პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„სამშობლოს“ კონცეპტის სემიოტიკური ვერსიები ფერეიდნელი ქართველების ზეპირ მეტყველებაში

ენობრივი კუნძული, ძალადობრივი თუ სხვა ტიპის მიგრაციის შედეგად წარმოქმნილი  სოციალური რეალობა, კვლევისა და დაკვირვების ძალიან ბევრ საინტერესო პლასტს წარმოაჩენს. თუ გამოვიკვლევთ ისტორიულ თუ თანამედროვე მიგრაციებს,  თუ ვცდით, გამოვყოთ საერთოკულტურული, უნივერსალური ენობრივი თუ ფსიქოლოგიური კონცეპტები, თუ ამ კონცეპტუალიზაციის სისტემატიზაციას შევეცდებით, ძალიან საინტერესო პასუხს ვიპოვით კითხვაზე- მაინც რა არის სამშობლო, ადგილი, სადაც ვცხოვრობ თუ ადგილი, სადაც ვცხოვრობდი.

ფერეიდანი – ქართული ენობრივი კუნძულია ცენტრალურ ირანში. მეჩვიდმეტე საუკუნეში ირანის შაჰის, აბასის ინიციატივით საქართველოდან ირანში გადასახლების რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში,  სხვა ენობრივ და  ეთნიკურ გარემოში მოხვედრილმა ქართულმა თემმა შეინარჩუნა ქართული ენა და მეხსიერება დაკარგული სამშობლოს შესახებ.

ფერეიდნული ტექსტური მასივის დამუშავების, აგრეთვე, ახალი ტექსტების მოძიებისა და კვლევის კვალდაკვალ, ნარატივის მრავალი სოციალურ თუ  ენობრივ   ასპექტს ვიკვლევთ, რომელიც, გარდა იმისა, რომ კონკრეტული  სოციალური ჯგუფის მახასიათებელია, ასევე, საერთოკულტურულ, უნივერსალურ სისტემაშიც ჯდება.

ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია სამშობლოს კონცეპტის წარმოდგენა, რომელიც ფერეიდნელთა ზეპირ მეტყველებასა და გადმოცემებში გვხვდება.  გამოიყო მეტაფორული კონცეპტების ასეთი პარადიგმა –  საქართველო, სამშობლო: სახლი, აღთქმული მიწა, მამა-პაპის საფლავი, გულის ცრემლი, დედა, ჯადოსნური ადგილი, სადაც ცისარტყელის ქვეშ გაძვრომის შემდეგ მოხვდები,  სიზმარი, სიზმარში ნანახი საოცარი ქვეყანა, უკვდავების წყალი, დედაენა, კერია, სისხლი, ქვეყანა, რომელიც სულ გელოდება. დაკარგული კავშირი, სიყვარული.

პირველ რიგში, რაც შეიძლება ვთქვათ, ისაა, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს თემა ერთგვარად მითოლოგიზირებულ პარადიგმას ემყარება,  ხშირად, რეალურ ინფორმაციას ან საერთოდ არ ეფუძნება ან  ზედაპირულად იზიარებს.

სხვადასხვა დროსა თუ სივრცეში არსებული მიგრაციული პროცესების კვლევისას, იქნება ეს, ისტორიული, თანამედროვე,  ძალადობრივი, ეკოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სახის მიგრაცია, სამშობლოს ხატი, სამშობლოს კონცეპტი, როგორც დაბრუნების, საწყისი წერტილი ყოველთვის აქტუალურია.

ეს სახე-ხატი ძალიან აქტიურად არის გამოყენებული, როგორც ზეპირ გადმოცემებსა თუ ნარატივში, მოგონებებსა თუ ჩანაწერებში, აგრეთვე, მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხების მნიშვნელოვან ილუსტრაციას წარმოადგენს. აგრეთვე მიგრაციული თეორიის შესწავლისას, რომელიც დღეს  სოციალური და პოლიტიკური  მეცნიერებების უმთავრესი მიმართულებაა, ენისა და მეტყველების ნაწილი მნიშვნელოვან როლს ასრულს.

 

წარმოვადგენ სამშობლოს ძირითად სახელ-კონცეპტებს ფერეიდნულ ნარატივში:

  1. სახლი , კერია, აღთქმული მიწა

სამშობლო სახლია, რომელიც გელოდება, რომელშიც, ფერეიდნელთა წარმოდგენით არც არაფერი შეცვლილა, ისევ ის, ისტორიული რეალობაა შენარჩუნებული. ამიტომაცაა, რომ ხშირად, საქართველოში დაბრუნებულ ფერეიდნელებს განსხვავებული რეალობა უკვირთ, ადარდებთ და ანაღვლიანებთ. აღთქმული, აუცილებელი საწყისი წერტილის ბიბლიური თუ მითოლოგიური პარადიგმა, ფერეიდნელთა მეტყველებაში აქტუალურია, ისევე, როგორც ზოგადად, მიგრაციის ენაში.

  1. საფლავი, განსასვენებელი ადგილი

ეს კონცეპტი გარკვეულწილად სახლისა თუ აღქმული მიწის მეტაფორას ენათესავება და აღნიშნავს ადგილს, სადაც ცხოვრებაში თუ არა, გარდაცვალებისას აუცილებლად მოხვდები. საიქიოს სეგრეგაცია, ერთგვარი პრივატიზება თუ გარკვეული სისტემით წარმოდგენა, არ არის ახალი  სხვადასხვა ტიპის ნარატივისთვის, იქნება ეს ზღაპარი, მითოლოგია თუ გადმოცემა. მნიშვნელოვანია, რომ საიქიოში მაინც შენიანებთან ერთად მოხვდე, იქაც ახლობელთა გარემოცვაში გააგრძელო „არსებობა“.

  1. ცრემლი, გულის ცრემლი, მთავარი დარდი და მონატრება

დაკარგულ სამშობლოსთან ემოციური კავშირი სხვადასხვაგვარი კონცეპტით გამოიხატება, მათ შორისაა, მეტაფორა „გულის ცრემლი“, „გულის დარდი“, რომელიც ხშირად მეორდება ფერეიდნელთა მეტყველებაში.

  1. დედა

დედა -სამშობლოს კონცეპტის აღმნიშვნელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, ერთგვარად ტრივიალური მეტაფორაა, რომელიც უხვად გვხვდება  მსოფლიო ლიტერატურაში და სხვადასხვა ტიპის ტექსტებში, მხატვრობაში და ხელოვნების სხვა დარგებში.  ფერეიდნულ ნარატივშიც, ისევე, როგორც ზოგადად ემიგრაციის ენასა და მეტყველებაში, სამშობლო ხშირადაა წარმოდგენილი დედის სახით, ხოლო ემიგრაციის სუბიექტი – დაკარგული შვილია, რომელიც დედასთან დაბრუნებაზე ოცნებობს.

  1. ჯადოსნური ადგილი, სადაც ცისარტყელის ქვეშ გაძვრომის შემდეგ მოხვდები, სიზმარი, სიზმარში ნანახი საოცარი ქვეყანა,

ცისარტყელის ქვეშ გაძვრომის ლეგენდა ყველაზე პოპულარულია ფერეიდნულ ნარატივში, მას მრავალი მთქმელისგან მოისმენთ, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ცისატყელის ქვეშ გაძვრომის შემდეგ საქართველოში აღმოჩნდე, მრავალი ნაამბობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ერთგვარი კულტურული კოდი, საერთოფერეიდნული მითია, რომელიც ფერეიდნელთა იდენტობას ასაზრდოებს. ასეთივეა სიზმარი, როგორც დაკარგულ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

  1. უკვდავების წყალი, მარადცოცხალი წყალი

წყალი, როგორც სამშობლოს სიმბოლო ფერეიდნულ ნარატივში მრავალგანაა, ეს ის წყალია, რომელსაც თვითგანახლების, თვითგანვითარების  ფუნქცია აქვს, თუ ნაკლულია, თავად იმატებს, ეს ერთგვარი ეროვნული ენერგიაა, რომელიც ამ სახე-მეტაფორაშია აკუმულირებული.

  1. სისხლი, მარადიული კავშირი

სამშობლო სისხლია, ნათესავთა და მოკეთეთა სისხლისმიერი კავშირი, რომლის გაწყვეტა საუკუნეებსაც არ შეუძლიათ. სისხლი ფერეიდნელთათვის მნიშვნელოვანი იდენტიფიკატორია, ამიტომაც ეკრძალებოდნენ ისინი დიდი ხნის განავლობაში შერეულ ქორწინებებს.

  1. ენა, სამშობლო, რომელიც თან დაგაქვს

სადაც შენი ენაა, სამშობლოც იქაა, ენა არის იდენტიფიკატორი, რომელიც ყოველთვის თან დაგაქვს – ეს კონცეფცია ფერეიდნული ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივია.

აღსანიშნავია, რომ ეს კონცეპტები სხვადასხვა პერიოდის ემიგრაციის შედეგად შექმნილი დიასპორებისათვის ახლობელი, ნაცნობი, უნივერსალური მეტაფორებია, თუ ზოგადად, ემიგრაციულ პროცესებს განვიხილავთ, ეს  კონცეპტები საერთოკულტურული აზროვნების ასახვად წარმოგვიდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი