პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ 

კრიტიკული აზროვნების აქტუალიზაცია მასწავლებლებში და მისი სწავლა-სწავლებაში გამოყენების წახალისება – ასეთია კოალიცია „განათლება ყველასათვის“ პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ძირითადი არსი, რომელსაც კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მისი ერთ-ერთი ნაწილი ინტენსიური კამპანიის წარმოებაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ მონაწილეობით. კლუბის წევრები საქართველოში გამორჩეულად წარმატებული მასწავლებლები არიან, მათი ინოვაციური სასწავლო მიდგომების შესახებ ჩვენც არა ერთხელ დაგვიწერია.

პროექტის ინიციატორები აზუსტებენ, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა და მისი არქონა პრობლემებს უქმნის თანამედროვე სამყაროს, უპირველესად, აფერხებს დემოკრატიის განვითარებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ქვეყნის განვითარება. მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების უნარი შეუცვლელია, მით უფრო ყოველდღიური მძლავრი საინფორმაციო ნაკადების პირობებში, მოვლენების არგუმენტირებულად და ადეკვატურად შეფასების თვალსაზრისით.

მოსწავლეთა შორის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება მასწავლებელს, რომელმაც უნდა მოახერხოს მზა ცოდნის გადმოცემისა და მოსწავლეთა მიმართ ავტორიტარული დამოკიდებულების  ჩარჩოდან გამოსვლა, უბიძგოს მათ ფიქრისკენ, მსჯელობისკენ, დისკუსიისკენ, განუვითაროს დასაბუთების, საკუთარი აზრის თამამად გამოხატვისა და დაცვის უნარი.

„კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოწვევებისთვისაც ემზადება. ამიტომ მან უნდა იცოდეს ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა-გაანალიზება, შეკითხვების ჩამოყალიბება, მათზე პასუხის ძიება, არგუმენტირებულად მსჯელობა, შესაფერისი მაგალითების მოყვანით გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება, ჰქონდეს სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი. ამგვარი აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა თანამედროვე საინფორმაციო ნაკადებში, არ გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი და შეძლოს ინფორმაციის ცოდნად გადაქცევა,“ – ამბობს ნატო ინგოროყვა, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და  ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი.

მისივე თქმით, განათლების ეროვნული მიზნებისა და თანამედროვე პარადიგმების თანახმად, სწავლების მიზანი სწორედ მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეძლებს  გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, საკუთარი მიღწევების გამოყენებას ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ეს უნარები კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში უვითარდება.

ამიტომ მასწავლებელი მთავარი გზამკვლევია კრიტიკული აზროვნების განვითარების გზაზე.

„კრიტიკული აზროვნება იმ უნარების ერთობლიობაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევების წინაშე გვეხმარება იმის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, რასაც ვსწავლობთ, ვაკეთებთ. კრიტიკული აზროვნება აქტიური, შემოქმედებითი პროცესია და არა მარტო ცოდნის გადაცემაზე, ინფორმაციის მოცულობასა და მექანიკურ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული. კრიტიკული აზროვნების დახმარებით ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ ამბავს თუ ინფორმაციას, შესაძლოა, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. აუცილებელია მათი მრავალმხრივი პერსპექტივიდან დანახვა და, რაც მთავარია, თითოეულ საკითხზე საჭიროა არგუმენტირებული მსჯელობა,“ – განმარტავს ნატო ინგოროყვა

კრიტიკული აზროვნების აქტუალიზაციის კუთხით, განათლების კოალიციის პროექტი მიმართულია მასწავლებლების მიერ კოლეგებში გამოცდილებისა და სხვადასხვა პრაქტიკის გაზიარებაზე. პროექტის მსვლელობისას, მასწავლებელთა პრაქტიკაზე დაყრდნობით, გამოიცემა გზამკვლევიც, მომზადდება ვიდეორგოლები.

ამჟამად პროექტში ჩართულია რვა მასწავლებელი. „ათეულთა კლუბის“ წევრები  გვიპასუხებენ მათი კოლეგებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვებზე: რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება სწავლა-სწავლების პროცესში და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში? რა როლი აქვს მასწავლებელს ასეთი ტიპის აზროვნების განვითარების ხელშეწყობაში?

 

  • ელისო აბრამიშვილი

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია ახალი გამოწვევები, რომელიც დამეხმარება სკოლის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული გავხადო.

პროექტმა შემაძლებინა ამ თემის ირგვლივ დამემუშავებინა საინტერესო, თანამედროვე ლიტერატურა, მეგობრებთან ერთად მემსჯელა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკულად მოაზროვნე თაობა XXI საუკუნეში.

პროექტის ფარგლებში გადავიღეთ ვიდეორგოლი. მან საშულება მოგვცა, მე და ჩემს მოსწავლეებს, ნათელი გაგვეხადა ჩვენი მესიჯი – როგორ ვავითარებთ კრიტიკულ აზროვნებას ქიმიის გაკვეთილზე.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი გაკვეთილზე ყოველთვის განსაზღვრავს მოსწავლეთა წინაშე არსებული პრობლემების წრეს, უბიძგებს მოსწავლეებს, მათი მზადყოფნის შემდეგ,  დამოუკიდებლად გადაჭრან ეს პრობლემები.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მოთმინების, მოსმენის, საკუთარი შეხედულებებისადმი პასუხისმგებლობის  განვითარება. ცდილობს, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მეტად დაუახლოვოს კლასში მიმდინარე რეალურ ცხოვრებას.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი სასწავლო პროცესში გეზის, მიმართულების მიმცემია. ის ფასილიტატორის როლს ასრულებს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებები და მათზე მორგებული ინტერაქტიური თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საშუალებას აძლევს აღზარდოს საკუთარი იდეებისა და ენერგიის კეთილი მიზნებისაკენ მიმართვის უნარის მქონე ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

  • მანანა კაპეტივაძე

ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებთ  გამოცდილებას, თუ როგორ ვუწყობთ ხელს ჩვენი მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. თუმცა, ჩვენ ამას ყოველდღიურად გაუთვითცნობიერებლადაც ვაკეთებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის წარმოჩენაც.

რაც უფრო მეტი მასწავლებელი გაიზიარებს ჩვენს გამოცდილებას, მით მეტი კრეატიული იდეა შეიძლება გაჩნდეს სწავლების სხვადასხვა მიდგომებთან დაკავშირებით და კრიტიკული აზროვნების შესწავლას უკეთესი განვითარების საშუალება მიეცეს.

მნიშვნელოვანია, ამ სწრაფი ცვალებადობის და ზღვა ინფორმაციის ნაკადში, ახალგაზრდებს შეეძლოთ სწორი „ნავიგაცია“, რათა დარჩნენ საღად მოაზროვნე, ტოლერანტ და  დამოუკიდებელ ადამიანებად.

ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს მასწავლებლისთვის, კრიტიკული აზროვნების უნარის ქონა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც უამრავი ინფორმაცია შემოედინება და გაედინება. ჩვენ გვიწევს მისი გადამუშავება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ამ კორიანტელში უნდა გავზარდოთ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ სწრაფ ორიენტაციას, უსარგებლო ინფორმაციის გაცხრილვას,  გაანალიზებას, მის სწორ შეფასებას და დასკვნის გამოტანას.

როგორც ვიცით, კრიტიკული აზროვნება არ არის თანდაყოლილი უნარი, მას განვითარება სჭირდება.  ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებს აზროვნების მაღალი დონის მიღწევაში. ესაა ჩვენი დანიშნულება და არა ის, რომ მხოლოდ ფაქტები ვაზეპირებინოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ დამოუკიდებლად და ჯანსაღად მოაზროვნე თაობა, რომელსაც ექნება უნარი და მოტივაცია ჰქონდეს სწრაფვა მრავალმხრივი ცოდნის  მუდმივი განვითარებისკენ, შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება, განსხვავებული აზრის მოსმენა და გაგება. უნდა იყოს ღია სიახლეებისადმი და შეძლოს მსჯელობა სიღრმისეულად და არგუმენტირებულად.

აქვე მინდა მოვიყვანო განათლების დარგში დიდი ბრიტანეთის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჩარლზ კლარკის, ციტატა, რომელიც ზუსტად პასუხობს ამ კითხვას: „ყველაზე მთავარი თვისება, რომელსაც განათლება გვაძლევს, კრიტიკულად აზროვნებაა. ეპოქაში, სადაც ინფორმაცია და ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, განსხვავებას ქმნის შესაძლებლობა – გავიგოთ, შევაფასოთ და გავაანალიზოთ. ზუსტად ესაა კრიტიკული აზროვნების უნარი.“

 

  • ნათია ფურცელაძე

ამ პროექტმა კოლეგებთან, გამოცდილ ადამიანებთან ერთად, ფიქრისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომცა, კიდევ ერთხელ შემახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება მე, მასწავლებელს.

ეს პროექტი, მგონია, რომ დროული და საჭირო იყო, რადგან დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება კრიტიკულად აზროვნება, ჯანსაღი საზოგადოების შექმნა კი კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებლების გარეშე შეუძლებელია.

კრიტიკული აზროვნების გარეშე ცხოვრება რთულია, მეტიც – ჩემთვის წარმოუდგენელიცაა.

კრიტიკული აზროვნება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა შეძლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, არ შეეშინდეს შეცდომების დაშვების. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, გავიაზროთ პრობლემები და შევძლოთ მათი გადაჭრა.

ეს უნარი პედაგოგისთვის იმიტომ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომ კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელი პატივს სცემს ნებისმიერ მოსწავლეს, განურჩევლად მისი რელიგიური აღმსარებლობისა, წარმომავლობისა, შესაძლებლობებისა, იცავს მის უფლებებს, კარგად იცის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და, შესაბამისად, ქმნის თანასწორ გარემოს, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოთქვამენ შეხედულებებს. ამ გამოცდილების შემდეგ მოსწავლეებიც კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან.

 

  • ნინო აბულაძე

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა ილია ჭავჭავაძე „რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა“.

რა შეიცვალა დღეს, 21-ე საუკუნეში? ბევრი არაფერი. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ გვიწერია, რომ მოსწავლეებში აუცილებელია ისეთი უნარების გააქტიურება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განხორციელებას და კრიტიკული აზროვნების სწავლებას.

თუმცა, დანანებით ვიტყოდი, რომ ჩვენს სკოლებში კვლავ არსებობს პრობლემა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოზარდებიც და  ზრდადასრულებული ადამიანებიც კრიტიკულად ნაკლებად აზროვნებენ არა  მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც. სამწუხაროდ, ადამიანებს ნაკლებად უჩნდებათ სურვილი დაასაბუთონ საკუთარი აზრი, გააჯერონ არგუმენტებით და ისე მიაწოდონ საზოგადოებას. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი კრიტიკულ აზრს სხვის გაკრიტიკებაში ხედავს, კრიტიკული აზროვნების რაობას ცდება.

მოსწავლემ კრიტიკული აზროვნება რომ შეძლოს, ამ უნარით ჯერ მასწავლებელი უნდა აღიჭურვოს. ამ უნარით ადამიანი არ იბადება, ის ნელ-ნელა იწაფება, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, როდესაც მარტივი კითხვებიდან რთულ კითხვებზე გადადის, როდესაც მარტივ კითხვებს „რა“, „სად“ და „როდის“, ემატება რთული კითხვები „რატომ“ და „როგორ“.

რაც შეეხება ჩემს საგანს – ისტორიას, ვიტყვი, როცა მოსწავლეს არ შესწევს უნარი ორი წყარო შეადაროს ერთმანეთს, იმსჯელოს, რომელი მოსაზრებაა მისთვის უფრო მისაღები, ერთი და იგივე საკითხი შეაფასოს სხვადასხვა კუთხიდან, მოიყვანოს არგუმენტები ნებისმიერი მოვლენის ასახსნელად, ეძებოს ქვეყნის დეგრადაციის მიზეზები –  რა შედეგები მოაქვს შიდა აშლილობას, რა მიზეზებმა შეუწყო ხელი ქვეყნის აღმავლობას და ტრადიციების შენარჩუნებას – მაშინ, მხოლოდ ისტორიული ფაქტების და მოვლენების დაზეპირებით, ჩემი მოსწავლე ვერასოდეს ისწავლის ისტორიას. მეტიც, ამდენ თარიღებსა და სახელებში აბნეული „გამიბრაზდება“ და გულს აიცრუებს საგანზე.

თუ მოსწავლე დაინახავს, რომ მისი მოსაზრება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმასაც მიხვდება, რომ მხოლოდ მოსაზრება, დასაბუთების  გარეშე,  არ მიიღება დამამტკიცებელ არგუმენტად,  მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოზარდები იწყებენ კრიტიკულად აზროვნებას.

აქამდე რომ მივიდეთ, აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესში ისეთი აქტივობები დავგეგმოთ, რაც უბიძგებს მოსწავლეებს, იფიქრონ  და იაზროვნონ კრიტიკულად.

ასეთი შედეგისთვის აუცილებელია ვიცოდეთ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა და როლი ჩვენს ცხოვრებაში. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიხშირით დავგეგმოთ ისეთი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეს უბიძგებს ისწავლოს, რა არის კრიტიკული აზროვნება, დაინახოს მისი მნიშვნელობა, გაიაზროს,  რომ სხვადასხვა ადამიანს, ერთსა და იმავე საკითხზე, შეიძლება ჰქონდეს  განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებულ აზრს მან პატივი უნდა სცეს. უნდა მივეჩვიოთ ჩვენი აზრის შეცვლას, სტერეოტიპული მოსაზრებების მსხვრევას, როცა ვისმენთ საღ აზრს, გაჯერებულს დამაჯერებელი არგუმენტებით. არც ის არის სირცხვილი თუ ხმამაღლა ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და ერთობლივად დავიწყებთ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს კლასში, სკოლაში, თემში, ქალაქში, სახელმწიფოში.

 

  • დაჩი ნანობაშვილი

აღნიშნული პროექტი მასწავლებლებს ხელს შეუწყობს გაიაზრონ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობა, რაც ახალი საუკუნის მოსწავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, საშუალება მომეცა წვლილი შევიტანო პროექტის განხორციელებაში და გავაზიარო საკუთარი გამოცდილება და შეხედულება კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით.

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი სხვის მოსაზრებას არგუმენტირებულად აფასებს, არ ერიდება მნიშვნელოვანი კითხვების დასმას, იოლად ამუშავებს არსებულ მონაცემებს, ფიქრობს მიზანდასახულად და აკეთებს შესაბამის დასკვნებს. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება შეუძლებელია.

ინფორმაციის მიღება/დამახსოვრება უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი პროცესია. თუმცა მხოლოდ მექანიკური დამახსოვრება არ ააქტიურებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემის დასმა/გადაწყვეტის მცდელობა, ინფორმაციის ობიექტური შეფასება, არგუმენტირებული მსჯელობა და ასე შემდეგ. თუ მასწავლებელი თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, მაშინ გაუჭირდება მოსწავლეებში ამ უნარების განვითარება. მაგალითად, თუ მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის მოსაზრების (თუნდაც არასწორი) მოსმენა/გაანალიზება და არგუმენტირებულად იმის დასაბუთება, თუ რატომ ცდება ის, მაშინ მისი გაკვეთილი მზა ინფორმაციის გადაცემას დაემსგავსება და პასუხგაუცემელს დატოვებს ისეთ კითხვებს, რომელზე პასუხიც უმნიშვნელოვანესია მოზარდების გონებრივი და შემოქმედებითი განვითარებისთვის.

 

  • ნადია დაბრუნდაშვილი

 

ამ პროექტის განხორციელებაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბი“ მონაწილეობს. სასიამოვნოა, როცა პროფესიონალ, სანდო, ნოვატორ ადამიანებთან ერთად მუშაობ, მით უფრო, როდესაც პროექტი ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და მოსწავლეებში მისი გაუმჯობესების გზების ძიება.

პროექტში მონაწილეობა საშუალებას მაძლევს, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო კრიტიკული და სინთეზური აზროვნების, მათი გაუმჯობესების გზების და მეთოდების, ამ გზების  შემუშავების და გამოყენების შესახებ. პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ვეცნობით და ერთმანეთს ვუზიარებთ ამ კუთხით მიღებულ გამოცდილებას.

მიმაჩნია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებლები არიან. მათ უჩნდებათ კითხვები და პასუხების მოძიების სურვილი. მათ შეუძლიათ სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, იპოვონ თავისი გზა და ადგილი ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პიროვნებებად, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, მოახდინონ ცხოვრებისეული პრობლემების იდენტიფიცირება და თავი გაართვან მათ მოგვარებას.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლებმა ვიზრუნოთ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.  ამის მიღწევის საუკეთესო გზაა პრაქტიკული, პრობლემური ამოცანების განხილვა, ამოხსნა და დისკუსიების ინიცირება.

ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება, განსაკუთრებით კოდირების ელემენტების შემცველი პროგრამების გამოყენება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

 

  • თემურ სუყაშვილი

კრიტიკული აზროვნება თვითდამკვიდრების გზაა. XXI საუკუნეში ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება. მოსწავლეებს სოციალური ქსელებით მიეწოდებათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის პროპაგანდისტული. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია  შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და ისე გამოიტანოს დასკვნა.

ვცდილობ, სწორად დასმული კითხვების საშუალებით, მოსწავლეები თავად მივიდნენ სასურველ პასუხამდე და გააკეთონ დასკვნები, მსჯელობისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად.

ჩემი მოსწავლეები  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. ხშირად ფიქრობენ, რომ მათი ღირებულებები და ფასეულობები განსხვავებულია. ასეთ პირობებში მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, რომ სხვებს გამოუმუშაოს ეს უნარი.

თავდაპირველად შევეცადე, თავად კრიტიკული აზროვნების არსი ამეხსნა, რადგან  მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ კრიტიკული აზროვნება მოიცავდა საკითხის ან კონკრეტული სიტუაციის უარყოფითი კუთხით დანახვას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე და თავადვე გაიაზრეს, რომ კრიტიკული აზროვნება ეს არის უნარი შეაფასო მოვლენა თუ ფაქტი, როგორც არგუმენტებით, ასევე, კონტრარგუმენტებით. მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შედარებაც.

თანამედროვე ეპოქაში სკოლის დანიშნულებაა კრიტიკული, მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა. ამის გარეშე წარმოუდგენელი ხდება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება, რომლის წინაშეც მუდმივად ვდგებით.

შესაძლებელია თუ არა კრიტიკული აზროვნების სწავლება? რასაკვირველია.  მეტიც: არაფრის სწავლება არ არის იმდენად სასარგებლო, როგორც ამ კომპეტენციის. მისი სწავლა მეცხრე ან მეხუთე კლასიდან კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ პირველივე დღეებიდან.

სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის ორ ძირითად ფაქტორს გამოვყოფდი:

პირველი – უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ ნებისმიერ მოსაზრებას და, რაც მთავარია, ამ განსხვავებულ მოსაზრებებს მშვიდად იღებენ.

მეორე – შეკითხვების დასმა ის უმნიშვნელოვანესი კაუჭია, რომელზეც ორიგინალურად შეიძლება აიგოს მთელი სასწავლო პროცესი.

  • ლადო აფხაზავა

კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელშიც  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულის კლუბის“ წევრები მონაწილეობენ.

კლუბის წევრები თავიანთ სკოლებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე  უკვე დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ ამ პროექტით მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი გამოცდილება სხვებისთვის გაგვეზიარებინა. გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გამოვუმუშაოთ და ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, რა აქტივობებითა და მიდგომებით მიიღწევა ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, უპირველესად, სწორედ მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მეორე, თუ რა მეთოდებითა და აქტივობებით მიიღწევა ეს ყოველივე.

ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც დასვამს კითხვებს და მიიღებს ამომწურავ პასუხებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მუშაობა საქართველოში დავაგვიანეთ, საზღვარგარეთ ეს უკვე დიდი ხნის წარსულად იქცა. მაგრამ აუცილებელია დავიწყოთ და ამ კუთხით ხარისხიანად ვიმუშაოთ.

ბევრ მოსწავლეს ვხვდები და როცა ამ თემაზე ვესაუბრები, ისინი  მიყვებიან,  რომ ზოგჯერ კითხვების დასმის საშუალება არ ეძლევათ. ეს ძალიან მტკენს გულს.  საჭიროა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ მათ დაძლიონ და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ახალგაზრდებს კრიტიკულად აზროვნების საშუალება რომ  ჰქონდეთ,  მათ მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი