ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მეგობარი გაკვეთილები: ვინ ვართ ჩვენ?!

მულტიდისციპლინური კურიკულუმის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადი, თუმცა საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა ინტეგრაციის მოდელი ავირჩიეთ, თემატური კურიკულუმის შედგენისთვის საჭირო თემებზე დავიწყეთ მსჯელობა. ამისათვის საჭირო გახდა საერთო შეხვედრებზე ყველა პროექტში ჩართული საგნის სასწავლო მასალის გადახედვა და საერთო საკითხების გამოყოფა. პირველი ჯაჭვი ავაგეთ თემაზე ,,ადამიანები ჩვენ გარშემო“, რადგან საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე დაკვირვება საერთო სასკოლო პროექტის საუკეთესო დასაწყისად მივიჩნიეთ.

ადამიანი, როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოების ნაწილი, ამოუწურავი საკვლევი ობიექტია. თემის სათაური ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების გამოკვეთისკენ გვიბიძგებდა. აქედან გამომდინარე, საერთო სამიზნე დებულებებად ისეთი საკითხები გამოვკვეთეთ, როგორიცაა ადამიანთა შორის მსგავსება-განსხვავების დაფიქსირება, დამოკიდებულებების ცვლა დროთა განმავლობაში, კომუნიკაციის როლი ჩვენს ცხოვრებაში, საზოგადოების გავლენა ინდივიდის ცხოვრებაზე და ა.შ.

პირველ თემაზე მუშაობას ყველაზე მეტი დრო მოვანდომეთ და ეს ბუნებრივიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებული სასწავლო მოდელის მახასიათებლების შესახებ თეორიული ინფორმაცია დროულად მივიღეთ, კურიკულუმის შექმნის მზა ,,რეცეპტს“ ვერსად მივაგენით, ამიტომაც მასწავლებლის ინსტიქტს მივენდეთ და მუშაობა თემატური კავშირების დამყარებით დავიწყეთ. თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებმა ვეღარ გავითვალისწინეთ ,,მეგობარი საგნების“ მიმართულებები და საერთო შეხვედრაზე საგნობრივი გეგმების განხილვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მარტო თემასთან კავშირი არ იყო საკმარისი და ინტეგრაციის ჯაჭვი ერთმანეთის გაკვეთილებთან დაკავშირებით უნდა შეგვექმნა. საბედნიეროდ, აკადემიური ხელმძღვანელის დახმარებით, დროულად შევიცვალეთ გეზი, თემის პირველი ვარიანტი გვერდზე გადავდეთ და კურიკულუმის შედგენა ერთად გადავწყვიტეთ. სწორედ ერთობლივ შეხვედრებზე მივხვდით, რომ  ინტეგრირების ხარისხის გაზომვისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნა გვჭირდებოდა, სქემის, რომელიც გაკვეთილების ბადეს დაეყრდნობოდა და გაკვეთილებს შორის კავშირის დაფიქსირების საშუალებას მოგვცემდა (წერილის პირველ ნაწილში მოცემულია ამ ინსტრუმენტის ნიმუში).

ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი კურიკულუმის პირველ თემის დაგეგმვას  ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდა. მოსწავლეებმა თემის მთავარ შეკითხვას – ,,ვინ ვართ ჩვენ?!“ პროექტში ჩართული საგნების ფარგლებში მრავალფეროვანი პასუხები მიუსადაგეს. ჩვენი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს (ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით) საკითხის სიღრმისეულად შესწავლის საშუალება მისცემოდათ. ამიტომ შემდეგი თემაც (რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?!) მის წინამორბედს დავუკავშირეთ.

პირველი კვირეულის ქართული ენის გაკვეთილები ღირებულების ცნების გააზრებას მიეძღვნა. თუ ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები ადამიანთა შინაგან სამყაროს აკვირდებოდნენ, ბუნებისმეტყველებაზე მის ფიზიკურ მახასიათებლებსა და ზრდა-განვითარების პროცესს შეისწავლიდნენ. მათემატიკის გაკვეთილზე საკუთარი სხეულის ნაწილებს საზომ ერთეულებად იყენებდნენ. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით კი სხეულის ერთ-ერთი ნაწილის – ყელის და სახმო იოგების შესაძლებლობების შესახებ ბევრი რამ გაიგეს და მცირე ექსპერიმენტიც ჩაატარეს.

ასევე საინტერესოდ წარიმართა ადამიანთა ჯგუფისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვების პროცესი. მოსწავლეებმა ჯერ სიმღერით მოსინჯეს სოლისტისა და გუნდის წევრობის დადებითი და და უარყოფითი მხარეები. შემდეგ ერთობის ძალის ,,გასაზომად“ დიდ კონად შეკრული ჩხირების გადატეხვა სცადეს. როცა ჯერი მარტოსულ ადამიანებზე მიდგა, ბავშვებმა ერთმანეთს შეადარეს ადამიანთა ჯგუფისგან გარიყული და ველურ გარემოში გადარჩენილი ინდივიდების ხვედრი და დაასკვნეს, რომ განსხვავებულობა კი არა, მისდამი არასწორი დამოკიდებულება ქმნის პრობლემებს. აღნიშნული საკითხი რამდენიმე მოსწავლისთვის იმდენად სენსიტიური აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დამატებითი ტექსტის თუ ფილმის მოშველიება დამჭირდა, მათში საკუთარი განსხვავებულობის გამძაფრებულად აღქმის გამო მომატებული შფოთვა  რომ გამენეიტრალებინა. თუმცა ამავე მოსწავლეებისთვის  ეს თემა ერთგვარ მაშველ რგოლადაც იქცა, რადგან დიდი ხნის დაფარული შიში გამოავლინა და მისი დაძლევის საშუალება მოგვცა.  მოჭარბებული ემოციების ,,დასაცლელად“ პირად დღიურებს მივაკითხეთ, მაგრამ ფურცლებზე მარტო საკუთარი გრძნობების კი არა, პერსონაჟთა განცდების გადმოცემაც ვცადეთ.

თემის შემდეგი კვირა ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას მივუძღვენით. მხატვრული ტექსტების მაგალითზე დავაკვირდით ადამიანის ადაპტაციის უნარს და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ინდივიდისთვის ბუნებრივი რესურსებით საცხოვრებელი სახლები დავაპროექტეთ და ავაგეთ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა მათემატიკის გაკვეთილებზე შეძენილი გაზომვა-დახაზვასთან (მოსწავლეებმა გაზომეს სასკოლო სივრცე და ადამიანები) დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ამავე კვირეულში მოვუსმინეთ ბუნების ხმებს და ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენის/ბგერის იმიტაციაც ვცადეთ.

რაც შეეხება ჩართულობის ხარისხს, მოსწავლეები პროექტის პრეზენტაციის დღიდან დაინტერესდნენ თემით და პირველი კვირის დასრულების შემდეგ თავადვე დაიწყეს ახალი ცოდნისა თუ უნარების ურთიერთდაკავშირება. მჭიდრო ინტეგრაციის პირველი თვალსაჩინო შედეგი თემის შემაჯამებელ პროექტზე მუშაობისას დავინახეთ. მოსწავლეებს მინი კვლევის ჩატარება დაევალათ. საკმაოდ ხმამაღალი სათაური კი გამოგვივიდა (ადამიანთა ინტერესებისა და შეხედულებების კვლევა სხვადასხვა ასაკში), თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტში ჩართული საგნების ჭრილში სიღრმისეულად განხილულ თემებზე დაყრდნობით მოსწავლეებისთვის კითხვარის შედგენა და ინტერვიუს წარმართვა გვესწავლებინა. მოსწავლეების ინტერესებს მორგებული პროექტი საოცრად წარმატებული გამოდგა. ჯერ ინტერვიუსთვის სპეციალური ცხრილი დავხაზეთ, შემდეგ კითხვები ჩამოვწერეთ, მათგან ყველაზე აქტუალურები შევარჩიეთ და კითხვარში გადავიტანეთ. კითხვარს ასევე ახლდა დანართი მუსიკალური ტოპ ხუთეულის შესარჩევად. სკოლაში მოეწყო ინტერვიუს ოთახი, სადაც სამი თაობის (ბავშვები (დაწყებითი საფეხური), მოზარდები (საბაზო-საშუალო საფეხური) და ზრდასრულები (მასწავლებლები)) წარმომადგენელ ადამიანთა ჯგუფი გამოკითხეს. მოხუცებულთა ინტერესებისა და დამოკიდებულებების საკვლევად კი ერთ-ერთ ხანდაზმულთა კლუბს ვესტუმრეთ. მონაცემების დამუშავების დრო რომ დადგა, მოსწავლეები არც ამ ,,დიდურ“ გამოწვევას შეუშინდნენ, პასუხები დიდი მონდომებით დაითვალეს, დააჯგუფეს და პიქტოგრამებსა და დიაგრამებში ასახეს.

ინტეგრირებული კურიკულუმის პირველი თემის წარმატებამ მარტო მოსწავლეების კი არა, ჩვენი თვითშეფასებაც საგრძნობლად აამაღლა და შემდეგი თემები გაცილებით სწრაფად და ეფექტურად დავგეგმეთ. მათთვის, ვინც დაინტერესებულია მულტიდისციპლინური მოდელით სწავლებით, რამდენიმე რეკომენდაციაც მოვამზადე:

  • ინტეგრირებული კურიკულუმის დაგეგმვა-განხორციელებას სჭირდება დიდი დრო (საკონტაქტო და ინდივიდუალური სამუშაო საათები) და მოქნილი სასკოლო გრაფიკი (უნდა იყოს გაკვეთილთა რიგის გადანაცვლება-დაჯგუფების ან საათების დამატების საშუალება);
  • მასწავლებლებს, მაღალი პროფესიული მზაობის გარდა, დასჭირდებათ სიახლეებისადმი შიშის დაძლევა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის საჭირო უნარების გამოყენება, რათა ძალების გაერთიანება და საერთო მიზნების ეფექტურად განხორციელება შეძლონ;
  • კეთებით სწავლებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებზე და გასვლით აქტივობებზე მასწავლებელს შეიძლება დასჭირდეს ასისტენტის დახმარება კლასის ორგანიზების თვალსაზრისით, რათა საგაკვეთილო პროცესი მართვასთან დაკავშირებულმა საკითხებმა არ შეაფერხოს;
  • სამუშაო გუნდი მზად უნდა იყოს დისტანციური თანამშრომლობისთვისაც. აქედან გამომდინარე, კურიკულუმის ჯგუფს უნდა ჰქონდეს საკუთარი ონლაინ პლატფორმა (,,დრაივი“ ან სხვა დახურული/სასკოლო ინტერნეტ სივრცე), რათა ვირტუალურ სივრცეშიც შეძლონ ერთად მუშაობა;
  • სასურველია, ინტეგრირებული კურიკულუმის შექმნის პროცესში სამიზნე საფეხურის ყველა დისციპლინა ჩაერთოს;
  • გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელთა მოტივაციასაც სჭირდება ხელშეწყობა. კარგი იქნება, თუ მსგავსი სირთულის დამატებით სამუშაოსთან დაკავშირებული ინიციატივები გარეგანი მოტივატორებითაც (აღიარება, ფინანსური მხარე და სხვ.) იქნება გამყარებული.

მიზნის სწორად დასახვას ასევე გაგიადვილებთ ე.წ. მულტიდისციპლინური მოდელის ,,ქოლგა“, რომელიც საგნობრივი ინტეგრაციის მთავარ პრინციპებზე აგებულ გრაფიკს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი