პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წერილები აფხაზეთის თემაზე

წერილი მეორე – გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“

გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ფილმის, „გაღმა ნაპირის“, ნახვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, როდესაც ხუთი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ იმავე რეჟისორმა ისევ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მეორე ფილმიც გადაიღო, ახალი ფილმის სანახავად მეტი სტიმული გამიჩნდა. სამწუხაროდ, სანამ მხატვრულ ფილმს ვნახავდი, ჯერ ტელევიზიით მოვისმინე, რომ ფილმი ჩვენს პარლამენტარებს უნახავთ და ზოგიერთი მათგანი აღშფოთებულიც კი დარჩენილა მასში წარმოჩენილი პედოფილიის ელემენტებით. რადგან შეფასება პროფესიონალ კინოკრიტიკოსებს კი არა, პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ, არ გამინელდა გიორგი ოვაშვილის ნაშრომის მიმართ ინტერესი და პარლამენტარების შეფასებამ არ გამიქრო სურვილი, „სიმინდის კუნძული“ მენახა. კიდევ კარგი, ზოგიერთი პარლამენტარისგან განსხვავებით, ჩემი რეაქცია იმ ჟიურის წევრთა შეფასებას დაემთხვა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ფილმი ოვაციებს და დამსახურებულ ჯილდოებს იმსახურებს.

ვიცი, რომ კარგ მაყურებლებს ჩემგან მითითებების მიცემა არ სჭირდებათ, რას მიაქციონ ყურადღება ფილმის ნახვისას; კარგ მაყურებლებს არც იმის განმარტება უნდათ, რატომაა „სიმინდის კუნძული“ არაჩვეულებრივი ფილმი. მაგრამ, მიუხედავად ამის, წერილს მაინც ვწერ და მას ერთადერთი მიზანი გააჩნია – მინდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დავაინტერესო, სულ ცოტა, რამდენიმე საათი მაინც დაუთმონ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს, იქნება ეს წიგნი თუ ფილმი. ჩემს სარეკომენდაციო ფილმებს შორისაა სწორედ გიორგი ოვაშვილის ფილმები. ვინაიდან „გაღმა ნაპირი“ ნუგზარ შატაიძის იმ მოთხრობას ეფუძნება, რომელიც ისედაც შესულია სასწავლო პროგრამაში და მის ნახვას ალბათ ისედაც ურჩევენ ხოლმე მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს, როდესაც ამ მოთხრობას გადიან, მე მხოლოდ მეორე ფილმზე, „სიმინდის კუნძულზე“ შევაჩერებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ყურადღებას. ჩემი აზრით, ამ ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენების შემდეგ ისინი არა მარტო აფხაზეთის თემატიკის წინა პლანზე წამოწევას მოახერხებენ, არამედ შეძლებენ, აუხსნან მოსწავლეებს, რას წარმოადგენს ხელოვნების ენა და როგორ განსხვავდება, შესაძლებლობების მიხედვით, ხელოვნების ორი დარგი – მწერლობა და კინო  ერთმანეთისგან. ლიტერატურის მასწავლებლები შეძლებენ დასვან საინტერესო შეკითხვები, ისეთები, როგორიცაა: რომელი უფრო შეზღუდულია გამოხატვის თვალსაზრისით, კინო თუ ლიტერატურული ტექსტი; ეხმარება თუ ხელს უშლის, ზღუდავს თუ უფრო ფართო ასპარეზეს აძლევს ვიზუალიზაცია მაყურებელს, აღიქვას სათქმელი; მხატვრული ტექსტი სიტყვაა, კინო კი კადრი, მაგრამ კადრს ხშირად  ახლავს დანამატის სახით სიტყვა, მუსიკა, ფერი – არის თუ არა ამის გამო კინო ტექსტზე უფრო მოსახერხებელი შემოქმედისთვის, თავისი მესიჯი მიიტანოს უფრო სრულყოფილად და დაუზიანებლად აუდიტორიამდე. ამ კითხვებზე დასაფიქრებლად და სასაუბროდ ნამდვილად სასარგებლოა, გამოვიყენოთ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, რადგან ფილმში მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგები, ფილმში არაა ფერების სიჭარბე და არც მუსიკა ამძაფრებს შთაბეჭდილებას. ავტორის სათქმელი კადრებით და არა სიტყვებითაა გადმოცემული, თანაც ფილმი იმავე მხატვრულ საშუალებებს იყენებს, რომელსაც იყენებს ხოლმე ლიტერატურა. ეს მხატვრული საშუალებებია მეტაფორა, ალეგორია და სიმბოლო. მეტაფორა გამოიტანა რეჟისორმა ფილმის სათაურად. ავხსნათ, რისი მეტაფორაა ფილმის სათაური.

„სიმინდის კუნძული“ ფილმის სიუჟეტად ერთ საინტერესო მოვლენას იყენებს, მისი  ამოსავალი ამბავი მარტივია და ეს მარტივი ამოსავალი ამბავი პირველივე კადრებიდან  იქცევა მეტაფორად. თურმე მდინარე ენგურს გაზაფხულზე მთებიდან ჩამონაშალი ჩამოაქვს, რომელიც დროებით კუნძულებს წარმოქმნის. ეს ჩამონაშალი იმდენად ნოყიერია, რომ მას სიმინდის დასათესად იყენებენ ადგილობრივები, მდინარე ენგურის სანაპიროებზე მაცხოვრებლები. შემოდგომაზე დროებით წარმოქმნილი კუნძულები ისევ იშლება და მათ ადგილს ისევ მდინარის წყალი იკავებს. ჩემი აზრით, გაზაგხულზე შექმნილი ახალი კუნძული აფხაზეთის მეტაფორაა. სწორედ ამის სათქმელად გამოიყენა ეს ამბავი რეჟისორმა ფილმის ცენტრალურ ამბად. არ სჭირდება დამატებითი სიტყვები, ფერები, მუსიკა, განმარტებები ფილმს. ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი. სათქმელს კადრები ამბობს. რეჟისორმა და სცენარის ავტორებმა ფილმი ასეც დაიწყეს: მდინარე ენგურმა გაიკეთა დროებითი კუნძული. მის საძებნელად გამოსული ასაკოვანი მამაკაცი ნავით დაცურავს ენგურში და ბოლობოლო მიაგნებს სასურველ კუნძულს. კუნძულზე გადასული პეშვით აიღებს მადლიან მიწას და გემოს უსინჯავს, ხვდება, რომ გამოადგება მიზნისთვის და შეუდგება საქმეს: ჯერ ფაცხას წამოჭიმავს, მერე დათესავს სიმინდს, მერე ყოველდღიურად შრომობს, მოსავალი რომ მოიწიოს. ამ ყველაფერში მამაკაცს შვილიშვილი ეხმარება. გოგონა ბაბუას მხარდამხარ შრომობს, არ ერიდება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს. ფაქტია, რომ ბაბუას და გოგონას მატერიალურად უჭირთ, მათთვის ეს კუნძული უკანასკნელი იმედია, ცოტა მაინც გაიმართონ წელში. და რომ არა ეკონომიკური სიდუხჭირე, ამ საქმეს არც წამოიწყებდნენ. მით უმეტეს, რომ კუნძული კი არის ე.წ. ნეიტრალურ ადგილას, მაგრამ იქ ყოფნა მაინც სახიფათოა თავზეხელაღებულ ჯარისკაცებთან, პატრულთან, მესაზღვრეებთან სიახლოვის გამო. სახიფათო ამ კუნძულზე ყოფნა გოგონასთვისაა, ქალიშვილისთვის, რომელმაც, ეს ესაა, ქალობაში უნდა შეაბიჯოს. როგორ დაიცავს ბაბუა შვილიშვილს, რამე რომ მოხდეს? ვერანაირად. თავდაცვა ორივეს სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამიტომ აჯობებს, თუკი არაფერი მოხდება. ამიტომ აჯობებს, თუკი ჩუმად იქნებიან, იმდენად ჩუმად, რომ არავინ შეაწუხონ, არავის ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ. ეს სიჩუმე მაყურებლისთვის ცოტათი მომაბეზრებელიც არის. მაგრამ ასეც უნდა იყოს. სიჩუმემ დამთრგუნველად უნდა იმოქმედოს მაყურებელზე, რადგან სხვაგვარად მაყურებელი არ დაფიქრდება, რისი მიმანიშნებელია ეს სიჩუმე და მას გაუჭირდება ფილმის სათქმელის ამოცნობა.

ვინ არის ბაბუა და ვინ არის შვილიშვილი. სად არიან გოგონას მშობლები. მაყურებელს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლია. რამდენიმე ფრაზის წყალობით, გასაგები ხდება, რომ ნეიტრალურ წყლებში დროებით კუნძულზე მოსული ბაბუა და შვილიშვილი ეროვნებით აფხაზები არიან. ვინც იცის ფილმის უკანა ისტორია (აფხაზეთის ომი), ის ხვდება, რომ კაცმა შვილი და რძალი ან სიძე და ქალიშვილი, სავარაუდოდ, ომში დაკარგა. ვინც არ იცის ომის ისტორია (არაქართველი და არააფხაზი მაყურებელი), ის ორმხრივი, აფხაზური და ქართული პატრულის დანახვის შემდეგ ხვდება, რა მოვლენები უძღოდა ორსულიანი ოჯახის ამჟამინდელ გაჭირვებას. დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის გამოცნობას, რომ ორსულიანი ოჯახი ადრე მინიმუმ ოთხსულიანი მაინც იქნებოდა და რომ არა ომი, არც ასაკოვან მამაკაცს და არც გოგონას დასჭირდებოდა მშვიდობიანობის ჟამს ლუკმაპურის მოსაპოვებლად ასეთი სარისკო წამოწყების სისრულეში მოყვანა.

მაგრამ ფილმს და, მით უფრო, კარგ ფილმს, მხოლოდ მასში განვითარებული ისტორია ვერ მოუტანს დამსახურებულ ჯილდოებს და მაყურებლის მოწონებას. ფილმი მხატვრული ენით ფასდება, კიდევ უფრო დასაფასებელია ფილმი, როცა სათქმელის ამოსაცნობად დააფიქრებს მაყურებელს. რისი თქმა უნდა ფილმის შემოქმედებით კოლექტივს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა დავუკვირდეთ პერსონაჟებს. აფხაზი ბაბუაც და მისი შვილიშვილიც ალეგორიულად აფხაზეთს წარმოადგენენ. ვის უნდოდა დამოუკიდებლობა? ძველ თაობას, გოგონას ბაბუას თაობას. რა მიიღო ძველმა თაობამ საეჭვო თავისუფლებით? რა მოუტანა საეჭვო თავისუფლებამ ახალ თაობას? ღირდა კი შეწირული შუა თაობის სიცოცხლის ხარჯზე ეს საეჭვო თავისუფლება? რა მიიღო ძველმა თაობამ თავისუფლებით? ფილმისთვის მნიშვნელობა არა აქვს ზუსტი ასაკების გამოანგარიშებას, რადგან ფილმი ზოგადსაკაცობრიოა. ნებისმიერი ომის უპირველესი მონაპოვარია განადგურებული შუა თაობა. სწორედ ეს ჩანს ფილმში. და მეორე მონაპოვარი არაღიარებული სახელმწიფოა, რომელიც არც არის და ვერც იქნება საქმეში ჩახედული ადამიანებისა და სახელმწიფოების მიერ სრულუფლებიან წევრად მიღებული. ის სიმინდის დროებით კუნძულს წააგავს, ერთი შეხედვით, ნოყიერია, მაგრამ მას მყარი ფესვები არ გააჩნია, ის გაზაფხულის გაგიჟებული მდინარის მოტანილია, რომელსაც ისევ მდინარე, ოღონდ ახლა უკვე შემოდგომის წვიმებით გავსებული, წაიღებს. იციან პერსონაჟებმა, რომ საშიშია ამ კუნძულზე ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ. იციან ნამდვილი ომის მოქმედმა პირებმა, რომ, რაც მიიღეს, როგორი გზითაც მიიღეს, არასწორია, მაგრამ უკან დასახევი გზა მათ არა აქვთ. მათ ისიც იციან, რომ შუა თაობის სიკვდილში დამნაშავე ოდესღაც მტრულ მხარედ მოაზრებული ქართველი კი არაა, არამედ ძველი თაობაა დამნაშავე შუა თაობის წაქეზებაში. იმის ნაცვლად, რომ სიყვარული ესწავლებინა ძველ თაობას შვილებისთვის, მათ სიძულვილი ასწავლეს და დაღუპეს. მაყურებელს უფლება აქვს იფიქროს, რომ გოგონას მშობლების სიკვდილში ქართველები არიან დამნაშავეები, მაგრამ მაყურებელი ხედავს, რომ ბაბუა იფარებს ქართველ დაჭრილ ჯარისკაცს. რატომ? ჰუმანურობაა ამის მიზეზი? არა. ბაბუა იმიტომ იფარებს დაჭრილ ჯარისკაცს, რომ ის მას და მისი სახით იმ ჯარისკაცსაც, რომელმაც გოგონას მშობლები მოუკლა, პატიობს. და ეს პატიებაა ყველაზე მთავარი. მან იცის, რომ საპატიებელიც არაფერია. არასწორად განვითარებულმა მოვლენებმა იმსხვრეპლეს გოგონას მშობლები და მათ სიკვდილში დამნაშავე რომელიღაც მეომარი კი არაა, არამედ ის მეომარი ტყვიასავით ბრმაა, ის მეომარი მხოლოდ იარაღია, რომელიც წარსულში უნდა დარჩეს, თუ მომავალი გინდა. ფილმი წარსულში ტოვებს ძველ, მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ჯარისკაცს და უნდა, მაყურებელმა გაიაზროს, რომ ეს ახალი, ოცდამეერთე საუკუნის ჯარისკაცი, რომელიც სიმინდის დროებით კუნძულზე მოხვდება, სულ ჯარისკაცი კი არ იქნება, ის ჩვეულებრივი ადამიანი გახდება ფორმის გარეშე. და ეს ტრანსფორმაცია მაყურებლის თვალწინ ხდება, ჯარისკაცი, რომელსაც ჯერ კიდევ აცვია ფორმა, ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა. ის არ სძულთ ფორმის გამო, ის ჩვეულებრივი ადამიანია. ჩვეულებრივ ადამიანს სიყვარულის უფლებაც ხომ აქვს, ხომ აქვს უფლება, შეუყვარდეს გოგონა, რომელიც მალე შეაბიჯებს ქალობაში? გოგონასაც ხომ აქვს უფლება, შეუყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სულ ჯარისკაცი ხომ არ იქნება? მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ადრეა სიყვარულისთვის. ჯერ კიდევ ადრეა, ფორმა გაიხადოს ჯარისკაცმა და სიყვარულზე იფიქროს. ჯერ კიდევ ადრეა, გოგონას შეუყვარდეს, რადგან მას ხომ ჯერ არ შეუბიჯებია ქალობაში. ბაბუა გოგონას კუნძულიდან გაისტუმრებს, რათა აღკვეთოს ჯერ კიდევ ფორმიანი ქართველისა და აფხაზი გოგონას ურთიერთობა. ჯერჯერობით არაფერ კარგს არ უქადის არცერთ მხარეს ეს ურთიერთობა. პერსონაჟების თავს დატრიალებული მოვლენების წყალობით ალეგორია გასაგები ხდება.

მაგრამ ყველაზე უფრო გულისმომკვლელი ფილმის დასასრულია. გაზაფხულზე მთის ჩამონაშალით დროებით წარმოქმნილი სიმინდის კუნძული იქამდე იშლება, სანამ ამ კუნძულის დროებით ბინადრებს ჰქონდათ გათვლილი მასზე ცხოვრება. სიმინდის კუნძულს იქამდე წაიღებს შემოდგომის თავსხმა წვიმებისგან ადიდებული მდინარე, სანამ ბაბუა და შვილიშვილი მოსავლის დაბინავებას მოასწრებენ. ალეგორია აქაც გასაგებია. ძველი თაობის ტრაგიკულ ხვედრს ფილმის გადამღები კამერა აჩვენებს: ბაბუა ეწირება სტიქიას, რომელთან გამკლავება წარმოუდგენელია, როცა უმყარსაფუძვლო დროებით კუნძულზე ცხოვრობ. გოგონას ბედი, რომელიც მოასწრებს ნავში ჩაჯდომას, უცნობია. გადამღები კამერა მისკენ არაა მიმართული და მაყურებელი ვერ ხედავს, მოასწრო თუ არა მან სოფლამდე მისვლა. მაყურებელს იმდენად მოსწონს გოგონას პერსონაჟი, რომ ის იმედს იტოვებს, რომ გოგონა გააღწევს ნაპირზე და მას მომავალში მაინც ექნება ყველაფერი კარგად. თუმცა მაყურებელი ვერ ხედავს გოგონას ნავს, რადგან ამ დროს ოპერატორის კამერა ბაბუას გვიჩვენებს, იმედისდა მიუხედავად, მაინც გასაგები ხდება მაყურებლისთვის, რომ ვერც გოგონა გადაურჩებოდა აბობოქრებულ მდინარეს. იმ მცირე იმედს, რომელიც მაყურებელს უბჟუტავს გულში, აცამტვერებს ფილმის ბოლო კადრები: ვიღაც უცნობი გოგონას თოჯინას იპოვის. გასაგები ხდება, რომ გოგონასგან მოგონებაც არ დარჩა, არავის ეცოდინება, რა მოხდა სინამდვილეში, მთელი ამ ისტორიიდან დარჩა მხოლოდ თოჯინა. გოგონას გადარჩენა ბაბუას უნდა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს შეცდომა. მას არ უნდა მოეყვანა დროებით კუნძულზე ერთადერთი შთამომავალი. ბაბუას, მაყურებლის მსგავსად, იმედი არ ტოვებს, რომ  გოგონა მაინც გააღწევს დროებით კუნძულს თავს და მას მომავალი ექნება. მაგრამ სულ ტყუილად – მისი ეს იმედი ფუჭია. აბობოქრებული მდინარე არავის ინდობს, მით უმეტეს თავნება მოსულებს, რომელთაც სჯერათ, რომ გაზაფხულის მდინარის ახლადწარმოქმნილი კუნძული ნოყიერია და საცხოვრებლად ვარგისი. საცხოვრებლად ვარგის კუნძულებს მარტო მიწა კი არა, მყარი საფუძველიც სჭირდებათ. საცხოვრებლად ვარგის კუნძულებზე სხვაც უნდა ცხოვრობდეს, თუ გადარჩენა გწადია; მახლობელ კუნძულებზე მეზობლები უნდა გყავდეს; ის მახლობელი კუნძულები შენნაირი დროებითი კი არ უნდა იყოს, მის მცხოვრებლებს შენს გადასარჩენად ყველაფერი უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში უნდა იცოდნენ შენი არსებობის შესახებ და უნდა უღირდეთ, თავი რომ გასწირონ შენს გადასარჩენად.

ამგვარად, სიმინდის კუნძული მეტაფორაა, ბაბუა-შვილიშვილის ამბავი ალეგორია, ხოლო მთელი ფილმი სიმბოლური.

სწორედ ამიტომ ვურჩევ არა მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს და სტუდენტებს, არამედ ჩემს ნაცნობ და უცნობ მასწავლებლებსაც, აუცილებლად ნახონ „სიმინდის კუნძული“ და რეკომენდაცია გაუწიონ ამ ფილმს მოსწავლეებთან. როცა ლიტერატურას ასწავლი და ცდილობ, ესაუბრო ხელოვნების ენაზე, ფილმები არაჩვეულებრივი საშუალებაა, კიდევ უკეთ გააგებინო შენს მსმენელს, რომ მარტო ლიტერატურა კი არა, ხელოვნების ყველა დარგი ერთნაირად იყენებს ესთეტიკური და ინტელექტუალური ტკბობის მოსანიჭებელ ხერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი