პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნობელიანტი აფრიკიდან

2019 წელს მთელი მსოფლიოს ყურადღება ერთმა შვედმა სკოლის მოსწავლემ მიიპყრო. გრეტა ტუნბერგმა ევროპის უამრავი ქალაქი მოიარა, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად კლიმატის ცვლილების შეუქცევადი პროცესი გაეპროტესტებინა. გარემოს დამცველმა ბავშვებმა და სტუდენტებმა სამყაროს ყველაზე გავლენიან პირებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ აქტიური და გეგმაზომიერი მოქმედებების დაწყება მოსთხოვეს. გრეტა ტუნბერგი მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, გაეროს უმაღლესი რანგის კონფერენციებზე. მის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებდნენ დასავლური მედიის ყველაზე გავლენიანი გამოცემები. 16 წლის გოგონა ბევრის დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტიც აღმოჩნდა. მოკლედ, შვედი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ბევრმა ივარაუდა, რომ 2019 წელს ნობელის მშვიდობის პრემია სწორედ, სრულიად გამორჩეულ სამოქალაქო აქივისტს გადაეცემოდა. თუმცა, ტუნბერგის გულშემატკივართა მოლოდინები არ გამართლდა და ნიტროგლიცერინის გამომგონებლის სახელობის პრესტიჟული ჯილდო აფრიკაში გაიგზავნა.

2019 წლის ნობელის მშვიდობის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბი აჰმედს მიენიჭა. აბი აჰმედს, რეფორმატორული სულისკვეთების გამო, ხშირად ადარებენ მიხეილ გობაჩოვსა და ბარაკ ობამას. მისი მმართველობის პირობებში ეთიოპია გარდაქმნის ურთულეს გზას დაადგა.

რა დამსახურებებისათვის დააფასა ნობელის კომიტეტმა ეთიოპიელი პოლიტიკოსის საქმიანობა?

ბევრმა არ იცის, რომ ეთიოპია აფრიკაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე სახელმწიფოა. წითელი ზღვის რეგიონში მდებარე სახელმწიფოში 105 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ეთიოპიის ტერიტორიაზე დაახლოებით ასი ეთნიკური ჯგუფი სახლობს. ზოგიერთი ხალხის რაოდენობა რამდენიმე მილიონს უტოლდება, რამდენიმე ეთნოსი კი მხოლოდ 500-მდე წარმომადგენელს ითვლის. ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხებს, ორომოებსა და ამჰარებს დაპირისპირების, შუღლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ქვეყანა გახლეჩილია რელიგიური თვალსაზრისითაც. მოსახლეობაში დაახლოებით თანაბარი გავლენა აქვთ ეთიოპიის ორთოდოქსულ ეკლესიასა და სუნიტურ ისლამს. ეთიოპიაში საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ პროტესტანტები და კათოლიკეები. რამდენიმე მილიონი ადამიანი ადგილობრივი, აბორიგენული რწმენა-წარმოდგენების მიმდევარია.

სხვა აფრიკული სახელმწიფოების მსგავსად ეთიოპიასაც აქვს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის უდიდესი გამოცდილება, ეთიოპიის ისტორიაც დახუნძლულია სამოქალაქო ომებითა და სახელმწიფო გადატრიალებების წარმატებული და წარუმატებელი მცდელობებით. საუკუნეების წინ  იმპერიალისტთა მიერ აფრიკის რუკაზე სახაზავით დაუფიქრებლად გავლებული ხაზები დღემდე სისხლისღვრის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორია კონტინენტის არაერთ რეგიონში. ეთიოპიასა და ერითრეას შორის დღემდე მოუგვარებელია სასაზღვრო პრობლემები. 1998-2000 წლებში ეთიოპიასა და ერითრეას შორის მიმდინარე ომს 80 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური და სასაზღვრო კონფლიქტებით დახუნძლულ ქვეყანაში დაიწყო აბი აჰმედის მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს ის ეთიოპიის არმიის ლეიტენანტი, ინფორმატიკის სპეციალისტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელი და ტექნოლოგიების მინისტრი გახლდათ. ცხოვრების პირველ ეტაპზე იგი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი, კონფორმისტი საჯარო მოხელე გახლდათ. თუმცა, მოგვიანებით ის სულ სხვა გზას დაადგა. 2000-იანი წლების მიწურულიდან აბი აჰმედი კონფლიქტების დროს მხარეთა ერთ-ერთ მთავარ მომრიგებლად იქცა. რელიგიური თუ ეთნიკური დაპირისპირების კერებში, პოლიტიკური კრიზისების მიმდინარეობისას დასავლეთში განათლება მიღებულ, გაწონასწორებულ საჯარო მოხელეს მოქიშპეები  მშვიდად ხვდებოდნენ ხოლმე. მისი ხელმძღვანელობით იმართებოდა შესაბამისი დისკუსიები და განხილვები. რამდენიმე მხარეში აბი აჰმედმა მოახერხა ორომოებისა და ამჰარების დაზავება, თავისი მშობლიური ქალაქი კი რელიგიური დაპირისპირებისგან იხსნა.

ავტორიტეტის მოხვეჭის შემდეგ კონფლიქტის ზონებში ცნობილმა მოხელემ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ეთიოპიის პარლამენტის წევრი გახდა, 2018 წელს კი მთავრობის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც დაიკავა. პოლიტიკაში გადანაცვლებულმა აჰმედმა თავის ხასიათს არ უღალატა და გამბედავ რეფორმებს დაუდო სათავე. მისი მმართველობის პირველივე თვეებში ასობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, ციხეები დატოვეს ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებების დროს დაკავებულმა აქტივისტებმაც, რომელთაც მძიმე დანაშაულში არ მიუძღოდათ წვლილი. მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დროს 42 წლის ეთიოპიელმა სახელმწიფო მოღვაწემ გენდერული თანასწორობის პრინციპით იხელმძღვანელა და პორტფელთა ნახევარი ქალებს გაუნაწილა.

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის მთავარ მიღწევად მეზობელ ერიტრეასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მიიჩნევენ. ხელშეკრულების მიხედვით წლების განმავლობაში ერთმანეთზე დანასისხლად გადაკიდებული სახელმწიფოები დაზავდნენ და საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. ეთიოპიასა და ერითრეას შორის ჩამოვარდნილი მშვიდობის ბედი კვლავ ბეწვზე ჰკიდია, მაგრამ მთავარია, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ოცწლიანი განშორების შემდეგ ნათესავებმა თუ ახლობლებმა ერთმანეთის ნახვა შეძლეს.

აბი აჰმედი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მის ქვეყანაში მიღწეული სტაბილურობა რეგიონს განვითარების საშუალებას ვერ მისცემს. ეთიოპიელი ნობელიანტი მოწადინებულია, რომ მშვიდობა მთელს რეგიონში დამკვიდრდეს. აქედან გამომდინარე, იგი აქტიურად მონაწილეობს სუდანის მთავარ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის წარმართულ მოლაპარაკებებში, ასევე გახლავთ შუამავალი კენიასა და სომალის შორის სასაზღვრო საკითხის გადაწყვეტისას.

ნობელის კომიტეტმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ მშვიდობას მრავალი განზომილება აქვს. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის არ არის საკმარისი. გამორჩეულები იბრძვიან საყოველთაო მშვიდობისთვის და სამშობლოს საზღვართან არ ასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი