზღუდავი რაოდენობის ვერ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო თანხებთანაა დაკავშირებული.

მასწავლებლის რეგულირების წესში იქნება  ასეთი ვალდებულება: უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის დაენიშნებათ ტრენინგის კონკრეტული რაოდენობის საათები.

 გეთანხმებით, საჭიროებები უნდა დაზუსტდეს და ტრენინგები ამას უნდა მოერგოს, მაგრამ ხომ არსებობს სხვა საკითხებიც, სადაც სისტემაში დეფიციტი შეინიშნება, მაგალითად, ღირებულებითი განათლების, უსაფრთხო სკოლის კუთხით?

სახელმწიფო მასწავლებელს ასეთ რამეს სთავაზობს: ჩვენ დავადგენთ, რაში ისურვებდნენ ისინი გადამზადებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხო სკოლა, მეორე – ინკლუზია, მესამე – პრაქტიკის კვლევა, მეოთხე – ისტი და ა.შ.

თანამედროვე განათლების ექსპერტები ნაკლებად ახსენებენ სიტყვა „ბულინგს“.                         ნაცვლად ამისა, ამბობენ „პოზიტიური ქცევის განმტკიცებას“. სამომავლოდ პოზიტიური ქცევის განმტკიცებაზე უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მშობლებში, მასწავლებლებში, დირექციაშიც.

ტრენინგების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – ყველაფრისთვის მზად ვართ. მალე მასწავლებლის რეგულირების ახალი სქემა გამოქვეყნდება. მასში გაწერილი იქნება, რა რაოდენობის პროფესიული განვითარების საათი დაენიშნება ამა თუ იმ სტატუსის მასწავლებელს და როდესაც ფინანსთა სამინისტრო დათვლის ამ თანხას, პროცესიც დაიწყება.

 ცენტრში მიმდინარე რომელი პროგრამები გაგრძელდება? ხომ არ სჭირდებათ მათ გადახალისება, ფორმატის შეცვლა? ხომ არ იგეგმება ახალი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელობას შესძენს ცენტრის შინაარსს?

ცენტრში მოქმედი ყველა პროგრამა გააგრძელებს ფუნქციობას ახალი სამუშაო გეგმებით და მასწავლებელთა საჭიროებებს მორგებული აქტივობებით.

სიახლე, რომლითაც თავს მოვიწონებდი, არის მასწავლებლის მხარდაჭერისა და პროფესიის პოპულარიზაციის პროგრამა და ის ოცდაერთამდე ნომინაცია, რომელიც შემუშავდა ღირსეული და ამაგდარი მასწავლებლების დასაჯილდოებლად. ეს კარგი ნაბიჯი იყო პროფესიის პოპულარიზაციისთვის. ეს გახლდათ ერთგვარი გზავნილი ახალგაზრდა პედაგოგებისთვისაც, რომ მათი შრომა ყოველთვის დაფასდება.

რაც შეეხება ცენტრის სხვა პროგრამებს, ვფიქრობ, ჩვენ შევცვალეთ მიდგომა მათ მიმართ. თითოეული პროგრამის დეგეგმვისას, მოვიწვიეთ კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, უნივერსიტეტებიდან, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურიდან და მათთან ერთად ვიმსჯელეთ. მომავალ წელს ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ასევე, გვინდა შევაფასოთ თითოეული პროგრამის ეფექტიანობა, რაც ძალიან რთულია. განათლებაში დანახარჯის სარგებლიანობის მოდელი უფრო ამართლებს, სარგებელი კი შეიძლება გამოჩნდეს 11, 15, 20 წლის შემდეგ. იმავე წელს მას ვერ გაზომავ.

ჩვენი ცენტრის თანამშრომლების ახალი ინიციატივაა დისტანციური სკოლა. თანამედროვე ბავშვს მხოლოდ წიგნში შეტანილი მასალით ვეღარ დააინტერესებ.

მეამაყება „ჩხირკედელას“ პროექტიც. სკოლებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გრანტების მოძიება. მაგალითად, დღეს საჩხერის მეორე სკოლამ მოიპოვა 3000-დოლარიანი გრანტი და „ჩხირკედელას“ აკეთებს. სხვათა შორის, ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გოგონა ჩხირკედელობს. ბავშვებმა თავად გააკეთეს სენსორული სანაგვე ურნა, სარწყავი აპარატი, მცენარეების დარგვას აპირებენ…

ჩვენ თვითონ შევიძინეთ ვირტუალური და ნახევრად ვირტუალური ლაბორატორიები ხუთი სკოლისთვის და განათლების სამინისტროს ისე მოეწონა ეს პროექტი, რომ გაისისთვის მასში დაახლოებით 300 ათასი ლარის ჩადებას აპირებს. ამ პროექტით უკვე დავაინტერესეთ შიდა ქართლის გუბერნატორიც. მან ადგილობრივი ბიზნესი ჩართო ამ ინიციატივის დაგეგმვაში. გორში აპირებენ, დაახლოებით 10 ათასი ლარი დახარჯონ ლაბორატორიის მოსაწყობად. ასეთივე სურვილი გამოთქვა აჭარის განათლების სამინისტრომ. ვფიქრობთ, ვირტუალური ლაბორატორიები შეიქმნას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებისთვისაც.

ახალი სკოლის მოდელი ჯერ დაწყებით საფეხურზეა. ის რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე ავა, ბუნებრივად მოითხოვს საგნების ინტეგრირებას. ეს ნიშნავს სწავლას კვლევით, აღმოჩენით და ძიებით. ბავშვები კი აღარ დაიზეპირებენ ქიმიის ფორმულებს, არამედ გაიგებენ, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ღვინის დაყენების დროს.

ასევე, გამოითქვა ინიციატივა, ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებსა და მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხები გახდეს საფუძვლიანი კვლევის საგანი და ამისთვის შემუშავდეს ცალკე პოლიტიკა, იმიტომ რომ რაც უფრო მალე მოხდება საქართველოს ყველა მოქალაქის სათანადო ინტეგრაცია ჩვენს სისტემაში, მით უკეთესი იქნება სახელმწიფოსთვის.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ყველა საელჩოს, რომელსაც ჩამოჰყავს მასწავლებლები, ვთხოვეთ, ჩამოეყვანათ არა მხოლოდ ენის მცოდნეები, არამედ სკოლაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებიც. მაგალითად, იაპონიის საელჩოს ვთხოვეთ, ჩამოეყვანა სკოლის ყოფილი დირექტორი, რომლისგანაც შეიძლება ვისწავლოთ მშობლებთან ურთიერთობა, ვისწავლოთ, როგორ მივაღწიოთ საზოგადოების მაღალ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში…

ამავე პროექტის ფარგლებში, იმავე თანხით, შეიძლება სამი ბავშვი წავიყვანოთ ბორდოს რეგიონში, რათა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ფუნქციონირებს მეურნეობა, როგორ იწამლება ვენახი ბიოხსნარებით, როგორია მოსავლის აღებისა და ღვინის გაყიდვის კულტურა, როგორ ორგანიზდება ღვინის ტურები. ასე მათ ბავშვობიდანვე გავზრდით თვითკმარ ინდმეწარმეებად, რომლებიც შეძლებენ თავის რჩენას საკუთარი ათი ჰექტარი მიწით და არ გაფლანგავენ დროს ბიზნესის ადმინისტრირების სწავლაში, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებენ.

 რა არის საჭირო იმისათვის, რომ განათლების პროცესი სკოლებში სწორად ვითარდებოდეს და ჩვენც მართლები ვიყოთ საზოგადოებასთან, რომელიც უკეთეს შედეგებს ელოდება? ვინ არის ის მასწავლებელი, რომელსაც ვეუბნებით: აი, საკლასო ოთახის კარი და შედი, ეს სკოლა შენია…

მოსწავლე უნდა გიყვარდეს და რასაც აკეთებ, არ უნდა აკეთებდე კრედიტებისთვის და ფორმალობის გამო. მასწავლებელი დილის ცხრა საათიდან არ უნდა ელოდეს ბოლო ზარის დარეკვას.  მას უნდა ჰქონდეს  ყოველგვარი საშუალება, რომ  რაც შეიძლება მეტი იფიქროს მოსწავლეებზე, რაც შეიძლება უკეთ ჩაატაროს გაკვეთილი.

ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ დაპირებული სოლიდური ანაზღაურება. მასწავლებლობა არ უნდა აღიქმებოდეს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანის პროფესიად. ეს სტიგმაა, რომელიც უნდა დავამარცხოთ.

XXI საუკუნის ცოდნისა და უნარების მქონე რაც უფრო მეტ ადამიანს გავზრდით, მით უფრო ძლიერი ეკონომიკა გვექნება. შესაბამისად, უკეთესი ქვეყანაც.

დასასრულ, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, მასწავლებლებს შობა-ახალ წელს, ნაყოფიერ, მშვიდობიან და ბედნიერ წელს ვუსურვებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი