პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა არის მასწავლებლობა? ჩემი მასწავლებელი – ლეო კვაჭაძე

 

 

„რა ვუყოთ, მასწავლებელი

დღეს არა ფასობს ჩვენშია!

თუმცა ხსნა ჩვენის ერისა

მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია.

სული გასუქდეს ბევრით სჯობს,

ვიდრე გასუქდეს ლეშია!”

ვაჟა-ფშაველა

თანამედროვე მასწავლებელთა უმრავლესობა გადასცემს ინფორმაციას რომელიმე საგანში, წერს დაწვრილებით გეგმას, სვამს კითხვებს, აფასებს მოსწავლეებს… მოკლედ, ჩვეულებრივი რუტინაა…

ინფორმაციის გადაცემა სულაც არ არის სწავლების საბოლოო მიზანი. ყოველთვის ვთვლიდი, რომ კარგი მასწავლებელი კონკრეტული საგნის ცოდნის გადაცემით მოსწავლეს გადასცემდა უფრო დიდ ცოდნას, ასწავლიდა ცხოვრებას, ასწავლიდა ფიქრს და ცოდნით უადვილებდა ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

მერე და მერე უფრო რთული კითხვებიც მოდის, მაგრამ ესეც ბუნებრივია… მე-10 საფეხურზე ვერ ახვალ, თუ დანარჩენი არ გაიარე… და რაც გაიარე, სჯობს, დაწვა ყველა, რომ უკან აღარასდროს მობრუნდე!  მხოლოდ წინ (ანუ საკუთარი თავის სიღრმეში) რომ იარო!

მასწავლებლის საქმიანობა სამყაროს ყველაზე მისტიკური პროცესია… ზოგჯერ მასწავლებელი ასწავლის ცოდნით, ზოგჯერ – თავისი ცხოვრებით, კონკრეტული მაგალითებით და არა დიდაქტიკითა და თითის ქნევით…

მეც მყავდნენ უნივერსიტეტში ისეთი მასწავლბლები, რომლებისგანაც ბევრი მივიღე… თან ისე ბუნებრივად, რომ ამას მაშინ ვერც ვაცნობიერებდი…. გადის წლები და თითოეულ მათგანს მერე საკუთარ თვისებებში პოულობ, როგორ განუმეორებელ ელემენტებს, რომლებისგანაც შენი პიროვნება შედგება.

ერთი ასეთი მასწავლებელი იყო ჩემს ცხოვრებაში სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი, კოლეგა და თანამშრომელი, ლეო კვაჭაძე.

ინტერვიუ, რომელიც მინდა მკითხველს შევთავაზო, 2008 წელს ჩავწერე, საიუბილეოდ, როცა ბატონ ლეოს 100 წელი შეუსრულდა და აქვე შემოგთავაზებთ უცხოელი და ქართველი კოლეგების მილოცვების ტექსტსაც, რათა სრულად დაინახოთ დიდი მასწავლებლისა და მეცნიერის, ლეო კვაჭაძის, პიროვნება, რომლის სახელმძღვანელობიდან დღემდე სწავლობდნენ და სწავლობენ თანამედროვე ქართულ ენას მოსწავლეებიც და სტუდენტებიც.

გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე

ბატონო ლეო, მაქვს პატივი, საუკუნის მეცნიერს მივმართო და გკითხოთ, როგორია სამყარო თქვენი გადასახედიდან? ფსიქოლოგიურად თუ იცვლება რამე, თუგული არასოდეს ბერდება“?

– ადამიანის თვალთახედვა ასაკთან ერთად იცვლება. სიბერე სიკვდილ-სიცოცხლის გაყრის მაახლოებელი მაცნეა. თუ რა ტკივილიანია მოხუცებულობა, ამის ნათელსაყოფად დავიმოწმებ ჩვენს დიდ წინაპართა გამონათქვამებს: „მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“ (შოთა), „სიბერე ყველა ჭირზე უფრო ძნელი ჭირია“(ილია), „ამ ჭირისჭირმა სიბერემ შეჭამა გული, ტვინია, არ მოსდევს ღონე, არც მუხლი, რომ მით მოვიკლა ჟინია“ (ვაჟა).

დავსძენ, რომ მოხუცებულობა ერთპიროვნული სასამართლოცაა, სადაც ბრალმდებელი, ბრალდებული, დამცველი და მოსამართლე ერთი და იგივე პიროვნებაა.

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, სიჭაბუკე, თქვენი პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– თუ როდის და როგორ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში, რთული თემაა, რადგანაც იგი დაკავშირებულია იმ გულშემზარავ ფაქტებთან, რომლებიც საქართველოში XX საუკუნის I ნახევარში მოხდა.

ჩემი ბავშვობის სამი წელი დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში გავატარე. 1921 წელს საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. „თეთრი დათვის“ მე-11 არმიამ „სასახელო“ ქართველთა თანაგრძნობითა და გვერდში დგომით დაიპყრო საქართველო. საქართველოს „საამაყო“ შვილმა სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს აცნობა, რომ „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა“. წუხდნენ უფროსები და ვწუხდით ჩვენც, ბავშვები. 1923 წელს ობოლაძემ გურიაში სისხლის ტბა დააყენა და ზოგის სახლიც დააწვევინა თავის რაზმელებს. გოგია ღლონტმა მოკლა ობოლაძე და ხელისუფლებამ საპასუხოდ 91 პატრიოტი პატიმარი დახვრიტა, მათ შორის, ერთ-ერთი სკოლის გამგე თუ მასწავლებელი, გვარად თარგამაძე. მას მოჰყვა 1924 წლის აჯანყების დამარცხება და ხელისუფლების მიერ აჯანყებულთა ხოცვა-ჟლეტა, შორაპნის სადგურში ვაგონებში გამოკეტილ პატრიოტთა დახვრეტა. გვესმოდა, ილიას დისშვილი, ვაჟას, კიტა აბაშიძის შვილები დახვრიტესო. მეზობლებმა სთხოვეს ორჯონიკიძეს, ვაჟას შვილს ნუ გასწირავთ დასახვრეტადო. პასუხი იყო გულშემზარავი: ვაჟას შვილი კი არა, თვითონ ვაჟა რომ იყოს, იმასაც დავხვრეტთო.

აი, ასეთი საშინელი ამბები გვესმოდა ცხრაწლედის მოსწავლეებს, რამაც მტრულად და სიძულვილით განგვაწყო მოსწავლეთა უმრავლესობა ხელისუფლების მიმართ. დასახელებულ ფაქტებს შორის პირადად ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა შემდეგს: მამაჩემს თოფი არ სჭერია ხელში, მაგრამ აჯანყებულთა თანამგრძნობი იყო, მოხსნეს მასწავლებლობიდან. ზემო სვანეთში წავიდა და იქ განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა.

ცხრაწლედის მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი, 1925 წლის გაზაფხულზე სკოლის ეზოში ორი უფროსკლასელი მოვიდა ჩემთან, შემომთავაზეს, რომ ახალგაზრდა მარქსისტთა არალეგალური ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავი. დავეთანხმე… ჩეკამ გაიგო ამ ორგანიზაციის არსებობა, ზაფხულში რამდენიმე ვაჟი მოწაფე დაგვაპატიმრეს, წაგვიყვანეს ოზურგეთში (ლანჩხუთი და ჩოხატაური ოზურგეთის მაზრაში შედიოდა), დაგვაცალკევეს და ჩეკას კამერებში ჩაგვსვეს… არ დავუკითხივარ. 33 დღე ვიჯექი ოზურგეთის ჩეკაში და გამათავისუფლეს. ჩემი ლანჩხუთში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ძმამ წამომიყვანა თბილისში, ჩავირიცხე თბილისის მე-2 ცხრაწლედის მე-9 კლასში.

1926 -30 წლებში ვსწავლობდი უნივერსიტეტში, 1928 წელს დააპატიმრეს ჩემი ძმა და 6 წლით გადაასახლეს ციმბირში. სტიპენდიას მაშინ სწავლის მიხედვით არ უნიშნავდნენ სტუდენტებს, მოთხრობილი თავგადასავლისა და ძმის რეპრესირების გამო ჩემთვის სტიპენდიის დანიშვნა და ასპირანტურაში ჩარიცხვა გამოირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი. თბილისში ფეხი ვერ მოვიკიდე. სადაც მივედი, ყველგან უარით გამომისტუმრეს და რაიონში წასვლას მირჩევდნენ. ასეც მოხდა, წავედი ზემო სვანეთში. ერთ წელიწადს მშობლიური სოფლის – ლახამულის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი, სამ სასწავლო წელს – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის გამგე. ვასწავლიდი რამდენიმე საგანს.

1936 წელს განათლების სამინისტრომ (მაშინ კომისარიატმა) დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა და გამათავისუფლა პედსასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან და დამნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში. იმედი მომეცა, რომ ასპირანტურაში ჩავირიცხებოდი, მაგრამ ჩვენს ოჯახს უბედურება დაატყდა თავს (1937 წელს ძმა ისევ დააპატიმრეს) და იმედი გამიცრუვდა.

1959 წელს დაიბეჭდა აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკა“. 1944 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის შენობაში ჩატარდა ქართული ენის სახელმძღვანელოების გარჩევა. დასახელებულ გრამატიკაზე მოხსენების დაწერა მე დამევალა. მოხსენებამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და განათლების სამინისტრომ შემომთავაზა, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების კონტროლიორ-რედაქტორად მემუშავა სახელმწიფო გამომცემლობაში სკოლაში გაკვეთილების დატოვებით. დავთანხმდი, კარგი სამუშაო იყო და რაღაც იმედი მომეცა, რომ უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი გავხდებოდი. ეს იმედიც გამიცრუვდა და რატომ: ერთ კვირა დღეს შინ ვკითხულობ რომელიღაც სახელმძღვანელოს და ვიღაცამ დარეკა, გავაღე კარი, იდგა ერთი სახელგატეხილი ფილოლოგი. ოთახში რომ შევედით, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რაღაც წიგნი მთხოვა და წავიდა. გამიკვირდა და ვერ ამეხსნა, რისთვის მოვიდა ჩემთან. ბიძამისს ჩემზე მეტი წიგნი აქვს და რატომ იმასთან არ მივიდა, თუ მართლა წიგნი უნდოდა-მეთქი. მართლაც, გავიდა ორი კვირა და დილით თავს დამადგა სამი კაცი, ერთი ახალგაზრდა ჩეკისტი და ორი – ხანშიშესული. დაჯექიო, – მიბრძანა ჩეკისტმა, წიგნებს დაუწყო ბურჯგნა. ორი წიგნი აიღო და წაიღო. წამიყვანეს იმ ავადსახსენებელ ორგანოში, სადაც „უსაზღვრო პატივისცემით“ გამიმასპინძლდნენ და მხოლოდ 5 დღის შემდეგ გამათავისუფლეს.

იმ ხანებში თბილისის უნივერსიტეტში ადგილი გაჩნდა ასპირანტურაში ქართული ენის სპეციალობით. მოვიკრიბე ძალა და შევიტანე განცხადება. კონკურენტი არავინ იყო. ქართულ ენაში გამომცადეს აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ. ბატონმა აკაკიმ მითხრა, სომხური ენა უნდა ისწავლოო. ეს ნათქვამი ჩემთვის საბედისწერო გახდა. ორი თუ სამი დღის შემდეგ უნივერსიტეტის დერეფანში რექტორის კაბინეტის მახლობლად მხვდება სომხური ენის სპეციალისტი, რომლის მიმართ პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული. მკითხა, როგორაა საქმეო. ვუპასუხე: გამოცდები ყველა საგამოცდო საგანში ჩავაბარე და უკვე ასპირანტი ვარ-მეთქი. არ მოულოცავს. საუბრისას ისიც ვუთხარი, რაც ბატონმა აკაკიმ მითხრა (სომხური უნდა ისწავლოო!). მერედა, ვისთან უნდა ისწავლოო? თქვენზე უკეთესი ვინ არის-მეთქი? ეს რომ ვუთხარი, საშინლად გაბრაზდა და თქვა: „ახლავე შევალ პრორექტორთან (რექტორი არ იყო თბილისში)“, ბატონო, არ დამღუპოთ, არ დამღუპოთ-მეთქი… მაგრამ არ მისმინა და შევიდა პრორექტორთან (ხაჭაპურიძესთან). გავიდა რამდენიმე დღე და მეუბნებიან, ასპირანტურაში არა ხარ ჩარიცხულიო. რა უნდა მექნა? ჩარხი უკუღმა დატრიალდა და მისი წაღმა გადმომტრიალებელი ვერავინ აღმოჩნდა.

შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი. 1942 წლის შეთქმულთა შორის იყო ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმასავით საყვარელი ზურაბ მისაბიშვილი.

ერთ-ერთ შეთქმულს, რომელთანაც ჩემი ურთიერთობა სალამს არ გასცილებია, გამომძიებელ მარქაროვისათვის მიუცია ჩვენება, რომ ლეო კვაჭაძე ზურაბმა ჩააბა შეთქმულებაშიო და დამაპატიმრეს. 1942 წლის სექტემბერში ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა გაგვასამართლა 33 ბრალდებული. სამხედრო ტრიბუნალმა 17 ბრალდებულს (მათ შორის, ჩემს მეგობარს) დახვრეტა მიუსაჯა.

პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ დავინიშნე თბილისის მე-8 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1944-47 სასწავლო წლებში ვიყავი თბილისის ქალთა მე-7 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, თან ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

1945 წელს ჩავირიცხე პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასპირანტად ქართული ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით. 1948 წელს დავამთავრე ასპირანტურა და 1949 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა“ და მომენიჭა პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება. აქვე დავსძენ იმასაც, რომ ამავე პერიოდში იწყება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა უმაღლეს სასწავლებელში.

როგორ შეაფასებდით მეცნიერების დღევანდელ მდგომარეობას, რას თვლით, რა უნდა გაკეთდეს და როგორ, რომ ქართული გრამატიკული აზროვნება ჩიხში არ შევიდეს როგორც სინტაქსის აღიარებულ მკვლევარს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ დარგის თანამედროვე პრობლემატიკა და განვითარება?

– მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობა რომ სათანადოდ შეფასდეს, ამისთვის საჭიროა დეტალურად ვიცნობდე ყველა შრომას, რომლებიც ბოლო წლებში გამოიცა. რაც ჩვენთვის არის ცნობილი, იმის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია, ოღონდ ერთი მოკრძალებული შენიშვნა მაინც გვაქვს: კარგი იქნება საკითხების განხილვა მაღალფარდოვანი ენით არ დამძიმდეს და უცხოურთან მიმართებაში ზომიერება დავიცვათ. რაც შეეხება სინტაქსის საკითხებს, სასურველად მიმაჩნია, სათანადო დონეზე წარიმართოს ტექსტის სინტაქსის საკითხების შესწავლა, რაც რამდენადმე გათვალისწინებულია ჩვენი სინტაქსის ბოლო გამოცემაში, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს.

ვიცი, რომ ამჟამადაც განუწყვეტლივ მუშაობთ სინტაქსის საკითხებზე, კერძოდ, რომელია ეს საკითხები?

– საქართველოში პრედიკატულ განსაზღვრებაზე საუბარი ჩვენი გამოკვლევით დაიწყო. თანდათან გამოიკვეთა და დაზუსტდა მისი თავისებურება ქართულ ენაში. დადგინდა, რომ იგი წინადადების დამოუკიდებელი წევრია, რომელიც შემასმენლის მეწყვილეა და ბრუნვასა და რიცხვში ეთანხმება პირმიმართ წევრს. თუ შემასმენელი ერთპირიანი ზმნით არის გადმოცემული, სახელობითში დგას და ეთანხმება ქვემდებარეს ბრუნვასა და რიცხვში, ორპირიანი გარდაუვალი ზმნით გადმოცემულ შემასმენელთან – სახელობითში ან მიცემითში; ორპირიანი გარდამავალი ზმნით გადმოცემულ შემასმენელთან – პირველი სამი ბრუნვიდან ერთ-ერთში. გამოყენების სიხშირითა და სიზუსტით სხვადასხვაობა შეინიშნება ახალი და ძველი ქართული ენის მიხედვით, ეს საკითხი განხილული გვაქვს ჩვენს შრომებში. ზოგმა შემთხვევამ ინტერესი აღძრა, გამოგვერკვია, თუ როგორი ვითარებაა ამ მხრივ საშუალ ქართულში. ამას მიეძღვნა შემდეგი გამოკვლევები: პრედიკატული განსაზღვრება „ვეფხისტყაოსანში“; პრედიკატული განსაზღვრება „ვისრამიანში“; პრედიკატული განსაზღვრება „ამირანდარეჯანიანში“.

გარდა დასახელებულისა, დაიწერა ვრცელი გამოკვლევა შემდეგი სახელწოდებით: პრედიკატული განსაზღვრების შესწავლის ისტორიიდან. ვფიქრობთ ამ ნაშრომების გამოქვეყნებას.

ამჟამად ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ წიგნზე „გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე“. ერთ თვეში ალბათ დავამთავრებ.

თქვენ ბრძანდებით აგრეთვე გამორჩეული პედაგოგი, რომელიც ყოველთვის ფიქრობს იმ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა მეშვეობით ცოდნა მყარად მივა მსმენელამდე იქმნება უამრავი ახალი სახელმძღვანელო, მათ შორის, ქართულ ენაშიც როგორ ფიქრობთ, არის პრინციპულად ახალი მიდგომა გრამატიკის სწავლებისას, თუ უბრალოდ, ინტერპრეტაციებია და სხვა არაფერი, თუ გამოარჩევდით რომელიმე სახელმძღვანელოს ამ მხრივ

– იყო დრო, როცა ვფიქრობდი იმ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა მეშვეობით ცოდნას ადვილად დაეუფლებოდნენ ახალგაზრდები. შეძლებისადაგვარად განვახორციელე კიდეც საშუალო სკოლის V-IX კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოებში, რომლებიც 1964 წლიდან გამოდის (დროდადრო მნიშვნელოვანი ცვლილებებით).

რაც შეეხება სხვათა სახელმძღვანელოებს, მათგან ზოგიერთს ვიცნობ და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო სამუშაო წიგნებია, ვიდრე სახელმძღვანელოები.

ბატონო ლეო, ამას წინათ, კერძო საუბარში გაიხსენეთ, რომ ახლაც გული გტკივათ იმის გამო, 6 წლის ასაკში კაკლის ხეს რომ ქვა ესროლეთ კაკლის ჩამოსაგდებად და იქიდან კი მკვდარი ჩიტი ჩამოვარდა ვიცი, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი მძიმე და ემოციური წუთი იყო

ახლა კიდევ რას გაიხსენებდით? მინდა, რომ სასიამოვნო წუთებიც გაიხსენოთ

– ჩემი ბავშვობის პერიოდიდან ბევრი რამ მახსოვს, რაც არავისთვის არ მითქვამს, დროდადრო წამოყოფს ხოლმე თავს და არ მავიწყდება, მრავალთაგან გაგიმხელთ ორ შემთხვევას:

ოთხი თუ ხუთი წლისა ვიყავი. ერთ საღამოს, დაბინდებისას, რაღაც შემთხვევის გამო ნაღვლიანი შევედი ოთახში… მარტო ვარ… მივუჯექი თუნუქის ღუმელს და ყოფნა-არყოფნის საკითხმა შემაშფოთა. ვარ და აღარ ვიქნები! სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემამ ამატირა. ცრემლმა ლოყები დამისველა, მინდა დავწყნარდე, მაგრამ როგორ? თავი ოდნავ იმით დავიმშვიდე, რომ ეს სატკივარი მარტო მე არ მეხებოდა და მას, სხვებსავით, მეც უნდა შევურიგდე-მეთქი. სოფელში ჭაღარა მოხუცები იყვნენ, სანამ მათსავით გავხდები, დიდი დრო გავა-მეთქი. ავდექი, ლოგინს მივაშურე, დავწექი და დავიძინე.

ერთი შავი ცხენი გვყავდა – დაბალი, ჩასუქებული. შვიდი თუ რვა წლისამ ჰამაშში (ადგილის სახელია სოფელ ლახამულაში) ფაფარში ხელჩაკიდებულმა, გავაჭენე. ცხენი მოულოდნელად გაჩერდა და მე ზღართანი გავადინე, ცოტათი დავიჟეჟე, მაგრამ ტკენით არაფერი მტკენია. ცხენს კი იმ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მივედი, შევაჯექი და შინ მშვიდობით მიმიყვანა. მახსოვს, ძალიან გამიკვირდა, რატომ არ დაიძრა, როცა ჩამომაგდო.

სასიხარულო და სასიამოვნო ბევრი განმიცდია ბავშვობისას და შემდეგაც. მე ტკბილად ვიგონებ მოწაფეობის ხანას, უნივერსიტეტში გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ბატონ ივანე ჯავახიშვილს, უნივერსიტეტიდან რომ გააძევეს, გამოცდა შინ, თავის სამუშაო მაგიდასთან ჩავაბარე. დღესაც ვგრძნობ იმ სითბოსა და სიამოვნებას, რაც მაშინ განვიცადე. შემდეგ იყო დაოჯახება, შვილების შეძენით გამოწვეული სიხარული… დამსახურებული მასწავლებლისა და მეცნიერის დამსახურებული მოღვაწის წოდებათა მონიჭება, სახელმწიფო პრემიის მიღება და სხვა.

ბატონო ლეო, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სათქმელი, რომელსაც გაგვიმხელდით ახლა?

– ყველაზე დიდი სათქმელი, სატკივარი ამჟამად საქართველოს ბედ-იღბალია. ჩვენი ერის ისტორია სისხლითა და ცრემლით იწერებოდა. სამწუხაროდ, ახლაც ასე იწერება. ერი გადაურჩა კატასტროფის მომასწავებელ ქარტეხილებს, შეინარჩუნა თავისთავადობა, ეროვნული სული და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. დღევანდელი მდგომარეობა კი შემაშფოთებელია… ძმათა შორის მტრობა და შური, ცილისწამება, სკამებისთვის ბრძოლა და ბილწსიტყვაობაა. განუკითხაობა მძლავრობს. ყოველივე ეს ღირსეულ მამულიშვილთა სატკივარია. ნათქვამია, კაცი იმედით ცხოვრობსო. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნიჭიერი ერი ყველაფერს გაისიგრძეგანებს, გონიერება გაიმარჯვებს, დაჭრილი ეროვნული სული განიკურნება.

დიდი მადლობა, ბატონო ლეო, საინტერესო და გულისხმიერი საუბრისათვის, ბავშვობის საიდუმლოს გამხელისათვის, იმისთვის, რომ არსებობთ ამ ქვეყანაზე და თქვენი სამუშაო ოთახიდან ისევ სიკეთის და სიყვარულის მსახურად რჩებით იმისთვის, რომ თქვენ თქვენი ცხოვრებით, შრომითა და მოღვაწეობით ნამდვილი ნიმუში და მაგალითი ბრძანდებით გარშემომყოფთათვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის

 

 

მილოცვები

 

ღვაწლმოსილი მეცნიერი

ქართული ენის დიდ მოამაგეს, თვალსაჩინო მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ ლევან (ლეო) კვაჭაძეს 100 წელი შეუსრულდა. თავისი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით მან ღირსეულად განაგრძო და დღესაც აგრძელებს სახელოვანი მასწავლებლების – აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას და სხვათა გზას.

60 წელზე მეტია, რაც ბატონი ლევანი ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევა. ნაყოფიც ამ მუშაობისა მეტად შთამბეჭდავია – რამდენიმე მონოგრაფია და ასზე მეტი სხვა გამოკვლევა ქართული ენათმეცნიერების საგანძურში.

ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურა პროფ. ლ. კვაჭაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებაა. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი თანამედროვე ქართული ენის სინტაქსის შესწავლის საქმეში. ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც სინტაქსთან დაკავშირებით დაისმის, მეცნიერის გამოწვლილვითი და საფუძვლიანი ანალიზის საგანია: იქნება ეს მარტივი თუ რთული წინადადების აგებულება, წინადადების ტიპები თუ წინადადების წევრები… ამასთან, სათანადო ყურადღება ეთმობა სინტაქსის სწავლების საკითხებს.

სინტაქსის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები შეჯამებულია პროფ. ლ. კვაჭაძის ცნობილ მონოგრაფიაში „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, რისთვისაც ავტორს დამსახურებულად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

აქვე უნდა აღინიშნოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო „ქართული ენა“, რომლის რამდენიმე გამოცემამ სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სრულიად განსაკუთრებულია პროფ. ლ. კვაჭაძის როლი ქართული ენის გრამატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. მის მიერ აკად. ა. შანიძესთან და პროფ. ი. იმნაიშვილთან ერთად შექმნილი სახელმძღვანელოები წლების განმავლობაში აძლევდა მოსწავლეებს ქართული ენის აგებულების საფუძვლიან ცოდნას.

პროფ. ლ. კვაჭაძე ქართული საშუალო და უმაღლესი სკოლის გამორჩეული პედაგოგია. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საშუალო სკოლაში, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი, ხოლო შემდეგ, 60 წლის განმავლობაში, როგორც ქართული უმაღლესი სკოლის გამორჩეული ლექტორი. ბატონ ლევანს სავსებით სამართლიანად აქვს მოპოვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და კოლეგების გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული.

პროფ. ლ. კვაჭაძეს ფრიად ნაყოფიერი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა და რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.

დასაფასებელია პროფ. ლ. კვაჭაძის მართალი და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელსაც ის ავლენს ცხოვრების ყოველ ეტაპზე.

ვუსურვებთ ბატონ ლევანს კიდევ მრავალი წლის სიცოცხლეს, მხნეობასა და ნაყოფიერ ცხოვრებას.

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის პროფესორები

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორები

 

 

ბატონო ლეო!

მთელი სულითა და გულით გილოცავთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს – დაბადების 100 წლისთავს. თქვენ ბრძანდებით ამჟამად ქართული ენათმეცნიერების ნესტორი. ჩვენ ყველას გვეამაყება, რომ ქართველ მეცნიერთა შორის მტკიცე ბურჯად დგახართ ცოცხალი მემატიანე ქართული ლინგვისტური სკოლისა, ქართული ენის გრამატიკის ცნობილი მკვლევარი, რომელიც წარმატებით უთავსებთ ერთმანეთს ნაყოფიერ სამეცნიერო და აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისათვის ქართული მეცნიერებისა და ქართველი ერის წინაშე. მოწიწებით გიხრით თავს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით კიდევ ერთხელ მოგილოცავთ საუკუნოვან საიუბილეო თარიღს, გისურვებთ სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და კიდევ დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს!

თამაზ გამყრელიძე

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

 

 

ბატონო ლეო!

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთელი კოლექტივი, განსაკუთრებით კი აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილება, დიდი სიხარულით გილოცავთ საუკუნოვან საიუბილეო თარიღს! თქვენ ბევრი ჩვენგანის მასწავლებელი და უფროსი კოლეგა ბრძანდებით. განუზომელია თქვენი ღვაწლი ქართული გრამატიკული აზრის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. თქვენთან ყოველი შეხვედრა, თქვენი ყოველი სიტყვა თუ შენიშვნა დაუვიწყარი და სასარგებლოა თითოეული ჩვენგანისათვის. მთელი გულით გვიხარია, რომ დღევანდელი მოლოცვის შესაძლებლობა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ არაერთხელ მოგილოცავთ საიუბილეო თარიღებს.

დიდი სიყვარულითა და უღრმესი პატივისცემით,

ინსტიტუტის თანამშრომელთა სახელით,

გიორგი სანიკიძე

გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ეთერ სოსელია

აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბატონო ლეო!

ჩემო ძვირფასო და საყვარელო, გამორჩეულო!
ვარ ამაყი, როგორც კოლეგა,
ვარ ამაყი, როგორც თანამემამულე,
ვარ ამაყი, როგორც ერთი ახლობელთაგანი,
ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ 100 წელი შეგისრულდათ.
გმადლობთ იმისთვის, რომ ყოველთვის გიყვარდათ ადამიანი.
ღმერთი გფარავდეთ!

მარად თქვენი გუჩა კვარაცხელია

 

ძვირფასო ბატონო ლეო!

როგორ მოგილოცოთ თქვენი, კავკასიელისთვისაც კი უჩვეულო, დაბადების დღე, რომლითაც თქვენს ძველ თანამოღვაწეს, აკაკი შანიძეს, წარმატებით ჰბაძავთ? რადგან შესაბამისი თამადისეული სიტყვა არ ვიცი, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენ, ენათმეცნიერებს, ძალზე გვიხარია, ჩვენ შორის რომ ბრძანდებით და ამდენი წლის განმავლობაში ამშვენიერებთ ჩვენს მეცნიერებას. პირადად მე კი განსაკუთრებული მადლობის მიზეზი მაქვს, ვინაიდან მეც იმ თავისებურ სამყაროში ვმუშაობ, რომელშიც თქვენ მეფობთ. როდესაც სინტაქსური საკითხი მაინტერესებს, თქვენი სახელმძღვანელო ყოველთვის პირველი წყაროა, საიდანაც სოლიდურ ინფორმაციას ვღებულობ, და კითხვა: ქართული ტრადიცია რას ამბობს? უპირველეს ყოვლისა თქვენთან მომიყვანს.

ბატონო ლეო, სულითა და გულით გისურვებთ ყოველივე კარგს, კიდევ იდღეგრძელეთ და იხარეთ და იცოდეთ, რომ ამ დღესასწაულში გერმანელი ქართველოლოგი თქვენთანაა თავისი ფიქრებით.

თქვენი ვინფრიდ ბოედერი

 

ძვირფასო ბატონო ლეო!

მოგესალმებით გამოჩენილ მეცნიერს, პედაგოგს, საზოგადო მოღვაწეს, გილოცავთ დიდებულ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას, დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში. კვლავაც დიდხანს ღირსეულად, ენერგიულად, მხნედ და შემართებით გეკეთებინოთ ჭეშმარიტად დიდი მამულიშვილური საქმე, რამაც საყოველთაო სიყვარული, პატივისცემა და აღიარება მოგიტანათ საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის. თქვენი უმცროსი კოლეგებისათვის, რომლებსაც აქვთ პატივი და ბედნიერება, თქვენთან ერთად ემსახურონ ქართულ ენას, საქართველოს აწმყოსა და მომავალს, თქვენ შესანიშნავი მაგალითი და ორიენტირი ბრძანდებით: ფიზიკური და სულიერი აქტივობის ხანგრძლივობითა და ინტენსივობით ოპტიმიზმსა და ხალისს უნერგავთ მათ. ღმერთმა ძალიან დიდხანს გამყოფოთ ასეთ ორიენტირად! მიიღეთ ჩემი გულწრფელი სიყვარული და საუკეთესო სურვილები!

თქვენი გურამ კარტოზია

 

ძვირფასო ბატონო ლეო!

თქვენი წიგნებით განისწავლებიან ქართველთა თაობები საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, თქვენ შექმენით სამაგიდო წიგნები ქართული ენის მომხმარებელთათვის შინ და გარეთ.

ბატონო ლეო, ღვაწლმოსილო და მადლმოსილო მამულიშვილო, გილოცავთ დიდებულ იუბილეს, გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და კვლავაც მრავალ წარმატებას მეცნიერებაში.

თქვენი თედო უთურგაიძე

 

კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ

ფრიად იშვიათი შემთხვევაა, როცა თვალსაჩინო მოღვაწე, მწერალი თუ მეცნიერი თავისი დაბადების ასი წლის თარიღს მხნედ ეგებება და პირადად იღებს მილოცვებს კოლეგებისა და მოწაფეებისაგან. სწორედ ასეთ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჟამად, როცა შესაძლებლობა გვეძლევა პირადად მივულოცოთ დაბადების ასი წლისთავი ჩვენს მასწავლებელს და უფროს კოლეგას, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლეო კვაჭაძეს.

ზემო სვანეთის მაღალმთიან სოფელში დაბადებულმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ჩვენს დედა-უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც კარგა ხანს პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა თავის მშობლიურ მხარეში. შემდეგ პროფესორ ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი ქართული ენის მეთოდიკის სპეციალობით, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და იმ დროიდან დღემდე, როგორც იტყვიან, მუხლჩაუხრელად ემსახურება ქართული ენის მეცნიერული კვლევისა და სწავლების საქმეს.

განსაკუთრებით დიდია ლეო კვაჭაძის დამსახურება ქართული სინტაქსის კვლევის საქმეში. მისი წიგნი „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა, მართლაც სამაგიდო წიგნია როგორც ქართული ენის შემსწავლელთათვის, ისე მკვლევართათვის. ამ წიგნისათვის ავტორმა სავსებით დამსახურებულად მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია. მეთოდიკური ხასიათის ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფია „ქართული წინადადების სწავლების მეთოდიკა“ (1950წ.).

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ენის გრამატიკა საშუალო სკოლის V-IX კლასებში დიდი ხნის განმავლობაში ისწავლებოდა აკაკი შანიძისა და ლეო კვაჭაძის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით.

საგანგებოდ აღსანიშნავია ლეო კვაჭაძის პიროვნული ღირსებები – მისი პატრიოტული შემართება და პრინციპულობა. თავისი პრინციპებისათვის მას არც მძიმე პოლიტიკური რეპრესიების დროს უღალატია და არც ბოლო წლებში, როცა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩვენს ქვეყანას ზედიზედ არაერთი განსაცდელი დაატყდა თავს. მაგონდება მისი გამოსვლები ტელევიზიით ზვიად გამსახურდიას დასაცავად (რამდენიმე სხვა ენათმეცნიერთან ერთად).

ბედნიერებაა, როცა ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და კაცურკაცობის მაგალითს გვიჩვენებენ ისეთი ადამიანები, როგორიც ლეო კვაჭაძეა. მათ რაც შეიძლება დიდხანს უნდა იცოცხლონ!

პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე

 

ბატონო ლეო,

თქვენ მრავალმხრივ უნიკალური მოვლენა ბრძანდებით ქართულ კულტურაში. ამის დასტურად, თუნდაც მომართვის ეს ფორმა იკმარებს, რომელიც აერთიანებს ოფიციალურ-თავაზიანი მიმართვის ბატონო-ს თქვენი სახელის ლევანის საალერსო-კნინობით ფორმასთან ლეო, რაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ფუნქციური სტილისტიკის უხეშ დარღვევად აღიქმებოდა, თქვენთან მიმართებაში კი ეს გამონაკლისია, საერთო – სახალხო სიყვარულისა და პატივისცემის მანიფესტაციას წარმოადგენს.

ქართულ ენათმეცნიერებაში თქვენი საიუბილეო თარიღით იხსნება „ასიანთა კლუბი“, რომლის წევრადაც ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ და თქვენი მასწავლებელი და თანაავტორი დიდი აკაკი შანიძე შედიხართ ნამდვილი წევრის უფლებით (საპატიო წევრად 102 წლის წმ. გრიგოლ ხანძთელი ივარაუდება, საპატიოდ – რაკი ამ დიდი საეკლესიო და ინტელექტუალის საკუთრივ ლინგვისტური ნაშრომები ჩვენთვის უცნობია).

აი, ასეთ საზოგადოებაში მიგიჩინათ ღმერთმა ადგილი და მოგცათ საშუალება ორივეს აღემატოთ განვლილ წელთა სიმრავლით და სიცოცხლის ხანგრძლივობის ახალი ორიენტირი დაუსახოთ თქვენს კოლეგებს.

ჭეშმარიტად: ვინც აზროვნებს, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობს!

პროფესორი მიხეილ ქურდიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი