შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საშინაო დავალება და პრაქტიკა – სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი მეთოდი

სწავლა-სწავლების უმთავრესი მიზანი, ახალი უნარისა და ცოდნის ათვისება, რამდენიმე ეტაპად იყოფა:

* ძირითადი კონცეპტების შესწავლა;
* საჭირო უნარ-ჩვევების მოდელირება;
* პრაქტიკა მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელობით;
* პროექტზე/სავარჯიშოზე დამოუკიდებლად მუშაობა.
კონკრეტული უნარის ათვისების პროცესი ყოველთვის გულისხმობს გააზრებას (ანუ ათვისებული მასალისთვის გარკვეული ფორმის მიცემას), რადგან ამ დროს მოსწავლე კონცეპტუალურად გაიაზრებს ახალ უნარს. უამისოდ იგი სწორად და ეფექტურად ვერ გამოიყენებს ნასწავლს. მოსწავლეს უნდა ესმოდეს იმ უნარ-ჩვევის არსი, რომელსაც ეუფლება. ამისთვის მას კონკრეტული სავარჯიშოების შესრულებაც დასჭირდება. ამავე დროს, ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად დაიგეგმოს მოსწავლეთა დროც (ახალი უნარის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას გარკვეული ხანი სჭირდება). ამიტომ არის, რომ უნარ-ჩვევის განვითარება, როგორც წესი, გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით პრაქტიკულად ხდება იმ უნარების განმტკიცება, რომელთა საჭიროებაც გამოიკვეთა გაკვეთილზე. პრაქტიკის დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ გაიაზრებენ და თავიანთი სწავლის საჭიროებებსაც მოარგებენ.

მოსწავლეთა პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილზე, რაც უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება ანუ გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება, ამ როლს კი მეტწილად საშინაო დავალება ასრულებს. ვინაიდან გაკვეთილზე ათვისებული მასალა უახლოესი 10-12 საათის განმავლობაში ინტენსიურად “გვავიწყდება”, სასურველია, საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს – მასალის გაგებიდან პირველი საათის განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ 40%, 2-2,5 საათის შემდეგ – 28%. ასე რომ, საშინაო დავალება საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიტანოთ. ამ დროს მოსწავლის ცოდნა და უნარი თანაბრდება (ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა მასალის ათვისებაში დიდი ჩავარდნაა, მაგალითად, გაცდენის გამო).

საშინაო დავალების სწორი ორგანიზებისთვის საჭიროა, მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული დავალების მიზანი (დავალების მიზნის განსაზღვრა, შინაარსის შერჩევა მიზნის შესაბამისად ანუ ორგანიზების ფორმის შერჩევა), ფუნქციები, შინაარსი, დავალების კონტროლის მექანიზმი (გააერთიანონ ყველა რესურსი მოცემული დავალების შესასრულებლად, განახორციელონ კონტროლი – გარკვეული საკორექციო სამუშაო მიზნის მისაღწევად და თვითკონტროლიც – კორექციისთვის), საშინაო დავალების ორგანიზაციის საშუალებები, პირობები და მოტივაცია (დავალების შესრულების აუცილებლობის გაგება).

სასკოლო პრაქტიკაში იყენებენ საშინაო დავალების შემდეგ სახეებს: ინდივიდუალურს, ჯგუფურს, შემოქმედებითს, დიფერენცირებულს, საერთოს მთელი კლასისთვის, დავალებას წყვილისთვის.
. ინდივიდუალურ დავალებას ყველაზე ხშირად ცალკეულ მოსწავლეებს აძლევენ. ასეთი დავალება ხშირად საგანგებოდაა მომზადებული.

. ჯგუფური მუშაობა სრულდება კონკრეტული დავალების შემთხვევაში, რომელიც საერთო საკლასო დავალების შემადგენელი ნაწილია. ასეთი დავალებები უმჯობესია წინასწარ მივცეთ.

. დიფერენცირებული საშინაო დავალება შეიძლება გაითვალოს როგორც “ძლიერ”, ისე “სუსტ” მოსწავლეზეც.
. “საერთო დავალება მთელი კლასისთვის” ნაკლებად შემოქმედებითი ხასიათისაა, თუმცა მისი შესრულების დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარი და ხდება ცოდნის ფორმირება.

. დავალება წყვილისთვის – სახალისო და ნოვატორული მიდგომაა, ეფექტურია მისი შესრულება მერხის მეზობელთან ერთად. ამ დროს დაახლოებით მეორდება გაკვეთილზე არსებული სიტუაცია.

. შემოქმედებითი საშინაო დავალება – უმჯობესია მივცეთ არა წინა დღეს, არამედ რამდენიმე დღით ადრე.
. ყოველდღიური – გაკვეთილზე შეძენილი უნარების ავტომატიზაციისთვისაა.
. პერსპექტიული – გათვლილია მომავალი თემებისთვის.

საშინაო დავალების დადებითი შედეგი მაშინ გახდება თვალსაჩინო, თუ მოსწავლე ახალი გაკვეთილისადმი უფრო მეტი ინტერესითა და ყურადღებით იქნება განწყობილი. ამისთვის რამსდენიმე მომენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული:

* გაკვეთილისა და საშინაო დავალების პროცესის სწორად აგება;

* საშინაო დავალების მიღწევადობა და დოზირება;

* საშინაო დავალების დიფერენციაცია;

* საშინაო დავალების შინაარსში ევრისტიკის ჩართვა;

* დავალების მიცემის დრო (იგი ისე უნდა შეირჩეს: გაკვეთილის დასაწყისში, ბოლოს ან შუაში, – რომ ამან მოსწავლე მოამზადოს, განაწყოს ახალი მასალის მისაღებად, რის შედეგადაც დავალების შესასრულებლად გაწეული მოსაწყენი და მძიმე შრომა შეიძლება სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობად იქცეს);

* დავალებამ საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეს, რამდენიმე გაკვეთილი ერთ სისტემაში მოაქციოს, ერთმანეთთან ჰარმონიულად დააკავშიროს;

* დავალების შესრულება ანუ ცოდნის შეძენა პიროვნული ხასიათის პროცესად უნდა იქცეს. ამით მოსწავლეს შეეძლება, ცოდნა გადააქციოს შემეცნების ინსტრუმენტად, რაც უაღრესად დადებით გავლენას მოახდენს.

* გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოზარდის უნარები და ინტერესები, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებიც;

* შესრულებული სამუშაო მითითებულ დროში და სათანადოდ უნდა შეფასდეს (დაუშვებელია მიცემული დავალების ეპიზოდურად, დროის დაუცველად გასწორება. ეს ისეთივე დეზორგანიზებულს ხდის სასწავლო პროცესს, როგორსაც საშინაო დავალების მიუცემლობა);

* უნდა ვეცადოთ, საშინაო დავალებები იყოს მრავალფეროვანი, რითაც ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში სხვადასხვა პიროვნული თვისების ჩამოყალიბებას;

* სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაკვეთილზე შევძლებთ მის შემოწმებასა და შეფასებას, ამიტომ გაკვეთილის დაგეგმვისას არ უნდა დავივიწყოთ საშინაო დავალების დაგეგმვა და ამისთვის დროის გამოყოფა;

* არ არის აუცილებელი, საშინაო დავალება ყველა მოსწავლისთვის ცალ-ცალკე შევადგინოთ;

* გაკვეთილზე აუცილებლად უნდა მოვახერხოთ მოსწავლეთა უნარების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი სახლში შეძლებს მიცემული დავალების შესრულებას;

* დავალებად მივცეთ მხოლოდ ისეთი სამუშაო, რომლის შესრულების მეთოდებსაც უკვე ფლობენ და “გამომგონებლობა” არ დასჭირდებათ;

* დიფერენცირებული დავალება მივცეთ მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობის უნარების განსამტკიცებლად;

* მოსწავლეებს არ უნდა გაუჩნდეთ ეჭვი იმის თაობაზე, რომ დავალების შესრულება საჭიროა, შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი აუცილებლად მიეცეთ ვადა, რომლის შემდეგაც მას ხელახლა მოვთხოვთ ამ დავალებას;

* თუ მიცემული დავალება მხოლოდ იმას შეიცავს, რაც უკვე ითქვა კლასში, თუ მხოლოდ იმის განმეორება უნდა იყოს, რაც კარგად იცის, მხოლოდ იმ უნარებს განამტკიცებს, რომლებიც კარგად აქვს ათვისებული, მაშინ მისი შესრულება დროის ამაო ხარჯვაა მოსწავლისთვის, ზედმეტი სტრესია. ასეთი დავალების ადგილი თანამედროვე სასწავლო სისტემაში არ არის და უმჯობესია, საერთოდ არ მივცეთ. ყოველ ახალ დავალებას ახალ ნიშნულზე უნდა აჰყავდეს მოსწავლე, მისი ცნობისმოყვარეობის სტიმულს უნდა ზრდიდეს.
საშინაო დავალების ინოვაციური სახეობებია დიაგნოსტიკური საშინაო დავალება, საშინაო საკონტროლო დავალება, საშინაო პროექტი-დავალება, საშინაო ლაბორატორიული დავალება და საშინაო ექსპერიმენტი.

საშინაო დავალებებს სხვადასხვა ხასიათი აქვს: საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, განმავითარებელი, ევრისტიკული, მაპროგნოზირებელი, ესთეტიკური, დიაგნოსტიკური, ინტეგრირებული, რეფლექსიური, მქადაგებლური, კვლევითი და ინფორმაციული (მაგალითად, დიდაქტიკურია ისეთი დავალებები, რომელთა მეშვეობით ხდება ახალი მასალის დასწავლა, ახალი ცოდნის შეძენა, ახალი უნარების ათვისება, ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების გამოყენება, ცოდნის განზოგადება და სისტემატიზება, ცოდნის შემოწმება, უნარების, შესაძლებლობების შემოწმება, კომბინირებული სამუშაო, რომელსაც რამდენიმე დიდაქტიკური მიზანი აქვს და სხვ., შემოქმედებითი ხასიათისაა ისეთი დავალებები, რომლებიც გულისხმობს რეკონსტრუირებას და ნაწილობრივ – ძიებას, კვლევას).

როგორც აღვნიშნეთ, დავალების შესრულებისას უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კონტროლი და თვითკონტროლი.

მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების თვითშეფასების პირობები:

იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავის მიერ შესრულებული დავალების სათანადოდ შეფასება, საჭიროა:

1. გამოყოს ის დავალებები:

ა) რომლებსაც ვერ ასრულებს (და უპასუხოს კითხვას: როგორ ფიქრობთ, რატომ?);
ბ) გამოყოს დავალებები, რომლებსაც ასრულებს დამატებითი ინფორმაციის წყაროების გამოყენების გზით (რომელ ეტაპზე გახდა საჭირო დახმარება? შეძლებს თუ არა მეორედ ამავე ტიპის დავალების დამოუკიდებლად შესრულებას?);
გ) რომელი დავალებები არ არის რთული?

2. “დაუმთავრებელი თეზისი” – შესთავაზეთ მოსწავლეს, დაასრულოს (ზეპირად ან წერილობით) წინადადება: “ჩემთვის ყველაზე რთული იყო…”

3. შესთავაზეთ დავალება ამავე თემაზე;

4. “საშინაო დავალების ანალიზი” – აღწეროს შესრულებული დავალების არსი, სტრუქტურა.

საშინაო დავალების შესასრულებლად მნიშვნელოვანია დაწვრილებითი ინსტრუქცია. ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა მივუთითოთ სამუშაოს თანამიმდევრობა (რით დაიწყოს, რაზე გადავიდეს, რით დაამთავროს), როგორ იმუშაოს (მარტომ თუ ამხანაგთან ერთად, მხოლოდ წაიკითხოს და მოჰყვეს, წაიკითხოს ნაწილებად და შემდეგ მოჰყვეს თუ წაიკითხოს და გზადაგზა გადახედოს რუკას, სქემას, ნახატს და ა.შ.). ამავე დროს უნდა შევამოწმოთ, როგორ გაიგო სამუშაოს შინაარსი და მისი შესრულების პირობები.

საშინაო დავალების აგება უნდა მოხდეს თანდათანობითი გართულების წესით. მაგალითად, როგორც კი მოსწავლეები დაეუფლებიან ქრონოლოგიური ტაბულების აგების უნარებს (თარიღი – მოვლენა, თარიღი – მოვლენა – შედეგი, მნიშვნელობა; თარიღი – მოვლენა – შინაარსი – მნიშვნელობა), შეიძლება გადასვლა უფრო რთულ ტაბულებზეც (მაგ., “ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია”, “ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა” და ა.შ. ასევე მოხდება ორგანიზება სწავლების სხვა საშულებებისა – რუკებისა, სქემებისა, სხვა ვიზუალური მასალისა.

დავალებებს შორის გვხვდება ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც კვლევითი ხასიათისაა და გარკვეულ ლაბორატორიულ სამუშაოსაც მოიცავს. საშინაო ლაბორატორიული დავალების მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს პირადი გამოცდილება. ლაბორატორიული დავალების განსაკუთრებული ხასიათი ვლინდება იმით, რომ მასში ზედმიწევნითაა აღწერილი ის პროცედურები, რომლებიც უნდა ჩაატაროს მოსწავლემ. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული შედეგების დამოუკიდებლად ფორმულირება.

თუმცა საშინაო დავალების შესრულების დროს ხანდახან საჭიროა ადრე ნასწავლი მასალის გამეორებაც, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მიმდინარე გაკვეთილთან. მაგალითად, მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ჰუმანიზმის ეპოქის იდეებს, თუ მათ გავამეორებინებთ წინა პერიოდის მასალას, მაგალითად, ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიას.

განვიხილოთ საშინაო დავალების ორგანიზების რამდენიმე ნიმუში ისტორიის სწავლების მაგალითზე (აქაც, როგორც სხვა შემთხვევაში, მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა საშინაო დავალების სწორი ორგანიზება).

1. ნიმუში – “საშინაო დავალების სამი დონე”. ამ დროს მასწავლებელი მოსწავლეებს ერთდროულად აძლევს ორი ან სამი დონის საშინაო დავალებას.

I – აუცილებელი მინიმუმი. მისი მთავარი მახასიათებლები: სავსებით გასაგები და შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოსწავლისთვის (ასეთი დავალებები უმეტესად კარგად წარმოაჩენს მოსწავლის წარმოდგენას ზოგადისტორიულ – საკუთარი ქვეყნისა თუ მსოფლიოს ისტორიის – პროცესებზე, შეუძლია ისტორიული ცოდნის გამომჟღავნება თავისი ქვეყნის თუ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ზოგადი საუბარი ისტორიულ პირებზე, საზოგადოებრივ ფენებზე, სოციალურ კუთვნილებაზე, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა მხარეზე და სხვ.);

II – ესაა ერთგვარი ვარჯიში, ტრეინინგი. მას ასრულებენ ის მოსწავლეები, რომლებმაც იციან საგანი და განსაკუთრებული სირთულის გარეშე ითვისებენ პროგრამას. მასწავლებლის გადაწყვეტილებით, ისინი შეიძლება გათავისუფლდნენ პირველი დონის დავალებისგან.

ამ ტიპის დავალებებია: ა) განსაზღვრეთ ქრონოლოგიური ჩარჩოები (მაგალითად, ისტორიული ეპოქებისა); ბ) გამოყავით ისტორიული პროცესების ძირეული მახასიათებლები (მაგ., მსოფლიო ომებისა); გ) დაალაგეთ მოვლენები მიზეზშედეგობრივი პრინციპის მიხედვით (მაგ., პუნიკური ომები); დ) წაიკითხეთ ისტორიული რუკები (მაგ., “საქართველო IX-XI სს-ში”); ე) დააზუსტეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროს (მატერიალური, ნარატიული და ა.შ.) გამოყენებით; ვ) დაახასიათეთ სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა საქმიანობა ცხოვრების წესის მიხედვით და ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია წერილობით და ზეპირად; ზ) შეაფასეთ ისტორიული მოვლენები და პირები, მოიყვანეთ შესაფერისი არგუმენტები; თ) ისაუბრეთ კულტურათა დიალოგზე და სხვ.

III – გამოიყენება თემისგან დამოუკიდებლად, კლასის მოსამზადებლად. ესაა შემოქმედებითი საქმიანობა, ჩვეულებრივ, სრულდება სურვილისამებრ და მასწავლებლისგან სტიმულირდება მაღალი შეფასებით და დიდი მოწონებით.

ასეთი დავალებების დიაპაზონი ფართოა. მაგალითად, მოსწავლეებს სთავაზობენ მოხსენების, ესეს, თხზულების, რეფერატის დაწერას, ნახატის, კროსვორდის შექმნას და სხვ. ასეთი დავალება ხელს უწყობს მოსწავლეთა კომუნიკაციური კულტურის ჩამოყალიბებასაც;

მასწავლებელს სამივე დონეზე შეუძლია, მასიურად დასვას კითხვები, ანუ მოსწავლეებს შესთავაზოს დიდი რაოდენობის კითხვა, დავალება, ამოცანა, საიდანაც მოსწავლე თავად ამოარჩევს იმდენს, რამდენსაც მიიჩნევს საჭიროდ (ამ შემთხვევაში მთავარია ფსიქოლოგიური ეფექტი – დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაო მოსწავლეს ათვითრეალიზაციის დამატებით საშუალებას აძლევს; მოსწავლე თვითონ ირჩევს იმ დონის დავალებებს, რომელთა შესრულებაც ხელეწიფება. ამით იგი თავად განსაზღვრავს თავისი კომპეტენტურობის ზღვარს.

ამ ტიპის დავალების შესრულების დროს მიიღწევა თანხმობა მოსწავლესა და დავალების დონეს შორის (ის სწავლობს დავალების სირთულის პირველივე შეხედვით შეფასებას); სხვადასხვა დავალების შესრულებისას მოსწავლეებს ეძლევათ დამატებითი საშუალება, გაუზიარონ ერთმანეთს გადაწყვეტილებები; კითხვების, დავალებების არჩევისას მოსწავლეები ეცნობიან დანარჩენებსაც, რაც აფართოებს მათ აზროვნებას, თვალსაწიერს.
განვიხილოთ სხვა ნიმუშებიც:

2. ნიმუში – “განსაკუთრებული დავალება”

კლასში ყოველთვისაა მოსწავლე, ერთგვარი “ოლიმპიური რეზერვი”, რომელსაც მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. თუ ყურადღება განსაკუთრებულია, ე.ი. დავალებაც შესაფერისია – ასეთი მოსწავლეები განსაკუთრებით რთულ დავალებებს ასრულებენ. დავალებები სრულდება სპეციალურ ფურცელზე და გულისხმობს განსაკუთრებული სირთულის სავარჯიშოებსა და შემოქმედებით სამუშაოს.
3. ნიმუში – “არაჩვეულებრივი ჩვეულებრიობა”

საშინაო დავალების ფორმულირება და არჩევანი, სავსებით შესაძლებელია, იყოს არაჩვეულებრივი. მაგალითად, მოსწავლეებს დავალების ნომრის, შეკითხვის გასაგებად გავათამაშებინოთ ლატარია ან რამე სხვა სახალისო ხერხი მოვიგონოთ.
4. “წინასწარი დავალება”

ისტორიის სწავლებისას ფართოდ გამოიყენება დავალების წინასწარ მიცემის მეთოდიც, მაგ., განსაზღვრული მასალის წინასწარ წაკითხვა “აქტიური კითხვის” მეთოდით, რომლის დროსაც მოსწავლეები ჩაინიშნავენ საჭირო საკითხებს, გააკეთებენ ჩანაწერებს და ა.შ. საზოგადოდ, აუცილებელია, ისტორიის სწავლებისას დავალებები მხოლოდ პროგრამულ ან დამატებით მასალაზე კი არ იყოს აგებული, არამედ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ისტორიულ წყაროებზე მუშაობასაც.
5. “დიფერენცირებული დავალება”

მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებაში, ამა თუ იმ საგნის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგების სურვილის გაღვივებაში დადებით როლს ასრულებს დიფერენცირებული საშინაო დავალება. იგი დამოუკიდებლობას უვითარებს მოსწავლის, ზრდის მის პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობის მიმართ.
ისტორიაში საშინაო დავალება სრულდება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. წარმატებებიც და შენიშვნებიც სხვადასხვა ფერის კალამით შეიძლება გამოიხატოს. მაგ., შენიშვნა – წითლით, წარმატება – მწვანით (რომელიც, საზოგადოდ, კარგ მასტიმულირებელ ფერად მიიჩნევა და ამ მხრივაც დადებითი ეფექტი აქვს მოსწავლისთვის).
უნარის სათანადოდ განსავითარებლად აუცილებელია, მოსწავლეები სწავლის/დავალების შესრულების ტემპისა და ათვისებული მასალის/შესრულებული დავალების სისწორის კონტროლსაც მივაჩვიოთ.

შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში.

საშინაო დავალების შესრულებითა და პრაქტიკული მუშაობით მოსწავლეები კარგად აითვისებენ და განიმტკიცებენ გაკვეთილზე გამოკვეთილ უნარ-ჩვევებს, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციურ კულტურას, უკეთესად ჩასწვდებიან შესასწავლ მასალას, მეტად მოტივირებულები იქნებიან გაკვეთილზე, მასწავლებელს კი სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა გაუადვილდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი