ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვიზუალური სასწავლო რესურსი მეორეკლასელთათვის

 

დიდი სიამოვნებით გავაცნობ კოლეგებს ჩემ მიერ დამზადებულ სასწავლო რესურსს მათემატიკაში, რომელიც ყველა კრიტერიუმს პასუხობს და რომელიც სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში დამეხმარა. რესურსის გაცნობამდე ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგადად სასწავლო რესურსების არსს, როლსა და მიზანს.

არახალია, რომ 21-ე საუკუნემ უამრავი ცვლილება შემოიტანა საგანმანათლებლო სივრცეში. ახლანდელი მოსწავლე რადიკალურად განსხვავდება 15-20 წლის წინანდელი მოსწავლისგან. თანამედროვე მასწავლებლის მიზანია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ის უნარები, რომლებსაც „21-ე საუკუნის უნარებს“ ვუწოდებთ. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და საინტერესო, მრავალფეროვანი საჭირო რესურსით გამდიდრებული სასწავლო პროცესი.

7-8 წლის მოზარდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის შეძენა, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სასწავლო პროცესში მონაწილეობს. როდის აქტიურდება ეს ძალები? დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ეს ხდება თამაშით სწავლების დროს. ქართველი ფსიქოლოგის აზრით, ამ დროს მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალა (რესურსი) უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლის აქტუალურ ცოდნასა და უნარებს, მაგრამ, იმავდროულად, ხელსაც უწყობდეს მათ შემდგომ განვითარებას.

აქვე გავიხსენოთ განათლების საერთაშორისო აკადემიისა (ბელგია) და განათლების საერთაშორისო ბიუროს (შვეიცარია) მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც ეფუძნება ვალიდურ საერთაშორისო კვლევებს და რომელშიც აღნიშნულია, რომ სასურველი სასწავლო შედეგების მიღება შეუძლებელია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გარეშე, რაც სწორდ მასწავლებლის მიერ შექმნილმა სასწავლო რესურსმა უნდა განაპირობოს.

რა გზით სწავლობენ მოზარდები უკეთ?

  • საქმიანობაში აქტიური ჩართულობით;
  • რეალურ საგნებთან ურთიერთობით;
  • კეთებით;
  • გაცნობიერებით და არა დაზეპირებით!

გავითვალისწინე ყოველივე ზემოთქმული, ვიხელმძღვანელე არსებული საგნის სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მეორეკლასელთათვის ვიზუალური სასწავლო რესურსი შევქმენი. არ დამვიწყებია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება მოზარდებისა – ცნობისმოყვარეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოტივაციასთან. გარდა ამისა, გავითვალისწინე მათი ასაკი, საჭიროება და გამოვიყენე ილუსტრირების მეთოდი. ეს მეთოდი მეტად გასაგებს ხდის საკითხს, ხელს უწყობს ნასწავლის გაგება-გააზრებას. ვიზუალური რესურსის აღქმაც ადვილია და დამახსოვრებაც.

მეორე კლასის (გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი. „მათემატიკა“, II ნაწილი, 2018 წ.) სახელმძღვანელოში შესასწავლი თემები „უახლოესი ხუთეული, ათეული, ოცეული“ და „ქართული ფული“. კარგად ავსებენ ერთმანეთს. ამან გადამაწყვეტინა, შემექმნა ვიზუალური სასწავლო რესურსი პლაკატის სახით. რესურსს დავარქვი „სუპერმარკეტში“. გარეგნულად ეს არის 60 X 40 სმ ზომის პლაკატი, რომლის მარცხენა მხარეს განთავსებულია „გასაყიდი ნივთები“, მარჯვენა მხარეს კი პატარა ჯიბაკები, რომლებშიც აწყვია სხვადასხვა სახის დავალებები, კითხვები, თავსატეხები, ამოცანები. იქვე, კონვერტებში, აწყვია კუპიურები (ხუთლარიანები, ათლარიანები, ოცლარიანები, ორმოცდაათლარიანები) და მონეტები (ორლარიანები, ერთლარიანები). დავალებები კი მართლაც მრავალფეროვანია. მოსწავლეებმა უნდა იაზროვნონ: რას შეიძენენ, ეყოფათ თუ არა თანხა, რამდენი აკლდებათ, რამდენი რჩებათ, სწორად დაუბრუნეს თუ არა ხურდა, რა შეცდომა დაუშვეს თავად, რა შეცდომა დაუშვა გამყიდველმა, კიდევ რომელი ნივთის ყიდვას შეძლებენ, კუპიურების რომელი კომბინაციით შეიძლება ამ თანხის შედგენა და ა. შ.

ამ    ფოტოზე კარგად ჩანს ჯიბაკები დავალებებით. ნათელია, რომ მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს ნივთების ფასებიც…

გაკვეთილის დასაწყისშივე, თემისა და მიზნის გაცნობისას, თუკი მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად გამოვყოფდი დროს „საყიდლებზე წასასვლელად“, მაშინვე ჩნდებოდა მოლოდინი, მზაობა, ორგანიზებულობა, არცერთი წუთის დაკარგვა არ სურდათ, რომ დრო დაგვრჩენოდა „სათამაშოდ“. გარანტირებული იყო მაღალი მოტივაცია, ჩართულობა, ინტერესი, ხალისი. მე ვხედავდი მოსწავლეებს, რომლებიც ასრულებდნენ ჯიბაკებიდან ამოღებულ დავალებებს, „იძენდნენ ნივთებს“ და ზრდასრული ადამიანებივით აზროვნებდნენ. ჩემი აზრით, სწორედ დამოუკიდებლობის განცდა და რეალურ ცხოვრებასთან მიახლოება ანიჭებს 7-8 წლის ბავშვს დიდ სიამოვნებას. ამას გარდასახვის სიამოვნება ჰქვია! ეს არის ადაპტაცია გარემომცველ სამყაროსთან. თითოეული დავალება იყო საინტერესოც და დაძლევადიც და, ზოგადად, ეს რესურსი არის არა განყენებული, არამედ ბავშვებისთვის ძალზე კომფორტული.

მე როგორც პედაგოგ კმაყოფილი ვარ ჩემ მიერ შექმნილი რესურსით, რადგან მან საშუალება მომცა, ბავშვებისთვის მესწავლებინა მიღებული ცოდნის გამოყენება:

  • გაცნობიერებით;
  • საქმიანობით;
  • ჩართულობით.

რესურსი შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას:

მათ. 4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში. მოსწავლე

  • ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ხუთეულს; განმარტავს პასუხს.

მათ. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე ზემოქმედებების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას. იგი

  • განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს, ბანკნოტებს 100-ის ფარგლებში).

მათ. 7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას. მოსწავლე

  • ადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისთვის, რომლებიც ერთსა და იმავე თანხას შადგენს).

შესაძლოა, ნივთების „ფასები“ შეიცვალოს და რესურსი გამოიყენონ დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რესურსი ხელს უწყობს კლასში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ახალისებს მოსწავლის სასურველ ქცევას (ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი პრინციპი) და იწვევს მასში სასიამოვნო გრძნობებს. ამის შესახებ კი იან ამოს კომენსკი წერდა: „ოქროს კანონად უნდა იქცეს პირობა: მოსწავლეებს უნდა მივცეთ უფლება, შეიგრძნონ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია შეიგრძნონ შეგრძნების დონეზე“.

ჩემ მიერ მომზადებული ვიზუალური რესურსი ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, მეორეკლასელებმა, რომელთაც კარგად ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნება, აამოქმედონ კონკრეტული აზროვნების უნარი.

ვფიქრობ, მსგავსი რესურსი დახმარებას გაუწევს ჩემს კოლეგებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად, მ. ინასარიძე, mastsavlebeli.ge, 23.07.2014
  2. განვითარებისა და სწავლების თეორიები, 2011
  3. დიმიტრი უზნაძე თამაშსა და სწავლებაზე, თ. კაციტაძე, mastsavlebeli.ge,6.08.2012
  4. როგორ სწავლობენ ბავშვები უკეთ. განათლების საერთაშორისო აკადემიისა და განათლების საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოცემული კვლევებზე დაფუძნებული პუბლიკაცია, 2011 წ (https://www.ibe.unesco.org.)

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი