შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საყვარელი პოეტის ლექსი კრიტიკული თვალით

(აკაკი წერეთლის „ქებათა ქება“)

ქართული ლიტერატურის მასწავლებლები ხშირად ვჩივით სასკოლო პროგრამებში შეტანილ მხატვრული ტექსტების კორპუსთან დაკავშირებით, რომ გადასახედია ეს პროგრამები და ზოგიერთი ცვლილება აუცილებელია. თუმცა ყველას უჭირს საჯაროდ იმის დაკონკრეტება, თუ რომელ ტექსტებს გულისხმობს სასკოლო ასაკისთვის შეუფერებლად და რით ჩაანაცვლებდა მათ? დამეთანხმებით, ძალიან ძნელია არჩევნის გაკეთება, რადგან ამ პროგრამებს მიღმაა მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი გენიალური ქართველი მწერლის ყველასთვის საყვარელი და იდეურად დატვირთული ნაწარმოებები.

ვინაიდან კრიტიკული აზროვნების განვითარება და მაღალ სააზროვნო უნარებზე მოსწავლეთა გაყვანა ქართულის მასწავლებლების უპირველესი ამოცანაა, ვფიქრობ, კლასიკური მწერლობის ტექსტებისადმი თავისუფალი და არაშაბლონური მიდგომა უნდა ვასწავლოთ უპირველესად ჩვენს ახალ თაობებს. საბჭოთა ეპოქის სწორხაზოვნებისგან ღმერთმა დაგვიფაროს და ვისურვებდი, რომ თამამად მივუდგეთ ტექსტების ანალიზს, თუნდაც ჩვენი მწერლობის დიდოსტატების ნაწარმოებებს. რამდენიმე თვის წინ გავბედე და ჩვენს ელექტრონულ ჟურნალში გამოვაქვეყნე წერილი „სულხან-საბას ოთხი იგავი კრიტიკული თვალით“, სადაც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შეტანილ საბას იგავებზე ვწერდი, რომ მათი მხატვრული ღირებულება და დამაჯერებლობა ბევრად ჩამოუვარდება საბას შედევრებს, როს გამოც უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს იგავები ამოგვეღო პროგრამიდან და საბას სხვა ბრწყინვალე ქმნილებები შეგვეტანა. სადავოც არ არის ალბათ, რომ ჩავარდნები და სუსტი ნაწარმოებები მსოფლიოს ყველა დიდ მწერალს აქვს და რატომ უნდა ავუკრძალოთ საკუთარ თავს მათდამი კრიტიკული დამოკიდებულება?

როგორც ჩემი წერილის სათაური ამბობს, ამჯერად ჩვენი სათაყვანო პოეტის, ქართული ლირიკის „ტკბილხმოვანი ორფეოსის“, აკაკის ლექსს მინდა შევხედო კრიტიკული თვალით. „ქებათა ქება“ ადრე სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებში არ იყო, ბოლო წლებში შევიდა. მასწავლებლებმა კარგად ვიცით, როგორ იღებენ ბავშვები ამა თუ იმ ტექსტს. ზოგიერთი ტექსტი, თუნდაც დიდი კლასიკოსისა, უცხო, მიუღებელი და არასასურველი ხდება, ხოლო ზოგიერთს „მუშა ტექსტს“ ვეძახით, ანუ ვგულისხმობთ, რომ ნაწარმოები აღძრავს საყოველთაო ინტერესს, კარგ მასალას იძლევა დისკუსიებისთვის, ლიტერატურული კვლევა-ძიებისთვის, მრავალფეროვანი პრეზენტაციის, ჯგუფური სამუშაოსა და სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის, საგანთა ინტეგრირებისთვის.

აკაკის „ქებათა ქება“ დაუთარიღებია 1882-1900 წლებით. ალბათ 18 წელი ამ ლექსის შექმნას არ დასჭირდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ამგვარი ქრონოლოგია მითითებულია იმის გათვალისწინებით, რომ პოეტი ამ წლებში განცდილ გრძნობებსა და ემოციებზე გვესაუბრება.

სილქნეტის „საშინაო სკოლის“ ვიდეოჩანაწერებში იძებნება ლიტერატურათმცოდნე ლალი დათაშვილის ლექცია აკაკის მოცემულ ლექსზე, სადაც მკვლევარი სამართლიანად შენიშნავს, რომ ლექსი სათაურის კოდითაც და იდეურადაც ბიბლიურ „ქებათა ქებასთან“ არის დაკავშირებული. სოლომონ ბრძენის „ქებათა ქება“ უფლის სადიდებელი პროზაული ფსალმუნებია, სადაც ბიბლიურმა ავტორმა უფლის სიყვარული ალეგორიულად მწყემსი ბიჭისა და მისი სატრფოს, შულამელი გოგონას სასიყვარულო ვნებების ფონზე გადმოსცა. ეს სარისკო იდეა იმდენად ორიგინალურად, გულწრფელად და ზეშთაგონებულად მოგვითხრო სოლომონ ბრძენმა, რომ ამ ტექსტით მკითხველის აღფრთოვანება არასდროს ნელდება, მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ ძველი ქმნილებაა.

