პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცხოვრება საბჭოეთში – გაკვეთილების კრებული

 საბჭოთა ეპოქაში 8 წელი ვიცხოვრე – ბავშვობის ფესვი ჩამრჩა იქ, ყველაზე ხალასი და ნედლი ხსოვნის კოჟრებით, ყველაზე მკაფიო გარსით, რომელიც გარესამყაროსგან საკრალური სიმკვრივით იცავს ბავშვს, იცავს – ნამდვილი და ნათელი თვალი რომ აახილოს, ყველა სისტემისგან, სიმახინჯისგან თავისუფალი და მშვენიერი თვალი.

ამიტომ ჩემს ბავშვობას დღეს იმ სამოთხის სევდით განვიცდი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საბჭოეთთან. ის თვითმყოფადი, პირადი სამოთხეა, ყოველი ადამიანის პირადი გზის დასაწყისი – სამყაროსაკენ.

საბჭოეთი, როგორც სისტემა და სიმახინჯე, მერე უფრო ვიგრძენი და გავიაზრე – 1989 წლის 9 აპრილის მერე, მისი ნგრევის და პოსტკატაკლიზმების მერე. ასეთი ძალა აქვს იმპერიებს, დიქტატურებს და ყველა ძალადობრივ მექანიზმს – მისი დამანგრეველი ინერცია წლობით ზანზარებს და თავის ლორწოვან წნეხში ითრევს აურაცხელ მსხვერპლს – მტყუანსაც და მართალსაც, ცოდვილსაც და შეუმცდარსაც…

დღეს ბევრს ვსაუბრობთ საბჭოეთზე, როგორც სახადსა და წყევლაზე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტვინებიდან და ყოფიდან უნდა გამოირეცხოს; ეფექტური იარაღია სიტყვა „საბჭოთა“ უტიფრობის მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსებისთვისაც,  ოპონენტების გასანეიტრალებლად და მათი მენტალური საბჭოურობის სამხილებლად. განსაკუთრებით ეფექტური კი მაშინაა, როცა სხვისი „საბჭოურობით“ საკუთარი იფარება, საკუთარი უპასუხისმგებლობა, ბოროტება და უგუნურება.

დღეს „საბჭოთა“ ისეთი სალანძღავი სიტყვაა, რომლის ტალახსაც ვერც ინტელიგენტობით მოიშორებ და ვერც ქვეყნის და კაცობრიობის მიმართ სხვა დამსახურებით – ძალიან ადვილია, დაადუღო ის ვინმეს ხარისხის ბეჭედივით და ამით მისი მომავალი დაასამარო.

ვამბობთ – ვიდრე ქვეყნის სათავეში არ მოვა დამოუკიდებლობის ეპოქაში დაბადებული თაობა, ამ საბჭოურ მენტალობას არაფერი ეშველება. ბიბლიურ ეპიზოდებსაც ვიხსენებთ, 40 წლის მანძილზე უდაბნოში ნახეტიალებ ებრაელთა მოდგმას, მონობაში დაბადებულ უკანასკნელ დევნილამდე რომ სდია აღთქმული ქვეყნის იმედმა და მონატრებამ… ბიბლიური, გნებავთ ისტორიული მეხსიერება ის უტყუარი ძალაა, რომელზეც დგას ადამიანისა და მთელი კაცობრიობის ზნეობრივი თავგადასავალი. სწორედ ამიტომაა საჭირო, მუდმივად ვიკითხოთ ეს წარსული, გავიხსენოთ, რათა უკეთესად დავინახოთ მომავალი.

ამ კეთილშობილ მიზანს ისახავს „არტანუჯის“ ახალი გამოცემა, რომელიც სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში შეიქმნა. „ცხოვრება საბჭოეთში“ – ასე ჰქვია 70 ამბისგან შედგენილ კრებულს. სერიის მთავარი რედაქტორი და იდეის ავტორი ბუბა კუდავა კრებულის დასაწყისში განმარტავს:

„სულ ახლახან საქართველო იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომლის სიყალბე სახელწოდებიდანვე იწყებოდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – ასე ერქვა მას სრულად. ოთხი სიტყვა და ოთხივე ტყუილი!.. …ახალგაზრდებს, რომლებსაც გაუმართლათ და დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ, ნელ-ნელა უჭირთ საბჭოეთისა და მისგან მომდინარე „სიკეთეების“ გაგება. გამოცემა დიდწილად სწორედ მათთვისაა განკუთვნილი“.

კრებულში თავმოყრილი ამბების ავტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათი ნაწილი დღეს აქტიურ პოლიტიკაშიც მოღვაწეობს. ეს ნიშნავს, რომ მოსაყოლი ამბის მთავარი ამოცანა მათი პირადი პოზიციაცაა, მათი რეფლექსიის ერთ-ერთი გარდამტეხი ნიუანსია. რამდენიმე ავტორი აღიარებს კიდეც, რომ ის კონკრეტული ეპიზოდი, რომლის შესახებაც მოგვითხრობს, მათივე ცხოვრებაში მთავარ, საწყის სცენად იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა მათი დამოკიდებულება გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან.

რა თქმა უნდა, ყველაფერი საბჭოეთს უკავშირდება. როგორი იყო ცხოვრება ამ დიდ, გაბმულ ტყუილში, სიყალბეში, კორუფციის და უზნეობის ოკეანეში რიგითი მოქალაქეებისთვის? რა იყო ის მთავარი ნიშნები, რითაც „საბჭოთა ადამიანს“ პლანეტის სხვა ნებისმიერი ბინადარისგან გამოარჩევდით?.. ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება საინტერესო, მხიარული, გროტესკული, სევდიანი, ტრაგიკომიკური სიტუაციები და ემოციები. თითოეული ამბავი იმ ნაცრისფერი ფაზლის ნაკუწია, რომელიც 70 წლის განმავლობაში ლიბრივით ჰქონდა გადაკრული დედამიწის ლამის მეოთხედს და რომელიც სწორედ ამ დანაღმულ ნაკუწებად დაიშალა, როგორც ყველაფერი ფასადური, უხარისხო და არასწორი იშლება ბოლოს, თუნდაც დიდი ისტორიული კარნავალის მერე…

ძნელია რომელიმე გამოყო ამ ამბებიდან. ზოგი თავის ბავშვობაზე ჰყვება, ზოგი – სტუდენტობაზე, ზოგიც – წინაპრების მონაყოლს იხსენებს. უმეტესობა იმ თაობის წარმომადგენელია, როცა საბჭოეთი თავის მრისხანებას თანდათან კარგავდა და საკუთარი თავის კარიკატურად ქცევას იწყებდა. ამ დროს, მართალია, ჯერ ისევ ჩურჩულით, მაგრამ ადამიანები უკვე ახერხებდნენ ირონიულ სიცილს, დასცინოდნენ ყოფას, რომელსაც აშკარა იყო – დიდი დღე აღარ ეწერა, იკრებდნენ ძალას პროტესტისათვის, დაუმორჩილებლობისათვის… ზოგისთვის ეს პროტესტი ტელევიზორში ჰოკეის ყურებისას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კანადის გულშემატკივრობასა და ამაზე სკოლაში კლასელებთან კამათში გამოიხატებოდა (გოგი თუშმალიშვილის ისტორია), ზოგისთვის – იდეოლოგიზირებულ საბჭოთა ლექტორებთან აქტიურ წინააღმდეგობაში. ამ კრებულში არის ამბები ოჯახებზე, სადაც ეს ფარული პროტესტი, სისტემის მიმართ მუდმივი წინააღმდეგობა, მეტიც – დაუფარავი ზიზღი და ვერატანა – იმ ერთი მუჭა ცეცხლივით ღვიოდა ძნელ დროში, რომელმაც სულ მალე კიდევ ბევრი ცეცხლი და სინათლე შემოიკრიბა და ახალი სინამდვილე გამოაშუქა. ნიკა რურუას ბავშვობის მოგონება ლენინზე და პირველი შინაგანი კონფლიქტი ცუდისა და კარგის თემაზე (ეს კრებული საგამომცემლო ჯგუფმა სწორედ ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა); საყოველთაო გლოვის რეჟიმში დაქანცული „საბჭოთა ბავშვის“ გულწრფელი სინდისის ქენჯნა, საკუთარ თავში ვერაფრით აღმოჩენილი მწუხარების გამო (გრიგოლ გაგნიძის ისტორია); პასპორტის აღების (თენგიზ გოგოტიშვილი) თუ ულამაზო ტორტის (მიხეილ ბახტაძის ისტორია) სიმართლე… – ეს ისტორიები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბჭოეთში ა(ღა)რ უცხოვრია, ეს ამბები თვალსაჩინო ნიმუშებია იმ აბსურდული ყოფისა, იმ დიდი, გაუგონარი სიყალბისა და ბოროტებისა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ჰო, კიდევ, არის რამდენიმე ამბავი, რომლებიც, მე პირადად, ამ კრებულიდან გავიგე. მაგალითად, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ოდისეა. იცოდით, რა ისტორია ახლდა ამ ფაქტს, როგორ ბლოკავდა მოსკოვი ქართული ხალხური სიმღერის გაშვებას და რომელი რუსული სიმღერით ჩანაცვლებას აპირებდა? აქვე ვიტყვი – ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი შვილის მხურვალე მადლობა ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკლორისტს ალან ლომაქსს – პლანეტის მეგა-პროექტისთვის „ჩაკრულოს“ შერჩევისათვის და, ასევე ლეგენდარულ კარლ საგანს – რომელმაც პრინციპულად დაიცვა ქართული სიმღერა მოსკოვის ცენზურისაგან და რომლის დამსახურებაცაა, რომ NASA-მ კოსმოსში, დედამიწის 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ერთ-ერთი „ჩაკრულო“ გაუშვა.

„ტოტალური კონტროლი“, „ვერბოვკა“, ცენზურა… კიდევ ბევრი სიტყვა შეგეჩეხებათ. ისინიც ამ ყოფის ვერბალური ანაბეჭდებია, იმ სახადის ლინგვისტური ნაწილი, რომლის მოშორებაზეც ზემოთ მოგახსენებდით.

„ცხოვრება საბჭოეთში“ ყველა დროის საკითხავი კრებულია. რადგან, ტოტალიტარიზმისკენ, ძალადობრივი და მახინჯი სისტემისკენ მიდრეკილება ცივილიზებულ სამყაროშიც იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, სულ უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს „საბჭოეთი“, როგორ გამოიყურება მენტალურად საბჭოთა ადამიანი და ყოფა, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი მისგან.

სიყალბე და ტყუილი მაინც დროში წარმავალი ცნებები და მდგომარეობებია. მათი გამოდევნება, მათზე ცხოვრების აგება კი – უგუნურება და ბოროტება. განათლებული მომავალი თაობა ამ სიყალბეს და ბოროტებას აღარასდროს დაუშვებს – ამის ღრმად მჯერა. ამ კრებულის წაკითხვაც, ბევრს ჩაუქრობს საბჭოეთის მიმართ ჯერ კიდევ მბჟუტავ ფარულ ნოსტალგიას და ვინ იცის, იქნებ ის აზრიც შეუცვალოს, რომელიც ნებისმიერი სისტემის მიმართ მაინც აქვთ ხოლმე, კომფორტისკენ მიდრეკილ ადამიანებს – „რა ქვეყანა დავანგრიეთ“ ან „სამაგიეროდ, მშვიდად ხომ ვცხოვრობდით“…

„ცხოვრება საბჭოეთში“ გაკვეთილების კრებულია, ზოგიერთი  საზეპირო პასაჟით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი