პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”

ეროვნება, როგორც კულტურის ფენომენი – ეროვნებისა და ეროვნული ურთიერთობებისა პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მრავალწახნაგოვანია. ის განიხილება სხვადასხვა თვალსაზრისით – ფილოსოფიური, სოციოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური, ეთნოგრაფიული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ლინგვისტური და ა.შ.

ეჭვგარეშეა, რომ მეცნიერთა უმრავლესობა, ეხება რა ეროვნების განმარტებას, იყენებს ამ ტერმინს ნეიტრალურ-ღირებულებითი, ობიექტურ-აღწერილობითი გაგებით. თუმცა, უაზრობა იქნებოდა იმფაქტების უარყოფა, სადაც ,,ნაცია”, ,,ნაციონალური” ღირებულებითი გააზრებით გამოიყენება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კულტურული ერთიანობა ეროვნების გაგების მხოლოდ ერთი არსებული ნიშანი იქნებოდა, კულტურის ფილოსოფიას ექნებოდა სრული უფლება აპელირებულიყო, უპირატესად, ამ საკითხთან მიმართებით. თუმცა, კულტურული ერთობა – ეს არა უბრალოდ ერთ-ერთი არსებული ნიშანია ეროვნების გაგებისა, არამედ (კულტურის ფილოსოფიის თვალთახედვით) ყველაზე არსებითია, რის მიხედვითაც ფორმირდება ეროვნება, როგორც ასეთი. სხვა ნიშნები (ტერიტორიული მთლიანობა, ენა, ეკონომიკური ცხოვრება), თვით ისეთი ისტორიული ნიშანიც კი, როგორიცაა ისტორიულობა, ასახავს აუცილებლობას მათი ერთ კულტურულ ორგანიზმად შერწყმისა – ისტორიულ დროსა და სივრცეში ცვალებადობა ადამიანთა თაობებისა, რომლებიც ცხოვრობენ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონში, საუბრობენ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე და დაკავშირებულნი არიან სამეურნეო-ეკონომიკური პირობითობებით. ბირთვი კი ერის გაგებისა მისი კულტურულ-ფილოსოფიურ-აქსიოლოგიურ გააზრებაშია.

ყველას გვიფიქრია, რა არის სამშობლო, ერი? ეს სამივე დროში განსახილველი ცნებებია. ამიტომ ძალიან სცოდავს, ვინც მათ აუგად მოიხსენებს. თუ დღეს ის საკუთარი შვილების მკვლელ დედად წარმოუდგენიათ, ამაში ჩვენ, შვილები, ადამიანები ვართ დამნაშავე, რადგან, ვაჟას თქმისა არ იყოს, ,,მას არა დაუშავებია რა”. ,,იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული” (ნოდარ დუმბაძე). ეს ის სიყვარულია, გამუდმებულ მსხვერპლს რომ მოითხოვს და მამულიშვილობაც ,,მსხვერპლია და არა სეირი” (ილია ჭავჭავაძე). ერი, ქვეყანა, რომლისთვისაც თავს სწირავენ, ცოცხალია და გადარჩება.

სამშობლო და ეროვნული კულტურა არის ის ერთადერთი და ჭეშმარიტი საფუძველი, რომელზეც უნდა აიგოს ადამიანური არსებობის შენობა. ამის გარეშე არავინაა თითოეული ჩვენგანი, ანუ ,,უსამშობლოოდ კაცი არა ხარ”. (გ. დოჩანაშვილი).

დღეს არის ტენდენცია ეროვნული ღირებულებების ნიველირებისა. მავანნი ცდილობენ იმის დაკნინებით, რაც ყველაზე ღირებული გაგვაჩნია, თავი პროგრესულებად და ზეეროვნულებადაც წარმოაჩინონ. ეს სენი არაა ახალი და ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გამოავლინეს სოციალ-დემოკრატებმა თავიანთი კოსმოპოლიტური (თუმცა ამ სიტყვის ჯანსაღი გაგება მშვენივრადაა მოცემული ვაჟას წერილში ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”) ლტოლვებით. დღეს ამას სხვა სახელი აქვს და ,,გლობალისტობა” თუ ,,ლიბერალობა” ჰქვია (თუმცა ილიას ლიბერალიზმი სულ სხვას მოიაზრებდა). ,,მჟავე პატრიოტი არავინ დაგვიძახოსო. ამისთანა მკვლევართ და მაძიებელთ რომ ავყვეთ, შეიძლება მთელ ჩვენს ისტორიულ წარსულზე ხელი აგვაღებინონ და მთელი ჩვენი წარსული ისტორია და კულტურა ჭირსა და წყალს წააღებინონ…” (ვაჟა-ფშაველა). ,,მჟავე” პატრიოტობაზე უარესი სწორედ ეროვნულის იგნორიებაა, ურომლისოდაც არც კაცობრივი წარმოსდგება და ეს ძალიან კარგად აქვს გამიჯნული ვაჟას თავის ცნობილ წერილში ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიტიზმი”. ერის ინდივიდუალობა, რომელზე უკეთესიც ალბათ არაფერი შეუქმნია ღმერთს, მისი სიყვარული არის საფუძველი კაცობრიობის (რასაც ჯანსაღი კოსმოპოლიტიზმი მოიაზრებს) სიყვარულისა. სწორედ ეროვნული კოლორიტი, განსხვავებულობა ქმნის უაღრესად საინტერესოს მსოფლიოს სურათს, თავისი განუმეორებელი ფერებით, ხასიათით, გენეტიკით. ,,შენის” დაფასებით სწავლობ ,,სხვისის” პატივისცემასაც და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. როგორც ინდივიდუალურია საზოგადოებრივის საფუძველი, ისე ეროვნული კაცობრულისა და ზოგადად, დაყოფის, გამოყოფის, დასაზღვრის პრინციპითაა შექმნილი მთელი სამყარო წარმართული თუ ქრისტიანული ფილოსოფიით. ამიტომ ამ საზღვრების მოშლა, სახეობრიობების ერთმანეთში გათქვეფა უსახურობისა და არაფრობისკენ სწრაფვაა უკუპროცესი. შესაბამისად, განვითარებასაც არ გულისხმობს. გენიალური რამაა პიროვნულობა, ინდივიდუალიზმი, როგორც საფუძველი ისტორიისაც, კულტურისაც, ერისაც და ზოგადად, სიცოცხლის, ყოფიერების განვითარების წინაპირობა. პიროვნების ცნებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერის, საზოგადოების, კულტურის გაგებას. ერიც ხომ პიროვნებათა კულტურით (ტრადიციითა და ისტორიული ცნობიერებით) შეკავშირებული საზოგადოებრივი მთლიანობაა, ერი, საზოგადოება, პიროვნება, კულტურა კი – დაუნაწევრებელი ერთობა.

,,ეროვნული არსებობის განცდა ის უძირითადესი საფუძველია, რომელზედაც აიგება პიროვნების შესაქმე და რომლის ღალატი ღმერთისადმი ღალატთანაა გაიგივებული – ესაა მკვდარი კაცობა თავის არსებაში, რამეთუ პიროვნებაა მხოლოდ ღმერთთან მოლაპარაკე. ხოლო ,,ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს, რომ წარუძღვეს წინა ერსა” – როგორც დიდი ილია იტყოდა” (ჯანრი კაშია).

დღევანდელობა შორსაა იმ მაღალზნეობრივი იდეალებისაგან, რომლებიც ყველა დროში გამოსავალია ძნელბედობისაგან გადასარჩენად. სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმის განმაპირობებელიც – ,,მართალია, დღეს ჩვენ კაცები აღარა გვყავს და აღარა გვყავს იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრებაც აღარა გვაქვს, საკუთარი ინტერესი ჩვენის ქვეყნისა ჩვენ აღარ გვაბარია, საკუთარის აღზრდის წესით აღარ ვიზრდებით. ევროპაში თვით ცხოვრების ვითარება, თვით საზოგადოება უწყობს ხელს, რომ კაცები გამოჩნდნენ, კაცები აღიზარდონ: იქ ყველა კაცის ღირსება ძვირად ფასობს და ყველასათვის სასიხარულო და სასიქადულოა. სიყრმიდანვე ისეთს საზოგადოებაში იზრდება ყრმა, ისეთი რამ ესმის, სკოლას თუნდ ნუ ვახსენებთ, რომ მისი გონებრივი და ზნეობრივი ნიჭი ვითარდება, ღონეს იძენს, ძლიერდება”. (ვაჟა-ფშაველა). ეს შეფასებაა, თითქოს, დღევანდელობისა და ესეც, ილიასეული: ,,განთვითვეულდით და თვითვეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასთვის ადვილად საზიდია. თვითვეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა… დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი. დიდი ,,მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ”.

ჩვენი პერმანენტურლი უბედურებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თავისუფლების დეფიციტია, ერისა თუ პიროვნებისა. ყოველ ჩვენგანს უფიქრია, სად არის თავისუფლება: გულსა თუ გონებაში? თავის უფლობაში თუ თვით უფლის მორჩილებაში, სიკეთის სამსახურსა თუ მთლად უპირობითობაში? თუ ეს, უბრალოდ, სწრაფვაა უსასრულობისკენ ან სულაც არყოფნაა… ერთი კია: ქვეყნის თავისუფლება წარმოუდგენელია პიროვნული თავისუფლების გარეშე. პიროვნების არსებობა, როგორც საფუძველი საერთოდ თავისუფლების შესაძლებლობისა, ერთადერთი თავისუფალი არსებობაა. მაგრამ ეს უკანასკნელი არაა რაღაც აბსტრაქტული ადამიანის არსებობა, არამედ ამა თუ იმ ერის კონკრეტულ სახიერებას წარმოადგენს. ერი ამგვარ პიროვნებათა კრებულია, ისევე როგორც კაცობრიობა არის თავისუფალ ერთა, როგორც პიროვნებათა კრებული. არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება (უპირობო მხოლოდ ცხოველის თავისუფლებაა) ამ წუთისოფლის პირობითობებში, თუ ამ სოფლისგან განდგომაში. თვითონ ბერებიც კი, ქართულ სინამდვილეში, თავიანთ ქვეყანასთან მიმართებით განიხილავდნენ თავს: ,,ხმა ღვთისა და ხმა ერისაო”. მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო. – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად – თავისუფლება და ბედნიერება სინონიმები არიან” (ვაჟა-ფშაველა) – გამოდის, რომ ვერც ბედნიერი და ვერც თავისუფალი ვერ იქნება კაცი თავისი სამშობლოს ბედნიერებისა და თავისუფლების გარეშე. აღმოსავლელ ბრძენთა და დერვიშთა ოჯახის, საზოგადოების თუ სახელმწიფოს პირობითობებისგან განცალკევების სურვილი აშკარა უტოპია იყო. ვაჟა ამ შემთხვევაში ნამდვილი რეალისტია. რაც შეეხება ჩვენი აზროვნების თავისუფლებას მას საზოგადოება და სკოლა აყალიბებს. ბუნებასთან მტრობაც, ისევ და ისევ, საკუთარი თავის მტრობაა. საკუთარი თავის მტრობაა პასიურობაც, უიმედობაცა და უმოქმედობაც. ამ თვისებებს თუ თავისუფლების (ქმედებასა თუ აზროვნებაში) დეფიციტსაც დავამატებთ, მივხვდებით ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი გადაულახავი პრობლემის, სიღარიბის მიზეზსაც.

დღეს მოდად იქცა ჩვენი ერის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მისი ისტორიის, კულტურული ღირებულებების, ტრადიციების აბუჩად აგდება, გაკომიკურება, უპატივცემულობა. ესენი კი საძირკველია ნებისმიერი ეროვნული ცნობიერებისა. ისედაც, ერი არაა დროის ერთ ლოკალში განსახილველი ცნება. ის წარსულსაც მოიაზრებს, აწმყოსაც და მომავლასაც, რადგან ეს არის ზეისტორიული არსებობა, ამა თუ იმ კონკრეტულ ისტორიულ პირობებში გამოვლენილი. ამიტომ არ შეიძლება მასზე იმის ლაპარაკი, რაც პირზე მოგვადგება, შეურაცხმყოფელია.

ცხოველებშიც არსებობს ინსტინქტი მშობლიურ ადგილებთან მიჯაჭვულობისა და ისინი ბრუნდებიან იქ დიდი ხნის განშორების შემდეგ. ბუნებაში არაბუნებრივი არაფერია და სწორედ ეს ბიოლოგიური საწყისი აქვს ადამიანსაც, მაგრამ მასზე უკვე სხვა რამაა დამყნობილი – ჩვენი სხეულიდან სამშობლო გადადის სულში, როგორც მარადადამიანური კატეგორია, მაღალგანვითარებული გულისა და გონების პროდუქტი, ცხოველებისგან განსხვავებით, უკვე სრულიად გაცნობიერებული, მტკივნეული განცდა ,,გასაკვირველი”. ეს განცდა გადაზრდილია მოვალეობაში. ამიტომაც უნდა გავიაზროთ სრულიად მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენი მამულიშვილობა, მოქალაქეობა, ქვეყნისა და სახელმწიფოს შვილობა თანაშეზრდილია ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობასთან და თუ ეს უკანასკნელი გვინდა, რეფორმატორობა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი