ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლავიზია

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ სკოლა ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ გარემოდ ვაქციოთ? თითქოს რთულად მისაღწევი მიზანია, მაგრამ ჩემმა პრაქტიკამ საპირისპირო აჩვენა. კოლეგებთან ერთად განვახორციელე პროექტი, ერთი შეხედვით, მარტივი და არაპრეტენზიული სახელწოდებით, რომელმაც მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლისადმი გასულ 2018-2019 სასწავლო წელს პოზიტიურად შეცვალა.

2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ იდეების კონკურსი გამოაცხადა. „ორბელიანი საქართველო“ აფინანსებს მოქალაქეთა/საინიციატივო ჯგუფების/ორგანიზაციების ინიციატივებს, რომელთა მიზანია საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა. მე და ჩემმა კოლეგამ, გიორგი ჭაუჭიძემ, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სახელით რამდენიმე იდეა წარვადგინეთ. ერთ-ერთი გახლდათ „სკოლავიზია“. იდეების შეფასების კომისიამ სწორედ ამ პროექტზე შეაჩერა ყურადღება.

სახელი სპონტანურად შევარჩიე, მოსწავლეებთან ერთად საძიებო სისტემაშიც გულმოდგინედ გადავამოწმეთ. სიტყვათაწყობა „სკოლავიზია“ არავის ჰქონდა გამოყენებული და ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასკოლო ტელევიზიები საქართველოს მასშტაბით სიახლე არ არის. თუმცა, ჩვენი მუნიციპალიტეტის თავისებურებების გათვალისწინებით ნამდვილად პირველები ვიყავით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის (ასევე სხვა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში), არაქართულენოვან სკოლებში ტრადიციული საგაკვეთილო პერიოდი არ არის საკმარისი მოსწავლეებში საჭირო უნარების განსავითარებლად, ინტეგრაციის პროცესის სრულფასოვნად წარმოებისთვისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შესაძენად.

მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ბავშვები ეთნიკური უმცირესობებიდან, ოჯახსა და ქუჩაში/საზოგადოებაში საუბრობენ მშობლიურ ენაზე, უყურებენ/უსმენენ უცხოენოვან ტელევიზიებსა და მუსიკას. შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეებისთვის სკოლა არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც საუბარი ქართულ ენაზე უწევთ.

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდები გამოირჩევიან სამოქალაქო პასიურობით, რაც განპირობებულია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებით. მათ შორის ქართულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაბალი დონე და ამ მხრივ გამოცდილების სიმწირე ერთ-ერთი რთული პრობლემაა.

ჩემი აზრით, სკოლამ თემში არსებული გამოწვევების საპასუხოდ  მოსწავლეებს ფორმალური განათლების კვალდაკვალ უნდა შესთავაზოს არაფორმალური განათლების სერვისები. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ეპოქაში დღითიდღე პოპულარული ხდება არაფორმალური განათლების მიმართულება, რომელსაც რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითად: თანამშრომლობა არ ითვალისწინებს სხვადასხვა შემზღუდავი წესების არსებობას, ასეთ გარემოში აქვთ მეტი თავისუფლება და არჩევნის საშუალება. ამასთან ერთად, აღნიშნული მოდელი ორიენტირებულია მოსწავლეებში დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, უნარების, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებასა და გამოცდილების გამდიდრებაზე. შესაბამისად, მოქნილ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომად მიიჩნევა.

„სკოლავიზია“ დაფუძნდა სკოლის არაფრომალური განათლების მიმართულებით მოქმედი კლუბის ბაზაზე. ჩვენი ყოველკვირეული შეკრების დროს დავაზუსტეთ პროექტის ფარგლებში მისაღწევი მიზნები, რომლებიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მოვლენების წარმოჩენა;
  •  სკოლაში/თემში არსებული პრობლემების გაშუქება;
  • მოსწავლეთა სოციალურად გააქტიურება;
  • კომუნიკაციური უნარ-რჩევების ამაღლება;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

 

„სკოლავიზიის“ იდეით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა აირჩიეს ის მიმართულებები, რომლებიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ტექნიკური ჯგუფები.

იდეის განსახორციელებლად ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ შეიგვიძინა ვიდეო კამერა, შტატივი, მიკროფონი, მყარი მეხსიერების ბარათი და ტელევიზორი, რომელიც სკოლის დერეფანში დამონტაჟდა.

 

ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ტექნიკური ჯგუფების მომზადების შემდეგ ჩვენ უკვე პირველი სიუჟეტის გადასაღებად მზად ვიყავით. პირველი სიუჟეტი ჩვენსავე პროექტზე გადავიღეთ.

 

რამ განაპირობა ჩვენი პროექტის წარმატება? რატომ ჩაერთნენ მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით?

პირველ რიგში, სკოლავიზიის ჯგუფში მოხვედრილმა მოსწავლეებმა დაინახეს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული კეთილგანწყობილი გარემო. აღმოაჩინეს, რომ აქ  გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება და გააცნობიერეს სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდი მნიშვნელობა.

ამავდროულად, სკოლავიზიამ მოსწავლეებს მისცა ფორმალურ საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერის საშუალება.

პროექტის ფასილიტატორები თავს არ ვახვევთ სიუჟეტების თემატიკას, რადგან ჩვენი მოსწავლეები ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, მხოლოდ ენობრივ ხარვეზებს ვასწორებთ. უკვე გადაღებულ, დამონტაჟებულ და სოციალურ ქსელში განთავსებისთვის მზა სიუჟეტებს ვარჩევთ ხუთშაბათობით, ყოველკვირეულ შეკრებებზე. ამავე შეხვედრისას ვიღებთ გადაწყვეტილებებს შემდეგი კვირის თემატიკის შესახებ.

გამოწვევები, რომლებიც იქცა შესაძლებლობებად

სტატიაში გაგიზიარებთ უსაფრთხო სკოლის კონცეფციასა და ეკოლოგიურ საკითხებთან პირდაპირ დაკავშირებულ ოთხ სიუჟეტს. ამავდროულად, თქვენ აღმოაჩენთ გამოწვევებს, რომლებიც ჩემი მოსწავლეებისათვის იქცა ერთგვარ შესაძლებლობებად.

საგაკვეთილო პროცესში დიდ ყურადღებას ვუთმობ გარემოსდაცვით საკითხებს. გასულ 2018-2019 სასწავლო წელს მე-7 კლასს ვასწავლიდი გეოგრაფიას. სწავლა-სწავლების პროცესში, თითოეული თავის ბოლოს, ერთად ვმსჯელობდით გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შესაბამისად, ჩემი მოსწავლეები ძალიან მძაფრად რეაგირებენ, როდესაც ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას. ერთ-ერთ ყოველკვირეულ შეხვედრაზე, როდესაც მომდევნო კვირას გადასაღებ სიუჟეტებზე ვმსჯელობდით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ წამოჭრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული დაბინძურებული სარწყავი არხის პრობლემა. სალომეს წუხილი სკოლავიზიის სხვა წევრებმაც გაიზიარეს და ასე დაიბადა პირველი სიუჟეტი გარემოსდაცვით საკითხებზე.

 

22 აპრილი დედამიწის დღეა. მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ვისწავლეთ წყლის, ხმელეთისა და ჰაერის დაბინძურება. ერთად ვფიქრობდით გამოსავალზე. მოსწავლეებისგან წამოვიდა იდეა, რომ ამ კუთხით ცნობიერების გაზრდის მიზნით დაგვეგეგმა პროექტი. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ უკვე გვქონდა მოწყენილი გლობუსი, ნარჩენებით „მოკაზმული“ ტორტი.

სასკოლო თემის ყურადღების მიპყრობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლავიზიის ჯგუფის მე-7 კლასელმა ჟურნალისტმა პროექტის დასკვნით დღეს მოამზადა სიუჟეტი.

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: ა. შიდა სასკოლო უსაფრთხოება და ბ. სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული პრობლემები. მარნეულის #2 საჯარო სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ორი მხრიდან საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზა გადის, ერთი მხრიდან კი სარკინიგზო ლიანდაგი.

მოსწავლეებს სკოლაში სიარულისას საკმაო სირთულეები ხვდებოდათ. დაბრკოლებები განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხებოდა. უხარისხო საღებავებით დახატული, ე.წ. „ზებრა-გადასასვლელებისა“ და მწყობრიდან გამოსული „მძინარე პოლიციელების“ გამო, გზის გადაკვეთა მშობლების გარეშე წარმოუდგენელი იყო.

აღნიშნული პრობლემის სიმწვავე გააცნობიერეს, მისით დაინტერესდნენ და შეხვედრაზე წამოჭრეს მე-7 და მე-8 კლასელებმა. სიუჟეტის სოციალურ ქსელებში ატვირთვის შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა წაშლილი „ზებრა-გადასასვლელები“ თავიდან მოხატეს.

„როდის გვეღირსება ნორმალური სტადიონი, თემო მას? ყველა სკოლას აქვს დარბაზი, ჩვენ კი ხელოვნურსაფრიანი სტადიონიც კი არ გვაქვს…“ – არაერთხელ დაუჩივლიათ ბავშვებს ჩემთან და სკოლის დირექტორთან. მოსწავლეები ყველაფერს კარგად ხვდებიან და იციან, რომ  სკოლაში, სპორტის მასწავლებელზე მეტად  სპორტზე შეყვარებული სწორედ ეს ორი ადამიანია.

სწავლის დაწყებისას და დასრულებისას – მტვერი, გვიან ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე – ტალახი – ასეთ ვითარებაში უწევთ ვარჯიში სპორტის გაკვეთილებზე. ჩვენი მოსწავლეები პრობლემის არსებობას კარგად აცნობიერებენ. ასე დაიბადა სიუჟეტი სკოლის სტადიონის პრობლემაზე.

 

იმედია, სკოლავიზიის ჟურნალისტებისა და მთლიანად გუნდის სურვილი – შეცვალონ გარემო უკეთესობისაკენ – ოდესმე შედეგს მოიტანს. სასკოლო თემი, საზოგადოება, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, განათლების მესვეურები უფრო მეტს უნდა ფიქრობდნენ რეალურ პრობლემებზე, მეტი ძალისხმევა უნდა მიემართოს არსებული პრობლემების მოგვარებისკენ. პოპულისტური ნაბიჯები შედეგს არ მოიტანს, ის ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას კიდევ უფრო შეაფერხებს.

ჩემი აზრით, თანამედროვე სკოლამ და ზოგადად განათლების სისტემამ მოსწავლეებს უნდა მისცეს მეტი თავისუფლება, რაც შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური განათლების წახალისებით. სწორედ, თავისუფალ გარემოში გაზრდილი თაობა შეძლებს პასუხისმგებლობის  აღებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის შენებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი