პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არ უთხრათ შვილებს

„რისთვის გაჩენდით? _

თქვენს ჩვილ სულებზე
რომ ვმდგარიყავით,
როგორც კიბის საფეხურებზე
და გვეხოხა ზევით,
ცისაკენ?..“.
მარიამ წიკლაური

ჩემს საყვარელ პოეტს, მარიამ წიკლაურს აქვს ასეთი ლექსი _ „რა ვუთხრათ შვილებს“. ბევრმა იცის ეს ლექსი. სკოლებში აკითხებენ ხოლმე მარიამს განსაკუთრებით ხშირად და ის აზრიც მომისმენია, რომ სასკოლო პროგრამაში შესატანი ლექსია, ისეთი სიღრმე, ტკივილი და ფიქრი ახლავს.
„რა ვუთხრათ შვილებს? როცა ომიდან დავბრუნდებით, როცა მშვიდობიდანაც დავბრუნდებით, როცა სიკვდილიდანაც დავბრუნდებით…“_ ისმის პოეტის შეკითხვა მილიარდი დარდით დაძაბულ სივრცეებში, ქალაქსა და სოფელში, ცასა და მიწის ნაპრალებში. ყველანი ვეძებთ პასუხებს, უფრო სწორად _ შვილებისთვის სათქმელ სიმართლეს, ტყუილზე უფრო დამაჯერებელს, თავშესაქცევს, მტკივნეულს, ან… ვინ იცის, როგორ სიმართლეს აღარ ვეძებთ და ვიგონებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების თვალში მაინც გამოვჩნდეთ ოდნავ მართლები, პრინციპულები, უბრალოდ _ კარგები.
სულ ასე იყო ბუნებაში და ალბათ ასეც გაგრძელდება _ წინა თაობას ყოველთვის ექნება რაიმე დასამუნათებელი მომდევნოსათვის, ისევე, როგორც მომდევნო მუდმივად უსაყვედურებს წინას რაიმეს. „მამათა და შვილთა“ ბრძოლაში კი ცხოვრება თავის მკაცრ კანონებს აღასრულებს.
მესამე კლასში ვიყავი, 9 აპრილი რომ მოხდა. ისეთი გამაყრუებელი ხმა ჰქონდა ამ დღეს, რომ ჩვენს ბავშვურ გნიასშიც შემოაღწია და ყველაფერი ამოგვიყირავა. მგონი, დღემდე მომყვება იმ ხმის რეზონანსი. ან იქნებ იმ დღეს დახეთქილი და კარგად ვერშეხორცებული სმენის ბარაბნების ბრალია, ზოგიერთი სასიცოცხლო ჩქამი ჩემამდე რაღაც მახინჯი, დაჩეხილი ტალღებით რომ აღწევს?!
ჩემი კლასის დამრიგებელი მანამდეც და მერეც სულ გმირებზე გვიყვებოდა, იდეალურ, რაინდულ საქართველოზე და მე ეს საქართველო ვიცოდი და მიყვარდა. თუმცა, რაღაც მაყენებდა აუტანელ ტკივილს და მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი. არადა, როცა არ უნდა დაგვეწყო ლაპარაკი გმირებზე, მაშინვე იწყებოდა ყრუ და გაბმული ტკივილი სადღაც, ტვინის დაუდგენელ კუნჭულში და მაიძულებდა, ან სიცილით დავმხრჩვალიყავი, ან ტირილით. ორივე რომ ტკივილთან ბრძოლის ბუნებრივი რეფლექსია, ეს მერეღა გავიგე, სამედიცინო წიგნებიდან.
საჯარო სიცილის ძალიან მრცხვენოდა, რადგან „კარგად აღზრდილი“ ბავშვი ვიყავი, ღრმად ჩანერგილი ქცევის კოდექსებით. აი, ტირილი უფრო მისაღები იყო ყველასთვის, თან გმირების მიმართ ემპათიაში მეთვლებოდა (დიდწილად, რა თქმა უნდა, ასეც იყო) და როგორც უფროსები ამბობდნენ, გადამდები თანაგრძნობით განაწყობდა სხვებსაც…
ახლა რომ მკითხოთ, რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი ბავშვობაში გმირობის ამბების მოსმენისას, გეტყვით, რომ იმდენივე, რამდენიც ტარიელს, ნესტან-დარეჯანს, ავთანდილს და საერთოდ ყველა მიჯნურს, ვინც მარტო განცდილის გამო კი არა, უფრო მეტად შეუცნობლის გამო ტირის.
ვინც იმიტომ ტირის, რომ სინდისის მყესები აქვს დაწყვეტილი და მარილიან წყლებად იღვრება.
სინდისის მყესები კი დიდი დაძაბულობისგან წყდება. ეს, შესაძლოა, ერთი ადამიანის ომიც იყოს და მთელი ქვეყნისაც. მე რომ საჯარო სიცილი შემეძლოს _ ხმით ხარხარი _ იქნებ უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, ან უფრო ზუსტად გამომეხატა მთელი ჩემი შინაგანი დაძაბულობა, მუდმივი სტრესისა და შიშების, მოლოდინისა და სიყვარულის, ბრაზისა და სიძულვილის ომი-კარნავალი…
მაგრამ მე დღესაც მხოლოდ ტირილი შემიძლია, სამაგიეროდ, უკვე ვიცი, როგორ დავმალო ის. გმირებზე აღარავის ველაპარაკები, რადგან ისეთ სინამდვილეში აღმოვჩნდით, სადაც ყველა უკვე გმირია _ ზოგი გამძლეობის მაგალითს გვაძლევს, ზოგი _ ღალატის; ცრუს და მართალს ეშმაკიც ვეღარაფერს გაუგებს; ერთმანეთის გვერდიგვერდ ასახელებენ და ატოლებენ ისეთ ცასა და დედამიწას, ყველა დროის ბრძენსა და მოაზროვნეს რომ მხრებს ააჩეჩინებს და ლოგიკის დებატების შუაგზაშივე დააყრევინებს ფარ-ხმალს.
ბავშვში არის კრისტალური ნერვი, იდუმალი ძარღვი, რომელიც ყველაზე ზუსტად აღიქვამს სიმართლეს, ამიტომაა, რომ ბავშვი თითქოს ადვილად ტყუვდება, მაგრამ საბოლოოდ, მას სიყალბეს ვერ მიაჩეჩებ, ის ხედავს სამყაროს ყველაზე სუფთა ხატს, ის დაუნდობელია ცრუს, ბინძურის მიმართ. ეს ბავშვური ხედვა ახლა ერთადერთი გამოსავალი მგონია ამ საყოველთაო, აღვირახსნილი სიჭრელისგან, სიცრუისა და სიყალბის დოღისგან თავდასაღწევად.
ჰოდა, რას ვეუბნებით ბავშვებს, როცა გმირებზე ვუყვებით? ჩვენი დროის გმირებზე, ადამიანებზე, ვინც საკუთარი სიცოცხლის და ძალისხმევის ფასად შეეცადა, შეეცვალა სამყარო უკეთესობისაკენ?! ვინ არიან ეს გმირები, გარდა ომში დაღუპული ძვირფასი სახელებისა, ვის საქმესა და საქციელზე დგას კიდევ ჩვენი გამძლეობა, ჩვენი სინდისი, ზნეობა და მომავლის იმედი?
იმ საზარელ, ყბადაღებულ 90-იანებში ერთი სახელი გახმაურდა, რომელმაც თავისი ტრაგიზმით ბევრი გააოგნა _ გია აბესაძე. დღევანდელმა ახალგაზრდებმა ალბათ არც არაფერი იციან ამ კაცზე, კეთილ, კარგ ექიმზე, რომელმაც 1991 წლის სექტემბერში ძმათამკვლელ ომში ჩაბმული საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, საჯაროდ _ ოფიცერთა სახლის წინ თავი დაიწვა. „თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი“ _ დაწერა მანამ, ვიდრე ბენზინს გადაისხამდა. შვილს კი ეს სიტყვები დაუტოვა: „შვილო, მაპატიე, გაიზრდები და გამიგებ…“.
დღეს გია აბესაძის შვილის თაობა უკვე ცხოვრების მთავარ სცენაზე დგას. სამშობლოს ერთიანობისთვის გაღებული თვითნებური მსხვერპლი კი იმ ნაპერწკლადაც ვერ იქცა, რომ ვინმეს თვალში მაინც მოხვედროდა და ის თვალი ასწვოდა. ჩვენ არ ვიცით განგების ნება, ან რას იუნჯებს, ან რას ფანტავს _ შეუცნობელია ეს დიდი ხლართები _ თუმცა, ვხედავთ მოვლენებს და ვაფასებთ მათ, ცხოვრება კი ისევ ჩვენს ენერგიაზე დგას.
გია აბესაძის თვითმკვლელობა (რომელსაც, დღევანდელი თეატრალიზებული ლექსიკით, ალბათ ანტი-პერფორმანსსაც დაარქმევდნენ) სულ უფრო ხშირად მახსენდება ამ ბოლო დროს, როცა ვუყურებ ორ ან სამ კი არა, რამდენი ადამიანიც ვართ, იმდენ ადამიანად გაგლეჯილ და დათითოვებულ ჩვენს ქვეყანას, სინამდვილეს. ვფიქრობ იმ ცეცხლზე, რომელშიც გაეხვა ეს ახალგაზრდა კაცი, ცეცხლზე, რომელიც თითქოს 3D ფორმატის ინსტალაციად იქცა და სწორუპოვარი სიმულაციით დღემდე, იმავე ადგილას ბრიალებს, ადამიანის ფორმის ღერძზე. ჩვენ ხან ფერხულს ვუვლით მის გარშემო, ხან ყვავილებით ვამკობთ, ცეცხლის სიმულაცია კი ბრიალებს და ბრიალებს, თავისთვის, როგორც ერთადერთი იდეა, სხვამდე ვერმიღწეული, სხვაში ვერგადაზრდილი და ვერგაზიარებული. როგორც ერთადერთი მანათობელი იდეა, რომელიც არ წვავს…
ვფიქრობ გია აბესაძეზე და მაშინებს ფიქრის ის მოსახვევი, სადაც წერია: „აქ თეატრია. დაიშვებიან მხოლოდ შეშლილები“. ჰერმან ჰესეს საკულტო რომანის „ტრამალის მგლის“ მთავარ პერსონაჟს უამრავი სულის ცდუნება შეუძლია. მათ შორის, ჩემიც. შეშლილობის ალიბი კი ყველა საზოგადოების მიმართ პროტესტსაც გულისხმობს. მე ამ მოსახვევზე ახლა არ ვიფიქრებ, სხვა გზის მოძებნას ვცდილობ, სადაც გმირები საზოგადოების გადასარჩენად იბრძვიან და არა პირიქით.
რა ვუთხრათ შვილებს, როცა ამ გმირობების ცეცხლს მივაფიცხებთ და თვალებანთებული დაველოდებით, როგორ იმოქმედებს ეს ცეცხლი მათზე? იქნებ ჯობია, საერთოდ არაფერი ვუთხრათ, არ ჩავუნერგოთ ფუჭი ილუზია, ცრუ იმედი, თუკი ამ ათწლეულების ფერხულში ჩვენვე ვერ შევძელით ის, რომ მხოლოდ სხვის ცეცხლზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, თუკი ამ ათწლეულებში ჩვენვე ვერ ვისწავლეთ ვერაფერი?..
„მაპატიე შვილო, გაიზრდები და გაიგებ…“.
გავიზარდეთ. და რაც უფრო ბევრი გავიგეთ, მით უფრო დაწყვეტამდე დაგვეძაბა სინდისის მყესები. ზოგი ხარხარით შველის ამ ტკივილს, ზოგიც – ტირილით.
ადამიანის ფორმის ცეცხლი კი ისევ ბრიალებს ოფიცრების სახლის წინ, ბავშვები თამაშობენ მის სიახლოვეს და მშობლები არ უშლიან, რადგან იციან, რომ ეს ნამდვილი ცეცხლი არაა, სიმულაციაა, შესაბამისად, არ წვავს.
ხოლო რაც წვავს, ის ცეცხლი გმირებთან ერთად დიდი ხანია თვალს მიეფარა. სიმართლის დაბრუნებამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი