შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 პირველი დღის აქტივობა – გულზე ჩამოსაკიდი პოსტერი

სასწავლო წლის დასაწყისში ყველა ვღელავთ: მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლის დირექცია. შფოთვა ბუნებრივია – პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობისადმი მოსვენებას გვიკარგავს. ბავშვების განწყობას დიდწილად წლის პირველი გაკვეთილი ქმნის. როგორი უნდა იყოს პირველი დღე ?- საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას. პასუხს პატარა ადამიანების ხასიათისა და ინტერესების გათვალისწინება გვაპოვნინებს. ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რაც მათ განაცვიფრებს და გაახარებს, რაც დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

წელს პირველი და მესამე კლასის მასწავლებლობა მომიწევს. უკვე მეორედ ვიღებ პირველკლასელებს. ამიტომ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამჯერადაც გულზე ჩამოსაკიდი პოსტერის დამზადება გადავწყვიტე. ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ახლაც ახსოვთ, ჩვენი პირველი დღის შეხვედრისას, მათთვის შექმნილი ვარდისფერი პოსტერი, რომელიც საკლასო ოთახში დავაბინავეთ და ორი წლის განმავლობაში ხშირად მაჩვენებდნენ, გახსოვთ, ეს რომ პირველ დღეს გეკეთათო.

ცხადია, ანგარიშგასაწევია მოსწავლეთა ასაკი, თუმცა, ვფიქრობ, გულზე ჩამოსაკიდი პოსტერი ნებისმიერ კლასში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მხოლოდ პოსტერზე განსათავსებელი ინფორმაციის შეცვლა მოგვიწევს.

საჭირო მასალა

დიდი ზომის მუყაოს ფორმატი, ფერადი ფანქრები, პოსტერზე მოსათავსებელი ინფორმაციის მოკლე მონახაზი, ბაწარი.

მე ჩემი ათი წლის გოგონა დამეხმარა. ის რომ არა, თავად მომიწევდა ფორმატის გაფორმება ან დახმარებისთვის ისეთ ვინმეს მივმართავდი, ვისაც ხატვა კარგად ეხერხება. მთავარია, მონდომება და ბავშვებზე ფიქრი, რაც ყველაფერს თავის კვალს ატყობს და დადებითი ენერგეტიკით მუხტავს. ამ შემთხვევაში ერიხ ფრომის მოსაზრება შეგვიძლია დავიმოწმოთ, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ვისთვისაც შრომობენ, ის უყვართო, ამბობს ამერიკელი ფსიქოლოგი და ამ მარტივ ჭეშმარიტებაში მასწავლებლებს ეჭვი არ გვეპარება.

 

რა უნდა დავწეროთ / დავხატოთ პოსტერზე?

ვინ ვარ მე? – ასე დავარქვი პოსტერს და შუაგულში სწორედ ეს სიტყვები განვათავსე. პოსტერის გარეგნული მახასიათებლების გათვალისწინებით ტექსტი მინიმალისტურია, უმეტეს ადგილს ვიზუალურად გაცოცხლებული ინფორმაცია იკავებს.

ავტოპორტრეტი

თავდაპირველად საკუთარ თავს ვხატავთ. ვარცხნილობა, ტუჩსაცხის ფერი, ჩაცმულობის სტილი, საყვარელი აქსესუარი – ყველაფერი ყურადღებას იქცევს და ბავშვების თვალს არაფერი ეპარება. ამიტომ ცოტა იუმორი, თვითირონია ნამუშევარს სიხალისეს შემატებს. ჩემი გოგონას ნახატი ყველაზე მეტად ვარცხნილობით მგავს. ლოყებზე ვარდისფერი რუჯი მისვია,  მოკლე, ფერადქვებიანი ყელსაბამი მიკეთია და ხელის ანაბეჭდებით, გულებითა და ყვავილებით გაწყობილი კაბა მაცვია.

ჩემი ოჯახი

ავტოპორტრეტის შემდეგ ოჯახის წევრების გაცნობის დრო დგება. ნახატზე ყველა იღიმის. ჩემს მეუღლესა და ექვსი წლის ბიჭს ერთნაირი ვარცხნილობა აქვთ, მხატვარმა ცისფერი კაბა ჩააცვა საკუთარ თავს, 5 თვის დაიკო კი ეტლში ზის და ხელ-ფეხის ქნევით გვეცნობა.

პოსტერის დახატვამდე მცირე კვლევა ჩავატარე ბავშვებთან. გამოვკითხე, რისი გაგების სურვილი აქვთ მასწავლებლის შესახებ. მიპასუხეს, რომ ყველაფერი აინტერესებთ. შემდეგ 6-9 წლის ბავშვების ინტერესები გავიხსენე და მიზნად დავისახე, თამაშ-თამაშით მათთვის გამეცნო საყვარელი ფერი, ცხოველი, წყალქვეშა ბინადარი, თამაში, მულტფილმი, წიგნი, ლექსი, საჭმელი. ვფიქრობ, იმის გაგებაც გაუხარდებათ, რისი სწავლა მსურს, სად ვცხოვრობ, როდის ვარ ყველაზე ბედნიერი და როგორი ვარ გაბრაზებისას.

სად ვცხოვრობ?

ჩვენი უბანი მაღალსართულიანი კორპუსებით არის სავსე. ჩემი ბინა მეცხრე სართულზეა და ნახატზე სხვებისგან ყვითელი განათებით გამოირჩევა. ციხე-სიმაგრის მსგავს ქონგურებზე მტრედები ბუდობენ და გაზქურასთან ხშირად ვპოულობთ მათ ბუმბულებს.

ჩემი საყვარელი ცხოველი და წყალქვეშა ბინადარი

გეგულებათ რომელიმე ბავშვი ჟირაფისა და ვეშაპისადმი გულგრილი რომ იყოს? დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაც შეგვიძლია, მაგალითად, უზარმაზარ ვეშაპებს უწვრილესი საყლაპავი მილი რომ აქვთ და მხოლოდ პატარა თევზების გადაყლაპვა რომ შეუძლიათ ან ის, თუ როგორ აკვირვებს მნახველს ჟირაფის ნახევარმეტრიანი ენა, განსაკუთრებით კი იმის ყურება, ყურებს ენით რომ ისუფთავებს.

რისი სწავლა მსურს?

თავისუფალ დროს ბავშვებთან ერთად ეზოში ვატარებ. მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ კავდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობით. ზოგი გორგოლაჭებით დაქრის, ზოგი – ველოსიპედით, ზოგი კი – სკეიტბორდით. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის გამოყენება არ ვიცი. ერთხელ ჩემი ბიჭის სკეიტბორდზე დადგომა ვცადე. სხეული ვერ შევიმაგრე და შეშინებული ექვსი წლის ბიჭს ჩავაფრინდი მხრებში. ვფიქრობ, ბავშვების ცხოვრების წესის აღიარების სურვილი პატარა გულებს სიხარულით აავსებს.

თამაშები

ფერადი ცარცებით დახაზული კლასობანა ზრდასრულ ადამიანებს ხტუნვას გვანდომებს. პირადად მე ჩემი ბავშვობის გრძელი დღეები და მეგობრები მახსენდებიან. როცა სხეული და მოძრაობები მოუქნელი ხდება, კლასობანას უჯრიდან უჯრაში ხტომა ბავშვების ხითხითს იწვევს, მიუხედავად ამისა, დღემდე საყვარელ თამაშად რჩება.

სიტყვობანა – სკოლამდელი ასაკის შვილისთვის გამოგონილი თამაშია. როგორც ვიცით,  ფონოლოგიურ უნარებზე მუშაობა კითხვის წარმატებას განაპირობებს. სიტყვობანა ძალიან კარგი მეთოდია ბგერათა გარჩევისა და აღქმისთვის. თამაშის წესი ასეთია: ვამბობთ სიტყვას. შემდეგ ვთანხმდებით  მერამდენე ბგერაზე მოვიფიქრებთ ახალ სიტყვას. ასე ჯაჭვივით ებმება სიტყვა სიტყვას. პოსტერისთვის შევარჩიეთ „ბურთი“, მესამე ბგერა იყო „რ“, რ-ზე „რკო“ მოვიფიქრეთ, მეორე ასო-ბგერამ კი ულამაზესი „კუნძული“ შემატა ნახატებს.

ამგვარად ვაცნობთ ახალ თამაშს და თან ვემზადებით წინასაანბანე ეტაპისთვის.

 

წიგნი

სწავლის დაწყებისას არა მარტო პირველი დღისთვის ვფიქრობთ, არამედ უკვე ვარჩევთ წიგნს ხმამაღალი კითხვისთვის. მე ანე-კატერინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ დავიგულე. პირველ დღეს საყვარელი ლიტერატურული ტექსტისადმი განწყობის ასამაღლებლად პოსტერი იდეალური გზაა.

ლექსი

რა თქმა უნდა, ლექსების გარეშე სკოლის დღეებმა არ უნდა ჩაიაროს. ამიტომ შიო მღვიმელის ლექსების კრებული კვლავ სამაგიდო წიგნად რჩება. ამჯერად „არიფანას“ ორ სტროფს წავუკითხავ. ჩემს ოცნებასაც გავახმიანებ, როგორ მინდა ძველი ხალხური თამაშობის არიფანას გამართვა ეზოსა თუ სკოლაში.

არიფანა – ეზოში ბავშვების მიერ გამართული ლხინია. ყველას მოაქვს სახლიდან საჭმელი, ნუგბარი, სასმელი. ერთმანეთის გამასპინძლების შემდეგ იმართება ცეკვა-თამაში. არიფანას მთავარი მოტივი ერთიანობა და მხიარულებაა. პოსტერზე ლექსის ორი სტროფი გავაცოცხლეთ:

„გაუმართავთ გოგო-ბიჭებს

მხიარული არიფანა,

ნადიმობა მეგობრული

არ იქნება ამისთანა!

 

ზოგს დო გამოუტანია,

ზოგს ჭინჭარი, სატაცური,

ზოგს მჭად-პურა, ზოგს ხმიადი,

ზოგს კაკალა თონის პური.“

მულტფილმი

„ჩემი მეზობელი ტოტორო“ იაპონელი ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის ანიმეა. დები. საცუკი და მეი, მამას სოფლად გადაჰყავს. დედა საავადმყოფოში მკურნალობს. ბუნებასთან სიახლოვე გოგონებისთვის განსაკუთრებულ სიხარულად იქცევა. ტყეში ტოტოროებს აღმოაჩენენ – კეთილ და სასწაულმოქმედ არსებებს, რომლებიც მზად არიან ბავშვების დასახმარებლად. მუსიკა, გარემო, სიუჟეტი, პერსონაჟები – დიდ სიამოვნებას გაჩუქებთ და ბავშვებისთვისაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად იქცევა.

როგორც უკვე მიხვდით, პოსტერზე საყვარელ მულტფილმს ორი ტოტორო ასახავს.

გუფთა

ხორცის ბრინჯიან ბურთულებზე უარს ვერასდროს ვამბობ. წვენსაც მადიანად მივირთმევ. პოსტერზე პროპელერიანი გუფთები „სახურავის ბინადარი კარლსონის“ ასოციაციით გაჩნდა. ამ ბოლო დროს სტაფილოთი და წვრილი ჩხირებით „პროპელერს“ მართლაც ვქმნი გუფთებისთვის და ამგვარი ფუდარტით გუფთა ბავშვებისთვის კიდევ უფრო საყვარელი საჭმელი გახდა.

როგორი ვარ გაბრაზებული?

მასწავლებლები ზოგჯერ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებს ვგავართ. ბრაზის მართვა ხომ არც ისეთი მარტივია. ბავშვების რთული ქცევის გამოვლენისას სიმშვიდის შენარჩუნება სასწავლო წლის მთავარ მიზნად დავისახე. გაბრაზებისას ჩემი წარბები ერთმანეთს უერთდება და ნამდვილად არ ვარ სასიამოვნო შესახედი. პოსტერზე გაღიმებული ავტოპორტრეტის პარალელურად გაბრაზებული მასწავლებლის დანახვა აუცილებელი მგონია. ისიც ხმამაღლა გასაჟღერებელია, რომ მასწავლებლების ბრაზს ხშირად უყურადღებობა იწვევს და ისიც ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებლებსაც სწყინთ და ზოგჯერ მოთმინებას კარგავენ. გაბრაზებულ მასწავლებელს ჯადოსნური სიტყვები „ბოდიში“ და „მაპატიე“ მივაწერეთ.

როდის ვარ ყველაზე ბედნიერი?

როცა ბავშვებთან ერთად გულიანად ვიცინი; როცა ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის გულწრფელი ურთიერთობაა გაბმული. ამ წუთებს მოპოვება უნდა. ჩვეულებისამებრ,  რამდენიმე წუთი გრძელდება ხოლმე, მერე მე ჩემს თავს ვუბრუნდები, ბავშვები თავისას ან ერთმანეთს მიაპყრობენ ყურადღებას, მაგრამ ის რამდენიმე წუთი, რომლებსაც ერთმანეთს ვჩუქნით, ყველაზე დიდ ჰარმონიას ამყარებს ჩემში.

როგორც მიხვდით, პოსტერი ჩვენ გვემსგავსება. ვთამაშობთ, ვაზვიადებთ, როლს ვირგებთ, ვიპრანჭებით, მაგრამ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვქმნით. ამასთანავე, გარკვეულ უნარებს ვაღვივებთ, პატარა ადამიანები ჩვენეული სწავლების მდინარებაში შეგვყავს, ნდობით, ფრთხილად და სიყვარულით.

მცირე განმარტების სახით  გულზე ჩამოსაკიდი პოსტერის გამოყენების საკითხს შევეხები. პოსტერი მრავალფუნქციურად შეგვიძლია გამოვიყენოთ: წინასაანბანე პერიოდში, ანბანის სწავლებისას, ზეპირმეტყველებით თუ წერით უნარებზე მუშაობისას დროდადრო მივუბრუნდეთ და სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვებს მშობლებთან ერთად მსგავსი პოსტერის დამზადება დავავალოთ, რათა ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ.

ხშირად ვწერ, როგორი არაჩვეულებრივი ხერხია ნივთების გასულიერება წარმოსახვის გასავითარებლად. უკვე მომაფიქრდა, როგორ „ავალაპარაკებ“ პირველი დღის პოსტერის ბინადრებს, მაგალითად, კორპუსის ქონგურზე შემოსკუპებულ მტრედს ან გაბრაზებულ ლელა მასწავლებელს.

პირველ დღეს შეიძლება ყველა საკითხის შესახებ საუბარი ვერ მოვასწროთ. მთავარია, მათი ყურადღება მივიპყროთ და შინ დაბრუნებულებს სკოლიდან კაშკაშა ფერები და ნათელი შთაბეჭდილებები გავატანოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი