სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დათოს ფიქრის გეოგრაფია და ერთი თემის ნაღვლიანი ისტორია

ამ სტატიის დაწერას ოთხი მიზანი აქვს:
პირველი  და უმთავრესი – უნდა დავამშვიდო ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის კაცობრიობა, რომ ახალი თაობა სულაც არ არის ჩვენზე მეტად ხელიდან წასული, წიგნს დაშორებული, პასუხიმგებლობასა და შრომისმოყვარეობას მოკლებული. პირიქით, ყველაფერი ბევრად უფრო კარგადაა მათთან, რადგან, მგონია, რომ ეს ,,ყველაფერი”  პიროვნული თავისუფლების უკუპროპორციულია, რაც უფრო დიდია შინაგანი თავისუფლების ხარისხი, მით უფრო ცოტა ადგილი რჩება სულიერ თუ გონებრივ სიცარიელეს. ფაქტია, ისინი ჩვენზე თავისუფლები არიან. და თუ საუკუნემ ღირებულებები და პრიორიტეტები გადააფასა ან უკუღმა დააყენა, ეს სულაც არ არის მათი ბრალი.

მიზანი მეორე: დავარწმუნო მასწავლებლები, რომ შესაძლებელია, მოსწავლე დაგვეხმაროს და ისე დაგვეხმაროს, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენდით და ყველა ეს დახმარება კი არ აკნინებს, ასჯერ, ათასჯერ ზრდის მასწავლებლის ღვაწლსა და ავტორიტეტს.
მესამე: თუ რაიმეს ისე არ აკეთებენ ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები, როგორც ჩვენ გვინდა და გვეიდეალურება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია და სხვა არავისი!
მეოთხე და ძალიან პრაგმატული მიზანია, გამცნოთ მოსწავლის მიერ შექმნილი მოსწავლე – მასწავლებლისთვის საჭირო ერთი რესურსის შესახებ.
***
სამი წლის განმავლობაში მიტრიალებდა ეს იდეა თავში, რამდენჯერაც ,,დიდოსტატის მარჯვენას” სწავლებას დავიწყებდი და ,,დაატყდებოდათ თავზე”  მოსწავლეებს ამდენი გეოგრაფიული ადგილი, ციხე, ეკლესია… ცალკე ტექსტის სიღრმეს უნდა მიჰყვე, ცალკე სიტყვებს უნდა უკირკიტო, ცალკე ისტორიას, ცალკე კიდევ ეს გეოგრაფია გიღრღნის ტვინს.
ვეძებდი მოსწავლეს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ამ არცთუ ისე ადვილ საქმეს. ინტერესიანი, პასუხისმგებლიანი და უნარიანი მოსწავლე ბევრია, მაგრამ ერთი უხერხულობა იყო, მეთერთმეტეები ,,დიდოსტატის მარჯვენას” არ სწავლობენ, უბრალოდ წაკითხვა კი არ იყო საკმარისი, ხოლო მეთორმეტეებს თემებისა და კონფერენციებისთვის, როგორც წესი, არ სცალიათ ხოლმე.

ჰოდა, კიდევ ერთხელ რომ შევერკინეთ მე და ჩემი მოსწავლეები გამსახურდიას სამყაროს, რომ მომაყარეს, სხვა კითხვებთან ერთად, გეოგრაფიული კითხვებიც, დავიწუწუნე კლასში, ამდენი ხანია ვეძებ ბავშვს, ვინც ამ საქმისთვის მოიცლის, ამოწერს ყველა გეოგრაფიულ სახელს შესაბამისი კონტექსტით და მერე რუკაზე გადაიტანს – მეთქი. ჩემდა გასაოცრად, დათომ სხვათა შორის  თქვა, რა უნდა, მე გავაკეთებო და… დაიწყო. შევდიოდით თანდათან ტექსტის სიღრმეში და დათო რვეულის ბოლოს იწერდა ყველა ციხისა თუ ეკლესიის სახელს თავისი უწვრილესი, თითქოს ბრინჯის მარცვალზე საწერად საგანგებოდ შემუშავებული ასოებით. რომ დავასრულეთ ნაწარმოები, დამიდო ეს რვეული. ახლა დაიწყე მასალების მოძიება და თემაზე მუშაობა- მეთქი. თვალები შუბლზე აუვიდა, რა თემაზეო (ოღონდ კონფერენციას, ტურსა და აუდიტორიას ნუ უხსენებ, თავისთვის ყველაფერს გააკეთებს). აბა, რისთვის დაიწყე – მეთქი? თქვენ მითხარითო. მოკლედ, ცოტა წავკამათდით (გვჩვევია), გავნაწყენდი, კარგი, არ გინდა, არ გააგრძელო-მეთქი და გავედი კლასიდან. მეორე დღეს, გაკვეთილი რომ დამთავრდა, იწრიალა ცოტა ხანს და კარგი, მას, ვიმუშავებო, – მითხრა. ცა გამეხსნა და დავიწყეთ.

 ყოველ დღე რაღაც ახალი მოთხოვნა მიჩნდებოდა, ჩვენი დიდი მეგობარი და უფრო დიდი გეოგრაფი მიშა ჩავრთეთ საქმეში და ვფაცურობდით, დავტრიალებდით ორივე ქორივით თავზე ისედაც ახლახანექსტერნჩაბარებულ, თავზესამეცადინოდაყრილ, გამოცდებკარზემომდგარ დათოს და მოსვენებას არ ვაძლევდით.

ერთ საღამოს მივწერე, იქნებ მხოლოდ ხელით შესრულებულ კი არა, რუკის კომპიუტერულ ვერსიაზეც იფიქრო-მეთქი. არადა, არ ვიცოდი, როგორ უნდა გაეკეთებინა. უჩხრეკია მთელი ღამე, მოუძებნია სპეციალური პროგრამა Scribble maps, რომლის საშუალებით კოსმოსიდან დანახული ესა თუ ის ადგილი ადვილად შეგიძლია დააფიქსირო, მონიშნო, დახაზო. ჩემთვის ეს ახალი კონტინენტის აღმოჩენას ჰგავდა, რადგან დათოს ასე სასარგებლო ნამუშევარი, მხოლოდ მის, ჩემს ან ვინმე კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ კომპიუტერში კი არ დარჩებოდა, ინტერნეტსივრცეში განთავსდებოდა  და ყველა მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. თანაც სტატიკურად კი არ ხედავ ამა თუ იმ ადგილსა თუ ძეგლს, როგორი იყო, არამედ ახლა რაა და თუა საერთოდ შემორჩენილი, ზემოდან უყურებ.

დათოს გაუკვირდა ჩემი აღფრთოვანება, რადგან თვითონ ,,ციფრული სამყაროს მკვიდრია” და ძნელია გაუგო ამ შემთხვევაში ჩემნაირ ,,ციფრულ ემიგრანტს”. ჯერ მარტო დაჯდა, მისხალ-მისხალ, გოჯი-გოჯ ზომა და ეძება ის ადგილები, რომლებიც რომანში იყო ნახსენები, ადარებდა, ქექავდა, აკვირდებოდა და ელექტრონულ რუკაზე გადაჰქონდა. როცა გაუჭირდა, მიშას მიაშურა. მერე ერთად ისხდნენ და ასჯერ გაზომილის გაჭრას მაინც აგვიანებდნენ. კარგა ხანს გაგრძელდა ასე, სანამ ფინალამდე მივიდოდით. მერე ბლოგიც მოვთხოვე, მერე ღია გაკვეთილი, მერე კონფერენციაზე გატანა… აპროტესტებდა, მაგრამ აკეთებდა. თებერვალის დასაწყისში რომ გავაგზავნეთ თემა, ვიცოდი, პასუხს აპრილამდე უნდა დავლოდებოდით. ველოდით. ,,თ” რა, მე და მიშა ველოდით, თორემ დათო არც ელოდა, ან ელოდა (ნაკლებ სავარაუდოა) და არ ამბობდა.

აღდგომის დღეებში გავიგე, რომ დათო გამარჯვებულების სიაში არ ეწერა. თემის პატივმოყვარე ხელმძღვანელის ნათქვამივით კი ჟღერს, მაგრამ ძალიან დამწყდა გული   (აღმოჩნდა, რომ ლიტერატურის სექციაში გაგზავნილი თემა, რუკის გამო გადაუგზავნიათ გეოგრაფია – გეოლოგიის სექციაში და რადგან ლიტერატურისთვის იყო უფრო განკუთვნილი, მეორე ხარისხზე მეტი ვერ მიანიჭეს).

მაგრამ მე რა, მთავარი დათოა.

დათოს გული არ დაწყვეტია (ან არ გამიმხილა), რადგან მისი შინაგანი მე იდეალურად ეხამება და ემორჩილება დანინგ – კრუგერის ეფექტს (რაც უფრო ფართოა ადამიანის თვალსაწიერი და ცოდნა, მით უფრო დაბალია თვითშეფასება), არც ველოდიო, მითხრა. ახსნა მოვთხოვე, რატომ-მეთქი და არ ამიხსნა. თუმცა, მე ისედაც ვიცი – მისი ფიქრის გეოგრაფია ხომ ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ჩემი ან მისი თემის გამსწორებელ გეოგრაფისა თუ გეოლოგის…

 არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ დათოზე ვწერ. ჩემ გარშემო უამრავი ,,დათო” ტრიალებს,ზოგი წავიდა უკვე სკოლიდან და თავისი გზა ნახა, ზოგი ახლა მიდის, ზოგი ხვალ ან ზეგ დაიწყებს თავისი გზის ძებნას და ზუსტად ვიცი, სანამ მათი ჩემ შორიახლო ტრიალი მავსებს, მახალისებს და ინტერესს მიჩენს, სანამ ისინი გრძნობენ ამ ყველაფერს, მანამ არ მომბეზრდება მასწავლებლობა და არც დავბერდები.

დედაჩემის თაობის რომ ვიყო, ამ სტატიას აუცილებლად დავასრულებდი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით:

 ,,.. ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო, 
ვაჟა,
გიორგი,
გივი 
და …
იარონ,იარონ, იარონ
ამინ!”

მაგრამ მე სხვა თაობა ვარ და ძალიან პროზაულად დავასრულებ: გადადით ამ ლინკზე

https://didostatismarjvena.wordpress.com 

და იხილეთ, რატომ უნდა გვჯეროდეს მომავლის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“