აკაკის ლექსსაც ცხადად ეტყობა, რომ სამყაროს და უფლის დიდება ლირიკული გმირისთვის საყვარელი ქალისადმი განცდილი სასიყვარულო ვნებებით არის შთაგონებული. ლალი დათაშვილი ასევე ახსენებს სოლომონის მამის, ბიბლიური დავით ფსალმუნთმეტყველის სიტყვებს – „ყოველი სული აქებდით უფალსა“ და მიიჩნევს, რომ აკაკის ლექსის იდეურად მასაზრდოებელი სწორედ ეს ბიბლიური ალუზია უნდა იყოს.

ქართულის ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ტექსტზე მუშაობისას ყველაზე სანდო შემფასებლები მოსწავლეები არიან. პირველი ემოციები, რომელთაც ბავშვები გამოხატავენ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად მისაღებია წინა ეპოქების ესა თუ ის ტექსტი ახალი თაობებისთვის. ლექსი თავის სათქმელს წაკითხვისა და გაგების ეტაპზე თავადვე ამბობს. სანამ მას კლასი და მასწავლებელი გააანალიზებენ, ამოიცნობენ იდეებს, გახსნიან სახე-სიმბოლოებს და ავტორის ხელწერაზე მსჯელობებს შეაჯამებენ, მოსწავლეთა მიმართება ტექსტის ემოციებისადმი უკვე ყოვლისმთქმელია. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სასკოლო პროგრამებში გვხვდება ტექსტები, რომლებიც „კარგად მუშაობენ“ ბავშვებთან, აღაფრთოვანებენ მათ, ინტერესს აღუძრავთ ჩხრეკისა და კვლევა-ძიებისას და ტექსტები, რომელთაც ისინი ვერ ან არ იღებენ, ვერ „მოიხელთებენ“, გაუცხოებას ამჟღავნებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტურად მიაწვდის მასწავლებელი. აკაკის შემოქმედება საშუალო საფეხურის მეთერთმეტე კლასში ისწავლება და ამ ასაკში მოსწავლე უკვე ყოველმხრივ მომზადებულია ტექსტების საანალიზოდ, უკვე უმაღლეს რეგისტრშია კრიტიკული აზროვნება, ლიტერატურული გემოვნება მნიშვნელოვანწილად ჩამოყალიბებულია, მოსწავლეს შეუძლია ტექსტებისადმი საკუთარი დამოკიდებულების ეფექტურად გამოხატვა ვერბალურად თუ წერით დავალებებში.

ჩემი არცთუ ხანმოკლე პედაგოგიური გამოცდილება მკარნახობს, რომ აკაკის „ქება ქებათა“ მოსწავლეთა მკვეთრად კრიტიკულ დამოკიდებულებას იწვევს.

ისინი სვამენ კითხვებს:

  • რით ფასდება ზოგადად ტექსტი? რას ვაწყდებით მოცემულ ტექსტში განსაკუთრებით შთამბეჭდავს და ემოციის აღმძვრელს? რამდენად აქტუალურია ლექსის იდეა ავტორის თანამედროვე ეპოქაში ან ახლა? (კლასიკის უმთავრესი ღირსება ხომ ისაა, რომ ის არ ძველდება). რამდენად დასამახსოვრებელ და გულწრფელ ლირიკულ გმირებს აცოცხლებს პოეტი? რამდენად იკვეთება ლექსში ავტორის პოეტური ოსტატობა?

და თავადვე პასუხობენ:

ტექსტის მთავარი მახასიათებელი მისი ნოვატორული ხასიათია. ავტორმა იდეაც, ლირიკული გმირებიც და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებიც ახლებურად, ორიგინალურად, ინდივიდუალური ხელწერით უნდა გააცოცხლოს. აკაკის „ქებათა ქება“ ვინაიდან ბიბლიურ ალუზიებს ეყრდნობა,  უნდა იყოს არა ბიბლიური ტექსტის მდარე გადამღერება, არამედ იმ უძველესი ტექსტის სათქმელის ახლებურად აჟღერება.

რას ვაწყდებით ქართული ლირიკის მეტრად აღიარებული აკაკის ლექსში: აქ ლირიკული გმირი აკაკის „ალტერ ეგოა“, რომელიც პირადი ბედნიერებით ტკბება და შეჰხარის სამყაროს, აცხადებს, რომ ქვეყანა ადიდებს შემოქმედს („და ეს ქვეყანა
ყოვლგნით ყველგანა თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!“). შემდეგ იწყება ქებათა წყება: პოეტი აქებს საღამოს, „მშვიდსა, საამოს, ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..“ შემდეგ გრძელდება მნათობთა ქებით, ხოტბას ასხამს ზეცას, მთვარესა და ვარსკვლავებს, ყვავილებს, წყალს, ფოთოლსა და ბალახს და აღფრთოვანებულია ბუნების მაყრულით და ამ მძაფრ განცდებს მიჰყავს ამგვარ დასკვნამდე: „და ახლა მეც ვგრძნობ, საიდუმლოდ ვცნობ, რომ არის კაცში ღვთისა ხატება!“

სამყაროს ქებას მოსდევს სიყვარულის ციური ნიჭით ფრთაშესხმული პოეტის მიერ სატრფოსადმი განცდილი სასიყვარულო ვნებების გადმოცემა. ლირიკული სახე სატრფოსი, რომელშიც პოეტისთვის ნინო, თამარი და ქეთევანია შენათხზ-შეერთებული, არის „ტკბილი სიზმარი და მომხიბლავი, მძლავრი ოცნება“, რომლის სიყვარულითაც პოეტის თვალში „ემატა სოფელს მშვენიერება“…

მთელი ეს პათოსი მკითხველისთვის არც თემატურ-იდეურად წარმოადგენს სიახლეს და ვერც გულწრფელობით დაიკვეხნის, აშკარად დაღდასმულია ეგზალტირებული ლირიკული გმირის ყალბი, არადამაჯერებელი განცდებით, მკითხველის სულსა და გულს არ ეხება, პირიქით, სკეპსისისთ ავსებს მას და აფიქრებინებს, რომ „სულიკოს“, „განთიადის“, „აღმართ-აღმართის“ ავტორის ჩვეული სილაღე, სევდა, გულწრფელობა, ღრმა ემოციურობა აქ სადღაც გამქრალა, მიჩქმალულა. ლექსი არა მხოლოდ აკაკის შემოქმედებაში, არამედ მსოფლიო ლირიკაში უთვალავჯერ გადამღერებული მოტივების საკმაოდ წარუმატებელი „რემიქსია“. აბიტურიენტები ხშირად აპროტესტებენ ამ ლექსის სასკოლო და ეროვნული გამოცდების პროგრამაში არსებობას და აპელირებენ იმაზე, რომ უამრავი გენიალური მწერლის უაღრესად საინტერესო ტექსტი ამ პროგრამებს მიღმაა, ხოლო ის ფაქტი, რომ მოცემული ლექსის ავტორი ხალხის საყვარელი პოეტი და დიდი კლასიკოსია, ვერ გამოდგება ამ მოცემულობის გამართლებად. სუსტი და არაგულწრფელი ნაწარმოებები ალბათ მსოფლიოს მწერლობის ყველა კლასიკოსის ტომებში მოიძებნება და ეს ავტორის სიდიადეს სულაც არ აკნინებს.

„ქებათა ქება“ სუსტია სტილურადაც, ვინაიდან ლექსის ენა მთლიანად ყალბი პათოსითა და არაგულწრფელი ემოციით არის ნასაზრდოები. კრიტიკას ვერ უძლებს ლექსის ევფონია. „ტკბილხმოვანი ორფეოსის“ რითმა და რიტმი, რომელიც აღაფრთოვანებდა თვით გალაკტიონს და გრიგოლ რობაქიძეს, ჩანაცვლებულია „ნაჭირვები“, „დაბრკმობილი“ (რუსთველი) მუსიკალურობით. რითმები კოჭლი და არაკეთილხმოვანია. ვხვდებით რამდენიმე სტილისტურ ხარვეზს. საკმარისია დავასახელოთ სტილისტურად დაუხვეწავი ფრაზები: „იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს“ და „და ეს ქვეყანა ყოვლგნით ყველგანა“…

შეიძლება, ზედმეტ სითამამეს ვიჩენ აკაკი წერეთლის უკვდავი სახელისადმი, მაგრამ ეს არ ეხება მის დიდებულ შემოქმედებას, ხოლო ერთი ლექსით პოეტი არ იზომება. ზემოთ გამოთქმული მოსაზრებების ხმამაღლა გამოთქმის საფუძველს მაძლევს მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ ლექსისადმი და მიმაჩნია, რომ მისი არსებობა სასკოლო პროგრამაში მოსწავლეს აკაკის შემოქმედებისადმი ინტერესს კი არ გაუღვივებს, არამედ პირიქით, გაუნელებს.

ხშირად საუბრობს ამ თემებზე ცნობილი ლიტმცოდნე გია მურღულია და მეც ვუერთდები არაერთგზის გაჟღერებულ თვალსაზრისს, რომ ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამები გადასახედია!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი