ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სწავლა-სწავლება კვლევითა და აღმოჩენით

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც, ამავდროულად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს აღმოჩენით, ძიებითა და კვლევით. მოსწავლე აყალიბებს საკვლევ შეკითხვას, ეძიებს გზებს კითხვაზე პასუხის გასაცემად, გეგმავს და ატარებს კვლევას, აკვირდება, აღრიცხავს მონაცემებს, წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმებით, ააანალიზიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნები. ამ დროს მოსწავლე თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის ჩართვას, მათში ინტერესისა და მოტივაციის აღძვრას. აღნიშნული მტკიცებულებებისა და ჩემი გამოცდილების საფუძველზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე კვლევაზე დაფუძნებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და კოლეგებისათვის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.

მოცემულ გაკვეთილზე ჩემი ძირითადი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარემო პირობები ფერმენტების აქტივობის პროცესზე და კოლეგებისთვის საინტერესოდ მიმეწოდებინა ახალი მეთოდი.

გაკვეთილის გეგმა

საგანი:                                  ბიოლოგია

მასწავლებელი:                   ნათელა ბაღათრიშვილი

სწავლების საფეხური:       საშუალო

კლასი:                                    მე-10

მოსწავლეთა რაოდენობა:  24 (სპეც. საგანმ. საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის)

თემა:                                      ცილები/ფერმენტების აქტივობის დამოკიდებულება               სხვადასხვა პირობაზე

მიზანი:

  • მოსწავლის კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა
  • მოსწავლემ გაიაზროს კატალიზური პროცესების ინტენსივობის დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორებზე

წინარე ცოდნა, მზაობა:

ორგანული და არაორგანული მოლეკულები, pH – არე, ცილების აგებულება და ფუნქციები.

კვლევითი უნარ-ჩვევები

კლასის ორგანიზება:         მუშაობს 4 ჯგუფი

საჭირო მასალა:  სამუშაო ფურცლები, მარკერი, დაფა, კალამი, სასწორი, გამაცხელებელი, ყინულის ნატეხები, სინჯარები, მენზურა, საწვეთური, როდინი, კარტოფილი, წყალბადის ზეჟანგი, წყალი, ლიმონმჟავა, სოდა, უნივერსალური ინდიკატორი, თერმომეტრი

გაკვეთილის მსვლელობა:  

აქტივობა 1.                                                                                                1 წთ.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

აქტივობა 2.                                                                                               4 წთ.

საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა.

პროვოცირების მიზნით, ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული ტექსტის გააზრება და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

ჯგუფებს ურიგდება სამუშაო ფურცელი N1, სადაც მოცემულია ტექსტი და შესაბამისი დავალება (იხ. დანართი 1)

გამოსაძახებელი ჩხირების მეთოდის გამოყენებით ვისმენ რამდენიმე (3-4) მოსწავლის პასუხს.

აქტივობა 3.                                                                                              25 წთ.

ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება.

საკითხის ღრმად გასააზრებლად მოსწავლეებს ვთავაზობ ექსპერიმენტის დაგეგმვასა და ჩატარებას. მოსწავლეები კვლევითა და აღმოჩენით დაადგენენ სხვადასხვა პირობების გავლენას ფერმენტების აქტივობაზე.  ჯგუფებს ვთავაზობ სამუშაო ფურცელს  N 2, რომელიც ორ ვარიანტად არის წარმოდგენილი, თითო საკვლევი კითხვით (იხ. დანართი 2)

ჯგუფი #1 და ჯგუფი#3 მუშაობს პირველ ვარიანტზე /საკვლევი კითხვა: რა გავლენას ახდენს ფერმენტ კატალაზას მოქმედებაზე სხვადასხვა pH-არე?/

ჯგუფი #2 და ჯგუფი #4 მუშაობს მეორე ვარიანტზე /საკვლევი კითხვა: რა გავლენას ახდენს ფერმენტ კატალაზას მოქმედებაზე სხვადასხვა ტემპერატურა?/

ექსპერიმენტისთვის საჭირო ყველა რესურსი ჯგუფებში  წინასწარ არის განაწილებული. მოსწავლეები თვითონ გეგმავენ და ატარებენ ექსპერიმენტს, აგებენ დამოკიდებულების გრაფიკს.

მასწავლებელი ამ დროს არის დამკვირვებელი, ახსენებს უსაფრთხოების წესებს, თვალს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენს ჯგუფებს, აკეთებს აღრიცხვას, ინიშნავს კომენტარებს განმავითარებელი უკუკავშირისთვის.

მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სწავლობენ კვლევით, აღმოჩენითა და დაკვირვებით.

აქტივობა 4.                                                                                             13 წთ.

დასკვნების ჩამოყალიბება.

ერთ ვარიანტზე მომუშავე ჯგუფის წევრები ერთმანეთის კვლევის შედეგებს ეცნობიან და შემდეგ დასკვნების ჩამოყალიბება 2 მიმართულებით ხდება:

  • ცალ-ცალკე რა შედეგები მიიღეს.
  • დაემთხვა თუ არა პარალელური ჯგუფების კვლევის შედეგები ერთმანეთს

შედეგებიდან გამომდინარე საკითხის ირგვლივ შესაძლოა წარიმართოს დისკუსია და გაჩნდეს ახალი საკვლევი კითხვები.

შეფასება:                                                                                                 2 წთ.

განმავითარებელი

  • სიტყვიერი
  • შეფასების რუბრიკა (იხ. დანართი 4)

შედეგი:

  • გამოთქვამს მოსაზრებებს საკვლევი კითხვის ირგვლივ, გეგმავს და ატარებს კვლევას, აღრიცხავს მონაცემებს, აანალიზებს და აკეთებს დასკვნებს
  • მონაცემებს გრაფიკულად გამოსახავს
  • მსჯელობს  ფერმენტების თვისებებზე და ადგენს კატალიზური პროცესების ინტენსივობის დამოკიდებულებას მჟავიანობასა და ტემპერატურაზე

დანართი 1.

სამუშაო ფურცელი  N 1                                                                         

გაეცანი ქვემოთ მოცემულ საინფორმაციო ტექსტს

იცი, რატომ „ვტირით“ ხახვის დაჭრისას?

ხახვის უჯრედების სხვადასხვა სტრუქტურულ კომპონენტში მოთავსებულია ფერმენტები და სხვადასხვა ნივთიერება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამიჯნული იყო მემბრანით. დაჭრისას უჯრედები ზიანდება,  ნივთიერებები ერთმანეთს ერევა და ფერმენტები მათთვის სრულიად უჩვეულო გარდაქმნებს აწარმოებენ. ერთ-ერთი ასეთი რეაქციის შედეგი არის გოგირდშემცველი აქროლადი ნაერთი, რომელიც ცრემლში არსებულ წყალთან შედის რეაქციაში და გოგირდმჟავას წარმოქმნის, რომელიც თვალებს გვწვავს და ცრემლდენა ძლიერდება.

თუ გაფცქვნილ ხახვს მოათავსებ საყინულეში და გაყინავ, ან მოათავსებ მდუღარე წყალში და 10 წუთი ადუღებ და ამის შემდეგ  დაჭრი წვრილად, ცრემლდენა აღარ დაგეწყება.

ახსენი მიზეზი

 
 
 

 

დანართი 2.                                                                                                               

სამუშაო ფურცელი N2                        I ვარიანტი

გაეცანით ქვემოთ მოცემულ ტექსტს:

უჯრედში ქიმიური გარდაქმნების შედეგად ზოგჯერ ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება მათი დეტოქსიკაციის საშუალებები. ერთ-ერთი ასეთი ტოქსიკური ნივთიერებაა წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც ფერმენტი კატალაზა უვნებელ ნივთიერებებად – წყლად და ჟანგბადად გარდაქმნის. ფერმენტი აქტიურია 370 C-ის პირობებში.                                                                        ფერმენტი კატალაზა უხვად არის აღმოჩენილი მოუხარშავ კარტოფილში.

სამუშაო მაგიდაზე მოცემული გაქვთ:

კარტოფილი, წყალბადის ზეჟანგი, სოდა,  ლიმონმჟავა, სინჯარები, როდინი, პიპეტი, სასწორი, უნივერსალური ინდიკატორი

დაგეგმე ექსპერიმენტი, რომელიც უპასუხებს საკვლევ კითხვას:

რა გავლენას ახდენს ფერმენტ კატალაზას მოქმედებაზე სხვადასხვა pH-არე?

ჩაატარე შენს მიერ დაგეგმილი ექსპერიმენტი.

მონაცემები შეიტანე ქვემოთ მოცემულ ცხრილში და ააგე გრაფიკი.

 

  მჟავა არეში ნეიტრალურ არეში ტუტე არეში
 

შედეგი

 

 

 

 

 

 

 

   

 

დანართი 3.                                                                                 

სამუშაო ფურცელი N2                       II ვარიანტი

გაეცანით ქვემოთ მოცემულ ტექსტს:

უჯრედში ქიმიური გარდაქმნების შედეგად ზოგჯერ ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება მათი დეტოქსიკაციის საშუალებები. ერთ-ერთი ასეთი ტოქსიკური ნივთიერებაა წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც ფერმენტი კატალაზა უვნებელ ნივთიერებებად – წყლად და ჟანგბადად გარდაქმნის. ფერმენტი აქტიურია ნეიტრალურ და სუსტ ტუტე არეში.                                    ფერმენტი კატალაზა უხვად არის აღმოჩენილი მოუხარშავ კარტოფილში.

სამუშაო მაგიდაზე მოცემული გაქვთ:

კარტოფილი, წყალბადის ზეჟანგი, სინჯარები, როდინი, პიპეტი, წყალი, გამაცხელებელი, სასწორი, ყინულის ნატეხები, თერმომეტრი

დაგეგმე ექსპერიმენტი, რომელიც უპასუხებს საკვლევ კითხვას:

რა გავლენას ახდენს ფერმენტ კატალაზას მოქმედებაზე სხვადასხვა ტემპერატურა?

ჩაატარე შენს მიერ დაგეგმილი ექსპერიმენტი.

მონაცემები შეიტანე ქვემოთ მოცემულ ცხრილში და ააგე გრაფიკი.

             10 -50 C       370 C-ზე          500 – 550 C
 

შედეგი

 

 

 

 

 

   

 

დანართი 4.

კვლევის  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი/ სკალა დამწყები განვითარებადი კვალიფიციური ექსპერტი
კვლევის მიზნის განსაზღვრა არასწორად აყალიბებს მიზანს ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს სრულყოფილად აყალიბებს მიზანს სრულყოფილად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს
ექსპერიმენტის დაგეგმვა არასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს ჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ ეტაპს ჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებს დეტალურად ჩამოთვლის კვლევის პროცესის თითოეულ ეტაპს
მონაცემების აღრიცხვა აღრიცხავს არასწორ მონაცემებს აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და უსისტემოდ აღრიცხავს მონაცემებს სრულიად, მაგრამ უსისტემოდ აღრიცხავს მონაცემებს სრულიად და სისტემურად
მონაცემების ანალიზი ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს აკეთებს მონაცემთა ანალიზს აკეთებს მონაცემთა ანალიზს, წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით
დასკვნების ჩამოყალიბება ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს აკეთებს ნაწილობრივ სწორ დასკვნებს აკეთებს ძირითად დასკვნებს აკეთებს სრულფასოვან  დასკვნებს

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბაღათრიშვილი ნ. (2017) საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას. დისერტაცია. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://tesau.edu.ge/files/uploads/gabatlebis_fakulteti/sadisertacio_cnobari/nino/2/18.11.17 last.pdf
  2. ბაღათრიშვილი ნ. (2018) კვლევზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო მიდგომები და მეთოდები. https://mastsavlebeli.ge/?p=17675
  3. ბაღათრიშვილი ნ. (2018) კვლევაზე დაფუძნებული ლაბორატორიული საქმიანობის უპირატესობა. https://mastsavlebeli.ge/?p=18007
  4. ბაღათრიშვილი ნ. (2019) კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=20792
  5. ბაღათრიშვილი ნ. (2019) სირთულეების დაძლევის სტრატეგიები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს https://mastsavlebeli.ge/?p=20938
  6. ეროვნული სსწავლო გეგმა, 2011-2016
  7. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024
  8. ზაალიშვილი ნ., იოსებაშვილი ნ. (2012). მე-10 კლასი. გამომცემლობა „ტრიასი“
  9. კაპანაძე მ. (2016). განმავითარებელი შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში. ჟურნალი ,,მასწავლებელი”, #6, 2016. გვ.18

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი