პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ექსპრომტი

*     *     *

ტრაგიკულები, მაგრამ გენიალურები, ბედის წინააღმდეგ ამხედრებულნი… მათ ბევრი დაითმინეს, გახდნენ ძლიერნი, ქედუხრელნი და შექმნეს დიდი შემოქმედება, საკუთარი საოცარი სულების გამონაშუქით ბრწყინვალე… რომ მაშინ სევდიანებს, გაუხარლებს, დღეს ჩვენი ნაღველი განექარვებინათ, ოპტიმიზმი, მხნეობა ჩაენერგათ, არსობის ფილოსოფიური სიდიადე გადმოეცათ: ,,…და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”, ისინი გვასწავლიან, რა არის თავისუფლება, ბრძოლა ბრძოლისათვის, აი, გამართლებაც მათი ტკივილიანი არსებობისა, ,,განწირული სულისკვეთებისა”…

 

*     *     *

არის ცხოვრებაში ტკივილისა და უსიამოვნებების მუტაციები, მაგრამ რისთვისაა წიგნი, ჩემი განუყრელი მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი? მიშელ უელბეკის ,,მორჩილებაში”, მიუხედავად იმისა, რომ მთლად აპოკალიფსური ვითარებაა, სულიერებისაგან ადამიანის დაცლის ტრაგედია და პოლიტიკად ნაქცევი ისლამი, წალეკვით რომ ემუქრება მთელ სამყაროს (მოქმედება მომავალში ხდება), მაინც ვიპოვე შვება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ფრანსუა, ჩემსავით მე-19 საუკუნეს რომ ეტრფიალება, სრულიად უმწეოა საკუთარი ტკივილებისგან გაუცხოებულ, სიყვარულისგან დაწრეტილ გარემოსთან: ,,კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ; ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლენის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. მხოლოდ ყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა; მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ მარტო დავრჩი, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით, და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით… ეს იყო ნელი დეგრადაცია ,,იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგება”. ის ეძებს ხსნას და ამაოდ ესტუმრება გარეუბნის ერთ-ერთ მონასტერს, რომელშიც სუსტადაა ცივილიზაციის ნიშნები. გადაწყვეტს, რომ იქ მისი ადგილი არაა, თუმცა მასში იღვიძებს სიცოცხლის სასიამოვნო შეგრძნება: ,,ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი”… გმირისადმი თანაგრძნობამ ტვინი აქტიურად ამიმუშავა. მაინტერესებს, წიგნშიც და ცხოვრებაშიც რამდენად გადარჩება ტექნოკრატიის, გაუცხოების ბრჭყალებში მოქცეული ადამიანი, თუ მორჩილებით, ჩათრევას, ჩაყოლას ამჯობინებს. ანაც სადაა ხსნა, წიგნში თუ ადამიანებში, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმით, თუ რწმენაში, რომელიც ყველაზე ამაღლებული, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სულისა და არა თავს მოხვეული ყრუ ფანატიზმი… ცხოვრება სრულად ვერა ან საერთოდ არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ კითხვის დასმა უკვე ცხოვრებაა…

 

*     *     *

მიწას ჩაეზარდა ჩემი საწოლი, ბალახზე მძინავს და გრილი ნიავი მახურავს. ხეები ამოვიდა და მათი დღისით დაღლილი ფოთლების ჩუმი შრიალი და ზღაპრის ჭაობისფერი ჩიტების მწუხრის ,,იავნანა” ჩამესმის ჩემი ტვინის მუდამ მღვიძარე, იდუმალ ხვეულებში ჩაკარგულს. იქ კი სიზმრის ველებია, ღამის ლურჯი ბატონის მდუმარე საუფლო, ქვესკნელთან წილნაყარი. მისი სინოტივე გსუსხავს, მაგრამ არ ფხიზლდები, ბნელი დინებით გამოგზაურებენ, რომ სიცივეატანილს უფრო მოგენატროს სინათლის ქალაქის მკვეთრი ფერები, კონტურები, თბილი ხელები, რომლებსაც უფრო ენდობი, ვიდრე ჩაციებით მომზირალ, მდუმარე ქიმერებს, ნიმფებს, სიშიშვლეს ბურუსითა და ორთქლით რომ იფარავენ. ბრუნდები და უკვე დავიწყებულში გამოვლილი ჩურჩულებ: იყავნ ნათელი!…..და კვლავ ვიბადები.

 

*     *     *

ადამიანი – იდეის ანარეკლი, ჩვენი წარმოდგენები თუ ილუზიები – ჩვენი ანარეკლები. რეალობის ზუსტი შეგრძნება სჯობს თუ ილუზორულობა? ვისთვის როგორ… წარმოდგენა საპნის ბუშტს ჰგავს, ხელის შეხებით ქრება. ილუზიაც ასეა – რეალობა კლავს. თუმცა ისინი ხშირად გადარჩენაა. ამიტომ სანამ გაქრება (იქნება და, სულ იარსებოს?!), თავი შეაფარე ანარეკლის ანარეკლს, როგორც ლამაზ სათამაშო სფეროს, რომელშიც ყვავილის ფანტელები ცვივა და ყურში ჩაგესმის წყნარ მელოდიად: ,,სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის… ითქმის… ის…..”.

 

*     *     *

 

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში…

 

*     *     *

ფიქრები უილიამ ფოლკნერის წიგნზე ,,დროშები მტვერში”

წუთისოფლის ლაბირინთში ,,მოხეტიალეებზე” – არსებობს სიცოცხლის ვნება, რაც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც. (წიგნში – ვაჟას ალუდა, მიტია კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში” ან ბაიარდ სარტორისი ,,დროშები მტვერში”, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი: რჩეულიშვილი და თიკანაძე…) ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით მოწესრიგებულობას და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და, ძირითადად, ფატალურად მთავრდება, რადგან სამყარო, როგორც წესი, არავის პატიობს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია…
*     *     *

თოჯინას სიკვდილი

იყო კიდეც და არც იყო. ეზოში, ქვიშაში ძველი, გატეხილი თოჯინა ეგდო. აწვიმდა მის უხელო ტანს, უთვალებო, ერთ დროს ულამაზეს თავს. იწვა მორჩილად, ბედს მინებებული. წვიმის წვეთები უფერულ ლოყებზე ეღვრებოდა და თითქოს ტიროდა თავის წარსულს: უღრუბლოს, ბავშვებით მხიარულს…
ეს არ იყო ტკივილი, მხოლოდ პირზე შერჩენილი მქრქალი, ნიღბად ქცეული ღიმილი და თოჯინას სევდა, რომელიც აუცილებლად ტრანსფორმირდებოდა ნაკადულების, ახლად გამოღვიძებული ჩიტუნიების ხმად, დილის სიოს მოლამუნებად, ციცინათელების მოულოდნელად გამომკრთალ, იდუმალ, ბურუსიან ნათებად და ასე განიბნეოდა სამყაროში…

 

*     *     *

უსარგებლო ნივთები… უსარგებლო ადამიანები… დაძველებულები, მობეზრებულები, არასაჭირონი, გამოუსადეგარნი, ყავლგასულები, დაუშნოებულები, გულმიუსვლელნი, გაცრეცილები და ფერ-დანიშნულებადაკარგულნი… არც ისე ადვილია მათგან გათავისუფლება: მათში უცნაური ენერგეტიკაა, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი მუხტი, შინაარსი, ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და სულისშემძვრელი სიმარტოვე. მათ სჭირდებათ ყურადღება, მაგრამ აღარ ითხოვენ მას, მათ სჭირდებათ მოვლა, მაგრამ არ გავალდებულებენ. მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა.
,,რატომ?”- მდუმარედ კივიან ისინი.
,,რისთვის?” – მოისმის პასუხად.
სამყარო კი ხვნეშით ცდილობს გათავისუფლდეს ყველა დრომოჭმულისგან…
,,დროზე! დროზე!” – მათ მოსწყინდათ.
,,სანაგვეზე?” – კითხულობს დრო…………

 

*     *     *

ნათელი და ბნელი, ორი ურთიერთგანმსაზღვრავი მოცემულობა, რომელიც წუთისოფელში ,,სუფთა” სახით არ არსებობს, სულ ნარევია. ეს ნარევი განსაზღვრავს სამყაროს, ადამიანთა ბედს…
თუ ბედისწერა წინასწარგანზრახულობაა, მაშინ ბედისწერა იყო იუდას ღალატიც, პეტრეს მამლის ყივილამდე სამგზის ღვთის უარყოფაც და თვით იესოს მოვლინებაც. ამაზე მეტყველებს ბიბლიურ თუ ამსოფლიურ წინასწარმეტყველთა არსებობა, რომლებიც დროს უსწრებდნენ და კაცობრიობას ამცნობდნენ სხვადასხვა კატაკლიზმებს.
მაგრამ ამ წინასწარგანზრახულობებში არის საბედისწერო შემთხვევითობებიც, რომლებიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს. სწორედ ესაა ადამიანის ნება.
ხოლო ღვთის ნებაა, რომ დროში მოჩვენებითად მზარდი და ,,გამარჯვებული”ბოროტების წყვდიადი საბოლოოდ მაინც მარცხდება ნათლის, კეთილის მიერ.
დიდი იშვიათობა, მარად მოუწესრიგებელი ცხოვრების ჰარმონიაა სინერგია – ღვთისა და კაცის ნების შერწყმა.

 

*     *     *

– რად მოგიწყენია, თოჯინავ, შენ ხომ ადამიანი უნდა გაართო და გაამხიარულო?
– ახლა ვისვენებ აქ, ოთახის ბნელ კუნჭულში და ,,ვფიქრობ”…
– რაზე? –
-კაცად ყოფნაზე.
– რატომ? ადამიანები ხომ ყველაზე დარდიანები არიან ამქვეყნად, შენ ბევრად უზრუნველი ხარ, იდუმალი. თან ისედაც ჰგავხართ ერთმანეთს, ისიც ,,თოჯინაა”…
– კი, მაგრამ მომბეზრდა ვიყო ხის იმიტაცია. მინდა ნამდვილი სევდა, ოცნება, მინდა, ჩემს თვალებში არა ანარეკლი, ცის სიღრმე და სიფაქიზე… ტკივილი, სიკვდილიც მინდა!…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი