ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წახალისება ზრდის მოტივაციას

ბავშვები ყველა საშუალებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას. მათთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება. ეს არის თვისება, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებლები და მშობლები ამ მნიშვნელოვან თვისებას არასწორი მიდგომით ანადგურებენ. პატარები თავიანთ სურვილებს, მისწრაფებებს, სათქმელს, ხშირად გამოხატავენ ქცევით, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი „ცუდ“, „არასასურველ“ ქცევას უწოდებენ და ამბობენ, რომ ასეთი ბავშვი რთულად აღსაზრდელია, არ ჰგავს თანატოლებს და რთულია მათთან ურთიერთობა. მშობლები კი საყვედურით აცხადებენ, რომ არ ესმით საკუთარი შვილის და არ იციან რა გააკეთონ, ამა თუ იმ ქცევის დროს. ყველაზე ხშირად მასწავლებლისა და მშობლის ქმედება ბავშვის მიერ გამოვლენილ არასასურველ ქცევაზე ერთნაირია – ეს გახლავთ დასჯა. მშობლები მიმართავენ დასჯის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ბავშვისთვის თავისუფლების შეზღუდვა, მეგობრებთან არგაშვება, საყვარელი ნივთის, თამაშის აკრძალვა.

მასწავლებელი კი მიმართავს სიტყვიერ გაფრთხილებას. ყურადღებას ამახვილებს ბავშვის უარყოფით ქცევაზე კლასის წინაშე და ხმამაღლა, მუქარის ტონით, მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ქმედება. უარეს შემთხვევაში შეიძლება მასწავლებელმა ის შეადაროს სხვა მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილზე წყნარად ზის და უთხრას: შეხედე, ის წყნარად მისმენს! რა კარგი ბავშვია! შენ რა გჭირს! მსგავსი შედარება კიდევ უფრო ზრდის ბავშვის მიერ არასასურველი ქცევის განმეორების რისკს.

ბავშვის ქცევას ყოველთვის აქვს წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებას ემსახურება მისი ქცევა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ყურადღების მიქცევა, თავის გამოჩენა, პროტესტი, ან უბრალოდ სურვილი, რომ მასზე იზრუნონ. სანაცვლოდ კი იღებს სასჯელს, ისე, რომ არც უხსნიან, რატომ არის მისი ქცევა „ცუდი“. უფროსებისგან ბავშვის ქცევაზე მსგავსი რეაგირება ფაქტობრივად შეიძლება გახდეს ქცევის მაპროვოცირებელი. სასჯელი კი უარყოფითი ქცევის განმამტკიცებელი ხდება. მსგავს მიდგომას შეუძლია ბავშვის ქცევის დროებით შეჩერება, დათრგუნვა, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად შეიძლება რაღაც დროის შემდეგ ბავშვმა ეს ქცევა ბევრად უფრო რთული ქცევით ჩაანაცვლოს, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო გაჭირდება. ამიტომ აუცილებელია, ყველა არასასურველი ქცევა დროულად გამოვასწოროთ.

რას ნიშნავს სწორი ჩარევა და რა ვუპასუხოთ მშობელს, რომელიც გვეკითხება: დავსაჯე, გავუბრაზდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რა ვუშველო ჩემ შვილს? როგორ დავეხმარო? პასუხი მარტივია: მოუსმინეთ ბავშვს! გაიგეთ რის თქმას ცდილობს ამ ქცევით!

თუ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ მხოლოდ მის ცუდ ქცევაზე და კომენტარს მხოლოდ მაშინ აკეთებთ, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მაშინ ბავშვს რაღა დარჩენია? თქვენი ყურადღების მისაქცევად ის აუცილებლად გაიმეორებს მსგავს საქციელს!

თუ მშობელს სჭირდება რჩევა, როგორ მოიქცეს, როცა ბავშვი ცუდად იქცევა და შენიშვნაზე არ რეაგირებს, პასუხი აქაც მარტივია: წაახალისეთ! შეცვალეთ მიდგომა! გააკვირვეთ ბავშვი! ეცადეთ ნაკლებად მიაქციოთ ყურადღება მის საქციელს და პირიქით, მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება მის კარგ ქცევაზე. შეაქეთ, როცა იმას გააკეთებს, რაც მისი ცუდი ქცევის საპირისპიროა! მოეფერეთ! გაუღიმეთ! აგრძნობინეთ, რომ თქვენს ყურადღებას მეტად იმსახურებს, როცა კარგად იქცევა.

წახალისება არის დადებითი განმამტკიცებელი, რომელიც ცუდ ქცევას მალე, სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს კარგით! წახალისების უამრავი ფორმის გამოყენება შეიძლება და ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე.

წახალისებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ: სტიკერები, სიგელები, ტკბილეული, სათამაშო, სიტყვიერი შექება, ავუსრულოთ სურვილი და სხვა.

ბავშვის არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია, შევადგინოთ გეგმა, რომელსაც შეასრულებს ყველა ადამიანი, რომელიც ჩართულია ბავშვის სააღმზრდელო პროცესში. გეგმაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პუნქტებია:

  • შეთანხმდით რომელი ქცევის გამოსწორებაა პრიორიტეტული და იმუშავეთ მასზე;
  • სააღმზრდელო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები, რომლებსაც ერთად შეადგენენ;
  • ბავშვს ნათლად აუხსენით წესები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მიიღებს წახალისებას;
  • გაითვალისწინეთ – თუ სააღმზრდელო პროცესში ჩართული რომელიმე პირი დაარღვევს წესებს, ეს ბავშვის ქცევაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ყოველთვის იხელმძღვანელეთ გეგმით.

განვიხილოთ პირობითად ერთი ქცევა და წახალისების ფორმა.

 არასასურველი ქცევა: მოსწავლე გაკვეთილზე არ ასრულებს დავალებას და მასწავლებლის მითითების მიუხედავად, წერის ნაცვლად რვეულში ხატავს.

მასწავლებელი და მშობელი თანხმდებიან, რომ თუ ბავშვი ყოველდღე დაწერს ერთ წინადადებას, ის გაკვეთილის ბოლოს მიიღებს ერთ სტიკერს. თუ ის დავალებას მსგავსი ფორმით შეასრულებს და კვირის ბოლომდე დააგროვებს მინიმუმ სამ სტიკერს, დედა მას უყიდის ტკბილეულს. გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეს ვახსენებთ: თუ შენ დღეს შეასრულებ ჩემ მიერ მოცემულ წერით დავალებას, მიიღებ ერთ სტიკერს. ამით ბავშვს განვაწყობთ შესასრულებელი მისიისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ სტიკერის მიცემა და მეტად საყურადღებოა, რომ სტიკერი არ მივცეთ იმ შემთხვევაში, როცა ის შეთანხმებას არღვევს! თუ მოსწავლემ არ შეასრულა პირობა და მასწავლებელმა ჩაუკრა სტიკერი, ან მან ვერ მიიღო საჭირო რაოდენობით სტიკერი და მშობელმა მაინც წაახალისა, ეს გამოიწვევს უკურეაქციას. ბავშვის ქცევა კვლავ გაუარესდება და შრომა, რომელიც მისი არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად იქნა გაწეული, წყალში ჩაიყრება. ამიტომ მასწავლებელმა და მშობელმა არ უნდა გადაუხვიონ გეგმას და ზუსტად შეასრულონ მისი ყველა პუნქტი. თუ ბავშვმა დაინახა, რომ უფროსები წესებს არღვევენ, რა თქმა უნდა, მას თქვენი შეცდომა ნამდვილად არ გამოეპარება და გააკეთებს ლოგიკურ დასკვნას: თუ მე ცუდად მოვიქეცი და მაინც მივიღე სტიკერი, ჩემს კარგ ქცევას აზრი არ აქვს! ამიტომ ის აუცილებლად მიუბრუნდება თავის საყვარელ „ცუდ“ ქცევას.

იმისთვის, რომ წახალისების ფორმა ბავშვისთვის არ გახდეს მომაბეზრებელი, მნიშვნელოვანია, ის სხვა განმამტკიცებლით ჩავანაცვლოთ და გავართულოთ, რათა ბავშვს მეტი მოტივაცია და სურვილი გაუჩნდეს, რომ მიიღოს სასურველი. თუ თავდაპირველად შეუთანხმდებით, რომ 3-სტიკერის შემდეგ აძლევთ საჩუქარს, შემდეგ შეუთანხმდით ოთხზე, ხუთზე. ორი-სამი კვირის შემდეგ კი სტიკერები ჩაანაცვლეთ სხვა წამახალისებელით, მაგალითად, მოსწავლეს უთხარით – თუ შენ კვირის მანძილზე ყოველდღე შეასრულებ დავალების ნახევარს, კვირის ბოლოს მასწავლებლისგან მიიღებ ერთ მონეტას, რომელსაც დედა გადაგიცვლის კინოს ბილეთში. 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება მოცემული წახალისება ჩაანაცვლოთ სიტყვიერი შექებით და უთხრათ, თუ ის ყოველდღე შეასრულებს მითითებულ დავალებას და დაიმსახურებს შექებას, კვირის ბოლოს მიიღებს სიგელს. დავალების შესრულების დროს კარგი იქნება, თუ კლასის წინაშე აღნიშნავთ: მიხარია, რომ დღეს დავალებას კარგად ასრულებ! შენ დღეს შესანიშნავად იმუშავე! კარგად გამოგდის და ა.შ. თუ ბავშვს მუშაობის პროცესშივე შეაქებთ, მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

დადებითი განმამტკიცებლებით შესაძლებელია მოსწავლემ სასჯელის გარეშე დაივიწყოს ქცევა, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი არასასურველად მიიჩნევს. თუ ბავშვი გრძნობს უფროსების სიყვარულს, ყურადღებას, პატივისცემას და ხედავს, რომ მის კარგ ქცევას შესაბამისად აფასებენ, ის ძალიან ბედნიერი იქნება და გააგრძელებს თქვენთვის თავის მოწონებას. თუ მას ეცოდინება, რომ კარგი ქცევით შეაფასებენ, სწორედ კარგი ქცევით შეეცდება, მოექცეს ყურადღების ცენტრში. დადებითი შეფასება, შექება, პატარებს უფრო თავდაჯერებულ, მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანად აქცევთ. მათ არ შეეშინდებათ უფროსებთან მშობლებთან და მასწავლებლებთან იმის გულწრფელად თქმა, რა სურთ ან აწუხებთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი