პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ცნობილი ადამიანები უცნობი შემოქმედებით

ხელოვნების ყველა დარგი – ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, კინო, თეატრი… სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადია, ის თავისას ამბობს საკუთარ ენაზე და სხვის საზღვრებში არასდროს იჭრება. ყოველი მათგანი ერთი და იმავე მოვლენას სხვადასხვაგვარად ეხმაურება და ერთმანეთს უფრო ღრმა გაგებით ავსებს.

მუსიკის გაკვეთილებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მივმართავთ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც ლიტერატურასთან კავშირშია. ლიტერატურის მონაწილეობის გარეშე სამყარო ვერასდროს იხილავდა ოპერას, ოპერეტას, მიუზიკლს, რადგან ყოველ სიუჟეტს საფუძვლად უდევს ლიტერატურული ნაწარმოები: ზღაპარი, მოთხრობა, რომანი და სხვა, ხოლო ლექსის გარეშე ვერ იარსებებდა სიმღერა, რომანსი, ჰიმნი, კანტატა, ორატორია.

ადამიანის მიერ შემოქმედებითად აღქმული სამყაროს ორი სტიქიის – მუსიკისა და ლიტერატურის მჭიდრო ურთიერთკავშირი ცნობილია. დასაფიქრებელია, რა იქნებოდა მუსიკა ლიტერატურის გარეშე? რა უდევს საფუძვლად ამ ორ დარგს? რა შთააგონებთ კომპოზიტორებს, მწერლებსა და პოეტებს? მაინც რა ანათესავებს ერთმანეთთან მუსიკასა და ლიტერატურას? რატომ არის მუსიკისა და ლიტერატურის საზღვრები ერთმანეთისთვის ღია? ლიტერატურა სრულყოფას მუსიკაში რატომ ჰპოვებს, ხოლო მუსიკა – ლიტერატურაში? ყოველი მათგანის ეს „საერთო“ ნიშან-თვისება სხვადასხვა ხერხებითა და ფორმით გამოისახება.

 

მოგეხსენებათ, მუსიკაში აზრის მატარებელი ინტონაციაა. მუსიკისა და სიტყვის ურთიერთკავშირიც ინტონაციას ეფუძნება. ალერსიანი, სევდიანი, მშვიდი,  მღელვარე, სადღესასწაულო, ამაღლებული ინტონაციები გვესმის სალაპარაკო, პროზაული, პოეტური თუ მუსიკალური მეტყველებიდან. მუსიკაზე სიტყვის გავლენას ახდენს არა მხოლოდ მისი ინტონაცია, რიტმიც და რითმაც. ასევე შეუძლებელია ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს მათი საერთო თვისება – მოწესრიგებული ფრაზები და წინადადებები, შეძახილები და ჩასუნთქვები. მუსიკალური ფრაზები ერთმანეთს ისევე ერითმება, როგორც პოეზიაში, და მუსიკის რიტმული სვლა ძალიან ემსგავსება ჟღერად ლექსს. დიახ, პოეზია ლიტერატურის ყველაზე მუსიკალური ფორმაა და თითქმის ყველა იმ გამომსახველობითი ელემენტისგან შედგება, რომლისგანაც მუსიკა: ინტონაცია, რიტმი, ტემპი, რითმა, დინამიკა, პაუზები. კომპოზიტორის შემოქმედება ლექსს მუსიკალურ ნაწარმოებად გარდაქმნის და ამგვარად პოეზია მუსიკის ნაწილად იქცევა. მისი ინტონაცია, რიტმი თუ რითმა მუსიკის კანონების მორჩილი ხდება.

***

არცთუ შემთხვევითაა, რომ „სიტყვებთან თამაშის“ დიდოსტატი მწერლები და პოეტები მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩევიან.

მუსიკისა და სიტყვის ფარული კავშირი ინტონირების დონეზე თუ ახსნის მუსიკალური და ვერბალური ნიჭის ერთმანეთისკენ მიზიდულობას, როდესაც კომპოზიტორები ლექსის წერისკენ მიიდრიკებიან, ხოლო სიტყვის მაგიით შეპყრობილნი – მუზიცირებისკენ. ასეთები იყვნენ სტენდალი და რომენ როლანი, ჰერმან ჰესე და ბერნარდ შოუ, რომელთა ნიჭსა და განსწავლულობას მრავალი პროფესიონალი მუსიკოსი ინატრებდა. მათი მუსიკალური ნაშრომები დღემდე დიდი ინტერესით იკითხება. როგორ შეიძლება გამოგვრჩეს მუსიკალურად ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მწერალი თომას მანი და მისი რომანი „დოქტორი ფაუსტუსი“.  ნაწარმოების გმირი ბეთჰოვენის ოცდამეთორმეტე საფორტეპიანო სონატას განიხილავს და ამავე ნაწარმოებში არნოლდ შონბერგის მიერ ჩამოყალიბებულ უახლეს მუსიკალურ თეორიასაც თამამად იყენებს. გავიხსენიოთ რუსი მწერალიც ლევ ტოლსტოი, გერმანელი მწერალი და ოპერების ავტორი ერნსტ ჰოფმანი და ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კომპოზიტორ-დილეტანტი ჟან-ჟაკ რუსო.

დღევანდელ წერილში – „ცნობილი ადამიანები უცნობი შემოქმედებით“ წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომლის სიტყვებია: „მსურდა საზოგადოებას ჩემზე, როგორც მუსიკოსზე ეფიქრა, რომელიც რომანებს წერს, და არა რომანისტზე, მუსიკას რომ ქმნის“.

ინგლისელი მწერალი ენტონი ბერჯესი მსოფლიოს მკითხველთათვის ცნობილია, როგორც ანტიუტოპიური რომანის „მექანიკური ფორთოხლის“ ავტორი. XX საუკუნის ეს გახმაურებული სოციალური სატირა მოზარდთა ბანდის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა სისასტიკე სერიულ მანიაკებსაც კი შეშურდებოდათ. თუ ვინმემ არ იცის, 1971 წელს სტენლი კუბრიკმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო და ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია შექმნა. შეიძლება ითქვას, წიგნი ეკრანზე ზუსტად არის გადატანილი. კუბრიკმა ფილმით საზოგადოებას ხელმეორედ გაუღვიძა დიდი ინტერესი დღეს უკვე საკულტო წიგნისადმი.

ცოტამ თუ იცის, რომ მუსიკით გატაცებული რომანისტი ენტონ ბერჯესი ნიჭიერი კომპოზიტორიც გახლდათ, თუმცა ამ თემაზე მოგვიანებით გავისაუბროთ. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბერჯესი, რომელმაც შესანიშნავი განათლება მიიღო, არა ერთი უცხო ენის მცოდნე გახლდათ. აგრეთვე ჩინებული პროფესიონალი ლიტერატორი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. ინტელექტუალი მწერალი ბრიტანეთში დღემდე შექსპირის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევრად მიიჩნევა.

ბერჯესს 50-ზე მეტი წიგნი აქვს გამოქვეყნებული. მწერლის შემოქმედების განსაკუთრებულობას ის წარმოადგენს, რომ იგი სახელის მოხვეჭას სულაც არ ცდილობდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბერჯესი, ასე ვთქვათ, „ცელქობდა“ და ჟურნალებში საკუთარ ნაწარმოებებზე რეცენზიებს სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა. ბერჯესი აგრეთვე ხელოვნური ენის „ნადსადის“ შექმნითაა ცნობილი, რაშიც დიდი დახმარება გაუწია მრავალი ენის ცოდნამ, განსაკუთრებით – რუსულის. ერთმანეთში არეული ჟარგონული ინგლისური და რუსული ენა მწერალმა არა მხოლოდ ბრიტანელი, არამედ მსოფლიოს ყველა მოზარდისთვის გამოიგონა. შეგახსენებთ, რომ „მექანიკური ფორთოხლის“ შექმნის პერიოდში მწერალი ქალაქ ლენინგრადში ცხოვრობდა. იქ ენტონი შეხვდა, ეგრეთ წოდებულ, „სწილიაგებს“ და მათთან ურთიერთობის შემდეგ მოიფიქრა „ნადსადი“, რომლის საფუძველში იდო დამახინჯებული რუსული სიტყვები და გამოთქმები.

ახლა რაც შეეხება მწერლის მუსიკით გატაცების ამბავს: ბავშვობაში მუსიკის მიმართ სრულიად გულგრილი მწერალი ავტობიოგრაფიაში წერს, რომ 12 წლის ასაკში რადიოთი შემთხვევით კლოდ დებიუსის პრელუდია „L’Après-midi d’un faune“ მოისმინა. ფრანგი იმპრესიონისტის მუსიკამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მომავალში მისი მუსიკალური ნაწარმოებების ეტალონადაც იქცა. ბერჯესი მემუარებში წერს: „13 წლის ასაკში გადავწყვიტე უდიდესი კომპოზიტორი გავმხდარიყავი. ჩემი ეს ამბიცია 40 წლისთვის თანდათან ჩაქრა, ხოლო 60 წლის ასაკიდან მუსიკის წყურვილმა კვლავ იჩინა თავი“.

ბერჯესი გატაცებული იყო ჯაზით, ბლუზით, პოპულარული მუსიკით. არცთუ ცუდ პიანისტს სხვადასხვა სახის საღამოებზე ჯაზური პიესების შესრულება უყვარდა. რა გასაკვირია, რომ ამ ჟანრების ესთეტიკა მის აკადემიურ მუსიკალურ ქმნილებებშიც გამოსჭვივის.

თვითნასწავლმა ბერჯესმა მუსიკის თეორია დამოუკიდებლად შეისწავლა და საკომპოზიტორო ხელოვნებასაც თავად ჩაწვდა. უნდა ითქვას, რომ კომპოზიტორი ბერჯესი ბევრად უფრო კონსერვატორი იყო, ვიდრე ბერჯესი ლიტერატორი. როგორც მწერალი იგი მოდერნისტი იყო, მუსიკაში კი ტონალობები და მელოდიური საწყისები იზიდავდა. მისი ეკლექტური და ტრადიციული სტილი ბაროკოს ეპოქისა და ევროპული რომანტიზმის მუსიკალური იდეებით იკვებებოდა. საყურადღებოა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ინგლისურმა მუსიკალურმა სკოლამ: ე. ელგარის, ფ. დელიუსის, უ. უოლტონის, გ. ჰოლსტის, ჯ. უილიამსის ნამუშევრებმა.

გამაოგნებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბერჯესის მუსიკალურ შემოქმედებაში 175 ნაწარმოებია. პრაქტიკულად, არ არსებობს მუსიკალური ჟანრი, რომელშიც მან საკუთარი კვალი არ დატოვა: საფორტეპიანო პიესები ჯაზისა და პოპ-მუსიკის სტილში, მუსიკა ფილმებისთვის და თეატრალური დადგმებისთვის, მიუზიკლებისთვის, სიმფონიები (ორი სიმფონია ჯერ კიდევ პირველი ლიტერატურული ნაშრომის შექმნამდე ჰქონდა შექმნილი), ინსტრუმენტული კონცერტები, სიმებიანი კვარტეტები, ბალეტები და ოპერაც კი.

ენტონი ბერჯესის ბევრი რომანი მუსიკალური იდეებით არის შთაგონებული. მათი სტრუქტურა ძალიან მოგვაგონებს მუსიკალურ ფორმას. მაგალითად რომანში „მექანიკური ფორთოხალი“ ავტორი მუსიკის დახმარებით პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა ამაღლებულისა და ძალადობის თანაარსებობა. და თუ ეს ასეა, რას მივიღებთ ამ კავშირიდან.

60-წლიანი აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის მიუხედავად, მსოფლიოსთვის ცნობილ ლიტერატორს, როგორც კომპოზიტორს სათანადო აღიარება არ მოუპოვებია. მისი მუსიკალური მიღწევები მწერლის ლიტერატურულმა დიდებამ დაჩრდილა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი