მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენციები

ამ თემაზე წერილის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ახლა კონკრეტულმა მომენტმა დამსვა კლავიატურასთან ( ის დრო წავიდა, მუზა კალამს რომ ააღებინებდა ადამიანს ხელში) – უკვე მერამდენედ ვდგავარ ერთგვარი დილემის წინაშე, მივიღო თუ არა მორიგ კონფერენციაში მონაწილეობა მაშინ, როცა თავს უამრავი საქმე მაყრია. თანაც  რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. საკმაო ყოყმანის შემდეგ, მაინც მძლევს ხოლმე საინტერესო დღეების ხიბლი და გონების თვალით ვარჩევ თემებს, აქტივობებს, პროექტებს,  რომლებზეც წლის განმავლობაში გვიმუშავია მე და ჩემს მოსწავლეებს. არჩევანს ერთადერთი კრიტერიუმი განაპირობებს: ისეთი უნდა შევარჩიო, რომელმაც ყველაზე კარგ შედეგამდე მიგვიყვანა – შესაბამისად, ღირს, სხვებსაც გავუზიარო ჩვენი გამოცდილება.

მახსოვს დრო, როცა ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ყველანაირ კონფერენციას, ერთგვარად მიუწვდომელიც მეჩვენებოდა, მეგონა, იქ ხალხი მხოლოდ განყენებულ თემებზე საუბრობდა და კიდევ იმას ვფიქრობდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მომეგონებინა საგანგებოდ კონფერენციისთვის.

სინამდვილეში სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ბევრი საინტერესო მასწავლებელი, ბევრი ახალი და სასარგებლო იდეა. შენი თავდაჯერებაც იზრდება, როცა ხედავ, როგორ გისმენენ ეს საინტერესო ადამიანები და უკეთესად ხვდები, რა მნიშვნელოვანია კოლეგებს შორის იდეათა და შეხედულებათა გაცვლა- გამოცვლა. პირველი კონფერენციის მერე ,, მოვიწამლე “ ამ სენით და უარს ვეღარ ვამბობ საინტერესო გამოწვევებზე. ძალიან ხშირად მოულოდნელად  აღმოვჩენილვარ  გამორჩეულ, სრულიად განსხვავებულ, ძალიან სასარგებლო კონფერენციებზე თუ სამუშაო შეხვედრებზე, ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად კონფერენციაზე შეხვედრით არ შემოიფარგლება პროფესიული ურთიერთობა და ამ დახურული სივრცის გარეთაც გრძელდება საინტერესო თანამშრომლობა თუ მეგობრობა.

გული მწყდება ხოლმე იმაზე, რომ იქ იშვიათად ვხედავ დამწყებ მასწავლებლებს. არადა, სწორედ ისინი გამოირჩევიან ახალი და საინტერესო ინიციატივებით, ფერად-ფერადი აქტივობებით, ყველაფერი იმით, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ.

ხანდახან მეკითხებიან, რას ურჩევდით ახალბედა მასწავლებლებსო და მუდმივად სამი რამ მიტრიალებს თავში:

  • ძალიან უნდა უყვარდეთ თავიანთი პროფესია და ეამაყებოდეთ მასწავლებლობა;
  • აუცილებლად უნდა იყვნენ შემოქმედებითები, რათა მათი და მათი მოსწავლეების დღეები არ იყოს ერთფეროვანი;
  • და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, გაიზიარონ სხვა პედაგოგთა საინტერესო გამოცდილება.

ვფიქრობ, რომ ამ სამი რამის გათავისება დაეხმარება ახალბედა მასწავლებელს იდეალურად იგრძნოს თავი საკუთარ პროფესიაში.  ამაში კი ძალიან დიდი წვლილი კონფერენციებსაც შეაქვს. ამიტომ, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა ჩაერთოს. მათ კი დირექციის მხრიდან წახალისება, ერთგვარი ბიძგი და ხელშეწყობა სჭირდებათ.

მგონი, ძალიან იდეალურად დავხატე ყველაფერი და მკითხველებმა ჰიპერბოლად რომ არ ჩამითვალონ, იმასაც დავძენ, ხანდახან იმედგაცრუებებსაც ვერ ავცდებით და მეორეცაა, ფრთხილად უნდა ვიყოთ – ცოდნის გაზიარებისთვის შექმნილი კონფერენცია მუდმივად საკუთარი თავის წარმოჩენის ასპარეზად არ ვაქციოთ.

უფრო კრიტიკული ვიქნები მოსწავლეთა კონფერენციების მიმართ. დავიწყებ იმით, რომ ზრდასრულების შემთხვევაში დიდია შინაგანი მოტივაცია, რომელიც ასე აუცილებელია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. სხვაგვარადაა საქმე მოსწავლეებთან. ძალიან რთულია, მოსწავლე დააინტერესო იმ პროცესით, რასაც კონფერენცია გულისხმობს. საკონფერენციო თემაზე მუშაობა უმეტესად არ ნიშნავს ისეთ აქტიურ, სახალისო პროცესს, როგორიც მოსწავლისთვის არის სასურველი. ეს არის ერთგვარი ჩაღრმავება, კირკიტი ერთსა და იმავე საკითხზე უფრო მეტად ინდივიდუალურად, მასწავლებელთან ერთად და არა გუნდურად (რომელიც უფრო ეხალისებათ). შემდგომი ეტაპებიც, ნაშრომის კომისიის წინაშე წარდგენა, უსასრულო ლოდინს, უამრავი გამომსვლელის მოსმენა, მაინც მონოტონურ პროცესს გულისხმობს. სწორედ ამ მიზეზების გამო რთულია, მოსწავლე დააინტერესო კონფერენციით. მით უმეტეს, რომ გარეგანი მოტივაცია უმეტესად მხოლოდ რომელიმე ხარისხის დიპლომია. ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა წლების მანძილზე ის მანკიერი დამოკიდებულებები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამ სტატიაში:

1) ძალიან ხშირად მასწავლებლები თავიანთ ნაშრომებს მიაწერენ ხოლმე რომელიმე კარგ, უნარიან, პასუხისმგებლიან, უპრეტენზიო მოსწავლეს, რომელიც მზადაა, კომისიის წინაშე ღირსეულად დაიცვას მასწავლებლის დაწერილი თემა და, გამარჯვების შემთხვევაში, ადვილად დაიჯეროს, რომ ეს გამარჯვება დამსახურებულია;

2) ბევრი მასწავლებელი ხელმძღვანელობს პრინციპით – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და წინა წლებში გაგზავნილ, მოწონებულ – გამარჯვებულ თემას ხელახლა ამოჩხრეკს, ახალ მოსწავლეს მოძებნის, მას მიაწერს და კონფერენციისთვის მოხსენებაც მზადაა!

ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ორივე შემთხვევა საზიანო და სახიფათოა მოსწავლისთვის, რადგან ახალისებს, აჩვევს ძალიან მანკიერ თვისებას, სიყალბეს, და არწმუნებს მის სარგებელში. ეპოქაში, როცა მეტისმეტად მწვავედ დგას საკუთარი უფლებები, საკუთარი თუ სხვისი ნივთიერი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები, დანაშაულია, მოსწავლე ასეთ სიყალბეში გავახვიოთ.

ის, რომ მოსწავლეთა კონფერენციების მანკიერი მხარეები აღვნიშნე, არ ნიშნავს, რომ მე არ მჯერა ამ საქმეში მოტივირებული მოსწავლის არსებობის ან უგულებელვყოფ ამ აქტივობის დადებით მხარეებს ( სულ პირველი სტატია სწორედ ამ თემამ დამაწერინა- http://mastsavlebeli.ge/?p=1687 ). რა თქმა უნდა, კონფერენციები ძალიან ეხმარება ბავშვს თვითგანვითარებაში, უვითარებს მეტაკოგნიციასა და კრიტიკული აზროვნების უნარს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის. ოღონდ ეს მაშინ, როცა თემაზე მუშაობის ინტერესს აღძრავს მასწავლებელი მოსწავლეში და აღვნიშნავ მაინც – დაინტერესებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ფორმატიც ერთგვარად შესაცვლელია, საინტერესო იქნებოდა  კონფერენციები, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ისაუბრებენ იმ პროექტებსა თუ თემებზე, რომლებზედაც ერთობრივად იმუშავეს. ვფიქრობ, ეს გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მათ თავდაჯერებასა და ინტერესს. მასწავლებელს კიდევ ერთხელ დაანახვებს მოსწავლის შესაძლებლობებს, რათა ხელი უკეთესად შეუწყოს მის განვითარებას. ამას ჩემი და ჩემი მოსწავლეების პირადი გამოცდილება მალაპარაკებს – მსგავს იდეალურ სიტუაციაში ბედნიერი და განსაკუთრებული შემთხვევის წყალობით აღმოვჩნდით.

ალბათ, ასევე სასარგებლო იქნება შიდასასკოლო ან დაამხანაგებულ სკოლათა კონფერენციების წახალისება- ხელშეწყობა. ამ დროს ნაკლებია სტრესი მოსწავლეებისთვის, უფრო არაფორმალური და სამუშაო გარემო იქმნება, მცირე რაოდენობის ბავშვების დაახლოებაც უფრო შესაძლებელია (ურთიერთობები კი ყველა აქტივობაში ზრდის მოსწავლეების ჩართულობას).

ბოლოს მაინც მოტივაციის საკითხს  მივუბრუნდები და აღვნიშნავ – რადგან გარეგანი მოტივაციაც მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ( და არა მხოლოდ მისთვის), კარგი იქნება, ეროვნულ კონფერენციებში გამარჯვებულებს რაიმე საინტერესო პროექტში მონაწილეობას სთავაზობდეს სახელმწიფო. ეს არა მხოლოდ სურვილის აღძვრისთვის იქნება განმსაზღვრელი, არამედ მოსწავლეთა შემდგომი განვითარებისთვისაც.

 

კომენტარები

comments