პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰელენ კელერის დღეს

27 ივნისს მსოფლიო ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს ყველა იმ პირს, ვისაც სმენისა და მხედველობის პრობლემები გააჩნია. ეს წერილიც ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამოსახატად დაიწერა.

 

„შენი წარმატებაც და კრახიც შენზეა დამოკიდებული. გაიღიმე, საკუთარ თავს შეუძახე, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება!“,  – ეს ფრაზა მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მწერალს, პოლიტიკურ აქტივისტს,  ლექტორსა და ქველმოქმედს, 12 წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორს –ჰელენ ადამს კელერს (27. 06. 1880 – 01.06. 1968) ეკუთვნის.  იგი იყო პირველი უსინათლო, სმენის არმქონე პირი, რომელმაც ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი დაიმსახურა და დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები ამეტებს შეზღუდვებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ბევრს იშრომებ, თუკი, მარცხის მიუხედავად, ფეხზე წამოდგები და გზას განაგრძობ, თუკი გვერდით მდგომებს დახმარების საშუალებას მისცემ და შენს შესაძლებლობებში დააჯერებ. მით უფრო, თუ  ბედი მასწავლებლად  „სასწაულმოქმედ“ ენ სალივანს გამოგიძებნის, ახალ ენას, ახალ სამყაროს გაზიარებს – ბნელში რომ ანათებს, ისეთს და მოცემული ცოდნით  ცხოვრების ბოლომდე უსაფრთხოდ გატარებს.

„ნურასოდეს შეეგუები მიწაზე ხოხვას, რადგან ცაში ნავარდისათვის ხარ გაჩენილი!“ – ამგვარი მსოფლხედვით ჰელენი ძველ სტერეოტიპს ამსხვრევდა და სხვა აზროვნებით ღირებულებებს ამკვიდრებდა. სწორედ ამ მნიშვნელობის გამო,  1980 წლიდან მოყოლებული, ჰელენის დაბადებიდან 100 წლის თავზე, ამერიკის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ბრძანებით, 27 ივნისს ჯერ ამერიკა და, ოდნავ მოგვიანებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნავს ჰელენ კელერის დღეს – იუბილეს ადამიანისა, რომელმაც თავისი მოთმინებით, ნებისყოფით, სამყაროს შეცნობისადმი ინტერესითა და სწავლის სურვილით, შემდეგ კი დაგროვილი ცოდნის სხვებისადმი გაზიარებით სამყარო გააოცა. „მეგობართან ერთად სიბნელეში სიარული მირჩევნია, სინათლეში მარტო ყოფნას“, – აცხადებდა ჰელენი და თავადაც მუდამ სხვების სამსახურში იდგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ  უსინათლო და სმენის არმქონე  ადამიანების მხარდასაჭერად, მათდამი თანადგომისა და საყოველთაო ცნობიერების ამაღლების ნიშნით, ჰელენ კელერის იუბილე დღესასწაულად საერთაშორისო ორგანიზაციებმა (მაგ., Lions Club International; American Foundation for the Blind) ჯერ კიდევ 1971 წლიდან გამოაცხადეს, ჰელენის ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ,,განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა, – ამ მოწოდებით იგი ახალგაზრდებში ღირებულებითი სისტემის დანერგვას ცდილობდა და თავისი ცხოვრებით ასწავლიდა, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ტოლერანტული, პატივს სცემდე სხვის უფლებებს, მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.

ჰელენის ისტორია, ალბათ, ბევრმა იცის: გოგონა  ალაბამის შტატში დაიბადა ხედვისა და სმენის ჩვეულებრივი უნარით, თუმცა 19 თვისამ, გადატანილი ავადმყოფობის გამო, სმენა-მხედველობა ერთდროულად დაკარგა, ისევე, როგორც სულ მალე ნორმალური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარიც წაერთვა. საკუთარ სამყაროში გამოკეტილ მოზარდს კომუნიკაციის უნარის შემცირებასთან ერთად ხასიათიც ეცვლება. ის ხდება „რთული ბავშვი“, რომლის მენტალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მინიმალურ კომუნიკაციას მხოლოდ საკუთარი ჟესტების საშუალებით ახერხებს. მისთვის განათლების მიცემის სურვილით შთაგონებულ მშობლებს შვილი, ალექსანდრ გრაჰამ ბელის რჩევით, პერკინსის უსინათლოთა ინსტიტუტში მიჰყავთ. ინსტიტუტის დირექტორის რჩევით კი ბავშვის მომვლელად ენ სალივანი აჰყავთ[1]. მიუხედავად ამოცანის სირთულისა, ენი მოსწავლეს ანბანს, კარგ მანერებსა და თავის მოვლას დაუღალავად ასწავლის. ანბანის სწავლისას გოგონა მექანიკურად გამეორებულ ხელის მოძრაობებს იქამდე ვერ იგებდა, ვიდრე ერთ დღეს გოგონას, შადრევანთან, ხელზე წყლით სიტყვა „წყალი“ დაწერა. იმ დღეს გოგონამ „წყალთან“ ერთად 30–მდე ახალი სიტყვის გამოსახვა და წარმოთქმა ისწავლა. გოგონას მიღწევების ამბავი ალაბამის შტატსაც სცდება. მას სტუმრობენ ალექსანდრ გრაჰამ ბელი და პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი. 12 წლის ასაკში ჰელენის ისტორიითა და მიღწევებით ინტერესდებიან ინგლისის დედოფალი ვიქტორია, მარკ ტვენი და საბერძნეთის დედოფალი ოლგა. პერკინსის ინსტიტუტში მცხოვრები ჰელენი კი არამარტო მშობლიურ ენას, არამედ ბერძნულს, ფრანგულსა და ლათინურ ენებს, ასევე, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ცურვისა და ცხენოსნობის ტექნიკებს ფლობს. მოგვიანებით იგი ამთავრებს კოლეჯს, ენ სალივანთან ერთად მოივლის მთელი ამერიკის შტატებს, ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს, თავისი სიკეთით და მაგალითით სტიმულს აძლევს  შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს, აფუძნებს დახმარების ფონდებს, მოგვიანებით წერს წიგნებს, სტატიებს და თავისი გამოცდილებებით  ეხმარება ადამიანებს.

თუმცა ჰელენ კელერის გარდა მსოფლიო სმენა-მხედველობის არმქონე არაერთ წარმატებულ ადამიანს იცნობს. მათ შორის არიან: ვიქტორია მორისეუ,  ჯეიმს მიჩელი, ჰიერონიმუს ლორმი,  სანზან ტანი, ლაურა ბრიდგმანი, მერი ბრედლი, ჯულია ბრეისი, ელიზა კუტერი, რობერტ დეუარი, რანგლინდ კაატა, ივონე პიტროისი, ალის ბეტერიჯი, ჯეკ ქლემო, რობერტ სმითდასი, ჯორგია გრიფითი, რიჩარდ კინი, დენი დელკამბრე…

უკვე დავწერე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იერონიმუს ლორმმა, შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო ანბანი, ხელის გულზე სპეციალური ნიშნებით გამოსახული სიმბოლოები, რომელიც უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე დაქტილი. დღესდღეობით უკვე ქართული ლორმის ანბანიც არსებობს იმ ადამიანებთან საურთიერთოდ,  ვინც დაკარგა სინათლე და სმენაც აღარ/არ აქვს.

დღეს მთავარია, ასეთი ადამიანები გამოვავლინოთ,  სიცოცხლისუნარიანებად ვაქციოთ და განვითარებისთვის ხელი შევუწყოთ.

ხელი  შევუწყოთ.

I see with your eyes!

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=14417

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი