ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ევრითმია და განათლება

„ფანტაზია იბადება მოძრაობაში“.

გოეთე

 

ციფრულმა ეპოქამ ადამიანს „შეუზღუდა“ მოძრაობა. ადამიანი კი პერფორმანსული არსებაა. ის არ არის მხოლოდ „მოლაპარაკე სუბიექტი“, არც მხოლოდ „მწერალი“. ადამიანი არის მოქმედება, გამოხატვა – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მთელი სხეულის მოძრაობით. თუ სხეულის ენას ჩამოვაშორებთ მეტყველებას, არასრულყოფილ თვითგამოხატვას მივიღებთ. ბგერებით (ლინგვისტურად და მუსიკით) გამოხატული აზრი შეგვიძლია სხეულის ჰარმონიულ მოძრაობად ვაქციოთ – ეს არის ევრითმია.

ევრითმია ექსპრესიული მოძრაობის ფორმაა, რომელიც შეიმუშავა ანთროპოსოფიის ფუძემდებელმა რუდოლფ შტაინერმა. მას ხშირად უწოდებენ „ხილულ მეტყველებას“ ან „ხილულ მუსიკას“, რადგან მეტყველებისა და მუსიკის ბგერებს ევრითმია რიტმულ მოძრაობად გარდაქმნის. სიტყვა „ევრითმია“ ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს (eu – ლამაზი, rythmos – ჰარმონიული მოძრაობა). თუ მეტყველებისას ადამიანი სიტყვების მეშვეობით გამოხატავს თავის შინაგან მდგომარეობას, ევრითმიაში ის მოძრაობით გამოიხატება.

კითხვაზე: რა არის ევრითმია, – ვალდორფის სკოლის მოსწავლეები უმეტესად ასე პასუხობენ: „სინამდვილეში ამის ახსნა შეუძლებელია! ის ძალიან ჰგავს ცეკვას, მაგრამ ცეკვა არ არის, ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, მაგრამ არსებითად სულ სხვა რამაა. უმჯობესია, თავად სცადოთ“.

ევრითმიულ მოძრაობებში მთელი სხეულია ჩართული. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ხელების მოძრაობა. ხელების მოძრაობა ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეტყველების ფუნქციასთან. ჯერ ვითარდება თითების მოძრაობები, შემდეგ ხდება მარცვლების არტიკულაცია. მეტყველების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული თითების მოძრაობის ხარისხზე. ამიტომაც ასრულებინებენ მეტყველების თერაპევტები ბავშვებს თითების ვარჯიშს.

ამის გამო ხელს/ხელის თითებს მეტყველების ორგანოდაც (არტიკულაციურ აპარატად) კი განიხილავენ. დააკვირდით, რამდენად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია იმ ადამიანის მეტყველება, რომელიც მეტყველების პროცესში ხელებს სწორად იყენებს. თითქოს ეს აზრის დაბადებას ეხმარება, თითქოს ხელები დირიჟორობს ბგერებს.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, როგორ „ითარგმნება“ მეტყველება ან მუსიკა მოძრაობის ენაზე, რომელშიც მთელი სხეულია ჩართული. ევრითმია არის მხატვრული მოძრაობის განსაკუთრებული სახე, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მთლიან ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ევრითმია ჰოლისტურია თავისი არსით. სხეულის ნაწილების რიტმულ მოძრაობას ჰარმონიაში მოჰყავს არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური, ფსიქიკური და სულიერი სხეული, ამიტომ მას აქვს უამრავი ფუნქცია:

  1. საგანმანათლებლო/პედაგოგიური
  2. თერაპიული
  3. მხატვრული
  4. შემეცნებითი

პედაგოგიური ევრითმია გულისხმობს ევრითმიის სასწავლო ინსტრუმენტად გამოყენებას ვალდორფის სკოლებში და არამხოლოდ.

ანბანის ევრითმია: ანბანის თითოეული ბგერა დაკავშირებულია კონკრეტულ მოძრაობასთან ან ჟესტთან. მაგალითად, ბგერა „ah“ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ხელების ფართოდ გაშლით, ხოლო ბგერა „b“ – მოძრაობით, რომელიც ამ ასოს ფორმას იმეორებს.

რიცხვის ევრითმია: ამ სავარჯიშოში თითოეული რიცხვი დაკავშირებულია კონკრეტულ მოძრაობასთან. მაგალითად, ერთი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამართული დგომით, ორი – ცალ ფეხზე დაბალანსებული დგომით და ასე შემდეგ.

ტექსტის ევრითმია: მოსწავლეებს შეუძლიათ, განასახიერონ მოთხრობები ან ლექსები ევრითმიული მოძრაობებით, რომლებიც შეესაბამება ტექსტის პერსონაჟებს, მოქმედებებსა და ემოციებს. ეს მათ ეხმარება, უფრო სიღრმისეულად გააცნობიერონ ტექსტი და მისი სტრუქტურა. ამასთანავე, ასეთი სწავლება ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრებას.

მუსიკალური ევრითმია: ევრითმია ასევე გამოიყენება მუსიკალური კომპოზიციების შესასწავლად და ინტერპრეტაციისთვის. სტუდენტებს/მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან მოძრაობები, რომლებიც შეესაბამება მუსიკის სხვადასხვა ელემენტს – მელოდიას, რიტმს, დინამიკას. ეს მათ დაეხმარება, განივითარონ მოსმენის უნარები და კოორდინაცია.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ შეიძლება ევრითმიის ინტეგრირება სწავლებაში. სავარჯიშოები და მოძრაობები განსხვავდება მოსწავლეების ასაკის, სასწავლო საგნისა და გაკვეთილის მიზნების მიხედვით.

ევრითმიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, როდესაც ბავშვის მოძრაობები, მეტყველება და ქცევა ინტენსიურად ყალიბდება მათ უშუალო გარემოში მყოფი ადამიანების მოძრაობების, მეტყველებისა და ქცევების იმიტაციით. ევრითმიას სკოლამდელი ასაკის ბავშვები მხიარული თამაშებით ითვისებენ. შედეგად ისინი ძალიან ადვილად სწავლობენ მეტყველებას, უცხო ენას. ევრითმიულ წარმოდგენებში ბავშვი ხდება „მთასავით მშვიდი, ყვავილივით ფერადი და სურნელოვანი, ნაკადულივით მიედინება, ქარივით ჩურჩულებს ხეებს შორის, ფუტკარივით მხიარულად ზუზუნებს, ჩიტივით თავისუფლად დაფრინავს“.

რას აკეთებენ პირველკლასელები, მაგალითად, ევრითმიის გაკვეთილზე? [1]

ისინი ასრულებენ ასეთ მარტივ ტექსტებს:

 

Ich bin ein Licht (I)

მე ვარ სინათლე

Und habe Kraft (A)

მე მაქვს ძალა

Und bin so froh! (O)

მე მიხარია

 

პირველი სტრიქონის წარმოთქმისას ბავშვები მზის სხივებივით შეჯგუფებულები დგანან, მეორე სტრიქონზე უკან ხტებიან და იშლებიან, მესამეზე კი ორივე ხელით მომრგვალებულ მოძრაობას ასრულებენ. ეს არის I, A და O ჟესტების ფორმირების მრავალი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი. ისევე როგორც ერთი და იმავე ბგერებით შეგვიძლია გამოვხატოთ სხვადასხვა ემოცია, გრძნობა, განწყობა და აზრი, ასევე ევრითმული ჟესტებით გამოხატვა, კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულია. მოცემულ ნიმუშში არჩეულია ძალიან მარტივი ჟესტები. თუ ბავშვები სწრაფად გაართმევენ თავს შესრულებას, ვარჯიშის ტემპი აჩქარდება. იმავდროულად, სხეულის ნაწილების სწრაფი და რიტმული მოძრაობები ბავშვებს ახალისებს და სიხარულს ჰგვრის.

აქ კი ქართველი ევრითმისტები ასრულებენ ვაჟა-ფშაველას ლექსს „ღამე მთაში“[2]

 

ჯერ გააკეთე, მერე იფიქრე

საკუთარი სხეულის შეცნობა თვითშემეცნების დასაწყისია. ამას ბავშვები მოძრაობითა და მოქმედებით აღწევენ. რიტმული მოძრაობა ნიშნავს თანდათანობით შეიცნო საკუთარი თავი. შესწავლის სურვილით შთაგონებული მოზარდი იკვლევს გარემოცვას და სხვადასხვა საგნის მნიშვნელობას. ამ დროს მისი სხეული მყარ საფუძვლად იქცევა, ხოლო მოძრაობა – თვითშემეცნების ამაღლების ინსტრუმენტად.

 

როგორ გამოვიყენოთ ტრადიციულ სწავლებაში ევრითმიის ელემენტები?

მიეცით ბავშვებს საშუალება, ტექსტი გამოხატონ მოძრაობით, ისე, როგორც გრძნობენ და განიცდიან. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია პოეზიის შემთხვევაში. შეუძლიათ პერსონაჟების მოძრაობით გამოხატვაც…

მაგალითად, შესთავაზეთ, გალაკტიონის „ქარი ქრის“ „წაიკითხონ“ თავისუფალი მოძრაობებით. ეს უბრალო აქტივობა მათ შემოქმედებით უნარებს გააუმჯობესებს და სწავლების პროცესს უფრო მეტად გაახალისებს.

[1]https://dytynawaldorf.com.ua/articles-list/moi-ruchki-mogut-govorit/

 

[2]https://www.youtube.com/watch?v=OE9-znQ-gt4

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი