ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სხვაგვარი პროტესტი

პროტესტის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. უძველესი საუკუნეებიდან დღემდე განვითარებისა და გათავისუფლებისკენ გადადგმული თითქმის ყველა ნაბიჯი წინააღმდეგობის გამოვლენასთან და ალტერნატიული გზის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. პროტესტი თავის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ინარჩუნებს და ადამიანთა ინტერესების გამოხატვის, ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად რჩება.

საქართველო მუდმივი პროტესტის პირობებში ცხოვრობს. საპროტესტო ტალღები განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდება ხოლმე. ჩემი მშობლების თაობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ოცდაათი წელია ქუჩაში დგანან და უკეთეს ქვეყანში ცხოვრებას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. უზარმაზარი ტრადიციის მიუხედავად, ჩვენი საპროტესტო კულტურა მაინც ძალიან ერთფეროვანია. საქართველოში პროტესტს ორიგინალური და დასამახსოვრებელი მეთოდებით იშვიათად გამოხატავენ.

პროტესტის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რამდენიმე შემთხვევა გავიხსენოთ. დავიწყოთ ქართული მაგალითების გახსენებით. სკოლის პერიოდში ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, ძვირფასმა მაკა ბრეგვაძემ ნუგზარ წერეთლის წიგნი წამაკითხა. ნაშრომი 26 წლის ასაკში გარდაცვლილი გენიოსის, გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებას ეძღვნება. დღემდე ჟრუანტელი მივლის, როდესაც გამორჩეული ქართველი მწერლის მოღვაწეობიდან ერთ შესანიშნავ ეპიზოდს ვიხსენებ. ნადირობაზე მიმავალმა, მეგობრების მოლოდინში დღევანდელ თავისუფლების მოედანზე შეფერხებულმა გურამმა თოფი დამიზნებით ესროლა ქალაქის ცენტრში წამოჭიმულ ლენინის ძეგლს. ტყვია ბელადს პირდაპირ თავში მოხვდა. 1950-იან წლებში საბჭოთა სახელმწიფო თავისი ძლიერების ზენიტში იყო. მის წინააღმდეგ მოქმედებას ვერავინ ბედავდა. ბევრის აზრით, ნებისმიერ ანტისაბჭოთა საქმიანობას აზრი ჰქონდა უკვე დაკარგული. ყველა საყოველთაო შიშში ცხოვრობდა და ელემენტარული გამბედაობის გამოჩენაც კი უჭირდათ. გურამ რჩეულიშვილის მოქმედება განწირული ადამიანის პროტესტი გახლდათ. მან იცოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა, ვერაფერს გამოასწორებდა, მაგრამ მაინც სურდა, რომ პარტიულ მოხელეებს რიგითი მოქალაქეების ბრაზი და სიფხიზლე სიმბოლურად მაინც ეგრძნოთ. გურამ რჩეულიშვილმა თავისი სრულიად არანორმალური და გიჟური მოქმედებით დადუმებული და უფლებებშეკვეცილი ხალხის სურვილი, ოცნება ფიგურალურად გამოხატა.

ანტისაბჭოთა დისიდენტობის ისტორია პროტესტის ისეთ ფორმებსაც კი იცნობს, რომლებშიც ადამიანები მხოლოდ ირიბად მონაწილეობდნენ. მაგალითად, საქართველოს ეროვნული მოძრაობის წევრებისგან ერთი უცნაური ამბავი მსმენია. თურმე, ისინი პროკლამაციებს მაღვიძარებისა და ხაფანგების საშუალებით ავრცელებდნენ. ახალგაზრდა ოპოზიციონერები გვიან ღამით ცენტრალურ გამზირებზე მდებარე შენობების სახურავებს სტუმრობდნენ და იქ უცნაურ აპარატურას ამონტაჟებდნენ. ხაფანგზე პროკლამაციები იყო დალაგებული, მაღვიძარა ხაფანგის კავს ძაფით უკავშირდებოდა. საათის დარეკვის დროს კი სათაგური პროკლამაციების დასტას ჰაერში სტყორცნიდა ხოლმე. ბუნებრივია, უშიშროების სამსახურებს უჭირდათ დამნაშავეების დანაშაულის ადგილზე დაკავება.

ხანდახან ადამიანები საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ, რათა თავიანთი ღირებულებებისთვის ბრძოლა განაახლონ და მათთვის პრობლემური საკითხი ხელახლა დააბრუნონ საზოგადოების დღის წესრიგში. ფემინიზმის პირველი ტალღის მკვლევრებს კარგად ახსოვთ ემილი დევისონის სახელი. მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქალთა და მუშათა უფლებებისთვის მებრძოლი ჯგუფების ხმა ჩაეხშო. გავლენიანი ლიდერები არაფრად აგდებდნენ ათასობით მათი თანამოქალაქის ბრძოლას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის. შესაბამისად, ყურადღების მიღმა დარჩენილი ადამიანები თავიანთი პროტესტის გამოხატვას ყველაზე არაორდინალური მეთოდებით ცდილობდნენ. 1913 წელს ემილი დევისონმა გადაწყვიტა, რომ ეპსონის ცნობილ დოღს დასწრებოდა, მოედანზე შეჭრილიყო და სუფრაჟისტული შეძახილებით მეფე ჯორჯ მეხუთის ცხენი შეეჩერებინა. საუბედუროდ, მეფის ცხენი დოღზე შეჭრილ ქალს დაეტაკა, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი კი სასიკვდილოდ დაშავდა.

ზოგიერთი პროტესტს ყოველგვარი ტრაგიზმისა და უბედურებების გარეშე გამოხატავს. პირიქით, ბევრისთვის წინააღმდეგობის მოძრაობა ზეიმად იქცევა ხოლმე. რამდენიმე წლის წინ ათასობით კანადელი ახალგაზრდა ნახევრად გაშიშვლდა, სხეული შეიღება და მთავარი ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. ამგვარად სტუდენტებმა განათლების დაფინანსების შემცირება გააპროტესტეს.

არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის მიზნით განსხვავებულად იცვამენ. ავსტრალიაში ერთი ულტრანაციონალისტური პარტია მოქმედებს, რომელიც განსაკუთრებით მუსლიმებს ებრძვის და მათი ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულებების კრიტიკით ცდილობს სახელის მოხვეჭას. 2017 წელს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაულინ ჰენსონი სენატის სხდომაზე ბურკაში გამოწყობილი გამოცხადდა და შემდეგ კი დაწვრილებით აუხსნა მთელ ქვეყანას, თუ რამდენად დამამცირებელია აღნიშნული თავსაბურავის ტარება ქალებისათვის.

რამდენიმე დღის წინაც მოხდა ერთი საინტერესო შემთხვევა. სამხრეთ კორეაში ოპოზიციონერები იუსტიციის მინისტრს დაუპირისპირდნენ და საყოველთაო ყურადღების მისაპყრობად საჯარო მიტინგი დანიშნეს. მიტინგზე მისულ ხალხს მოედნის ცენტრში აღმართული სცენა დახვდათ, რომელზეც ორი-სამი სავარძელი იყო შემოდგმული. სავარძლები პოლიტიკოსებმა დაიკავეს, სცენაზე პარიკმახერები ავიდნენ და იქ მსხდომთ თავები გადაპარსეს.

როგორც ხედავთ, პოლიტიკასა და თეატრს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საშემსრულებლო ოსტატობასა და დრამატურგიას ენიჭება. ნიჭის დეფიციტი კი საშინლად მოსაწყენ ელფერს ანიჭებს მთელ პროცესს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი