ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ოცი წელი არაქართულენოვან სკოლაში და კალინინოს სკოლის ქართულის გაკვეთილები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში, ოცი წელია, რაც ქართულის მასწავლებელი ნინო ბუთურიშვილი ასწავლის. ნინო ცდილობს მოსწავლეები, სწავლების სხვადასხვა რესურსების გამოყენებით სახელმწიფო ენაზე გამართულად აალაპარაკოს. ნინოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს და სერტიფიცირებული მასწავლებელია, რის გამოც ხშირად ეკითხებიან, რატომ მუშაობს მაინცდამაინც რეგიონის სკოლაში და რატომ არ ეძებს სამსახურს ქალაქის პრესტიჟულ სკოლებში. ნინო ფიქრობს, რომ მისთვის პრესტიჟული, სწორედ ურთულესი პრობლემის წარმატებული შედეგია და ამ შედეგის მიღწევას ცდილობს კალინინოს სკოლაში. როდესაც კალინინოს სკოლას ნინო მასწავლებლის მანქანა უახლოვდება, ეზოში მყოფმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ნინო მასწავლებელს უნდა დაეხმარონ. ერთი, ორი, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი ჩანთა ნინოს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას სწავლებისთვის საჭირო რესურსები მანქანით დააქვს და ზოგჯერ, მანქანის საბარგული მთლიანად მის სასწავლო რესურსებს უჭირავს. ნინომ ოცი წლის განმავლობაში, არა მარტო მის მოსწავლეებს შეასწავლა ქართული ენა, თვითონაც ისწავლა აზერბაიჯანული და უკვე მეორე ენის დახმარებით, ცდილობს უფრო გაუმარტივოს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულის სწავლების გზები და დაეხმაროს მათ ინტეგრაციის პროცესში.

 

ოცი წელი მასწავლებლის პროფესიაში. რას ნიშნავს გამოცდილების ეს წლები თქვენთვის?

 

როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, არ ვფიქრობდი მასწავლებლობაზე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაზე ნაკლებად სასურველი ეს პროფესია იყო. ხელფასი სამსახურში ერთი დღის მგზავრობის სამყოფი მქონდა. თუმცა, 19 წლის ასაკში მაინც მასწავლებლობით დავიწყე კარიერა. იმ სკოლაში ერთადერთი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვიყავი. არ იყო ადვილი. მტკიცე და ჯიუტი ხასიათის „წყალობით“ ( რას ჰქვია არ გამომივა?!) ღირსეულად გავართვი თავი. თავს უფლებას მივცემ, ასე შევაფასო ჩემი გამოცდილება დღევანდელი გადასახედიდან.

 

როგორ გაიხსენებთ ოცი წლის წინანდელ ნინო მასწავლებელს, პირველ გაკვეთილს, მოსწავლეებს, საკლასო ოთახს. ახლა რას შეცვლიდით, რას ეტყოდით საკუთარ თავს?

 

პირველად აზერბაიჯანულ სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა (2000 წელს), საერთოდ არაფერი ვიცოდი მათი კულტურის, ტრადიციების შესახებ და მით უმეტეს არც აზერბაიჯანული ენა მესმოდა. ვასწავლიდი სამივე საფეხურზე: I, VII, XI და ა.შ. კლასებს. ლექსიკურ ერთეულებს ილუსტრაციების, ფოტოების, თვალსაჩინო მასალის გამოყენებით ვუხსნიდი. მოქმედებებს თავად ვასახიერებდი და ასე ვუხსნიდი (ადექი, წადი, გადაშალე, დაწერე, წაიკითხე), მაგრამ როდესაც ატირდა პირველკლასელი მოსწავლე, ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. არც მას ესმოდა ჩემი, არც მე – მისი. გავიქეცი დერეფანში, დავუძახე დამლაგებელს და ვთხოვე კლასის ხელმძღვანელი მოეყვანა. მაშინ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა მათი ენა, რომ უკეთესად გამეგო და უკეთესად მესწავლებინა. ახლა, უამრავი თვალსაჩინო მასალა მაქვს ეფექტური და შედეგიანი გაკვეთილის დაგეგმვა-ჩატარებისთვის – ბუკები, სახელმძღვანელოები, სხვა რომ არაფერი ტელეფონში ვრთავ ინტერნეტს და აუდიო და ვიზუალურ რესურსებს ვიყენებ. ასევე, თავად ვქმნი სასწავლო მასალას, ადაპტირებას ვუკეთებ ტექსტებს, მოსასმენ მასალას მოვიძიებ და ამ მასალებზე დაყრდნობით ვგეგმავ გაკვეთილებს, რათა უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო ქართული ენის შესწავლა.

 

ოცი წელი ეთნიკურ უმცირესობებს ასწავლით სახელმწიფო ენას. ენობრივი კომპეტენციის ამაღლების გარდა, რით არის ეს პროცესი თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი?

 

ენობრივი კომპეტენციის ამაღლების გარდა, აუცილებელია, შემსწავლელებს გავაცნოთ და გავათავისებინოთ იმ ქვეყნის კულტურა, ყოფა, რომელ ქვეყანასაც თავადაც წარმოადგენენ. ინტეგრაცია აუცილებელი პირობაა სრულფასოვანი მოქალაქეობისთვის. არაფორმალურ გარემოში სწავლებით, სხვადასხვა კლასგარეშე პროექტით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებით ხელს ვუწყობთ ამ პროცესებს, მათ დაახლოებას და ინტეგრირებას სახელმწიფოში. ერთ შემთხვევას გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით. ჩემი მოსწავლე, მშობლებმა თურქეთის საკმაოდ ცნობილ და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხეს და სურდათ იქ დაესრულებინა სწავლა. ლალაზარი პირველი კურსის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, ჩააბარა მისაღები გამოცდები და ახლა აქ სწავლობს. ამბობს, რომ ეს მისი სამშობლოა, აქ აპირებს ცხოვრებას და არ უნდა არსად წასვლა. 5 წელი ამ გოგონას ქართული ენის მასწავლებელი ვიყავი. ვთვლი, რომ მის ასეთ დამოკიდებულებებში ჩემი დიდი წვლილიცაა. ასეთი უამრავი შემთხვევა შემიძლია დავასახელო. მოსწავლეებთან ურთიერთობა არ მთავრდება მათი სკოლის დამთავრებით, შემდეგაც ვეხმარები გზის გაკვლევაში.

 

პროფესიულ განვითარებაზეც ვისაუბროთ. როგორ მიჰყვებით  პროფესიულ გამოწვევებს?

 

შედეგი რომ მაღალი დონის იყოს და კონკურენტუნარიანი მოქალაქეები აღზარდო, ამისთვის „თავად არასოდეს უნდა შეწყვიტო სწავლა“. პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე მუდმივად ვზრუნავდი. ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მეორეზე ჩავირიცხე და დავამთავრე წარმატებით. როგორც კი დაინიშნა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, მაშინვე დავიწყე მზადება და 3 სხვადასხვა საგანში ვარ სერტიფიცირებული, (1-4 დაწყებითი კლასები, ქართული ენა და ლიტერატურა  მე-5-მე-12 კლასები, ქართული, როგორც მეორე ენა 1-1 2 კლასები). ჩემს პროფესიულ ზრდა-განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამამ „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“. პროგრამაში პირველივე წლიდან (2009 წ.) ვმუშაობ კონსულტანტ-მასწავლებლად. იმისთვის, რომ მეზრუნა სხვა მასწავლებლებისა და კოლეგების პროფესიულ ზრდაზე, თავად გავდიოდი უამრავ ტრენინგს (დღესაც ვესწრებით და ვატარებთ ტრენინგებს). ვესწრებოდით და თავად ვატარებდი კონფერენციებს, რომელიც გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. ვმონაწილეობ და ვესწრები სამუშაო შეხვედრებს, სემინარებსა და მასტერკლასებს კოლეგებთან ერთად.

 

ქართულის სწავლების პარალელურად რაზე საუბრობთ თქვენს მოსწავლეებთან, რა წარმოადგენს მათი ინტერესის საგანს?

 

მოსწავლეებთან უფროსი მეგობრის დისტანციაზე ვარ. მინდა, გავააზრებინო საკუთარი ქცევები და ამ ქცევის შედეგები. ჩემი აზერბაიჯანელ მოსწავლეები არ არიან განებივრებულნი ინფორმაციის ღიაობით, ხელმისაწვდომობით. მაგალითად, კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით  წამოვჭერი საკითხი,  „კომპიუტერი უფრო პოპულარულია თუ ტელევიზორი“  და ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა მოეყვანათ მოსაზრების შესაბამისი არგუმენტები და მაგალითები. კითხვაზე, რა დროს ატარებთ კომპიუტერთან დღეში, კლასში ყველამ თქვა, რომ არ აქვთ კომპიუტერი და არც ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად ბევრად მეტი უნდა გავაკეთო მათთვის, ვიდრე ქართული ენის სწავლებაა. უნდა ისწავლონ, როგორ მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია, როგორ განვითარდნენ დამოუკიდებლად, როგორ იცვლება საზოგადოებრივი დამოკიდებულებები წლიდან წლამდე, როგორ ცხოვრობენ მათი თანატოლები. სოფელში არაა ბიბლიოთეკა და ასევე, სკოლაშიც მწირია მხატვრული ლიტერატურა. აქედან გამომდინარე, გააზრებული მაქვს ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემი როლი მათ ცხოვრებაში. მაგალითად, გაზაფხულზე რამდენიმე მოსწავლეს ალერგია აწუხებდა პერიოდულად. ერთ -ერთ გაკვეთილზე წამოიჭრა ეს პრობლემატური თემა მოსწავლეების მხრიდან. ტელეფონის ინტერნეტით მოვძებნე გადაცემა სამედიცინო თემაზე, სწორედ ალერგიაზე რომ საუბრობდნენ ექიმები, დაავადების სიმპტომებსა და მკურნალობაზე. მოვისმინეთ 2-ჯერ და გავიაზრეთ, შემდეგ ვიმსჯელეთ. ამ აქტივობით თან ქართულ ენაზე საკომუნიკაციო უნარებს დაეუფლნენ, შეისწავლეს ახალი ლექსიკა და თან პრობლემატურ თემაზე შეიტყეს სიახლეები.

 

რა როლი აქვს მასწავლებელს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში?

 

დიდია მასწავლებლის როლი არაქართულენოვანი საზოგადოების, ახალგაზრდების ინტეგრაციაში ქართულ გარემოში. ბევრ რამეზე გვიწევს პასუხისმგებლობის აღებაც, მაგალითად, რჩევას გვთხოვენ პროფესიის არჩევისას, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას.  ამიტომ, მათი მასწავლებელი ინფორმირებული უნდა იყოს ყველა საკითხში, იცნობდეს მიმდინარე სიახლეებს არამხოლოდ საგანმანათლებლო სფეროში. ასე გადამზადებული მასწავლებლები ჰყავს დასაქმებული სწორედ ჩვენს პროგრამას „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“, პროგრამის მასწავლებლების სავიზიტო ბარათია მუდმივად გრაგნილებით (ანუ დამატებითი სასწავლო რესურსებით) სიარული.

 

რა უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე მასწავლებელმა სწავლებისას და რა უნდა ასწავლოს მან ყველაზე მთავარი მოსწავლეებს?

 

დღევანდელმა (და  არამარტო დღევანდელმა) მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქმნის მომავალს, ხვალინდელ დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ, რომელსაც ჩვენ დღეს ვაძლევთ ცოდნას, აღვჭურვავთ უნარებით, ხვალ, 10 წლის შემდეგ უნდა გამოიყენოს. მასწავლებლის ვალდებულებაა, იფიქროს და იზრუნოს იმაზე, რამდენად გამოადგება მომავალში ახალგაზრდას სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მიერ გადაცემული ცოდნა და უნარები. გასაგებია, რომ შეუძლებელია ინფორმაციის ნაკადის შეჩერება, ან კონტროლი. ჩვენ ვერ დავიცავთ მომავალ თაობას ამისგან. პირიქით, სწორედ ეს თაობაა ყველაზე კარგად ინფორმირებული. შესაძლოა რომელიმე საკითხზე მოსწავლეს მასწავლებელზე მეტი ცოდნა და ინფორმაცია აღმოაჩნდეს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ის, თუ როგორ შეარჩიონ და შეაფასონ მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან სასარგებლო. თავად გამოიტანონ დასკვნები, რა სჯობს და რა არის სწორი. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის უდიდესი როლი ის არის, რომ ჩამოუყალიბოს მოსწავლეს თავისუფალი, კრიტიკული აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის (და არა შიშის, რიდის) გრძნობა.

 

ყველა დროს ახალი გამოწვევები მოაქვს მასწავლებლისთვის. რა არ იცვლება და რჩება მუდმივად ამ პროფესიაში?

 

ის, რაც არასოდეს მოძველდება ამ პროფესიაში, არის საკუთარი საქმის სიყვარული. ერთია, როცა შრომობ და თავად აღწევ წარმატებას საკუთარ საქმეში. მეორეა, როცა შენი წარმატება სხვის წარმატებაზეა დამოკიდებული და პირიქით იმ სხვა ადამიანის წარმატება შენს წარმატებულ მუშაობაზეა დამოკიდებული, შექცევადობის პრინციპით. ერთხელ თუ იგემე სხვისი წარმატებით გამოწვეული ბედნიერება, მერე ყოველთვის გიხარია და მუდმივად გინდა ხედავდე ბედნიერ, წარმატებულ ადამიანებს და შენი წვლილი შეგქონდეს ამაში. ეს მთავარია მასწავლებლის პროფესიაში. სხვაგვარად შედეგზე ვერ იქნები ორიენტირებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი