პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წაკითხული ტექსტის გააზრება ( წერითი დავალების ნიმუში)

წაკითხული ტექსტის გააზრება და მისი ანალიზი ერთ–ერთი რთული დავალებაა როგორც სასკოლო, ისე ეროვნული გამოცდების პროგრამაში.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ წერას განსაკუთრებული უნარი სჭირდება.

თხზულების შესაქმნელად გონების გაკონტროლება  და დავალებაზე ორიენტირება –  „გადართვაა“ საჭირო. უფრო მარტივად თუ ვიტყვი, ამისთვის განწყობა გჭირდებათ. გავიხსენოთ, წერის დაწყების წინ ამ საქმეში დახელოვნებულებიც კი „საშველად“ მუზებს მოუხმობდნენ. ჩვენში მოკლამე ცისა და ქვეყნის შუამავალს ერქვა, რომელიც მხოლოდ ღვთის შეწევნით კიდებდა ხელს ამ საქმეს. ახლა წარმოიდგინეთ, რა რთული ყოფილა წერითი გამოცდა, როცა წინ მხოლოდ  თეთრი ფურცელი, კალამი და საათი გიდევს.

რადგან წერითი გამოცდის წესი ისეთია, როგორც არის, ამ გამოწვევისთვის მზად უნდა იყოთ!

მრავალი წელია სკოლაში წაკითხული ტექსტის გააზრებასა და ანალიზის წერის მეთოდებს ვასწავლი. ამ დავალებისთვის თავის იოლად გართმევის ერთ – ერთი გზა, ჩემი აზრით, მისი დაწერის სტრატეგიის ანუ ე.წ. ჩარჩოს ცოდნაა, რაც ერთგვარი ხრიკიც კია.

როგორც ვიცით, გასააზრებელ დავალებად მოდის მთლიანი უცნობი/ნაცნობი ტექსტი ან ამონარიდი ტექსტიდან.  ნაცნობი ტექსტის ნაწყვეტი თუ შეგხვდათ, რომელიც  ერთ დროს სადღაც სრულად წაგიკითხავთ, თქვენთვის ამოსავალი მხოლოდ მოცემული ნაწყვეტი უნდა იყოს და ნუ გამოეკიდებით მასთან დაკავშირებულ სხვა ნაცნობ დეტალებს – ეს საქმეს გაგირთულებთ. ამავე დროს, ტექსტი სამჯერ მაინც უნდა წაიკითხოთ, გზადაგზა გახაზოთ ან  სხვადასხვა ფიგურით მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო ადგილები, ტროპული მეტყველების ნიმუშები და სხვ. რაც წერის დროს საქმეს გაგიიოლებთ და  დროსაც მოიგებთ.

მაგალითად განვიხილოთ გ. ჩოხელის „ანაბარი“ ( შემოგთავაზებთ მისი დაწერისთვის აუცილებელ ე.წ. ჩარჩოს და გაანალიზების სტრატეგიასაც).

I – დასაწყისი მნიშვნელოვანია! (ტექსტის დასაწყისი და დასასრული აქილევსის ქუსლია ხოლმე). დავიწყოთ ასე: გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარში“ საუბარია … (ნებისმიერი ავტორის ტექსტის გააზრება შეგიძლიათ ასე დაიწყოთ). წერა არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ მოცემული თხზულების შინაარსით (ის აქ არავის არ სჭირდება!). უნდა დაწეროთ, თუ რაზეა ტექსტში საუბარი, რაზეა ყურადღება გამახვილებული. მაგ, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ბოროტებაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, ღალატის შედეგზე და სხვ. აზრი უნდა ჩამოაყალიბოთ მოკლე მსჯელობით თითოეული საკვანძო საკითხის შესახებ.

II – გადავდივართ იმ კონკრეტული პუნქტების შესრულებაზე, რომელიც ტექსტს ბოლოში ერთვის და იმ სამი  ძირითადი დავალებისგან შედგება, რომელიც ტექსტის აგებაში უნდა დაგვეხმაროს და ასე იწყება: გააანალიზეთ ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ!

პირველი დავალება ასეთია – * იმსჯელეთ ბასილას მხატვრული სახის შესახებ.

წერას ვიწყებთ აბზაცით. ვახასიათებთ ბასილას (ყურადღებას ვამახვილებთ მის ფიზიკურ და სულიერ მახასიათებლებზე – შინაგან თვისებებზე), ჩვეულებრივ, აღვწერთ ბასილას და ჩვენი ნათქვამის გასამყარებლად ტექსტიდან მოგვყავს ციტატა  (ერთი ციტატაც საკმარისია). ტექსტიდან მოხმობილი ციტატის გარდა  ანდაზების, გამოცანებისა და  აფორიზმების გამოყენებაც შეგიძლიათ. ეს თქვენს წიგნიერებასა და აზროვნებას წარმოაჩენს.

III – გადავდივართ სამი ძირითადი შეკითხვის მეორე პუნქტზე – გვეკითხებიან,  რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელიო.

ვიწყებთ აბზაცით. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცით, მიხვდით, რატომ დაწერა ავტორმა ეს ნაწარმოები, რის თქმა სურდა ამა თუ იმ ეპიზოდით და, აქედან გამომდინარე, დაწერეთ, რა არის ამ ტექსტში მთავარი, რატომ გგონიათ  ასე და თქვენი ნაამბობი გაამყარეთ ტექსტისეული ციტატით. თქვენი სათქმელი შეგიძლიათ სხვა ავტორთა (ფილოსოფოსთა, ფსიქოლოგთა, ისტორიკოსთა და სხვ.) ნააზრევს ან ცნობილ პიროვნებებს დაუკავშიროთ და ამით გაამრავალფეროვნოთ ის.

IV – გადავდივართ სამი ძირითადი მითითების მესამე პუნქტზე: იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ – გამომსახველობითი თვისებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდრე ამ პუნქტის შესრულებას შეუდგებოდეთ, ასე დაიწყეთ (ასე ვთქვათ, აქეთ ავტორი და თხზულება): ტექსტი დაწერილია ადვილად აღსაქმელი მარტივი სასაუბრო ენით. მწერალი მხატვრული ოსტატობითა და ტროპული მეტყველების საშუალებების გამოყენებით შთამბეჭდავად ახერხებს სათქმელის საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემას. (და აქვე ჩამოწერეთ თქვენ მიერ ტექსტში ნაპოვი მხატვრულ –გამომსახველობითი საშუალების ყველა მაგალითი (თითო–თითოც საკმარისია). მოიხმეთ მაგალითები შედარებისა, მეტაფორისა, ეპითეტისა, ჰიპერბოლისა, გრადაციისა. ტექსტი თუ დიალოგსა და ალეგორიაზეა აგებული, ესეც მიუთითეთ.

V – ალბათ ყველას აინტერესებს, სად უნდა გამოვიყენოთ სკოლაში ქართულის გაკვეთილზე ნასწავლი მხატვრული ლიტერატურა. აი, პასუხიც – V აბზაცში! ვიწყებთ ასე: მოცემულ ტექსტში აღწერილი ამბავი ძალიან ჰგავს, მაგალითად,  ს.ს. ორბელიანის  X  ნაწარმოებში მოთხრობილ ამბავს. და ვწერთ, რითი ჰგავს ეს ორი თზულება ერთმანეთს. (ანუ გასააზრებლად მოცემული ტექსტი უნდა დავაკავშიროთ სკოლაში ნასწავლ რომელიმე ავტორის საპროგრამო ტექსტთან).

VI – ამ ნაწილში ვწერთ ტექსტთან დაკავშირებულ მოსაზრებას. (დავალების ბოლოს ხომ გვთხოვენ, თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთო. დასაბუთება იგივე არგუმენტირებაა, რაც V მუხლში უნდა შევასრულოთ, VI -ში კი უნდა დავწეროთ, რა მოგვეწონა ტექსტში, რა – არა, რას შევცვლიდით, რას ვაპროტესტებთ, რა იყო მოსალოდნელი, სად ვხედავთ გამოსავალს, ახალი რა აღმოვაჩინეთ და ა.შ.

 

 

 

ყურადღებით წაიკითხეთ გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“

ბარელებმა ცხენი ამოიყვანეს სოფელში გასაყიდად.

– ქალო! – ცოლს დაუძახა ბასილამ.

– ქალო, არ გეყურება შენა!

– რა გინდა, რა!

– გამაიყვანე ძროხა.

– კაცო, ლუკმა პურს ხომ არ გამოგვიწყვეტ ოჯახში, ცხენს რომ ჰყიდულობ. რა ჯანდაბა შეგვინახავს, ეგ ერთი ძროხა გვიგდია.

– გამაიყვანე, რომ გელაპარაკები!

ცოლი ცივად შებრუნდა და ბოსლიდან ალვანი ძროხა გამოიყვანა.

– რომელი ცხენი გინდა? – იკითხა ბარელმა.

– საღარი

– ესა?

– ჰო, ეგა.

– ამას ერთი ძროხა არ ეყოფა, ორი უნდა მომცე; თუ გინდა, წითელი ცხენი წაიყვანე მაგ ძროხაში.

– წითელი არ მინდა, საღარს ვყიდულობ. – ბასილაი ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:

– გადადი, აკეენთ გამოართვი სესხად ძროხა, უთხარი, ექვს ცხვარს მოგცემთ შემოდგომაზეო.

– მე არაფერსაც არ გამოვართმევ.

– რამდენს ლაპარაკობ შენა, ჰა!

ცოლი ისევ უხმოდ წავიდა და ცოტა ხანში ძროხით დაბრუნდა.

– უნაგირი არ გინდა? – ჰკითხა ბარელმა ბასილას და ვერცხლის უნაგირზე ანიშნა.

– რამდენს აფასებ?

– ათი ცხვარი მომეცი და შენი იყვეს.

– ცხვარი არ მყავს ეხლა, თუ გინდა, მატყლს მოგცემ.

– ოთხმოცი კილო მოიტა და წაიღე.

– ქალო! – გასძახა ბასილამ ცოლს, რომელსაც ნაყიდი ცხენი ეჭირა საბლით.

– კარგი, კაცო, წამოდი, მშივრები ხომ არ გავწყდებით.

– გადადი და ქორაანთ ოთხმოცი კილო მატყლი ესესხე.

– არ წავალ.

– ვის ველაპარაკები მენა, ჰა!

– არ წავალ, თუ ყიდვა გინდა, ადექი და ის ოქრო მიეცი.

– რაა? ვინ გაკითხებს შენ იმ ოქროსა, ჰა? – საცემრად გაედევნა ცოლს ბასილაი. ქალმა ცხენს ხელი გაუშვა და გაიქცა.

**
ხატობიდან ცხენით ბრუნდება მთვრალი ბასილაი. ბილიკზე მოაჭენებს იორღა საღარას. უცებ ცხენს ფლოქვები ნამიან ბალახზე გაუსხლტა და უფსკრულში ელვასავით გადაენთო მხედრიანად.

კვდება ბასილაი. მოუთმენლად მოელის სიძეს, რომელსაც უნდა უთხრას, სად აქვს ოქრო შენახული.

– მე მითხარ, კაცო, არ მენდობი? – ეუბნება ცოლი.

– ქალებთან არ ითქმის, – ამბობს ბასილაი.

– აბა, ამდენ ვალებს რომ მიტოვებ, რითი გავისტუმრო, რითი?

– ხომ იცი, ის ოქრო ჩემი არ არის.

– ხომ ხედავ, აღარ მობრუნდა პატრონი.

– შეიძლება მობრუნდეს, მერე?

– აღარ მოვა, მომკვდარა.

ბასილამ იცის, რომ აღარ მოვა დუმაცხოელი აკაი, რომელმაც ეს ერთი ქოთანი ოქრო ჩააბარა ჯარში წასვლის წინ, მაგრამ მაინც ვერ ღალატობს სინდისს. დღემდე ერთი ოქროც არ მოაკლო ანაბარს.

– ხომ ხედავ, იგვიანებს სიძე. მითხარი, სად არის. – ეხვეწება ცოლი.

– მერე რა ვუთხრა?

– ვის? ხომ გითხარი, აღარ არის-მეთქი.

– იმის არყოფნას რა ვუთხრა, ანაბარი გაგინიავე-მეთქი?

– მაშ, მე რითი გადავიხადო ამდენი ვალები?

– ცხენი გაყიდე.

– ცხენს ფეხი აქვს მოტეხილი, ვინ იყიდის?

– უნაგირი გაყიდე.

– არ ეყოფა.

– ჩემი ბუხრის ქუდი და ქამარ-ხანჯალი გაყიდე.

ბასილაი სიძის უნახავად გაშრა.

რამდენიმე წლის მერე იმის ცოლიც გაშრა.

ქარმა დაუქროლა ცარიელ საბძელს.

სიძეებმა ჩამონგრეული სახლის კედლები გაყიდეს.

ჭიკნიაის კაცაი ნაყიდ კედლის ქვებს მარხილით ეზიდება თავის ახალ სახლამდე. ოქროთი სავსე ქოთანს მძიმედ ჩადგამს მარხილზე დაწყობილ ქვებში და ზემოდანაც ქვებს დააყრის, რომ სოფელმა არ შეამჩნიოს.

ორღობეში ჭრიალით მიდის ხარ-მარხილი. ზემოთ გორზე ხავსი ეკიდება ბასილაის საფლავზე დაგდებულ რიყის ქვას.

 

 

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

 

  • იმსჯელეთ ბასილას მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;
  • იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ – გამომსახველობითი თვისებების შესახებ.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

Top of Form

Bottom of Form

 

გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“  ყოველდღიური რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემების საინტერესოდ აღწერის გარდა მკითხველს მორალურ – ეთიკური პრინციპებითაც აოცებს.

მიუხედავად პიროვნული თავისებურებისა და ცხოვრებისეული სირთულისა, აქ ნათლად ჩანს, როგორ ემარტივება ნამდვილ ადამიანს სუფთა სინდისთან და პირგაუტეხელობასთან გვერდიგვერდ ცხოვრება.

მოთხრობის დასაწყისიდანვე იქცევს ყურადღებას ცოლ – ქმარს შორის გამართული დიალოგი, რომელიც მთის კაცის, როგორც ოჯახში დომინანტის, ფუნქციას საინტერესოდ წარმოაჩენს.

ქართული მწერლობა კარგად იცნობს მსგავს ფაქტებს. მაგ, „შუშანიკის წამებაში“ ვარსქენი გამუდმებით აყვედრის და ეკამათება მეუღლეს მისი ნების წინააღმდეგ სვლის გამო და ძალადობს კიდეც მასზე.

მოთხრობაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ( ტრადიციულიც კი) – ეს ცხენის კულტის გაფეტიშებაა. ცხენისა და მხედრის ურთიერთობას უძველეს წარსულში აქვს ფესვები გადგმული. გავიხსენოთ, რა უცებ მომჯობინდა ლომ – ვეფხვთან ნაბრძოლი და გონდაკარგული ტარიელი ცხენზე შეჯდომის შემდეგ. ცხენის ქურდობასთან დაკავშირებული მეგრული ტრადიციაც გავიხსენოთ, რომელიც რაინდულ სამოსელშიც კი იყო გახვეული და მპარავს სულაც არ აკნინებდა.

როგორც ჩანს, ისეთი მთის კაცისთვის, როგორიც ბასილაა, კარგი ცხენის ყოლა სიმბოლურად სიამაყესაც უკავშირდებოდა და, რა თქმა უნდა, ცხვარ–ძროხაზე ძვირად ფასობდა.

კითხვამ შეიძლება ისე გაგვიტაცოს, ერთი მიჩქმალული დეტალი გამოგვრჩეს, რომელიც ბასილას სოფლის კეთილმეზობლობას ადასტურებს: „გადადი და ქორაანთ ოთხმოცი კილო მატყლი ესესხე“, „გადადი, აკეენთ გამოართვი სესხად ძროხა, უთხარი, ექვს ცხვარს მოგცემთ შემოდგომაზეო“.  აქვე ერთი ხალხური  ანდაზა მახსენდება: „ კარგი მეზობელი ამომავალ მზეს ჯობიაო“.

ამ პატარა მოთხრობას, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი უფრო ამაღელვებელს ხდის: ცხენმა ბასილას სიკეთე არ მოუტანა და უფსკრულში გადაჩეხა ხატობიდან მობრუნებული. კარგავს ბასილას ოჯახი მამა – მარჩენალსა და თავკაცს, ტოვებს ბასილა ოჯახს ვალებსა და სიდუხჭირეში, ამქვეყნად ერთხელ მოსული ერთხელ კვდება. ცხოვრების მოლიპულ ბილიკებზე ფეხი თავისი ცხენივით რომ ასრიალებოდა, ალბათ რამდენჯერმეც შეძლებდა  სიკვდილს. ძალას იკრებს და არა და არ ამხელს საბრალო ჯარისკაცის მიერ შესანახავად მიბარებული ქოთანი ოქროს ადგილს და ამ საიდუმლოსთან ერთად კვდება.

ზოგი მკითხველი იფიქრებს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ბასილას სიკვდილისშემდგომ მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და ამიტომ არ ახლო ხელი სხვის ოქროსო, მაგრამ მას ხომ არც სიკვდილამდე დაუკლია მისთვის რამე და საკუთარი სინდისივით უფრთხილდებოდა! ( როგორც არ უნდა აღიქმებოდეს, ბასილამ ექვთიმე თაყაიშვილი გამახსენა. მერე რა, რომ პირველი პატარაზე პატარაა ამქვეყნად და უძეგლოდ დაკარგულიც, მეორე კი ბუმბერაზი).

მოთხრობა სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით მისი დასასრული – ბასილას ნასახლარის კედლის ქვებში ვიღაცამ ოქრო იპოვა (იმედია „ძუნწი და ოქროს“ პერსონაჟივით არ მოიქცევა) და მიითვისა.

საინტერესო პერსონაჟია ბასილა. დიალექტი კი, რომლითაც მწერალი მას, უძველესი წარმართული ნაყოფიერებისა და გამრავლების ღვთაების მოსახელეს, ამეტყველებს,  უფრო კოლორიტულს ხდის. ის, ერთი შეხედვით, უსამართლო, ახირებული  და შეუვალი კაცია, ვისთვისაც  ოჯახის წევრის აზრი უმნიშვნელოა. ის ცოლს უცხოს წინაშეც შეურაცხყოფს: „რამდენს ლაპარაკობ შენა?“, „ვის ველაპარაკები მენა?“, „საცემრად გაედევნა ცოლს ბასილაი“.

ცოლი, თავის მხრივ, ქმართან სამართლიან დაპირისპირებას ცდილობს, რათა ახირება გადაათქმევინოს და მარჩენალი ძროხა ხელიდან გამოსტაცოს, თუმცა ვერაფერს ხდება – ქმარი ხმას აკმენდინებს და  მეზობლებში ვალის ასაღებად იძულებით გზავნის.

ბასილა ამაყიცაა. ბუნებითი სიკვდილით რომ გარდაცვლილიყო, ალბათ სიკვდილთანაც აიყრიდა ფაფარს, თუმცა ახლა ისე კვდება, არაფერს ნანობს – ტექსტში ვერსად შეხვდებით სიკვდილის შეგინებას, თუმცა არც სიცოცხლის ქება ისმის. გრძნობს ბასილა საღარას ბედისწრობას, ეს ცხენი მისთვის გაჭენებული, დაუდგრომელი,  წერტილდასმული  დროის სიმბოლო აღმოჩნდა.  გრძნობს, რომ მოსახდენი მოხდა და ეგუება ( მით უმეტეს, ხატობა დღეს მოხდა).

ეს პატარა მოთხრობა, როგორც ვთქვით, მორალურ – ეთიკური პრინციპებითაა დახუნძლული – სინდისიერება, პატიოსნება, სხვისი ქონების გაფრთხილება, სულიერი გამარჯვება, ნდობა – რას არ იპოვით აქ?! ეს ყოველივე კი ბასილას აღამაღლებს და თავისი ზოგიერთი მიუღებელი საქციელის გამო უკვე  აღარ იწვევს ბრაზსა და სიძულვილს.

გ. ჩოხელის ამ პატარა მოთხრობაში ერთი უბრალო პერსონაჟის პირით ორ წინადადებაშია გაცხადებული  კაცობრიობის უდიდესი თავსატეხი: „ შეიძლება მობრუნდეს!“, „იმის არყოფნას რა ვუთხრა?“ ბასილამ იცის,  ოქროს პატრონი მკვდარია, თუმცა გრძნობს, არც არსად წასულა – მის ნაკვალევზე მისივე არყოფნა დაიარება. აქ არყოფნად მოვლენილს იქ შეიძლება პირისპირ შეხვდეს. მერე რა უთხრას, ანაბარი გაგინიავეო?

მოთხრობის მთავარი სათქმელიც ესაა – სააქაოში სახელზე ზრუნვა!  „ კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, – ამბობს ჩვენი ერი, – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლებელი“ – წერს ილია ჭავჭავაძე. ნათქვამია, სახელი ალამაზებსო ადამიანს და მეც ასე ლამაზად ჩამრჩა გონებაში ბასილას ყოველდღიურობა, სახელზე ზრუნვა და აღსასრული.

პირველი, რაც კითხვის დასასრულს გამახსენდა, ავთანდილის ანდერძი იყო  „ვეფხისტყაოსნიდან“. აი, ის ეპიზოდი, როსტევან მეფეს რომ ეუბნება, არ წავალ ტარიელის საშველად, პირს გავტეხ, ის იქაა, მე აქ, სააქაოში ერთმანეთს აღარც შევხვებით, თუმცა საიქიოში ჩვენი შეხვერდა გარდაუვალი იქნება და შევრცხვებიო: „ვერ ვეცრუები, ვერ ვიზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის – პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა“.

ტექსტი დაწერილია ადვილად აღსაქმელი მარტივი სასაუბრო ენით. მწერალი მხატვრული ოსტატობით (ეპითეტებით: „წითელი ცხენი“, „მთვარლი ბასილა“, ფრაზეოლოგიზმებით: „ბასილა სიძის უნახავად გაშრა“, „უფსკრულში ელვასავით გადაენთო“,  დიალოგური მეტყველებით)  შთამბეჭდავად ახერხებს სათქმელის საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემას. კილოური მეტყველება კი (გამაიყვანე, მენა, შენა, იყვეს) მას კოლორიტულობას სძენს და სასიამოვნოდ აღსაქმელია.

ჩემი აზრით, ტექსტში მრავალი სადისკუსიო საკითხია. მაგალითად, ვფიქრობ, ბასილას ის ოქრო კეთილი საქმეებისთვის უნდა მოეხმარა. ზოგიერთი პრინციპის ფანატიკური გაიდეალება დამაზიანებელიც შეიძლებ გახდეს.

მეორე, ბასილას გენდერული უთანასწორობის პროპაგანდას ვუწუნებ. მიმაჩნია, რომ ეს მისი ყველაზე დიდი  ნაკლია.

დაბოლოს, მოთხრობის სათაური „ანაბარი“ მწერლის მიერ სიმბოლურად შერჩეული  სიტყვა მგონია, რომელიც მხოლოდ დაგროვილი თანხის შენახვას კი არ გულისხმობს, არამედ უფრო ძვირფასი ღირებულებებისას, რომელიც სხვათა სიკეთისთვისაც  უნდა გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი