შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საზოგადოება, ტაბუ და პირადი ავტონომია

სიტყვა „ტაბუ“ პოლინეზიური წარმოშობისაა და სხვა ენებში პირდაპირი ეკვივალენტი არ გააჩნია. მას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ნიშნავს წმინდას, კურთხეულს, მეორე მხრივ კი უჩვეულოს, აკრძალულს, საშიშს, უწმინდურს. პოლინეზიურ ენაში ამ სიტყვის ანტონიმია „ნოა“ – საყოველთაო. ფიქრობენ, რომ ტაბუ ღმერთებსა და რელიგიებზე ძველია. ეს არის კაცობრიობის უძველესი, დაუწერელ კანონთა კოდექსი, როგორც მას ფილოსოფოსი ვუნდტი უწოდებს. ტაბუს დარღვევას სასჯელი მოსდევს. საზოგადოება სჯის ტაბუს დამრღვევს, რადგან ფიქრობს, რომ ის ყველა დანარჩენს საფრთხეს უქადის.

ადამიანური თავისუფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ „მე მინდას“, არამედ მცნებასაც „მე მოვალე ვარ“, ზნეობრივ აკრძალვებსაც მოიაზრებს. პირადი ცხოვრება ისაა, რაზე საუბარსაც გაურბიან ადამიანები. თუ ჩავთვლით, რომ ეს არის ტაბუ, მაშინ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის რეალობა კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებები ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ჩვენთან თითქმის უგულებელყოფილია ეს და სხვა მუხლებიც, რომლებიც ცხადყოფს, რომ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს. ამასთან, საქართველო იზიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებას, უზრუნველყოს პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პირადი სივრცის ქონების უფლება დაცული უნდა იყოს როგორც ინდივიდებს შორის ურთიერთობაში, ისე სახელმწიფოს ჩარევისგანაც.

ადამიანი როგორც სოციალური ინდივიდი ჩართულია საჯარო სივრცეში და ზემოქმედებს მასზე, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება საკუთარი, პირადი სივრცის ქონებისა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობის განუყოფელი ნაწილია იმის ცოდნა, რა არის პირადი სივრცე და დგინდება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და პირადი სივრცის ბალანსი.

რა არის პირადი სივრცე? საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „პირადი სივრცის პრივატულობა სწორედ იმით გამოიხატება, რომ ადამიანს გარანტირებულად უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისა და ნების შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლისგან თავისუფალ პირობებში, სივრცეში განავითაროს საკუთარი პიროვნება, ურთიერთობები მხოლოდ მისთვის სასურველ პირებთან, მისთვის მისაღებ თემებსა თუ საკითხებზე, მისთვის სასურველი ფორმითა თუ მანერით, სტილით, იყოს ისეთი, როგორიც არის, საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევის ვალდებულების გარეშე“.

საზოგადოების აზრი ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა ისე, რომ „რას იტყვის ხალხის“ პრინციპმა კაცს მონური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბოს, მისი პიროვნულობა დააზარალოს. ამგვარად, ჩვენ თავად უნდა განვსაზღვრავდეთ საჯარო სივრცეში შესვლის ინტენსივობის და, შესაბამისად, საკუთარი პირადი სივრცის ფარგლებს. თუმცა გუგლისა და ათასნაირი სოციალური ქსელების ეპოქაში იმის გასარკვევად, რა არის საჯარო თუ პირადი სივრცე, უამრავი კრიტერიუმია საჭირო. სისხლის სამართლის კანონმდებლობისგან განსხვავებით, რომელიც მოწოდებულია, მკაცრად დაიცვას პირის პირადი სივრცე ხელყოფისგან, სამოქალაქო კანონმდებლობა ზერელედ ეკიდება უკვე დარღვეული უფლების მორალური ზიანის ანაზღაურების სახით რესტიტუციას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკაც არაფრით გამორჩეული გვაქვს. თვალში საცემია კერძო სამართლის მოუქნელობაც, რომელიც სისხლის სამართლის გამოძიების, მერე კი სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოლოდინშია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი პროცედურების ბოლომდე მიყოლა, სამოქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა და საკუთარი უფლებების სრულად დაცვა, თუნდაც მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან ადამიანთა უნივერსალური თანაცხოვრების წესებია სწორედ სამართალი. სახელმწიფო და კანონი ვერ იქნებიან უფლების დაცვის მთავარი გარანტები, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების მექანიზმებს წარმოადგენენ. ამიტომ საკუთარი უფლებების დაცვის გარანტები თავად ინდივიდები უნდა ვიყოთ, ამისთვის კი აუცილებელია, ზუსტად გვესმოდეს ჩვენი უფლებები და ვფლობდეთ მათი ეფექტურად დაცვის საშუალებებს.

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ამგვარად, საჯარო ინტერესის შემთხვევაში პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვა მედიის გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

რა არის საჯარო ინტერესი? როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისგან.

საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა:

  • სახელმწიფოს სისტემური დანაშაული;
  • საჯარო სახსრების არასათანადოდ გამოყენება;
  • თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები;
  • საარსებო გარემო;
  • ეროვნული უსაფრთხოების დაცვა;
  • მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა და ა.შ.

ეს არის შემთხვევები, როცა საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება პირადს და ხდება პირადის გასაჯაროება, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა კონკრეტული პირის გაცნობიერებული თანხმობა, რაც ასევე დაცვის მექანიზმს გულისხმობს.

„ინდივიდი თავად განსაზღვრავს, რა არის მისი პირადი სივრცე. ეს არის ამ უფლების თავისებურება, რომ ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს მეორე ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლებისგან, ყველას განსხვავებული აღქმა აქვს“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ან პირადი ცხოვრების უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის, როგორ არის გაგებული საზოგადოებაში პირადი ცხოვრების უფლება, რას აკეთებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ვის და რა მიზნისთვის სჭირდება მოქალაქეთა პირადი მონაცემები, ფარული მოსმენები და თვალთვალი, როგორია პოსტსაბჭოთა სივრცის და, მეორე მხრივ, დასავლური გამოცდილება, როგორია მედიის როლი პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში – აი, იმ კითხვათა ჩამონათვალი, რომლებიც აქტუალურია ჩვენს სახელმწიფოში. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გასული წლის მდგომარეობის შეფასებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც მნიშვნელოვან და დადებით მოვლენად 29 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად საქართველოს პირველად არჩევას ასახელებენ. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ასევე ფარული მიყურადების თაობაზე ახალი კანონმდებლობის ამოქმედების საკითხი – კანონმდებლობისა, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, რომელსაც კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ გარშემოა გაერთიანებული. ეს მოთხოვნა გულისხმობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2014 წლის 30 ნოემბერს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში რეალობა კი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო, რადგან საკმაო ძვრებია და საკმაო ძალისხმევა ხმარდება არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

მძიმე განწყობა რომ არ შეგვექმნას, ბოლოსთვის ლირიკულ გადახვევას მოვუხმოთ: ყოველ ჩვენგანს შეუძლია შექმნას საკუთარი რეალობა საზოგადო რეალობაში. ეს გადარჩენის გზაა. ოღონდ ეს არ უნდა იქცეს გაქცევად, რომ სამშობლოში შინა ემიგრაციაში არ აღმოვჩნდეთ. ეს „ჩვენი“ რეალობა-თავშესაფარი სულის მოსათქმელადაა, რომ ისევ დავუბრუნდეთ თუნდაც უმძიმეს გარემოს, ახალი სასიცოცხლო ძალებით აღჭურვილნი. ესეც ჩვენი და მხოლოდ ჩვენი პირადი ცხოვრებაა, ავტონომია, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს ამქვეყნად ებოძა და იმქვეყნადაც წაიღებს საგზლად, როგორც ავთანდილის პირით „ვეფხისტყაოსანიც“ გვარწმუნებს:

„დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები…“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი